ელზა წიკლაური "რეზონანსი"
მამუკა არეშიძე: "საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, ამაზე ერთი ამბავი ატეხოს"
მოსკოვი აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერ-მ"-სა და შემტევი ვერტმფრენების "მი-28ნ"-ის განთავსებას გეგმავს. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი იგორ კოროტჩენკო აცხადებს, ეს მაშინ მოხდება, თუ "საქართველო რეგიონში თავისი სამხედრო პოტენციალის გაშლას გააგრძელებს". კოროტჩენკოს ამ განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის სათათბიროს მიერ დე ფაქტო რესპუბლიკებში განთავსებულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმების რატიფიცირება.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირებას უკანონო ქმედებად აფასებს ოფიციალური თბილისი. ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს კი მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ როგორც ბაზების საკითხის რატიფიცირებაზე, ასევე სარაკეტო კომპლექსების შესაძლო განთავსებაზე ხმაური აუცილებლად უნდა ატეხოს.
ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მე-4 სამხედრო ბაზასა და აფხაზეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკი ტ-90ც, საზალპო ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩი", ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი "ტოჩკა-უ", საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ბუკი" და საზენიტო-სარაკეტო სისტემა ს-300-ია განთავსებული.
ოკუპირებულ რეგიონებში სარაკეტო კომპლექსების შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა იგორ კოროტჩენკომ გუშინ გააკეთა. მისი თქმით, "რუსეთმა შესაძლოა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შემტევი ვერტმფრენები მი-28ნ და სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერ-მ" განათავსოს, თუ საქართველო რეგიონში თავისი სამხედრო პოტენციალის გაშლას გააგრძელებს".
"თუ საქართველო საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაშლას განაგრძობს, პერსპექტივაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსულ სამხედრო ბაზებზე შემტევ ვერტმფრენ მი-28ნ-ისა და ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს "ისკანდერ-მ"-ის განთავსება გამორიცხული არ არის", - განაცხადა კოროტჩენკომ.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთში "ისკანდერი"-ს შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით განცხადება 2009 წელსაც გაავრცელა. იმავე წელს სარაკეტო კომპლექსის სავარაუდო ადგილმდებარეობის დასაზუსტებლად აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მაშინ აფხაზეთში "ისკანდერის" შეტანის სავარაუდო თარიღად 2010 წლის გაზაფხულს, განთავსების ადგილად კი გუდაუთა სახელდებოდა. თუმცა მოსკოვს ამ დრომდე აფხაზეთში "ისკანდერი" არ განუთავსებია.
"ისკანდერი" არა, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინათ მოსკოვმა "საჰაერო სივრცის დაცვის მიზნით" აფხაზეთში ს-300ს-ის ტიპის სტაციონალური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განათავსა, რომელსაც ობიექტის აღმოჩენის, მისი დევნის და შემდგომ უკვე ჩამოგდების სისტემა გააჩნია. ს-300ს არ არის თავდასხმის იარაღი, ის მხოლოდ თავდაცვისთვის გამოიყენება და არის თავდაცვითი ქოლგის შემადგენელი ნაწილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სისტემიდან თითოეული რაკეტის გაშვება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, ამიტომაც, როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსებმა ის მას საქართველოს უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაყრელად გამოიყენოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს პრეზიდიუმის წევრის განცხადებამდე ერთი დღით ადრე კი დუმამ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის გაერთიანებული სამხედრო ბაზის შესახებ და "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის გაერთიანებული სამხედრო ბაზის შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმებების თანახმად, რუსული სამხედრო ბაზები ამ "რესპუბლიკების" ტერიტორიებზე 49 წლის განმავლობაში დარჩება.
ოფიციალურმა თბილისმა კი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირებას უკანონო და უპასუხისმგებლო ქმედება უწოდა.
"რუსეთის ფედერაცია საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ბაზების განლაგების ლეგიტიმაციას ცდილობს და ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციას განაგრძობს, რაც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებთანაც წინააღმდეგობაში მოდის.
"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალის, შეიარაღებისა და ტექნიკის უპრეცედენტო კონცენტრაცია და საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული ქმედებების ლეგიტიმაციის ფუჭი მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთმა ეჩშძ ხელშეკრულების შესრულების შეჩერების თაობაზე გაკეთებული არასამართლებრივი განცხადებით ხელშეკრულების მოქმედების არეალში საკუთარი სამხედრო ძალის და შეიარაღების უკონტროლო ზრდის წინაპირობა შეიქმნა. რუსეთის ეს ძალზე სახიფათო ნაბიჯები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს, ასევე მის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შავიზღვისპირეთის, კასპიის რეგიონებში და მთლიანად ევროპაში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, საქართველო რუსეთის ამ ქმედებებს გმობს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, "რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა მოახდინოს და აიძულოს, ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს და საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციის პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყოს".
ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით კი, "მაშინ, როდესაც საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე მხოლოდ საუბარი მიდის, რუსეთი რეგიონში სამხედრო ძალას რეალურად ზრდის".
"ჩემი ინფორმაციით, რუსეთს ჯავის რაიონში, რორის მთის მიდამოებში "ისკანდერი" თუ არა, იმავე სიმძლავრის საარტილერიო დანადგარი აქვს განთავსებული. რუსეთი ასევე გეგმავდა საბრძოლო ვერტმფრენების შემოყვანას. ასე, რომ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს პრეზიდიუმის წევრის განცხადებაში ახალი არაფერია, თუმცა ფაქტია, რომ იმ მოტივით, რომ საქართველოს საბრძოლო პოტენციალი ძლიერდება, რუსეთი თავის სამხედრო პოტენციალს რეალურად ზრდის, მაშინ, როცა საქართველოს სამხედრო გაძლიერებაზე ჯერ მხოლოდ საუბრები მიმდინარეობს", - განაცხადა არეშიძემ.
მისივე აზრით, ოფიციალურ თბილისს საერთო შეიარაღების თაობაზე ხელშეკრულებაზე აპელირება შეუძლია, რომელიც ქვეყნებისთვის შეიარაღების კვოტებს აწესებს.
"აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებია, შესაბამისად, იქ არსებული შეიარაღება საქართველოს კვოტაში შედის, რუსეთი კი ამ კვოტიდან დიდი ხანია, გასულია", - განაცხადა არეშიძემ და დასძინა, რომ "საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, ამაზე ერთი ამბავი ატეხოს, თუმცა რა ნაბიჯს გადადგამს ოფიციალური თბილისი, უცნობია".
1411
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85