დავით შალიკაშვილი "ინტერპრესნიუსი"
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პარტია "ედინაია რასიას" ყრილობაზე ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის კანდიდატად ვლადიმერ პუტინი დაასახელა. თავის მხრივ პუტინი მას პრემიერ-მინისტრის სავარძელს შეჰპირდა. რუსეთის რეალობებს თუ გავითვალისწინებთ, პრეზიდენტისა და პრემიერის პარტიული მიზნები სრულად ახდება.
რუსებს ერთი გამონათქვამი აქვთ: "Хотели как лучше, а получилось как всегда". რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მსგავსი უფერული და უძლური მართველი ალბათ, რუსეთს ჯერ არ ჰყოლია. მიუხედავად ამისა, რუსეთის და არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს, რომელთათვისაც თანამედროვე დემოკრატიული ღირებულებები ძვირფასია, იმედი ჰქონდათ, რომ მედვედევი ბოლოს და ბოლოს გამოიჩენდა ინიციატივას და მოახერხებდა თავისი ყოვლისშემძლე მეურვის გავლენიდან თავის დაღწევას, რაც თავის მხრივ რუსეთში დემოკრატიის განვითარებას თუნდაც მცირე შანსს მისცემდა. "უკეთესად" არ გამოვიდა. რუსულმა დემოკრატიამ მორიგი ორიანი მიიღო. მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო ქვეყანაში, რომელსაც მართავს ძალა და არა კანონი. ამის თქმის საფუძველს გვაძლებს ვლადიმერ პუტინის მიერ თავისი პირველი გაპრეზიდენტებისას უშიშროების თანამშრომლებთან შეხვედრაზე ნათქვამი ფრაზა: "ჩვენ დიდხანს ველოდით უშიშროების სამსახურის ხელისუფლებაში მოსვლას. შემიძლია გახაროთ - ეს დღე დადგა".
ერთი შეხედვით ვლადიმერ პუტინის მსგავს პერსონას რუსი ხალხის სიმპათია არ უნდა დაემსახურებინა - არ სვამს, არ ეწევა, იშვიათად იგინება.. მიუხედავად ამისა, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ რუსეთში საარჩევნო სისტემის კორუმპირებულობაზე და მართვის არადემოკრატიულ მეთოდებზე, ფაქტია - პუტინი რუსეთში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. ამის მიზეზები ახლანდელი პრემიერის პროფესიულ "წარმომავლობაში" უნდა ვეძებოთ. ვლადიმერ პუტინი პოლიტიკოსად იმ ორგანიზაციის წიაღში გაიზარდა და ჩამოყალიბდა, ერთადერთი რომ იყო საბჭოთა კავშირში, რომელიც გამართულად და ეფექტურად მუშაობდა. რა თქმა უნდა, ავადსახსენებელ КГБ-ს ვგულისხმობთ. ძალას კი ყველგან და განსაკუთრებით, უსამართლობითა და კრიმინალით შეჭმულ რუსეთში ყოველთვის დიდ "პატივს" სცემდნენ. 2000 წელს ხელისუფლებაში მოსულმა პუტინმა მართლაც ენერგიულად და ეფექტურად დაიწყო წესრიგის დამყარება. ანდა, ალბათ უმჯობესი იქნება ასე თუ ვიტყვით - საკუთარი წესრიგის დამყარება. რაც ერთის მხრივ, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მმართველობის სრულ კონტროლში, მეორეს მხრივ ფედერაციის ურჩი ავტონომიებისა და მეზობლების მიმართ ბარბაროსულ ანგარიშსწორებაში გამოიხატა.
პუტინის "ერა" რუსეთში უკვე 12 წელს ითვლის. ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პუტინმა საზოგადოებას პრეზიდენტობის კანდიდატად დამოუკიდებელი ნებისა და რეალური ძალაუფლების არმქონე დიმიტრი მედვედევი წარუდგინა. მაშინვე ნათელი იყო, რომ რუსეთის ფაქტობრივი მმართველი არ იცვლებოდა. ასეც მოხდა და რამდენიც არ უნდა ამტკიცოს მედვედევმა, რომ გორს რაკეტები მისი ბრძანებით დაუშინეს, ყველამ იცის, ვინ იღებდა და დღემდე ვინ იღებს გადაწყვეტილებებს მის სამშობლოში.
რუსეთში არსებული დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე სავსებით რეალურია იმის პერსპექტივა რომ КГБ -ს მმართველობა რუსეთში 2036 წლამდე გაგრძელდება.
ამგვარი დასკვნის საფუძველს გვაძლევს დიმიტრი მედვედევის განცხადება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დასაწყისშივე იყო ჩაფიქრებული, მაშინ როდესაც მათი "მეგობრული კავშირი" შედგა. დანარჩენი როგორც იტყვიან ტექნიკის, უფრო სწორად პოლიტიკური ტექნოლოგიების საქმეა. პრეზიდენტი ხომ გახდება პუტინი 2012 წელს, საპრეზიდენტო ვადაც ხომ გაიზარდა 6 წლამდე, ანუ 12 წელი იპრეზიდენტებს. შემდეგ, 2024 წელს ისევ მედვედევს გაიყვანს პრეზიდენტად, ანუ კიდევ 12 წლით შეინარჩუნებს ხელისუფლებას. შემდეგ რა იქნება და კიდევ რა ჩაიფიქრა მათმა "მეგობრულმა კავშირმა" ალბათ, 2036 წელს შეიტყობს სამყარო.
"ედინაია რასია"-ს ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურება როგორც რუსეთში, ისე მის გარეთ. პოლიტოლოგი გლებ პავლოვსკი მომხდარს მედვედევის პოლიტიკურ თვითმკვლელობად მიიჩნევს(თითქოს ოდესმე პოლიტიკურად "ცოცხალი" ყოფილიყოს), პუტინთან ოპოზიციაში მყოფი ბორის ნემცოვის აზრით კი პუტინი პროვოკატორია და ამ ნაბიჯით ხალხს "ბუნტისკენ" უბიძგებს. თუმცა, საბოლოოდ, რა როგორ მოხდება, ეს მაინც რუსეთის მოქალაქეების გადასაწყვეტია. ჩვენ ერთი რამ გვაღელვებს - ხელისუფლებაში დარჩენისა და ძალაუფლების შენარჩუნების რუსული "დვოიკის" მეთოდი გადამდები არ აღმოჩნდეს რუსეთის ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის ზოგიერთი ახალგაზრდა ხელისუფალისთვის.
906
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85