რა ვქნა, გილაურს დავურეკო ხოლმე, რამდენჯერაც ტელეფონზე საინფორმაციოსთვის თანხის დარიცხვა მომინდება?"
ტელეკომპანია "კავკასიის" საბანკო ანგარიშს 20 სექტემბერს შემოსავლების სამსახურმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ინკასო დაადო. თუმცა მას შემდეგ, რაც ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ეს ამბავი გაახმაურა, 21 სექტემბერს მათ ანგარიშებს ინკასო მოეხსნა. გუშინ კი აღმოაჩინეს, რომ ანგარიშებს ინკასო მეორედ დაედო. როგორც ნინო ჯანგირაშვილმა გაარკვია, შემოსავლების სამსახურს 2 ლარი და 15 თეთრის ჩამოჭრა დაავიწყდა ანგარიშიდან და სწორედ ამის გამო მოხდა მეორე ინკასოს დადება.
მთელი დღის მცდელობის მიუხედავად შემოსავლების სამსახურში "რეზონანსის" შეკითხვებს არ უპასუხეს. შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაგვპირდა, რომ გაარკვევდა, თუ რატომ მოხდა "კავკასიის" ანგარიშებზე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ინკასოს დადება. ამას გარდა ინკასოს მოხსნის შემდეგ, გუშინ რატომ დაადეს მეორედ ინკასო ანგარიშებს.
ამასთან, თუკი გადასახდელი 2 ლარი და 15 თეთრი დარჩა, რატომ არ ჩამოჭრეს ანგარიშიდან ეს თანხა პირველი ინკასოს დროს. ამ შეკითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.
ჯანგირაშვილის თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ დღგ-ს დეკლარაციები 15 სექტემბერს ჩააბარა და გადახდამდე 5 დღე იყო დარჩენილი, თუმცა ანგარიშს 20 სექტემბერს ინკასო მაინც დაადეს.
"ლაპარაკია 2000 ლარზე. დარიცხვიდან გადახდამდე ვერ მოიცადეს და თვითონ წაიღეს ანგარიშიდან თანხა. ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, ჩვენს ანგარიშს დაადეს ინკასო. წესით, შეტყობინება უნდა მიგვეღო. ანგარიშებზე სპეცოპერაცია ჩაატარეს და წაიღეს ეს თანხა.
"სასაცილოა ეს ყველაფერი. რაში სჭირდებოდათ ამის გაკეთება, როცა მე თავად ვაპირებდი მეორე დღეს გადახდას?! კიდევ ერთხელ დავსვი ამის შემდეგ კითხვა, რომ როგორ დააგროვეს "რუსთავი 2"-მა და "იმედმა" მილიონობით ლარის დავალიანება ისე, რომ არც ინკასო დაადეს და ყველაფერი აპატიეს? ინკასოს რომ მადებ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, იქნებ მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი. მე მაინტერესებს, ასე ექცევიან საქართველოში მეწარმეებს?" - აცხადებს ჯანგირაშვილი.
მისივე თქმით, ის მეორე დღეს აპირებდა ამ თანხის გადახდას, რადგან დავალაინებას არასოდეს აგროვებს, იმ მიზეზით, რომ იცის ამას როგროც "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს პატიობენ, "კავკასიას" არავინ აპატიებს.
"არ ვიცი, რა გაფრთხილება შეიძლება იყოს ეს. რეალურად ამით ვერაფერი ვერ დაგვაკლეს, რადგან ანგარიშზე თანხა იყო, აიღეს და წაიღეს. ამას არ მივაწერდი რაიმე გაფრთხილებას და არც შეთქულებების თეორიებში არ წავალ. გამაფრთხილონ რა, ისედაც გაფრთხილებული არ ვარ? რაც ესენი არსებობენ და რაც ეთერში ვარ, სულ გაფრთხილებული ვართ.
ვიცით, რომ არასასურველი პერსონა და ორგანზიაცია ვარ და რომ ყველაფერს უნდა ველოდე ამათგან", - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.
მისივე თქმით, ეს ფაქტი იმიტომ გაახმაურა, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახოს, თუ როგორ ექცევა ხელსიუფლება ისეთ მეწარმეებს, რომლებიც მათი მფარველობის ქვეშ არ არიან.
"ეს ქვეყანა საკუთარ საძინებლად მიაჩნიათ, საკუთარ საწოლ ოთახში როგორც ვიქცევით მე და თქვენ, ისე იქცევიან ესენი ამ ქვეყანაში. ყოველგვარი შეტყობინების გარეშე ინკასოს დადება კანონდარღვევაა. თუმცა, ამის გამო არ ვაპირებ სარჩელი შევიტანო, რადგან რამდენ იდიოტობსაც ესენი გააკეთებენ ყველაფერი რომ ვასაჩივრო, მაშინ ცხოვრებაში სხვა არაფერი არ უნდა გავაკეთო.
"ეს ამბავი უფრო იმიტო გავასაჯაროვე, რომ თავის დროზე, როდესაც "რუსთავი 2"-ს, "იმედსა" და საზოგადოებრივ მაუწყებელს 30 მილიონის დავალიანება ჰქონდათ, არავის არაფერი არ მოუმოქმედებია. უფრო მეტიც, ეს თანხა აპატიეს. მაშინ როდესაც მაღალჩინოსნებს ვეკითხებოდი, თუ რატომ ხდებოდა ასეთი რამ, მეუბნებოდნენ, რომ ამნისტია თავისი არსით უსამართლოა. მეუბნებოდნენ - თქვენც გქონოდათ დავალიანება და გაპატიებდითო. მაგრამ მე ვერ მექნებოდა დავალიანება, რადგან მე რომ ერთი თეთრიც არ გადავიხადო, მაშინვე დამაყადაღებდნენ, როგორც ახლა 2000 ლარის გამო დამდეს ინკასო ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე", - ამბობს ჯანგირაშვილი.
ის ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს უსვამს შეკითხვას: თუ არა არაჯანსაღი მფარველობა და კორუფცია, როგორ ხდება, რომ "იმედისა" და "რუსთავი 2"-ს მილიონებს პატიობენ და "კავკასიას" 2 ლარსა და 15 თეთრზე ადებენ ინკასოს?
"ეს არის კორუფციული სახელმწიფო, ეს არის კორუმპირებული ქვეყანა და ნურავინ ნუ იტყვის, რომ საქართველოში კორუფცია არ არის", - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.
"კავკასიის" დირექტორი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც დავით აქუბარდიამ პირდაპირ ეთერში გაახმაურა მათ ანგარიშებზე ინკასოს დადების ფაქტი, გვიან ღამით შემოსავლების სამსახურიდან გაუგებარი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.
"დავით აქუბარდიამ გადაცემის მეორე ბლოკში 21 საათზე და 10 წუთზე თქვა, რომ საგადასახადომ ანგარიშებზე დაგვადო ყადაღა.
მას მექანიკურად შეეშალა ეს. ამის მერე ჩვენს ელექტრონულ ბარათზე, საიდანაც ვიხდით გადასახადებს, 21 საათსა და 23 წუთზე გაჩნდა შეტყობინება, სათაურით "გირავნობა", თუმცა შეტყონინებაში რაიმე ტექსტი და განცხადება არ ყოფილა. როგორც ჩანს, ეს შეტყობინება შეეშალათ, იმიტომ, რომ გირაო არაფერ შუაში იყო.
"ამას რომ მიხვდნენ, 22 საათსა და 39 წუთზე გამოაგზავნეს შეტყობინება ინკასოს შესახებ. ამას მოჰყვა ბრძანება, რომელიც 20 სექტემბრით იყო დათარიღებული, ანუ წინა დღის რიცხვით გააკეთეს განცხადება და გამოასწორეს შეცდომა, რომელიც დაუშვეს ჩვენთან მიმართებაში. რეალურად ჩვენ ინკასოს შესახებ 21-ში გავიგეთ. აი, ასე იმართება შემოსავლების სამსახური", - ამბობს ჯანგირაშვილი.
ტელევიზიის ხელმძღვანელობის უფრო დიდი გაკვირვება გუშინ შუადღისას მეორედ დადებულმა ინკასომ გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ტელევზიიაში გადარიცხვა ვერ განახორციელეს, დაინტერესდნენ, რა ხდებოდა და ბანკში უთხრეს, რომ მათ ანგარიშებს კვლავ ინკასო ედო.
"როდესაც პირველი ინკასოს დროს თავად მოჭრეს თანხა, იმდენი, რამდენიც უნდოდათ, მერე აღმოაჩინეს, რომ 2 ლარი და 15 თეთრი დარჩა დღგ-ს გადასახადი და ამ 2 ლარის და 15 თეთრის გამო დაგვადეს ახლიდან ინკასო და ახლა ველოდები, როდის მომიხსნიან.
"ესენი ან მეკაიფებიან, ან სრული იდიოტები არიან, ან ორივე ერთად. რა ვქნა, გილაურს დავურეკო ხოლმე, რამდენჯერაც ტელეფონზე საინფორმაციოსთვის თანხის დარიცხვა მომინდება? თუ წასაღები იყო, ეს 2 ლარი და 15 თეთრი ვერ მოხსნეს, როცა პირველი ინკასო დამადეს?!
"ძალიან მაინტერესებს 2 ლარის და 15 თეთრის გამო რატომ დამადეს ინკასო და ასევე მითხრან, ღამის 22 საათზე და 39 წუთზე ვინ მუშაობს შემოსავლების სამსახურში და ვინ ადებს ანგარიშებს ინკასოებს. რა ხდება საერთოდ ამ უწყებაში, იქნება გაგვარკვიოს ვინმემ" - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.
1031
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85