პრეზიდენტი უგულავა, პრემიერი სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძე

პრეზიდენტი უგულავა, პრემიერი სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძე


რამაზ საყვარელიძე: "სწორედ ახლა მიმდინარეობს იმის გარკვევა, ვინ რა პოზიციას დაიკავებს"

საქართველოში უკვე დაიწყეს პროგნოზები იმის თაობაზე, თუ პოლიტიკურ ძალთა რა კონფიგურაციას მივიღებთ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თუმცა "მთელი კვირა" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან მხოლოდ ამ თემებზე საუბრით არ შემოფარგლულა და მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზეც მოვისმინეთ მისი აზრი. 

"მთელი კვირა": ბატონო რამაზ, პირველ რიგში, როგორ აფასებთ გაეროში ჩვენი პრეზიდენტის გამოსვლას?

რამაზ საყვარელიძე: რა გითხრათ? ორიგინალური ვერ ვიქნები იმიტომ, რომ უკვე ბევრმა შეაფასა და აღინიშნა, რომ ამ გამოსვლაში რაიმე არსებითი სიახლე არ იყო. ხაზგასმული იყო მთავარი მიზანი - იმისი ჩვენება, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით წინ მიდის საქართველო. თუმცა დამატებითი აქცენტები გაჩნდა ამ მიმართულებით, ავღანეთის თემას ვგულისხმობ. გამოითქვა სიამაყე ავღანეთში საქართველოს წვლილის გამო.

"მ. კ": თქვენ თუ იზიარებთ ამ სიამაყეს?

რ. ს: არა, რა თქმა უნდა. როცა საქართველოდან გახედავ ამ თემას, ძალიან ძნელია, გაიზიარო, მაგრამ იმ კონტექსტში რატომ ითქვა, ეს სრულიად გასაგებია. პარადოქსული მდგომარეობაა - ქვეყანა, რომელიც ერთ დღეში აგებს ომს, სხვა ქვეყანაში წარმატებით ასრულებს სამხედრო ფუნქციას. მეორე მხრივ, ისევ არის რუსეთზე აპელირება და სიახლე იყო იმისი შეხსენება, რომ საქართველოს ინიციატივებს რუსეთი არ გამოეხმაურა და ითხოვს გამოხმაურებას. 

"მ. კ": სულ უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. თქვენი აზრით, რა პერსპეტივა აქვს რუსეთს? მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, უკვე საქართველოც თანახმაა ამაზე... 

რ. ს: როგორც ჩანს, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება სულ უფრო მეტად სავარაუდო ხდება. ახლა მორიგი რაუნდი შედგა ამ თემაზე. ქალბატონი კალანდაძის ეს განცხადებაც მიუთითებს, რომ მოიძებნა ისეთი წერტილები ქართულ-რუსულ დიპლომატიაში, რაც მისაღებია ორივე მხარისათვის.

"მ. კ": რამდენიმე დღეში ჩვენ გველოდება ევროკავშირის სამიტი, სადაც შეჯამდება აღმოსავლეთის პარტნიორობის შედეგები და გაჩნდება ახალი პრიორიტეტები. თუ ელოდებით რაიმე ცვლილებებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და რამდენად პოზიტიური შეიძლება იყოს ეს ცვლილებები ჩვენთვის?

რ. ს: საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ხოლმე ასეთი სამიტები, ისიც საკითხავია, მაგრამ ამ ეტაპზე, როცა პრაქტიკულად ქართულმა თემამ გადაინაცვლა საკმაოდ შორს და ის ისეთი აქტუალური არ არის, როგორც შეჩვეული ვართ, რომ იყო, მე მეეჭვება, რომ საქართველოს თემა ან პოზიტიურად ან ნეგატიურად დაისვას. ალბათ, აღინიშნება, რომ ქართული დემოკრატია ენერგიული ნაბიჯებით მიდის წინ, და არის სირთულეები, აღნიშნავენ სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობის პრობლემებს და ამით დასრულდება, მე მგონი, ეს საკითხები.

"მ. კ": 27 სექტემბერს ეროვნული ფორუმის მიერ დაგეგმილი ქართველთა მარშისაგან რას ელოდებით?

რ. ს: მარშები ჩვენ გვახსოვს და ჩვენს ცნობიერებაში დაკავშირებულია 1 მაისთან. ორგანიზაცია რომ არ გაეწიათ, ხომ არ გავიდოდით საბჭოთა პერიოდში? მე მგონი, ახლაც ბევრი რამე დამოკიდებულია ორგანიზატორებზე - თუ კარგი ორგანიზაცია არ გაუწიეს, მეეჭვება, დიდი შთამბეჭდავი პროცესი მოჰყვეს. ანუ, რაოდენობამ შესაძლოა, მეტ-ნაკლები შთაბეჭდილება მოახდინოს, თორემ სხვა მიზანი ამ აქციას არცა აქვს. ესაა ერთდღიანი დემონსტრირება მხარდამჭერთა რაოდენობის და მეტი არაფერი.

"მ. კ": საუბრობენ დაპირისპირებაზე სახელისუფლებო გუნდში. დღეს დაიბეჭდა ვერსია, თითქოს მერაბიშვილსა და ადეიშვილს შორის არის დაპირისპირება. თქვენ რამდენად ხედავთ შიდა დაპირისპირებას მმართველ პარტიაში?

რ. ს: ჩვენ დიდი ხანია, ვიძახით, რომ სუსტია ოპოზიცია. შესაბამისად, ოპოზიციისაგან ეს პარტია საფრთხეს არ ელოდება. თვითონ ხალხიც პასიური გახდა თავისი ინტერესების დაცვაში, ისე, რომ ხალხისაგან ხელისუფლებას საფრთხე არ ელოდება. 

დასავლეთთან ურთიერთობა მოგვარებული აქვს და რუსეთი არ ელაპარაკება, ასე რომ, ამ მხრივაც საფრთხეს არ ელოდება, მერე შიგნით იწყებენ ხოლმე ერთმანეთთან დაპირისპირებას. გარედან როცა საფრთხეს ხედავენ, იკვრებიან. ეს ასეა ფიზიკაშიც კი. 

რაც უფრო შემცირდება მმართველ პარტიაზე ეს გარედან წნევა, ზეწოლა, შიდა დაშლის პროცესები უფრო გააქტიურდება. ვინ ვის მოერღვევა, ეს უკვე დეტალებია.

"მ. კ": საპრეზიდენტო კანდიდატებად ბატონ დავით ბაქრაძეს და გიგი უგულავას ასახელებენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვთ მათ?

რ. ს: ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულ ფუნქციებს თუ ავიღებთ, მე მგონი, უგულავა მოისურვებს მის მორგებას, მე მგონი, ბაქრაძე იქნება ისევ პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერი ის, ვისაც დღეს პრეზიდენტი ჰქვია - მიხეილ სააკაშვილი.

"მ. კ": ანუ, თქვენი აზრით, პარლამენტში ისევ ნაციონალებს ექნებათ უმრავლესობა? და რომელი პარტიები შეძლებენ კიდევ 2012 წლის არჩევნებში შედეგების ჩვენებას?

რ. ს: ამაზე, თუ კიდევ რომელი ძალები იქნებიან პარლამენტში, ჯერ საუბარი ნაადრევია. რადგან ეს შეიძლება ივარაუდო არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე. ჯერ ეს არ არის გამოკვეთილი.