გიორგი ფუტკარაძე "რეზონანსი"
ოპოზიციის აზრით, თუკი საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სასამართლოში ამჯერადაც დამარცხდა, საზოგადოებამ მას პასუხი უნდა მოსთხოვოს
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დღეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე ზეპირ მოსმენას გამართავს. სასამართლომ სწორედ დღეს უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა სარჩელს წარმოებაში და აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ევროკონვენციით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველომ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა და რუსეთის ფედერაციას ბრალს დებს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებები, რომელიც ევროკონვენციითაა დაცული, უხეშად დაირღვა.რამდენად მყარი არგუმენტები აქვს ქართულ მხარეს - ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის ჩაწერა ჩვენ ვერ შევძელით. იურისტებს კი, იმის გამო, რომ აღნიშნული საქმის დეტალები საჯარო არ არის, პროგნოზის გაკეთება უჭირთ და მიიჩნევენ, რომ შანსები 50-50-ზეა.
ცნობისათვის, ქართულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. თუმცა, მიმდინარე წლის აპრილში სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ დაეწყო სარჩელის არსებითი განხილვა. კერძოდ, სასამართლომ 10 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ გააჩნია უფლებამოსილება განიხილოს საქართველოს ეს სარჩელი.
საქართველო რუსეთს აღნიშნული სარჩელით ბრალს დებდა, რომ რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინტერვენციები განახორციელა.
თუმცა, საბოლოო ჯამში, სასამართლომ გაიზიარა რუსეთის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ჰააგის სასამართლოში სარჩელის შეტანამდე საქართველოს ეს საკითხი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტში უნდა დაეყენებინა და ამ საკითხზე მოლაპარაკებები მოსკოვთან უნდა ეწარმოებინა.
მაგრამ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით რჩება შანსი, რომ აღნიშნული სარჩელი კიდევ ერთხელ იქნას განხილული შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ. კერძოდ, როდესაც აღნიშნულ დავაზე რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკების რესურსი ამოიწურება, სასამართლოს ამ საქმის განხილვის უფლებამოსილება ექნება.
ამასთან, საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელები რუსეთსაც აქვს შეტანილი. თუმცა, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის მიერ შეტანილი 3300 საქმიდან, 1549 საქმის განხილვისათვის აუცილებელი ინფორმაციის არქონის გამო დახურეს. ქართულ მხარეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები და ცხინვალში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სახმედრო მოსამსახურეები საქართველოს ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში სდებენ ბრალს.
რაც შეეხება 22 სექტემბერს დაგეგმილ განხილვას, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ბესო ბოხაშვილი ამბობს, რომ ჰააგის სასამართლოში შეტანილი სარჩელი რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის დარღვევას ეხებოდა. რაც შეეხება სტრასბურგში შეტანილ განაცხადს, აქ უკვე საუბარია ადამიანის უფლების სხვადასხვა მუხლების დარღვევაზე.
"ესაა სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება და ა.შ.", - უთხრა ბოხაშვილმა "რეზონანსს".
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ შეტანილ სარჩელში ქართულმხა მხარემ მოითხოვა დროებითი ღონისძიება - ე.წ. უზრუნველყოფის ღონისძიება დაკისრებოდა რუსეთს და შეჩერებულიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდა. ჰააგის სასამართლომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დროებითი ღონისძიების გატარების შესახებ რუსეთს მიუთითა, მაგრამ ამავე დროს საქართველოსაც იგივე მოთხოვნა წაუყენა.
ბოხაშვილი ამბობს, რომ სტრაბურგის სასამართლო ახლა იწყებს მსჯელობას, რა ქმედებები უნდა განახორციელოს - მიიღოს თუ არა ეს საქმე წარმოებაში. თუმცა, იურისტის თქმით, ამ ეტაპზე შედეგის პროგნოზირება რთულია და შანსები 50-50-ზეა.
"აღნიშნული სარჩელი არ მინახავს, განსხვავებით პირველი სარჩელისგან, რომლის მომზადებაშიც ვმონაწილეობდი. შესაბამისად, არ ვიცი ჯეროვნად არის თუ არა მომზადებული ეს სარჩელი", - ამბობს ბოხაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ქართული მხარის არგუმნეტები გასაჯაროებული არ არის.
"შეიძლება ყველა არგუმენტი არ გაასაჯარონ, მაგრამ ძირითადი ხაზი და პოზიცია ცნობილი უნდა იყოს. მთელი ქვეყანა კლიენტის პოზიციაშია და ჩვენ ვიმსახურებთ, რომ რაღაც არგუმენტები ვიცოდეთ", - ამბობს მუხაშავრია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სასამართალო იხილავს, ქართულმა მხარემ ამოწურა თუ არა ყველა სამართლებრივი საშუალება, ჰყავს თუ არა მსხვერპლი და ა.შ.
"საქართველოს პროკურატურას არაფერი გამოუძიებია, არ დაუდგენია ვინ იყო დამნაშავე და, შესაბამისად, როდესაც არის მხოლოდ ფაქტები და არ არის სათანადო დასაბუთება, ჩვენი პოზიცია არგუმენტირებული ვერ იქნება", - აცხადებს მუხაშავრია.
მისი თქმით, თუკი ქართული მხარის მოთხოვნას სასამართლო არ გაიზიარებს, რუსეთს რჩება საშუალება, რომ მოუგოს საქართველოს, რადგან ანალოგიური ტიპის სარჩელები ჩვენ წინააღმდეგ მოსკოვს სტრასბურგში შეტანილი აქვს.
ოპოზიცია კი ხელისუფლებას აღნიშნული საქმის გასაიდუმლობაში ადანაშაულებს. "რესპუბლიკელი" თინათინ ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები, მოკლებული არიან შესაძლებლობას, პროგნოზები გააკეთონ აღნიშნულ საქმის ირგვლივ, ვინაიდან აგვისტოს ომის შემდეგ სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა და საერთაშორისო სასამართლოებში სამართალწარმოების საქმეები და ინფორმაცია გაასაიდუმლა.
"სახელმწიფომ დაინტერესებული მოსახლოება ინფორმაციულ ვაკუუმში დატოვა. ამგვარი გადაწყვეტილებით ასევე მოისპო შესაძლებლობა მიიღოს სათანადო დახმარება ყველა იმ პირისაგან, ვისაც შესაძლოა საჭირო და ღირებული ინფორმაცია ჰქონდეს. ამგვარი გადაწყვეტილება გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება საკუთარ არაკომპეტენტურობას ან უუნარობას მალავს, რაც საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოების დროს ვლინდება", - განაცხადა ხიდაშელმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, თუმცა, მან ქართულ მხარეს წარმატებები უსურვა.
ბლოკ "ეროვნული ფორუმის" წევრის, "საქართველოს ქალთა პარტიის" თავმჯდომარის, გუგული მაღრაძის განცხადებით, სტრასბურგის საერთაშირისო სასამართლო რეალურად ბოლო შანსია იმისათვის, რომ საქართველომ დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებისათვის სამართლებრივი ბრძოლა გააგრძელოს.
"თუ საქართველოს მხარე ამ პროცესს ისევე უპასუხისმგებლოდ მოეკიდება, როგორც ჰააგის სასამართლოს შემთხვევაში, დევნილების დაბრუნების შანსი ნულს გაუტოლდება", - აცხადებს მაღრაძე და საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული საქმის მოსაგებად სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს.
მარღაძე ამბობს, რომ საზოგადოება ჰააგის სასამართლოში მიღებული შედეგის განმეორების შემთხვევაში ხელისუფლებას სერიოზულ პასუხს მოსთხოვს.
1063
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85