ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტის, ჯონ პაქსტონის განცხადებით, მათი ვიზიტის მიზანი ბიძინა ივანიშვილისთვის გამარჯვების მილოცვა და აშშ-ს თანადგომის გამოხატვაა საქართველოს მიმართ.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც მას ძალაუფლების უმტკივნეულოდ გადაბარება უსურვა.
„მე აქ ვიმყოფები, როგორც ამერიკის შეირაღებული ძალების მეთაური ევროპაში და ამასთანავე ვარ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წარმომადგენელი საქართველოში. საქართველო იყო და არის ძალიან საიმედო და ძვირფასი პარტნიორი ამერიკისთვის მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვქონდა და ერთად ვმუშაობდით ავღანეთში. ვმუშაობდით იმისთვის, რომ აგვემაღლებინა უსაფრთხოების თანამშრომლობა. ასე რომ, ჩვენ ვაფასებთ ორმხრივ ურთიერთობას საქართველოსთან. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ კვლავ მოკლე დროში აღდგება ჩვენი სამუშაო ურთიერთობა ავღანეთში და აგრეთვე გავგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას მომავალში"-განაცხადა ჯონ პაქსტონმა.
ბიძინა ივანიშვილმა კი აღნიშნა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა უდიდესი დახმარება გაუწიეს ქართულ ჯარს ჩამოყალიბებაში და ნატო-ს სტანდარტებზე გადაწყობაში და აღნიშნა, რომ გააგრძელებს აშშ-სთან პარტნიორობას ავღანეთში.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორობა ავღანეთში და ცხელ წერტილებში საინტერესო სახელმწიფოებთან, პირველ რიგში, ამერიკასთან ერთად. ჩვენ ვახერხებთ და უმცროსი მეგობრის რეალურ როლს ვასრულებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთ თანამშრომლობას",-დასძინა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" ლიდერმა ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ჯონ პაქსტონი, პოლკოვნიკი ჯეიმს ო"მეარა, ევროპაში აშშ-ს საზღვაო ძალების უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი მიიღო.
შეხვედრას ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და თავდაცვის ატაშე ესწრებოდნენ.