ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის – BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟში აზერბაიჯანის მიმართ წაყენებულია ბრალდება, რომ მან საერთაშორისო კრივის ორგანიზატორებს საიდუმლოდ მსხვილი თანხები გადაუხადა, 2012 წელს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ორი აზერბაიჯანელი მოკრივისთვის ოქროს მედლების უზრუნველსაყოფად.
მართლაც გადაიხადა აზერბაიჯანმა საიდუმლოდ 9 მილიონი დოლარი იმ იმედით, რომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლებს მოიპოვებდა?
მსოფლიო კრივის სამყაროში დღეს ეს ყველაზე აქტუალური შეკითხვაა – იმ ფონზე, როცა ბაქოში ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო შეხვედრა მიმდინარეობს.
ბაქო მასპინძლობს კრივში მსოფლიო ჩემპიონატს, რომელსაც კრივის საერთაშორისო ასოციაცია აწყობს. მატჩები 22 სექტემბერს დაიწყო და 10 ოქტომბრამდე გასტანს. ეს ჩემპიონატი ნაწილია შეჯიბრებებისა, რომლებმაც მომავალი წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილეები უნდა გამოავლინოს.
BBC-ის ვთხოვთ, მტკიცებულებები მოგვაწოდოს, რადგან ამ ყველაფერს სერიოზულად ვეკიდებით. თუმცა, ცხადია, გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ მტკიცებულებების ნახვის შემდეგ შევძლებთ...
თუმცა, ჩემპიონატის დაწყებისთანავე, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციამ – BBC-იმ – ეთერი დაუთმო საგამოძიებო პროგრამას, რომელიც აცხადებდა, რომ მოიპოვა მტკიცებულება აზერბაიჯანის მიერ კრივის საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთი უწყებისთვის 9 მილიონი დოლარის გადახდის შესახებ. კერძოდ, ეს ბრალდება BBC-ის პროგრამა “Newnight”-ში, 22 სექტემბერს გაისმა. მას შემდეგ არ წყდება კითხვები იმის თაობაზე, თუ კერძოდ ვის გადაუხადა თანხა აზერბაიჯანმა და რა მიზნით.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ჟაკ როგმა, პარასკევს განაცხადა, რომ საკითხს დაუყოვნებლივ მიაქცევს ყურადღებას. პეკინში ყოფნისას მან ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:
„BBC-ის ვთხოვთ, მტკიცებულებები მოგვაწოდოს, რადგან ამ ყველაფერს სერიოზულად ვეკიდებით. თუმცა, ცხადია, გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ მტკიცებულებების ნახვის შემდეგ შევძლებთ“ – უთხრა მან პეკინში ჟურნალისტებს და დასძინა – „ამდენად, BBC-ის ვთხოვეთ, რაც შეიძლება სწრაფად მოგვაწოდოს მტკიცებულებათა მთლიანი მოცულობა – რასაც შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც გააანალიზებს.“
BBC-ის ინფორმაციით, ამ ცნობის გაჟონვა კრივის საერთაშორისო ასოციაციაში მომუშავე პირებმა მოახდინეს – თქვეს, რომ ასოციაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ივან ხოდაბახშმა მათ საიდუმლო შეთანხმების გაფორმების შესახებ უამბო; რომ აზერბაიჯანი ფულს გადაიხდიდა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე, ორი აზერბაიჯანელი მოკრივისთვის ოქროს მედლების მინიჭების სანაცვლოდ.
ხოდაბახში, რომელიც ასოციაციის შეჯიბრებათა ერთ სახეობას – World Series Boxing-ს ხელმძღვანელობს, ამ ცნობას გადაჭრით ემიჯნება. „უარვყოფ, რომ მე ან ვინმემ ორი ოქროს მედალი შევთავაზეთ აზერბაიჯანს“ – განაცხადა მან.
გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, ასოციაციამ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ World Series Boxing-ს, მართლაც, გადაუხადეს 9 მილიონი დოლარი. ასოციაციის ინფორმაციით, ეს თანხა ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანიისგან მიღებული სესხი იყო, რომელიც „კომერციულ საფუძვლებზე გაიცა და ინვესტორისთვის კომერციული მოგება უნდა მოეტანა“. ამასთან, განცხადების თანახმად, ფული World Series Boxing-ის ამერიკულ განყოფილებას გაეგზავნა, რომელსაც ფინანსური სირთულეები აქვს.
ინვესტორის ვინაობა ბუნდოვანი რჩება. ასოციაციამ თავდაპირველად ის შვეიცარიულ კომპანიად დაასახელა – თუმცა BBC-ის საგამოძიებო გუნდის ცნობით, მის მიერ მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ ხოდაბახშს და ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ ჰო კიმს კონტაქტი ჰქონდათ აზერბაიჯანის საგანგებო მდგომარეობის მინისტრთან, საუბარი კი 10 მილიონი დოლარისგან შემდგარ სესხს შეეხებოდა. BBC-ის გადაცემაში გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ანა ადამსმა, ჯგუფის მიერ მოპოვებული მასალები ასე აღწერა: „ჩვენ მოვიპოვეთ World Series Boxing-სა და აზერბაიჯანს შორის ელექტრონული მიმოწერა. ერთ-ერთი იმეილი ბაქოში შემდგარ შეხვედრას ეხება, რომელშიც მთავრობის მინისტრი მონაწილეობდა და სადაც დაფინანსება განიხილეს. იმეილს დართული აქვს 10 მილიონი დოლარის მოცულობის საინვესტიციო შეთანხმება. [კრივის საერთშორისო ასოციაციის] წარმომადგენლებს - [ვინც ინფორმაცია გარეთ გამოიტანა] – უთხრეს, რომ, სანაცვლოდ, აზერბაიჯანს ორ ოქროს მედალს შეჰპირდნენ“.
მოგვიანებით, როგორც კრივის საერთაშორისო ასოციაციის, ისე World Series Boxing-ის ადვოკატებმა BBC-ის დაუდასტურეს – მიუხედავად იმისა, რომ ფულის გადახდა შვეიცარიული კომპანიის გავლით მოხდა, საკუთრივ თანხა აზერბაიჯანისგან იყო. ადვოკატებმა ასევე აღიარეს, რომ აზერბაიჯანის საგანგებო მდგომარეობის მინისტრმა, ქამალადინ ჰეიდაროვმა World Series Boxing-ს კერძო ინვესტორი წარუდგინა – თავად მინისტრი და მისი თანაშემწე კი შუამავლების ფუნქციას ასრულებდნენ, იმის გამო, რომ ინვესტორმა ინგლისური ცუდად იცოდა. შესაბამისად, ადვოკატები კვლავ უარყოფენ, რომ ფული აზერბაიჯანის მთავრობას ეკუთვნოდა.
მოკლედ, მხარეები ამ ეტაპზე განსხვავებულ დეტალებს ავრცელებენ, სიმართლის დადგენას კი, შესაძლოა, თვეები დასჭირდეს. ბევრი ამბობს, რომ ამ ამბავმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა აზერბაიჯანის დიდი, ემოციური და, ბევრის აზრით, არაჯანსაღი დაინტერესება ოლიმპიური თამაშების მიმართ – დაინტერესება, რომელიც ხელისუფლების მწვერვალამდე აღწევს. აზერბაიჯანის ოლიმპიურ კომიტეტს ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი უდგას სათავეში – რამდენიმე მინისტრი კი სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციებს ხელმძღვანელობს. პირველი ლედი, მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტია.
ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ალიევი საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე აზერბაიჯანის წარმატებას შიდაპოლიტიკურ კონტექსტში პოპულარობის მატების, საერთაშორისო დონეზე კი ლეგიტიმურობის გაზრდის საწინდრად მიიჩნევს.