კობა ლიკლიკაძე "თავისუფლება"
აგვისტოში საქართველოში დაიწყო საშემოდგომო გაწვევა სავალდებულო სამხედრო სამსახურში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იწარმოებს და დეკემბრისთვის დამთავრდება. სიახლე ისაა, რომ, წინა გაწვევისაგან განსხვავებით, შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს სამხედრო ძალებისათვის ამჯერად გაორმაგებული რესურსის მიწოდება მოუხდებათ. წვევამდელთა ყველაზე დიდი რესურსის მომხმარებელი კი იქნება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც ჯერ კიდევ 2009 წლისთვის უნდა ეთქვა უარი სავალდებულო სამსახურის წვევამდელთა მიღებაზე და ქვედანაყოფები მთლიანად დაკომპლექტების საკონტრაქტო სისტემაზე უნდა გადასულიყო.
სავალდებულო სამხედრო სამსახური – კანონი და რეალობა
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “საშემოდგომო სამხედრო სავალდებულო გაწვევის შესახებ” 4 აგვისტოს გამოქვეყნდა, მაშინვე შევიდა ძალაში და ორი კვირის შემდეგ სამხედრო გაწვევა საზეიმოდ მცხეთიდან დაიწყო. სწორედ საქართველოს ძველ დედაქალაქში მოიყარეს თავი სამხედრო გაწვევის ორგანიზებაზე პასუხისმგებელმა საქართველოს ხელისუფლების როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო წარმომადგენლებმა, ტრანსპორტის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც საზეიმო ვითარებაში გახსნა ახალი გამწვევი პუნქტი და გზა დაულოცა პირველ წვევამდელებს.
„7500 კაცს გავიწვევთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში. სულ წლის განმავლობაში ეს ციფრი იქნება 15 ათასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სარეკორდოა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს გაწვევა მოხდება ახალი გამწვევი პუნქტის პირობებში, რომელიც ჩვენ ავაშენეთ თბილისში. და [წვევამდელებს] ღირსეულად და კომფორტულად მოუწევთ სამედიცინო შემოწმების გავლა“.
საქართველოს ნაციონალური არხების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში შემდეგ აჩვენეს ახლადგარემონტებული გამწვევი პუნქტი, რომელიც გარეგნულად კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. არ უჩვენებიათ, თუმცა წვევამდელებს იმედი აქვთ, რომ კომფორტული გამწვევი პუნქტიდან, ისინი გარემონტებულ და მოწესრიგებულ სამხედრო ნაწილებში ჩაირიცხებიან და ერთი წლის განმავლობაში ღირსეულად გაატარებენ, როგორც ახალბედა ჯარისკაცმა თქვა, მათი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს.
„ადამიანის ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. სამხედრო სამსახური, ვფიქრობ, ყველა ქართველი ვაჟკაცის ვალი არის და მეც ვეცდები ვემსახურო საქართველოს“.
კანონის თანახმად, სამხედრო სამსახური საქართველოში მართლაც ყველა მამაკაცის მოვალეობაა. თუმცა რეალობა სულ სხვაა.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების მოსურნე საქართველოს ხელისუფლებამ ნელ-ნელა შეამცირა წვევამდელთა რაოდენობა არმიაში და გაზარდა კონტრაქტის საფუძველზე დაქირავებული პროფესიონალების რაოდენობა. 2007 წელს კი თავდაცვის სამინისტროს წვევამდელები საერთოდ აღარ მიუღია. ამის მიზეზი იყო თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ხედვა, რომლის თანახმად, 2009 წელს არმიაში სამსახური იქნებოდა არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი, ხოლო სათანადო კონტინგენტის შერჩევა მოხდებოდა პროფესიონალი ინსტრუქტორების მიერ ორგანიზებული ტესტირებისა და 6-კვირიანი საველე შეკრების შედეგად. არმიაში ჩარიცხულ მოქალაქესთან ფორმდებოდა კონტრაქტი, რაც ითვალისწინებდა მაღალ ანაზღაურებას, სამედიცინო დაზღვევასა და სხვადასხვა სოციალურ გარანტიებს.
დღეს უკვე 2011 წელია და ბევრი რამ შეიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, უპირველეს ყოვლისა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეცვლილმა უსაფრთხოების გარემომ საქართველოში და ასევე ქვეყნის მზარდმა მონაწილეობამ ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო ოპერაციაში, გამოიწვია დამატებითი ცოცხალი ძალის საჭიროება არმიაში. ამიტომ 2008 წლის შემდეგ გეომეტრიული პროგრესიით იწყო არმიაში ვადიანი სამსახურის წვევამდელთა გაწვევამ სამხედრო ძალებში. ამ მხრივ, გარდამტეხი იყო 2011 წლის საგაზაფხულო გაწვევა, რომლის დროსაც შეიარაღებულ ძალებს 3000 ჯარისკაცი დასჭირდა. ახლა კი არმიაში 5000-მდე წვევამდელს ელიან.
უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვები
მაგრამ, როცა საშემოდგომო გაწვევაზე უამბობდნენ მაყურებლებს, სახელმწიფო ტელეარხებს გამორჩათ, ეკითხათ მინისტრ ნიკოლაიშვილისათვის, თუ რატომ იზრდება ასეთი ტემპით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა საქართველოში? საერთოდ, გაუგებარია ხაზგასმა „სარეკორდო“ ციფრზე, 15 ათას კაცზე, რაც საქართველოში 1994-1995 წლებშიც კი არ გყოფილა, როდესაც დღის წესრიგში დადგა, აფხაზეთის ომის შემდეგ, ლამის განახევრებული საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება. ამასთან, გაუგებარია ისიც, გასაწვევი კონტინგენტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა თუ არა შეიარაღებული ძალების რაოდენობა? თუ ვადიანმა სამხედრო მოსამსახურეებმა, უბრალოდ, უნდა ჩაანაცვლონ კონტრაქტით დაქირავებული პროფესიონალები, რომელთა შენახვა სახელმწიფოს გაცილებით ძვირი უჯდება? ასეთ ცვლილებას შესაბამისი საკანონმდებლო აქტი ანდა, სულ მცირე, საკითხის პარლამენტში განხილვა მაინც სჭირდება. შესაბამისად, ამ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად გადავწყვიტეთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გივი თარგამაძესთან დაკავშირება.
„ახლაც რაღაც შეხვედრაზე მივდივარ და მოდი, ერთ-ორ საათში დამირეკე რა“.
ორ საათშიც გადავრეკე, ოთხშიც და ექვსშიც, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ვინაიდან საშემოდგომო სამხედრო სავალდებულო გაწვევა საქართველოში დეკემბრამდე გრძელდება, იმედი მაქვს, რომ ბატონი გივი თარგამაძე რადიო „თავისუფლების“ შეკითხვებს ან ტელეფონით, ანდა წერილობით მაინც უპასუხებს. მანამდე კი საქმის გარკვევა ვცადეთ სამხედრო უწყებასთან ყველაზე უფრო დაახლოებულ არასამთავრობო ორგანიზაცია – თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს გამგეობის წევრ თეონა აქუბარდიასთან. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, რომ საბჭოს წევრები, გაზაფხულიდან მოყოლებული, ელოდებიან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, რათა დაგროვილ კითხვებზე სამუშაო ვითარებაში მაინც მოისმინონ პასუხები. მათ შორის უმთავრესია შეკითხვა, თუ რა დაუჯდება ქვეყანას წვევამდელთა რაოდენობის გაორმაგება და რამდენად რელევანტურია ეს ნაბიჯი ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებთან?
„სამწუხაროდ, ჩვენთან ისე ხდება, რომ უფრო მეტად ანგარიშვალდებულად ჩვენი ხელისუფლება თვლის ნატოს პარტნიორებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, ვიდრე ქართული საზოგადოებისათვის. საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს არა მარტო ნატოს მეკავშირეებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება, არამედ აუცილებელია, რომ ჩვენც, სამოქალაქო სექტორმა და საზოგადოებამ, ვიცოდეთ, თუ რა ხდება შეიარაღებულ ძალებში. როცა რადიკალურად იზრდება შეიარაღებულ ძალებში გასაწვევი კონტინგენტი, აუცილებელია ამ კითხვებზე პასუხები მივიღოთ, რადგან ეს უკვე ეხება თვითონ შეიარაღებული ძალების არსებობას. თუ როგორი ტიპის ჯარს ვაშენებთ, – ეს კითხვა დაისვა უკვე დღეს საზოგადოებაში“.
როგორც თეონა აქუბარდია ამბობს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის წვევამდელთა ასეთი რეკორდული ზრდა და ხელისუფლების დუმილი აძლიერებს ეჭვს, რომ საქართველო, შესაძლოა, კვლავ უბრუნდებოდეს არმიის დაკომპლექტების ყავლგასულ და უამრავი მანკიერებით სავსე საბჭოურ სტილს.
„იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაქვს ეჭვი, რომ საუბარია ისევ ძველი სისტემის აღდგენაზე, როდესაც წვევამდელები რეგულარულ არმიაში ღებულობდნენ მონაწილეობას“.
11 წლის წინ, საქართველოს უმოტივაციო წვევამდელებით დაკომპლექტებულ სამხედრო ნაწილებში მოშლილი იყო დისციპლინა და ბრძოლისუნარიანობა, ჯარისკაცებს შორის გავრცელებული იყო არასაწესდებო ურთიერთობები, დეზერტირობა და თვითმკვლელობა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ სწორედ ამიტომ თქვა უარი არმიის ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებაზე და დასავლეთის ქვეყნებში აპრობირებულ, ძვირადღირებულ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე ეტაპობრივი გადასვლა დაიწყო. მაგრამ ჩანს, საქართველოში კარგა ხანს იარსებებს ორი ტიპის არმია: პოლიტიკური ელიტისათვის – ელიტური სამხედრო ნაწილები, სხვებისთვის კი – სავალდებულო გაწვევა – 15-ლარიანი თვიური ანაზღაურებით, არასაწესდებო ურთიერთობებით, საერთო-საჯარისო ტუალეტებითა და კვირაში ერთხელ აბანოს დღით – ისე, როგორც ეს ვარდების რევოლუციამდე იყო.
1007
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85