ლადო ხიხაძე "ბანკები და ფინანსები"
"სტაბილური და ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა” ქართულად
მსოფლიო ბანკი პირნათლად ასრულებს საქართველოსთან 2009 წელს დადებულ ხელშეკრულებას შეღავათიანი კრედიტით უზრუნველყოფის შესახებ. 2009-2010 საქართველომ აღნიშნული პროგრამით 90 და 51 მილიონი აშშ დოლარის შეღავათიანი კრედიტი მიიღო. ამ თანხის დიდი ნაწილი საბიუჯეტო პროგრამების დასაფინანსებლად დაიხარჯა, 2011 წლის 15 სექტემბერს კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა ,,განვითარების პოლიტიკის” მესამე ღონისძიების დაფინანსების ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში საქართველო კიდევ მიიღებს 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს, მის ხანგრძლივობა 25 წელია, შეღავათიანი პერიოდი 5 წელი და საპროცენტო განაკვეთი –წლიური 2%.
ქართული მხარის განცხადებით, წინა ორი სესხის ფარგლებში გატარდა და ისევ გაგრძელდება ,,სტაბილური და ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა”, გაიზარდა სოციალური დაცვის პროგრამების ეფექტურობა, ამაღლდა ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო სახელმწიფო ფინანსების მართვის ეფექტურობით: ქართული რეალობა კი საგრძნობლად განსხვავდება იმ ზღაპრისაგან, რასაც ხელისუფლება გვიყვება. არასტაბილურობა (ფასების კატასტროფული ზრდა, ვალუტის კურსის მკვეთრი რყევები, ინფლაციის კატასტროფული ზრდა და ა.შ), რომელიც საქართველოს მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა და არა მარტო ამან, ქართულ ეკონომიკას მოუტანა ჯერ კიდევ მძვინვარებს ქვეყანაში და მძიმე ტვირთად აწევს ისედაც სიღარიბის ზღვარს დაბლა მყოფ მოსახლეობას.
რაც შეეხება სოციალური დაცვის პროგრამების ეფექტურობის ზრდას, ამ ,,სიკეთის” შესახებაც კარგად მოეხსენება საქართველოს მოსახლეობას.
- 2007 წლის დეკემბერში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გამოიყო 60 მილიონი ლარი დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარებისთვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 25-დან 60 წლამდე ასაკის მქონე 100 000- ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა. პროგრამა ითვალისწინებდა სამუშაოს მაძიებლების გადამზადებას სხვადასხვა კერძო კომპანიაში და მათ შემდგომ დასაქმებას. პროგრამა განხორციელდა 2008 წელს. მონაწილეებმა მიიღეს სტიპენდია 200 ლარის ოდენობით, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 22 200 ათასი ლარი;
- 2008-2009 წლებში გრძელდებოდა "იაფი კრედიტის" სახელმწიფო პროგრამა;
- 2009 წელს, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დაიწყო პროგრამა "პროფესიული განათლება დასაქმებისთვის", რომელიც გაგრძელდა 2010 წელსაც და ითვალისწინებს პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორის როლის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას ადეკვატურად მომზადებული კადრებით. პროგრამის ძირითადი ამოცანაა საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 50 პროფესიული მომზადება-გადამზადების ცენტრის შექმნა;
- 2010 წლის თბილისის ბიუჯეტს "დასაქმების ბიუჯეტი" ეწოდა და ითვალისწინებს თბილისის მოსახლეობის დასაქმებას მერიის მიერ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ იყო 50 000 სამუშაო ადგილის შექმნა;
- 2010 წელს, თბილისში ამოქმედდა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების კერძო სექტორში დასაქმების პროგრამა. იანვრის ბოლომდე დაგეგმილია 2000-მდე ადამიანის დასაქმება. მერია დასაქმების პროექტს კერძო სექტორთან ერთობლივი შეთანხმებით ახორციელებს. კერძო კომპანიები, რომლებიც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვებენ, ვალდებულნი არიან სოციალურად დაუცველი, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების წევრები საკუთარ კომპანიებში დაასაქმონ;
- 2010 წლის თებერვლიდან, ქ. თბილისის მერიამ დაიწყო დასაქმების მხარდამჭერი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თბილისის მოსახლეობას შეუძლია უფასოდ გაიაროს კომპიუტერისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები.
მიუხედავად ბოლო წლებში დასაქმების პროგრამების განხორციელებისა, უმუშევრობის მაჩვენებლები იზრდებოდა, ამდენად, დასაქმების პროგრამების ფარგლებში დახარჯული რესურსების მიუხედავად, დასაქმების მაჩვენებლები არ გაზრდილა, ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროგრამებმა ვერ გაამართლა.
შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმება და უმუშევრობის შემცირება საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის საკვანძო პრობლემად რჩება. დასაქმების დაბალი დონე განაპირობებს საოჯახო მეურნეობების შემოსავლების დაბალ დონეს და მრავალ ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგს უკავშირდება. უმუშევრობის პრობლემა გაცილებით უფრო მტკივნეულია საქართველოსათვის, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს.
რამდენიმე სიტყვით ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლების შესახებ
ის, რომ საქართველოში იმპორტი ყოველ წელს გაცილებით მეტად იზრდება ვიდრე ექსპორტი და ქვეყანა უკვე იმდენად გახდა იმპორტზე დამოკიდებული, რომ ეროვნული წარმოება თითქმის აღარ არსებობს უკვე მრავალჯერ დაიწერა და კიდევ უფრო ბევრჯერ ითქვა.
საქართველოში თითქმის ყველა სფეროში არსებობს ფარული მონოპოლიები და ოლიგოპოლიები. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2010 წელს საქართველოს მთლიანი ბიზნესის ბრუნვაში, მცირე და საშუალო ბიზნესს 15%-იანი წილი უჭირავს. ეს მაშინ, როცა 2000 წელს მხოლოდ მცირე ბიზნესზე 33%-ი მოდიოდა. აღნიშნული მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ბაზრებზე კონკურენციის დონე საგრძნობლად - თითქმის 2,5-ჯერ შემცირდა, რაც, პირველ რიგში, მომხმარებლისთვის პროდუქტებზე მაღალ ფასებსა და პროდუქციის დაბალი ხარისხით გამოიხატება. რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს გერმანიაში მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა მთლიანად ბიზნესის 40%-ს აღემატება, ხოლო დიდ ბრიტანეთში 60%-ს შეადგენს.
საქართველოში მონოპოლიების თვალსაჩინო მაგალითებია: ლატარიის კომპანია, თბილისის მიკროავტობუსი, ნავთობპროდუქტების ბაზარი,Fფარმაცევტული პრეპარატების ბაზარი და ასე შემდეგ.. მათი სრულად ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეფორმებმა ეკონომიკაში ჩადო ქაოსი და განუკითხაობა, მომავალ წელს საქართველო ეკონომიკურად გაცილებით ცუდ მდგომარეობაში იქნება, ვიდრე დღეს არის. შექმნილი სიტუაციით კი მხოლოდ მთავრობის მიერ პრივილეგირებული მცირე ჯგუფის მდგომარეობა უმჯობესდება. ხელისუფლებას ჰყავს საქართველოში უდიდესი მტერი, ეს არის საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსების მდგომარეობა.
928
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85