სადაზღვევო ბაზარზე დიდი მოძრაობაა გაჩაღებული. მსხვილები წვრილებს ყიდულობენ ან ერთმანეთთან ერთიანდებიან, ან სულაც მონათესავე ბიზნესზე გაიწვდინეს ხელი. სპეციალისტების აზრით, გაცხოველებული გარიგებები მინიმუმ წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
ორიოდე დღის წინათ გაკოტრების რეჟიმში მყოფი სადაზღვევო კომპანია “ვესტის” სამედიცინო დაზღვევის პორტფელი ბაზრის უფრო მსხვილმა წარმომადგენელმა “არქიმედე გლობალ ჯორჯიამ” შეიძინა. რეგიონებში, სადაც “ვესტის” დაზღვეულები ჰყავდა, ექიმებიც და დაზღვეულებიც აცხადებენ, რომ მათ სადაზღვევო მომსახურებას “არქიმედეს გლობალ ჯორჯია” განახორციელებს.
სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე “ვესტმა” გადახდისუუნარობის გამო ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმების თხოვნით მიმართა. ამჟამად “ვესტში” გაკოტრების მმართველი ზის.
პარარელულად გავრცელდა ცნობა “ალდაგი ბისიაის” მიერ “იმედი ელის” შეძენის თაობაზე. ეს ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ორივე კომპანია ადგილობრივი სადაზღვევო ბაზრის ლიდერია და საკმაოდ მომგებიან ბიზნესს ეწევა. ასე რომ, “იმედი ელის” ხელმძღვანელობის მიერ წარმატებულ ბიზნესზე უარის თქმა და თამაშიდან გასვლა, ცოტა არ იყოს, გაუგებარი აღმოჩნდა.
თუმცა, უმალვე ორივე კომპანიამ კატეგორიულად უარყო მოსალოდნელი გარიგების შესახებ. “იმედი ელში” აცხადებენ, რომ კომპანიის გაყიდვას არ აპირებენ, ხოლო სადაზღვევო კომპანია “ალდაგში” ამტკიცებენ, რომ ლორთქიფანიძის კომპანიის შეძენას არ აპირებენ.
“ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ალდაგი” “იმედი ელ”-ს ყიდულობს. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ “ალდაგი ბისიაი” “იმედი ელ”-ის შეძენას არ აპირებს”, - განაცხადა კომპანია “ალდაგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ივჩენკომ.
სამაგიეროდ, “ალდაგი” 100 საავადმყოფოს პროექტის მონაწილე “ბლოკ-ჯორჯიას” აქტივებს ყიდულობს. ეს ინფორმაცია კი კომპანიის წარმომადგენელმა ნამდვილად დაადასტურა. მისი განმარტებით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ორ კვირაში დასრულდება და გარიგების ფინანსური დეტალებიც მაშინ გახდება ცნობილი.
“ბლოკ-ჯორჯია” 100 ახალი საავადმყოფოს” პროექტის ძირითად ნაწილს გასული წლის აპრილში ჩამოაშორეს. მიზეზად კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. ამიტომ მას საჯარიმო სანქციები დაეკისრა და თბილისში 6 საავადმყოფო ჩამოართვა. კომპანიას საკუთრებაში 24-დან მხოლოდ 14 საავადმყოფო დარჩა. “ბლოკ ჯორჯიას” პროექტში 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. კომპანია ჩეხური “ექსპორტ-იმპორტ ბანკისგან” სესხის მიღებას თითქმის ორი წელი უშედეგოდ ელოდა.
ამგვარი მონათესავე ბიზნესებით სხვა სადაზღვევო კომპანიებიც ინტერესდებიან. მაგალითად, რამდენიმე თვის წინათ “ჯიპიაი ჰოლდინგი” “სახალხო აფთიაქის” 50%-იანი წილის მფლობელი გახდა. მართალია, “სახალხო აფთიაქი” ამ ეტაპზე ბაზარზე ძველი სახელწოდებით აგრძელებს ფუნქციობას, მაგრამ აშკარაა, რომ მენეჯმენტში ძირეული ცვლილებები მიმდნარეობს.
ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის “PSP”-ს პროგნოზით კი უახლოეს პერიოდში ყველა სადაზღვევო კომპანია საკუთარ სააფთიაქო ქსელს შექმნის. კომპანიის დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ სააფთიაქო ბიზნესში პირველი “ალდაგი” შევიდა, რომელმაც “ჯიპისის” აქციები იყიდა, შემდეგ “ავერსმა” სადაზღვევო კომპანია “ალფა” დააფუძნა. თავის მხრივ, “PSP” საკუთარი სადაზღვევო კომპანია შექმნა.
აშკარაა, რომ როდესაც სადაზღვევოები საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებენ და საავადმყოფოებს ააშენებენ, სააფთიაქო ქსელსაც შექმნიან, თუმცა კონკურენციის გამძაფრება რამდენიმე ქსელის დახურვასაც გამოიწვევს, რასაც ბაზარი დაარეგულირებს.
924
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85