საქართველოს მოსახლეობაში სიღარიბემ კიდევ უფრო დაიბუდა. სტატისტიკური მონაცემებით ამ ფაქტის დაზუსტება ჯერჯერობით შეუძლებელი ხდება, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ბოლო პერიოდში სიღარიბის კატეგორიაში მყოფმა ადამიანთა რიცხოვნობამ მინიმუმ 10%-იანი ზრდა განიცადა. ამის მიზეზი სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდასთან ერთად, გადასახადებისა და ტრანსპორტის გაძვირებაა.
ზუსტი სტატისტიკური მონაცემები საშუალო ფენის რა პროცენტული მაჩვენებელი წავიდა სიღარიბისკენ და ეკონომიკურმა პროცესებმა მოსახლეობის განსაკუთრებით რა ნაწილი გააღარიბა, უცნობია. ყველასათვის ნათელია, რომ განსაკუთრებით პენსიონერები დაზარალდნენ და აწ უკვე 10 ლარით გაზრდილი პენსია მცირე კომპენსაციადაც ვერ გამოდგება.
რაც შეეხება საშუალო ფენას, ექსპერტების განმარტებით, ასეთ ტერმინს საქართველოში სიმბოლური დატვირთვას უფრო აქვს, ვიდრე მას საშუალო ფენის კლასიკური გაგება მოიცავს.
“კლასიკური გაგებით საშუალო ფენა ჩვენ ქვეყანაში მდიდრად ითვლება. ასეთი კი ძალიან ცოტაა. საშუალო შეძლების ის ადამიანია, ვისაც აქვს შემოსავალი იმდენი, რომ პირველადი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს, უზრუნველყოს გართობა-დასვენება და ა.შ.
საერთოდ, არის სიღარიბის ხუთსაფეხურიანი იერარქია: ერთ-ერთია ფიზიოლოგიური სიღარიბე, რომლის შემთხვევაშიც საშუალო ფენაზე საუბარი ზედმეტია. აქ მხოლოდ საკვები იგულისხმება. საშემოსავლო ე.წ. დეპრივაციული სიღარიბისას იკვეთება საქონლისა და მოსახურების ხარისხის კომპონენტი, აქ ჩნდება უკვე საშუალო ფენა. სტრუქტურული სიღარიბის დროს ადამიანს, შეიძლება, შემოსავალიც აქვს, მაგრამ ინფრასტრუქტურის ნაკლებობას, თუნდაც ტრადიციების დონეზე განიცდის და ხელი არ მიუწვდება საქონელსა და მომსახურებაზე. მეხუთე კი მენტალური სიღარიბეა _ რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს, ის მაინც ღარიბია.
ამ იერარქიულ საფეხურებს შორის ხისტი საზღვარი არ არსებობს, შეუცვლელად გადადის ერთიდან მეორეში. როდესაც საშუალო ფენა 50%-ზე მეტია, ვითარება სტაბილურია, მაგრამ როდესაც საშუალო ფენა ამ ნიშნულზე ცოტაა, საზოგადოება არის პარალიზებული”, - აცხადებს ექსპერტი ნოდარ კაპანაძე.
მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” გამგეობის თავმჯდომარე სერგო ჯავახიძის თქმით, ევროსაბჭოს ასამბლეის მე-19 სესიაზე ევროპარლამენტარმა და მომხსენებელმა ჰიუნტერ კრუგმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში სიღარიბის დონის მაღალი მაჩვენებლის გამო.
ჯავახიძის ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 38 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, 14 პროცენტი კი - სრულ სიღარიბეში.
“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ საქართველოს 2 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, მაშინ როცა მოქმედი რეჟიმი საუბრობს შემდგარ სახელმწიფოზე და ეკონომიკურ ზრდაზე. ევროსაბჭოს მონიტორები გაოგნებულები არიან, 35-პროცენტიანი უმუშევრობის პირობებში როგორ შეიძლება ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და სიღარიბის დაძლევაზე საუბრობდეს. მათ უკვირთ როგორ შეიძლება ამაზე საუბარი, როდესაც ქვეყანაში უმუშევრებზე არ გაიცემა შესაბამისი კომპენსაცია;
საქართველოში არის ისეთი ოჯახებიც, რომელთა შემადგენლობიდან უკეთეს შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ 1 ადამიანი მუშაობდეს, ხოლო უარეს შემთხვევაში ეს ოჯახები ცხოვრობენ ოჯახის მოხუცებული წევრებისათვის განკუთვნილი პენსიების საშუალებით”, - აცხადებს ჯავახიძე.
როგორც ჩანს, სიღარიბე და სიღატაკე მარტოოდენ ჩვენი და ჩვენი მსგავსი ქვეყნების სათავცემო არ ყოფილა. ბოლო ინფორმაციით, აშშ-ში უმუშევრობის ზრდამ სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის რიცხვი რეკორდულად გაზარდა.
მოსახლეობის აღწერის ბიუროს მონაცემებით, 2010 წლის ბოლოს, 46 მლნ ადამიანი ღარიბების კატეგორიაში მოხვდა. ამერიკაში სიღარიბის მაჩვენებელი უკვე მესამე წელია იზრდება და 2010 წელს 15,1% შეადგინა.
სიღარიბის მაჩვენებლით აშშ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ღარიბთა 54% შავკანიანი და ლათინოამერიკელია, 12,1% - აზიელია, ხოლო 9,9% - თეთრკანიანი.
1546
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85