30 ათასი დოლარი სამხედრო ბაზისათვის ადგილის დათმობისათვის

30 ათასი დოლარი სამხედრო ბაზისათვის ადგილის დათმობისათვის


რუსები ცხინვალიდან 14 კილომეტრში კიდევ ერთ სამხედრო ბაზას აშენებენ

ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისში მოსკოვი კიდევ ერთ სამხედრო ბაზას აშენებს. საამისოდ სოფლის მოსახლეობას უკვე ჩამოურიგეს ფულადი კომპენსაცია - 30-30 ათასი დოლარი, რათა ბაზის მშენებლობისთვის დაცალონ სოფელი და საცხოვრებელი სახლი თუ ფართი სხვაგან ეძიონ.

დმენისში ბაზის მშენებლობის შესახებ "რეზონანსს" ლიახვის ხეობიდან, კერძოდ კი სოფელ ერედვიდან დევნილმა მოსახლეობამ აცნობა.

"ჩვენ იქ ვერ ჩავდივართ, მაგრამ ოსებიდან ზოგიერთები თბილისში ჩამოსვლას ახერხებენ. მაგათგან ვიგებთ ხოლმე იქაურ ამბებს. დმენისში ბაზის აშენებაზეც ერთმა ჩემმა მოგობარმა მითხრა. მცხოვრებლებს დმენისში უკვე ყველას დაურიგეს 30-30 ათასი დოლარი და უთხრეს: აქაურობა დაცალეთ, ეს ადგილი ბაზისთვის გვჭირდებაო," - გვითხრა წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებმა ერედველმა მამაკაცმა და ესეც დაამატა: "დმენისში ახლა ძალიან ცოტა, ძირითადად მოხუცებიღა ცხოვრობენ. მაგათ 30 000 დოლარი მისცეს, ჩვენმა ხელისუფლებამ კი დევნილებზე 10 000 დოლარი ძლივს გამოიმეტა. ზოგისთვის კი ეგეც - არა."

ყანჩავეთი, ბალაანი, ცხავატი, ახმაჯი - ეს ახალგორის რაიონის ის სოფლებია, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია. ზოგიერთ მათგანში უკვე აშენდა, ზოგშიც მშენებლობა ახლა მიმდინარეობს.

როგორც ახალგორელები ამბობენ, პირველად ახალგორის რაიონში სამხედრო ბაზის მშენებლობა ყანჩავეთში დაიწყო. ამ დროისთვის აღნიშნულ სოფელში ბაზის მშენებლობა, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად დამთავრებულია. გამომდინარე იქიდან, რომ ყანჩავეთი ახალგორიდან ცხინვალისკენ მიმავალ გზაზეა, ქსნის ხეობიდან "დედაქალაქისკენ" მიმავალი მგზავრები თავისუფლად ხედავენ სამხედრო ბაზის მოწყობილობას: მთებში გაყვანილ გვირაბებს, ჯავშან-მანქანებს - ტანკებსა და "ბე-ემ-პე"-ებს, რომლებიც სპეციალურ სადგომებშია ჩამწკრივებული...

ასევე, სამანქანო გზიდან ჩანს სამხედრო ბაზა სოფელ ცხავატში.

"დამთავრებულია თუ არა ბაზის მშენებლობა, ეს არ ვიცით, მაგრამ რომ შეხედავ, დამთავრებულს ჰგავს," - გვითხრა ერთ-ერთმა ახალგორელმა. იგივე სიტუაციაა ბალაანშიც. ცხავატსა და ბალაანში ბაზის მშენებლობა ერთდროულად დაიწყო.

მშენებლობა ახალდაწყებულია ახმაჯში და ახლა უკვე სტარტს იღებს დმენისშიც. დმენისი ცხინვალთან 14 კილომეტრში მდებარე სოფელია. აქ ოსური ბლოკ-საგუშაგოა, სადაც ცხინვალში მიმავალი, ან ცხინვალიდან გამოსული მგზავრები რეგისტრირდებიან. დმენისსა და ცხინვალს სოფელი ერედვი ჰყოფს ერთმანეთისგან.

უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რუსეთის ბაზები ზოგადად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 2 მიზანსა და ამოცანას ემყარება.

ირაკლი სესიაშვილი: "რუსეთის ბაზები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ემყარება 2 კონკრეტულ მიზანსა და ამოცანას. პირველ რიგში, ეს არის მესიჯი და დასავლეთისთვის იმის შესახებ, რომ რუსეთი აქედან გასვლას არ აპირებს და, შესაბამისად, დეოკუპაციის თემა მათთვის მიუღებელია; ამას კი ადასტურებენ იმით, რომ რუსეთი ამაში დებს სამხედრო ინვესტიციებს; მეორეც - ბაზები, ეს არის კონკრეტული ამოცანა რუსეთისთვის, რომელიც ამბობს: ტერიტორიების უზრუნველსაყოფად გვჭირდება ამდენი გზა და ისინი უნდა განთავსდეს აქ. რუსეთი ამ ამოცანას ასრულებს იმის მიხედვით, თუ რა რესურსიც გააჩნია.

"ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეები იმდენად დიდია და იმდენად გადამეტებული ძალა არსებობს, საუბარი იმაზე, რომ რუსეთს აქვს ჩვენს ქვეყანაზე უპირატესი ძალა, გასაკვირი არ უნდა იყოს. ასე რომ, იქ ერთი ბაზა იქნება, ორი, სამი თუ ოთხი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს თეორიულად ზრდის საფრთხეებს, პრაქტიკული თვალსაზრისით კი ჩვენთვის ისედაც კატასტროფულ მაჩვენებელს უტოლდება."

საგულისხმოა, რომ ის ახალგორელები, რომლებიც ცხინვალში ხშირად დადიან და გზად ცხინვალამდე დმენისს გადი-გამოდიან, ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ დმენისში ბაზის მშენებლობის მსგავსი არც არაფერი დაუნახავთ და არც არაფერი სმენიათ.

აღნიშნულს არ ადასტურებს არც ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენლობა. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი ვლადიმერ გაბარაევი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, დმენისში სამხედრო ბაზის მშენებლობა არ ხდება და იქაური მოსახლეობაც კვლავ იქ აგრძელებს ცხოვრებას.