მარი ოთარაშვილი "რეზონანსი"
ვინც ახალგორის სკოლას დაამთავრებს, ის თბილისის ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლას ვეღარ გააგრძელებს! - ეს ინფორმაცია დაბა ახალგორისა და რაიონის სოფლის სკოლებში გუშინ გავრცელდა. ადგილობრივები, რომელთა შვილებიც ახალგორის სკოლებში სწავლობენ, თავზარდაცემულები არიან. ასევე - ახალგორის მასწავლებლებს ყოველთვიური 100-ლარიანი დახმარება თბილისიდან, რომელსაც დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაცია აგვისტოს ომის შემდეგ ურიცხავდა ხოლმე, შეუწყდათ.
ოსმა დე ფაქტო მმართველებმა კი ფორმა 9 ოსურ პასპორტს გაუთანაბრეს. შესაბამისად, 2011 წლის 13 მაისის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ახალგორელები სწორედ ფორმა9-ით მიიღებენ.
ფორმა 9-ის განახლებული ისტერია ახალგორში
მას შემდეგ, რაც ახალგორის რაიონში ფორმა 9-ის აუცილებლობა გამოცხადდა, დე ფაქტო ადმინისტრაციაში უზარმაზარი რიგები შენობის ბოლო სართულის დერეფნებს ისევ მოედო. რიგები, რომლის კუდიც ლამის იმავე სართულის ვესტიბიულში გადის, ნოტარიუსის თანაშემწეს, ქეთი ავლოხოვას უდგას. ეს უკანასკნელი დაბადებისა და პირადობის მოწმობების ასლებს რუსულად თარგმნის. ნოტარიულად კი ან დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი ალან ჯუსოევი, ან მისი მოადგილე, სერგეი სანაკოევი ამოწმებს.
შეგახსენებთ, რომ ფორმა 9-ს, რომელიც ფოტოსურათიანი ფორმულიარია, დაბადებისა და პრადობის მოწმობების რუსული თარგმანი, ადგილობრივი საბჭოს მიერ გაცემული საცხოვრებელი ადგილის ცნობა, ბანკის ქვითარი (80 რუბლი) და 4 ფოტოსურათი სჭირდება. დე ფაქტო ადმინისტრაციაში თარგმანების გაკეთების შემდეგ ფორმის ამღები საბუთებს დე ფაქტო მილიციაში აბარებს და სანაცვლოდ იღებს დროებით ცნობას, იმის შესახებ, რომ მას ფორმისთვის საბუთები ჩაბარებული აქვს და აღებას ელოდება. მოწმობების თარმანების სხვაგან, მაგალითად, თბილისში გაკეთება დაუშვებელია, რადგან ის დე ფაქტო ადმინისტრაციაში უნდა იყოს დამოწმებული.
როგორც ახალგორში ამბობენ, ფორმა 9 უმეტესობას აღებული აქვს. მიუხედავად ამისა, დე ფაქტო ადმინისტრაციის შენობაში უშველებელი რიგები არ წყდება. რამდენადაც ნოტარისუსის თანაშემწე, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძალიან ნელა მუშაობს, რიგი უმეტესობას არც უწევს ხოლმე და სახლში მიდის იმ იმედით, რომ მეორე დღეს ადრიანად დაიჭერს რიგს.
როგორც "მთელმა კვირამ" ახალგორის რუსულ ბლოკ-საგუშაგოზე (სოფელ ახმაჯში) გაარკვია, 1-ელი ოქტომბრიდან ფორმა 9-ს რუსი "პოგრანიჩნიკებიც" მოითხოვენ. ცნობისათვის, აღნიშნულ დოკუმენტს მხოლოდ ოსური ბლოკ-პოსტი ითხოვდა (თუმცა ხანდახან არც კი ახსენდებოდა ხოლმე), რომელიც სოფელ მოსაბრუნში მდებარეობს, რუსული კი სერთოდ არ ცნობდა. როგორც ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ვისაც ფორმა 9 არ ექნება, ასეთები ახალგორის მიმართულებით გადაადგილებას ისევ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით და მისი რუსული თარგმანით გააგრძელებენ. ფორმა 9-ის მქონე პირებს კი პირადობის მოწმობა მისი რუსული ასლით აღარ დასჭირდებათ, რადგან ეს ფორმა 9 იქნება მათი პირადობის მოწმობაც და პასპორტიც.
მართალია, რუსი სამხედროები, როგორც თავად ამბობენ, არ აპირებენ მგზავრების დაბრკოლებას, თუ მათ პირადობის მოწმობა და მისი რუსული ასლი ექნებათ (მით უმეტეს, ახალგორში არიან რეგისტრირებულნი), მაგრამ რამდენადაც ფორმა 9 ოსური დოკუმენტია და მისი ფუნქციონირებაც რუსულ ბლოკ-საგუშაგოზე ოსური მხარის მითითებით 1-ელიდან მოხდება, ახალგორელები თვლიან, რომ ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ფორმა 9 საჭიროა.
3-წლიანი უშუქობის მერე სოფელ ნაგომევს შუქი აქვს
აგვისტოს ომის შემდეგ ახალგორის რაიონის სოფელ ნაგომევს ელექტროენერგია აღარ მიეწოდებოდა. მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ქსნის ხეობაზე კონტროლი დაკარგა, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ახალგორის რაიონს სინათლე თბილისიდან ჯერ შეფერხებებით, შემდეგ კი, როცა ცხინვალიდან მოხდა ახალგორის ელექტრომომარაგება, საერთოდ შეუწყდა. სოფელი ნაგომევი კი მთლიანად უშუქოდ დარჩა, რადგან მისთვის ცალკე ელექტროსადენების გაყვანა იყო საჭირო.
სწორედ იმის გამო, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ხდებოდა ნაგომევში ელექტროსადენების გაყვანა, თითქმის 2 დღე მთლიანად ახალგორის რაიონი უშუქოდ იყო.
"იმდენად გვეცოდებოდა ამდენხნიანი უშუქობით ნაგომევის მოსახლეობა, რომ ეს 2 დღიანი უშუქობა არაფერია. მართლა ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ რომ გავიგეთ, მაგათაც აქვთ შუქი, ეს გაჭირვება უკვე არაფრად აღარ ჩავთვალეთ", - გვითხრა ერთ-ერთმა ახალგორელმა.
ოსებს (თუ რუსებს) გადაბარებული ახალგორის სკოლები
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ახალგორის რაიონულ ცენტრში 2 სკოლაა - ქართული და რუსული. ორივე პირველი ქართული სკოლის შენობაშია განთავსებული. აგვისტოს ომამდე 2 ქართული სკოლა იყო და ერთიც რუსული. მათ ცალ-ცალკე შენობები ჰქონდათ. ომის შემდეგ ახალგორელთა დიდი ნაწილის წეროვანში გადაბარგებამ მოსწავლეთა კონტინგენტი სამივე სკოლაში უკიდურესად შეამცირა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მხოლოდ რაიონულ ცენტრში 2 ქართული სკოლა გაერთიანდა და რუსულ სკოლასთან ერთად ერთ შენობაში განთავსდა.
რაიონის ქართულ და რუსულ სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 70-ია. ქართული სკოლები დღემდე ფუნქციობს ახალგორის რაიონის სოფლებში: ბალაანში, კორინთაში, იკოთში, ზემო ბოლსა და ახმაჯში. ამ სოფლების სკოლებში მხოლოდ 9 კლასამდე განათლების მიღებაა შესაძლებელი და სრულ განათლებას რაიონის სკოლებში იღებენ. ამ დროისთვის თითოეულში 10 მოსწავლემდე სწავლობს.
ცნობისათვის, აგვისტოს ომის შემდეგ ახალგორში 2 ქართული სკოლა გაუქმდა: თვითონ დაბის მეორე სკოლა და სოფელ ბაზუაანის სკოლა. გაუქმების მიზეზი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსწავლეთა კატასტროფული სიმცირე იყო, შედეგად ახალგორის მეორე ქართული სკოლა პირველს შეუერთდა.
ახალგორელები ერთხმად აღნიშნავენ იმას, რომ ახალგორის სკოლების დახურვა საქართველოს ხელისუფლების სინდისზეა, რადგან სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა ახალგორის სკოლებიდან ბავშვების გადაყვანა წეროვანში გახსნილ სკოლაში.
ახლა ამას ისიც დაერთო, რომ ახალგორის სკოლადამთავრებულის ატესტატს თბილისი აღარ ცნობს. აღნიშნული ინფორმაცია ბოლო 2 დღის განმავლობაში ახალგორის რაიონის სოფელ ქარჩოხის სკოლიდან გავრცელდა. თავიდან ეს უმეტესობას არარეალურად მოეჩვენა, თუმცა ამავდროულად შესაძლებლადაც მიიჩნიეს, რადგან როგორც თავად ამბობენ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ახალგორის დაცარილებასთან დაკავშირებით ყველასთვის უკვე ნათელია.
"ახლახან გავიგე ეს ამბავი და გაგიჟებული ვარ. ნუთუ მართლა შეიძლება ასეთი რამე?! ნუთუ მართლა უნდა დავიჯეროთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მართლა ოსებს (თუ რუსებს) გადაგვაბარა და სამუდამოდ მოიწყვიტა ქსნის ხეობა?!" - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონი, რომლის 2 შვილიც ახალგორის ქართულ სკოლაში სწავლობს.
ახალგორის ა/ო მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, თამარ მეარაყიშვილის მოსაზრებით, თუ ახალგორის სკოლადამთვრებულები ვეღარ მიიღებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, საქართველოს მხრიდან ეს იქნება ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდის ტოლფასი.
"ეს თუ გამართლდა, ამას დაერქმევა ახალგორში ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა საქართველოს მხრიდანვე. აქაური ბავშვები ისედაც სწავლა-განათლების ყოველგვარ პირობებს მოკლებული არიან და ახლა ამას ეუბნებიან, რომ რახან ახალგორში სწავლობ, შენი ატესტატი არ ვარგა, რას ნიშნავს ეს, თუ არა მართლაც ეთნოწმენდას?! ეს უკვე პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ყველამ უნდა დატოვოს აქურობა. მე არსადაც არ წავალ და უკვე იძულებული გავხდები, ჩემი შვილისთვის ვისარგებლო მოსკოვის ლიმიტებით და მოსკოვის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში მივაღებინებ განათლებას. თუ ჩვენს, საქართველოს ხელისუფლებას აქაური ბავშვის სწავლის დაფინანსებისთვის ფული ენანება, ყოჩაღ მაგას!" - აცხადებს მეარაყიშვილი.
"ახალგორის მასწავლებლებზე არანაირი პროგრამა არ არის და არც იქნება"
როგორ გადაწყდება ახალგორელ მასწავლებელთა ბედი და რა ელით ახალგორის სკოლადამთავრებულებს? თავად ახალგორის რაიონის ქართული სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნულს თითქმის არ ადასტურებს.
ნინო ამირანაშვილი: "მე როგორც ვიცი, ეს მართალი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს".
ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის ქართული სკოლის დირექტორი მზია ფსუტური ასევე "მთელ კვირას" უცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია.
მზია ფსუტური: "სწორედ ქართული ატესტატებით წელს ყველა ახალგორელმა, ვინც სკოლა დაამთავრა, ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. იანვრიდან რა იქნება "ეს ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და გადაწყეტილი არაფერია - არც ასე და არც - ისე. ამიტომაც არანაირი დასკვნის გაკეთება ამ მომენტში არ შემიძლია".
ახალგორელების თქმით, ეს ინფორმაცია თავდაპირველად წეროვნის საგანმანათლებლო რესურს-ცეტრის დირექტორის, ნუგზარ პაპუნაშვილის მხრიდან გავრცელდა.
"ზუსტად პაპუნაშვილი გვეუბნებოდა: თუ არ გადმოიყვანთ წეროვანში თქვენს შვილებს, მაგ ატესტატებით აქ, თბილისში ვეღარ ჩააბარებენ უმაღლესშიო", - გვითხრა ერთ-ერთმა ახალგორელმა.
ნუგზარ პაპუნაშვილმა კი აღნიშნული ინფორმაცია "მთელ კვირასთან" საუბრისას უარყო და თქვა, რომ ეს არასწორია და ასე არ მოხდება.
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ერთეულის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, რომელიც ახალგორის სკოლების ბედს თბილისიდან ოფიციალურად განკარგავს, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ახალგორის სკოლადამთავრებულებს პრობლემა არ ექნებათ.
დიმიტრი სანაკოევი: "ვინც ახალგორში დაამთავრებს სკოლას, ამაზე პრობლემა არ ექნება. მოვიდეს ჩემთან და დავეხმარები. ატესტატებზე ჩვენი პროგრამა კიდევ მუშაობს, ანუ განათლების სამინისტრო მათ ეხმარება. თუ ვინმეს ამაზე პრობლემა აქვს, ჩვენთან ამ საკითხებზე პროგრამა მუშაობს და მოვიდეს ჩვენთან, განვიხილავთ. აბა, სხვანაირად როგორ იქნება?! ომამდე იქ ხომ სწავლობდნენ ბავშვები?!"
როგორც აღმოჩნდა, ატესტატების გამო იმ სკოლადამთავრებულებს არ ექნებათ პრობლემები, რომლებიც ახალგორში ომამდე სწავლობდნენ. თუმცა "მთელი კვირის" შეკითხვაზე - ახლა ვინც სწავლობს და ვინც დაამთავრებს ახალგორის სკოლას, ცნობს თუ არა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათ ატესტატებს, სანაკოევის პასუხი ასეთია:
"არც მაგათ ექნებათ პრობლემა. მოვიდეს ჩემთან ბავშვი ან მისი მშობლები და პრობლემა არ არის".
ექნებათ თუ არა პრობლემები ახალგორის სკოლადამთავრებულებს, ეს გაზაფხულზე გამოჩნდება. გაზაფხულამდე და გაზაფხულის მერეც კი ახალგორის სკოლის მასწავლებლებს ქართული მხრიდან 100-ლარიანი დახმარება რომ აღარ ექნებათ, ამას დიმიტრი სანაკოევი ადასტურებს კიდეც.
დიმიტრი სანაკოევი: "ახალგორელ მასწავლებლებს ომის შემდეგ ყოველთვიურ 100 ლარს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრეზიდენტის ბრძანებით უხდიდა. ამ წელს პროგრამას უკვე ვადა გაუვიდა და აღარ ვუხდით. წელს ეს დახმარება ჩვენი მხრიდან აღარ ყოფილა, რადგან ამ წელს მაგაზე არანაირი პროგრამა არ არის და არც იქნება იმიტომ, რომ ეს მასწავლებლები ჩვენთან აღარ არიან".
1061
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85