გიორგი ფუტკარაძე "რეზონანსი"
ანუ როგორ დაიხარჯა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი რამდენიმე ათეული მილიონი ევრო
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრებს ვარგისიანობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. 22 შესწავლილი ცენტრიდან 17-ში რემონტის შემდეგ მნიშვნელოვანი დეფექტები გამოვლინდა - ასეთია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ახალი ანგარიში, რომელიც საქართველოში დევნილებისთვის კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციას შეეხება.
როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, 17 კოლექტიურ ცენტრში გამოვლინდა რემონტის შემდგომი სერიოზული დეფექტები, მაგალითად, სამშენებლო მასალისა და ზოგადად სარემონტო სამუშაოების არასათანადო ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები და "მუნიციპალური განვითარების ფონდისა" და სამშენებლო კომპანიების მიერ არ მომხდარა სარემონტო სამუშაოების დეფექტების სათანადოდ გამოსწორება 1-წლიანი პასუხისმგებლობის პერიოდში.
აღნიშნული კვლევა პროექტის "დახმარების ეფექტურობის ხელშეწყობა" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ და მიზნად ისახავს 2009 წლის იანვარსა და 2011 წლის იანვარს შორის "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" მიერ რეაბილიტირებული ძველი კოლექტიური ცენტრების სარემონტო სამუშაოების ხარისხის შეფასებასა და ასევე რეაბილიტაციის შესახებ დევნილთა ზოგადი მოსაზრებებისა და დამოკიდებულების ანალიზს.
კვლევაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია დასავლეთ საქართველოზე, სადაც "მუნიციპალური განვითარების ფონდმა" დევნილთა სახლების სარეაბილიტაციო პროექტების დაახლოებით 80 პროცენტი განახორციელა. არსებული ცნობებით, დასავლეთ საქართველოში რიგი კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია მაღალი ხარისხით არ შესრულებულა.
ცნობისათვის, 2008 წლის აგვისტოს რუსეთთან ომის შემდეგ, რომლის შედეგად 7,950 ოჯახი (20,726 პირი) სამხრეთ ოსეთიდან და კოდორის ხეობიდან (ზემო აფხაზეთი) დევნილი გახდა, საქართველოს მთავრობამ მასშტაბური განსახლების პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც 1990-იანი წლების პირველი ნახევრის კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა (81,517 ოჯახი - 235,659 პირი) საბინაო პრობლემების მოგვარებასაც ითვალისწინებს.
შესაბამისად, ამჟამად არსებობს დევნილთა ორი "ნაკადი", რომლებიც მრავალი სახის საბინაო პრობლემების წინაშე დგანან. "პირველი ტალღის" დევნილთა 60 პროცენტი (53,639 ოჯახი - 155,122 პირი) კერძო სახლებში ცხოვრობს, ხოლო 40 პროცენტი (35,057 ოჯახი-101,263 პირი) კოლექტიურ ცენტრებში - კორპუსებშია განსახლებული.
ამ კოლექტიურ ცენტრებს თითქმის 20 წლის განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა და ბევრი მათგანი სავალალო მდგომარეობაში იყო. ბევრი მათგანის საკუთრების საკითხი ჯერაც არ არის გარკვეული (კერძო მფლობელობაშია თუ სახელმწიფოს ეკუთვნის). 2008 წლის ომის შემდეგ, საერთაშორისო დონორებმა (მაგ. მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ა.შ.შ.-ის მთავრობა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ინსტიტუტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახალი ტალღის დევნილების საბინაო საკითხების მოსაგვარებლად მილიონობით დოლარი გამოყვეს. ამ ფონზე, დევნილთა პირველი ტალღის მძიმე მდგომარეობის უგულებელყოფა შეუძლებელი გახდა.
2010 წლის დასაწყისში მთავრობამ შეიმუშავა ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოზრდილ საბინაო კომპონენტსაც შეიცავდა, ხოლო ევროკავშირმა მთავრობას დაფინანსება (51.5 მილიონი ევრო) გამოუყო, რომელსაც ის "მუნიციპალური განვითარების ფონდის" გავლით მიიღებდა.
ამ თანხის უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 91 მილიონი ლარი (35.9 მილიონი ევროს ეკვივალენტური თანხა), მთელი ქვეყნის მასშტაბით ძველი კოლექტიური ცენტრების სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა. ამასთან ერთად, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა და მისმა პარტნიორებმა, ევროკავშირის, ა.შ.შ.-ის მთავრობისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, იმავე მიზნით 3.2 მილიონი ლარი (1.4 მილიონი ევროს ექვივალენტური თანხა) დახარჯეს.
"მუნიციპალური განვითარების ფონდის" კონტრაქტორმა კომპანიებმა დევნილების ძველი ნაკადისათვის (3,855 ოჯახი) საცხოვრებლების უზრუნველსაყოფად განახორციელეს. მიმოხილვა ეფუძნება ფონდის ვებ-გვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს (2011 წლის აპრილის მდგომარეობით). ამ მონაცემების მიხედვით, 2009 წლის იანვარსა და 2011 წლის იანვარს შორის, ფონდი ზედამხედველობას უწევდა 82 პროექტის განხორციელებას საქართველოს 9 რეგიონში, რომელთა ფარგლებში განხორციელდა 7,241 ბინის (380 000 კვადრატული მეტრი) სტრუქტურული შეკეთება. ამ პროექტების მთლიანმა ღირებულებამ 85 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან ერთად, "მუნიციპალური განვითარების ფონდი", კონტრაქტორებთან ცალკე დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც გაზით, წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგებას, ასევე, სადრენაჟო და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას ითვალისწინებდა, მთელ რიგ კოლექტიურ ცენტრებში ზედამხედველობას უწევდა დამატებით 23 სარეაბილიტაციო პროექტს. ამ პროექტების საერთო ფაქტობრივმა დანახარჯმა 6 მილიონი ლარი შეადგინა. ამ სახსრების უმეტესი ნაწილის (2.8 მილიონი ლარი) ხარჯვას სააქციო საზოგადოება "საქჰიდრომშენი" განაგებდა, რომელიც წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების შეკეთებას ხელმძღვანელობდა. კვლევამ აჩვენა, რომ ფონდის დამატებითი სარეაბილიტაციო პროექტები სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებდა.
კვლევის ავტორების მიერ გამოკითხულ დევნილთა უმრავლესობა ზოგადად კმაყოფილი იყო მათი ბინების რეაბილიტაციით და აღნიშნავდა, რომ ბინები ახლა უკეთ გამოიყურება და უფრო მყუდროა, ვიდრე ადრე. მონახულებული 22 კოლექტიური ცენტრიდან 5 საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო და სარემონტო სამუშაოების ჩატარების კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი დეფექტი არ აღენიშნებოდა.
თუმცა, 17 კოლექტიურ ცენტრში გამოვლინდა რემონტის შემდგომი სერიოზული დეფექტები, მაგალითად ნესტი და ობი, რომელიც უკავშირდება სადრენაჟო სისტემების მოუწესრიგებლობას. ამ კოლექტიურ ცენტრებში ასევე გამოვლინდა საკანალიზაციო სისტემების არასათანადო შეკეთებასთან, სამშენებლო მასალისა და ზოგადად სარემონტო სამუშაოების არასათანადო ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები.
"ზემოაღნიშნულ 17 კოლექტიურ ცენტრში "მუნიციპალური განვითარების ფონდისა" და სამშენებლო კომპანიების მიერ არ მომხდარა სარემონტო სამუშაოების დეფექტების სათანადოდ გამოსწორება 1-წლიანი პასუხისმგებლობის პერიოდში. კიდევ ერთი ზოგადი პრობლემა დაკავშირებულია გარემონტებული კოლექტიური ცენტრების დევნილებისთვის საკუთრებაში გადაცემის დაყოვნებასთან", - ნათქვამია ანგარიშში.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა და "მუნიციპალური განვითარების ფონდმა" უკეთ უნდა მოახდინონ არსებული შენობების სარეაბილიტაციოდ შერჩევისა და სტრუქტურული შეფასების პროცესის კოორდინირება. ამასთან, სარემონტო სამუშაოები მორგებული უნდა იყოს თითოეული შენობის საჭიროებებსა და პირობებზე.
"მუნიციპალური განვითარების ფონდმა" უნდა გააუმჯობესოს დეფექტების დაფიქსირებისა და ზედამხედველობის მექანიზმი. დევნილებს ნათლად უნდა განემარტოს ახალი მექანიზმი, რომელიც მათი საჩივრების საფუძველზე დეფექტების გამოსწორებას ითვალისწინებს", - აცხადებენ კვლევის ავტორები.
ამასთან საჭიროა, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უნდა გააუმჯობესონ დევნილთათვის მუნიციპალური სერვისების მიწოდება, რათა გარემონტებულ კოლექტიურ ცენტრებში მოგვარდეს წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდებასთან და ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული პრობლემები.
სამინისტრომ ასევე უნდა დაადგინოს თითოეული საპრივატიზაციო კოლექტიური ცენტრის დევნილების საკუთრებაში გადაცემის კონკრეტული თარიღი. პრივატიზაციის პროცესი უნდა დასრულდეს 2011 წლის ბოლომდე, როგორც ამას სამინისტრო დევნილებს შეპირდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელი, ანალიტიკოსი ლაშა გოგიძე ამბობს, რომ მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია, შესწავლილი 22 ობიექტიდან 9 იყო საკმაოდ დეფექტური, ხოლო რვას კი უფრო მეტად სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
"ზოგგან სარდაფები იყო წყლით სავსე, მოუწესრიგებელი იყო კანალიზაციის პრობლემები და სამუშაოები არ იყო სათანადო ხარისხის. პრობლემაა წყალი და ბუნებრივი აირი. ჩვენი აზრით, არ მოხდა სათანადო შენობების შერჩევა და პროექტი არ იყო მორგებული კონკრეტულ მშენებლობებს", - ამბობს გოგიძე.
მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს სისტემა, რომლის მიხედვითაც ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ, მოითხოვონ ხარვეზების აღმოფხვრა და თუკი სათანადოდ არ იქნა სამუშაო შესრულებული, კონკრეტულ კომპანიას მიღებული თანხის 5% ჩამოაჭრან. თუმცა, ამ ეტაპზე საერთაშორისო გამჭვირვალობა არ ფლობს მონაცემებს, მოხდა თუ არა რომელიმე კომპანიასთან მიმართებაში აღნიშნული პროცედურის განხორციელება, რადგან გარანტიის ვადა ახლახან დასრულდა.
რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიციას ამ თემაზე, პრესსამსახურმა ტრადიციას არ უღალატა და განაცხადა, რომ "რეზონანსს" კომენტარს არ მისცემს, რადგან კომენტარებს ვამახინჯებთ.
1078
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85