საარჩევნო კოდექსზე მოლაპარაკებები შეიძლება ჩაიშალოს

საარჩევნო კოდექსზე მოლაპარაკებები შეიძლება ჩაიშალოს


სიურპრიზები ოპოზიციისათვის - მმართველ პარტიას კოდექსის პროექტში შეუთანხმებელი ცვლილებები შეაქვს

ახალ "საარჩევნო კოდექსში" მოხვედრილი ის ცვლილებები, რომელიც ოპოზიციასთან არ ყოფილა შეთანხმებული, ხელისუფლების ერთპარტიული შეხედულებით გადაწყდა და ამაში გასაოცარს ვერაფერს ხედავენ, მაგრამ "ნაციონალების" ამ ნაბიჯის გამო შეთანხმებაში მონაწილე ოპოზიციის ერთი ნაწილი საკმაოდ გაბრაზებულია და არც ის არის გამორიცხული, რომ შეთანხმების ეს ფორმატიც ჩავარდეს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა შარშან, ოქტომბერში, დაიწყო და მაშინ პროცესში ჩართული იყო "ოპოზიციური რვიანიც" და "რვიანის" გარეთ არსებული პარტიებიც. თუმცა რამდენიმე თვის წინ ხელისუფლებამ შეთანხმება მხოლოდ რამდენიმე პარტიასთან მოახერხა.

ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი, რომელსაც უნდა შეექმნა ახალი "საარჩევნო კოდექსის" პროექტი, სადაც ასახული იქნებოდა შეთანხმებული საკითხები. ეს საკითხები თავიდანვე ორ ნაწილად გაიყო. შეთანხმება მოიცავს 9 საკითხს და აქედან რვა პროექტის პირველივე ვარიანტში აისახა და ეს პროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნა. მეცხრე საკითხი კი, რომელიც თავის თავში სამ თემას მოიცავს, არის საარჩევნო სიების მონიტორინგი და მონიტორინგი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და მედიის მუშაობაზე.

პროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნის შემდეგ სარედაქციო ჯგუფს სწორედ ამ კომისიების შექმნის საკითხზე უნდა ემუშავა და ვიდრე პროექტის განხილვა დაიწყება, ეს საკითხებიც საბოლოოდ ჩამოყალიბებული უნდა იყოს.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული "საარჩევნო კოდექსის" პროექტში ისეთი საკითხებიც მოხვდა, რაც შეთანხმებული არ ყოფილა.

ასეთ საკითხებად ოპოზიციის წევრები საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის და მარკირების პროცესის გაუქმებას და რიგ შემთხვევებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებების გაზრდას ასახელებენ.

მხოლოდ "ნაციონალების" საკითხები

შეთანხმების მონაწილე ოპოზიციის ერთი ნაწილი იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ ახალი "საარჩევნო კოდექსის" პროექტში მათთან შეუთანხმებელი საკითხები მოხვდა.

ეს საკითხები კი არც ისე უმნიშვნელოა, როგორც ამის წარმოჩენა თავად ხელისუფლებას სურს. ყველაზე მეტი ყურადღება იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც საარჩევნო უბანზე ვიდეოთვალის მოხსნას გულისხმობს.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც "რეზონანსმა" ამ გადაწყვეტილების შესახებ პირველად დაწერა, მაშინ ეს სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელმა პავლე კუბლაშვილმა საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით ახსნა.

მისი თქმით, თავის დროზე, როდესაც საქართველოში საარჩევნო პროცესში ვიდეოკამერების შემოღება განხორციელდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთი შეკითხვა ჰქონდათ და ეს შეკითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეოკამერის დამონტაჟებით შეიძლებოდა დარღვეულიყო ხმის მიცემის ფარულობა, რადგან ცნობილი ხდებოდა, თუ ვინ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა.

კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს მიერ დამტკიცებულ სამოდელო კოდექსით, არ შეიძლება პიროვნების მიერ ხმის მიცემისა და არჩევნებზე მისი ყოფნა-არყოფნის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყოს.

"აქ იყო მთავარი კითხვის ნიშნები. ამიტომ ამოვიღეთ ეს ნორმა," - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ "საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის დამონტაჟების პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს."

ოპოზიციის ერთი ნაწილი კი მის ამ არგუმენტს კატეგორიულად არ იზიარებს.

როგორც "ახლების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე განმარტავს, სიცრუეა არგუმენტი, თითქოს ეს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია იყო. მისი თქმით, ვენეციის კომისიამ არჩევანის ფარულობის დაცვა მოითხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეოთვალი საარჩევნო ჯიხურის თავზე არ უნდა დამონტაჟდეს, რათა არ გამოჩნდეს, თუ ვინ რა ნომერი შემოხაზა.

"თუ საუბარია ზოგადად ადამიანის დაფარვაზე, რომელიც არჩევნებზე მიდის, მაშინ უბნებზე პარტიების წარმომადგენლების დასწრებაც უნდა აიკრძალოს და უბნის შენობის წინ ადამიანების ყოფნაც," - განაცხადა კაციტაძემ და დასძინა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის ექსპერტებს აუცილებლად ეტყვიან, რომ მათი მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული.

თუმცა მამუკა კაციტაძეს მიაჩნია, რომ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებული საკითხები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი ვიდეოთვალზე "გაცვლა" არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.

"ეს შეთანხმებები გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, თუმცა იდეალურს ვერ გახდის," - აცხადებს კაციტაძე.

"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელს, ლევან ვეფხვაძეს კი უფრო კატეგორიული პოზიცია აქვს და იგი საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის დაშლას არ გამორიცხავს, თუ ხელისუფლება მისი გვერდით ავლით გადაწყვეტილებების მიღებას გააგრძელებს.

მისი თქმით, დღეს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, როგორ და რატომ მოხდა საარჩევნო პროექტში ის თემები, რაც განხილული და შეთანხმებული არ ყოფილა.

"თუ ხელისუფლება ასეთ სიურპრიზებს გააგრძელებს, მაშინ სარედაქციო ჯგუფის მუშაობას აზრი აღარ ექნება," - აღნიშნა ვეფხვაძემ.

რაც შეეხება მარკირებას, კუბლაშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა საკუთარ პოზიციას მარკირებაზე და მიაჩნდათ, რომ მარკირება პროცედურების ზედმეტად გადატვირთვა იყო და დამატებითი ეფექტი არ ჰქონდა.

"ეს იყო ის საკითხი, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან წამოვიდა. ჩვენ გავიზიარეთ ეს პოზიცია. თუმცა, თუ პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია განსხვავებული იქნება, მზად ვართ, მათთან ერთად განვიხილოთ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები," - დასძინა კუბლაშვილმა.

მარკირების პროცედურის გაუქმება-არგაუქმებას მამუკა კაციტაძეც ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს. მისი თქმით, მარკირებას საარჩევნო პროცესში დიდი გარღვევა მაინც არ გაუკეთებია.

კაციტაძე და ვეფხვაძე გუშინდელი შეხვედრის დაწყებამდე ხელისუფლებისგან განმარტების გაკეთებას ითხოვდნენ, თუ რატომ მოხდა შეუთანხმებელი ცვლილებების ასახვა და ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად მოითხოვდნენ.

დახურული შეხვედრა

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება, მაგრამ რამდენიმე ჟურნალისტს, რომლებმაც საარჩევნო რეფორმის დაწყებისას სამუშაო პროცესზე დასწრება მოითხოვეს, დახურულ შეხვედრაზე ყოფნის საშუალება გააჩნიათ. გუშინ ამ შეხვედრას "რეზონანსი" ესწრებოდა და ოპოზიციის შეკითხვებიც მოვისმინეთ, ხელისუფლების პასუხიც და ხელისუფლების მხარდამჭერი ოპოზიციის განცხადებებიც.

უნდა ითქვას, რომ ლევან ვეფხვაძემ და მამუკა კაციტაძემ ამ საკითხის დაყენება შეხვედრის დაწყებისთანავე სცადეს, მაგრამ პავლე კუბლაშვილი ცდილობდა, რომ საუბარი დღის წესრიგზე გადაეტანა და ამ თემაზე საუბრისთვის თავი აერიდებინა.

მაგრამ კაციტაძემ და ვეფხვაძემ კატეგორიულად მოითხოვეს, კუბლაშვილს პასუხი გაეცა, რატომ მოხდა შეუთანხმებელი საკითხების პროექტში ასახვა.

ამის მიზეზად კი კუბლაშვილმა დაასახელა, რომ ჩვენ სხვა ცვლილებების არასახვის ვალდებულება არ გვქონიაო.

"ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ რაზეც შევთანხმდებოდით, ის აღარ შეიცვლებოდა და რაზეც ვერა - ღიად რჩებოდა. ამის შესახებ ბევრჯერ ვთქვით, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ ეს ვერ გაიგეთ. მაშინ ისიც ვთქვით, რომ, თუ ამ ფორმატში შეთანხმება ვერ მოხდებოდა, მაშინ საპარლამენტო მუშაობა გაგრძელდებოდა და ეს მუშაობა გაგრძელდა იმ საკითხებზე, რაც შეთანხმების ტექსტში არ ყოფილა.

"ეს არ არის თქვენი პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი გუნდის ინიციატივა. ჩვენ ასეთი გზა ავირჩიეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ ამ ფორმატში მუშაობა უკეთესი იყო," - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

მისი ამ პასუხის შემდეგ, ცხადია, ყველაფერი გასაგები იყო, მაგრამ ლევან ვეფხვაძემ მას შეახსენა, რომ დიდი ჯგუფის მუშაობისას ცალსახად ითქვა, რომ რაზეც შეთანხმება ვერ მოხდებოდა, ის საკითხები იმ ფორმით დარჩებოდა, როგორც დღეს მოქმედ კოდექსშია წარმოდგენილი.

სწორედ ამიტომ ვეფხვაძისთვის ხელისუფლების პასუხი მიუღებელია და შიშობს, რომ, შესაძლოა, ასეთი სიურპრიზები მეორე მოსმენის წინაც აღმოჩნდეს.

ხელისუფლებისთვის ზურგის გამაგრება კი გურამ ჩახვაძემ და გია თორთლაძემ სცადეს.

ჯერ ჩახვაძემ განაცხადა, "ძალიანაც კარგია, ასე რომ გაკეთდა, ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ხედვებიც წარმოვადგინოთო."

"წარმოადგინოთ, თორემ მაშინვე არ გაითვალისწინონ," - უპასუხა კაციტაძემ და მისთვის პასუხის გაცემა ვერც ჩახვაძემ და ვერც კუბლაშვილმა ვეღარ მოახერხეს. სამაგიეროდ, მათ ახლა გია თორთლაძე წამოეშველა და განაცხადა, "რაც მოხდა, იმას ვეღარ შევცვლით და სჯობს დღის წესრიგის საკითხებზე გადავიდეთო."

საბოლოოდ კი კუბლაშვილი მათ დაჰპირდა, რომ მომავალ კვირას დაინტერესებული საზოგადოებისთვის გამართავს პრეზენტაციას იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც შეთანხმების ტექსტში არ ყოფილა და პროექტში მოხვდა.

მართალია, მას არ უთქვამს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება, მაგრამ ოპოზიცია მაინც იმედოვნებს, რომ კოდექსის პროექტში გაჩენილ "სიურპრიზებზე" გადაწყვეტილებას ხელისუფლება კონსენსუსის გარეშე არ მიიღებს.

ლევან ვეფხვაძემ შეხვედრის ერთ-ერთ შედეგად სწორედ ის გარემოება დაასახელა, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსის პროექტში გაჩენილ სიურპრიზებზე დისკუსიის გაგრძელების პირობა დადო. იგი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება დისკუსიის შემდეგ მაინც კონსენსუსის გარეშე არ იქნება მიღებული.

"მემარჯვენე" მამუკა კაციტაძეც ხაზს უსვამს შეთანხმებას იმის შესახებ, რომ მომავალ კვირას "ნაციონალური მოძრაობა" კოდექსის პროექტში ჩამატებული საკითხების პრეზენტაციას გამართავს. მისი თქმით, "ამ ნოვაციების განხილვისას გაირკვევა, ხელისუფლებას გულწრფელად აინტერესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ საკითხებზე, თუ ფარსს ხლართავს".

არასამთავრობოების დიდი ნაწილი ამომრჩეველთა სიების მონიტორინგზე უარს ამბობს

სარედაქციო ჯგუფს კი გუშინდელი შეხვედრისთვის სულ სხვა საკითხების განხილვა ჰქონდა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ პროექტში არ არის ასახული კომისიების შექმნის საკითხი. შეთანხმების თანახმად, უნდა შეიქმნას სამი კომისია, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს ამომრჩეველთა სიებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და მედიამუშაობაზე.

გუშინდელი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სწორედ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის ჯგუფის შექმნის საკითხის გადაწყვეტა და ასევე საარჩევნო უბანზე საჩივრების მიღებასთან დაკავშირებით, პარტიების წარმომადგენლებისა და დამკვირვებელთა როლის გაზრდის მიზნით წინადადებების განხილვა.

ამ უკანასკნელთან დაკავშირებით არსებობს თანხმობა, რომ ეს განხორციელდება, მაგრამ როგორ მოხდება ამის იურიდიული ფორმულირება, ჯერ ისევ არავინ იცის. სწორედ ამიტომ კუბლაშვილმა სარედაქციო ჯგუფის წევრებს სთხოვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები უახლოეს დღეებში წარუდგინონ.

რაც შეეხება ამომრჩეველთა სიებს, უკვე შეთანხმებულია, რომ ამომრჩეველთა სიების ფორმირების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნის საკითხი, საკანონმდებლო დონეზე იქნება გარანტირებული.

როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, მზადდება საკანონმდებლო ცვლილება და საარჩევნო კოდექსში ჩაიწერება, რომ პარიტეტულ საწყისებზე - ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით შეიქმნება კომისია, რომლის ფუნქცია სიების გადამოწმება და დაზუსტდება იქნება.

"შევთანხმდით, რომ ორშაბათს, სავარაუდოდ, სარედაქციო ჯგუფში შესული პარტიების წარმომადგენლები ერთობლივად დაარეგისტრირებენ ამ ინიციატივას და მას მომდევნო კვირაში განვიხილავთ," - დასძინა კუბლაშვილმა.

მაგრამ გუშინ ისიც გაირკვა, რომ, შესაძლოა, ამ ჯგუფის მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მონაწილეობა აღარ მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ივლისში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ეს ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპებით. იმის გამო, რომ შეთანხმების მონაწილე არის 7 ოპოზიციური პარტია, თითო პარტიას ეყოლება თითო წარმომადგენელი და ასევე 7 წარმომადგენელი ეყოლება ხელისუფლებას. იმის გამო კი, რომ ამ ჯგუფში 8 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს, მათ რვა წარმომადგენლის ყოლის უფლება მისცეს. ასე რომ, საერთო ჯამში ეს ჯგუფი 22 წევრისგან შეიძლება დაკომპლექტდეს.

თუმცა, როგორც გუშინ შეხვედრაზე "საიას" და "სამართლიანი არჩევნებისთვის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, შესაძლოა, მათ ამ ჯგუფში მონაწილეობა არ მიიღონ. საიას ამის არგუმენტი არ დაუსახელებია. "თავისუფალი არჩევნებისთვის" ხელმძღვანელი ეკა სირაძე კი აცხადებს, რომ მათი ფუნქცია საარჩევნო სიების მონიტორინგია და, თუკი ისინი ამ სიების ფორმირებაში მიიღებენ მონაწილეობას, ინტერესთა შეუთავსებლობა იქნება.

მართალია, მისი ნათქვამის შემდეგ კუბლაშვილმა იხუმრა - მაინც ამოწმებთ და ბარემ ბიუჯეტის ფულით შეამოწმეთო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ჯგუფის მუშაობაში ანგარიშგასაწევი ორგანიზაციები არ ერთვებიან. საინტერესო კი ის არის, თუ ეს ორგანიზაციები რატომ არ იღებენ ამაზე პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და მედიამონიტორინგის კომისიებს, კუბლაშვილის თქმით, ამ კომისიებზე მსჯელობა ორი კვირის შემდეგ განახლდება. მანამდე კი სარედაქციო ჯგუფის შეხვედრები შედგება უშიშროების საბჭოსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, რათა მათთან ერთად გადაწყდეს, ეს საკითხები როგორ შეიძლება დარეგულირდეს.