გამორიცხული არ არის, მუნიციპალური ტრანსპორტით, კერძოდ კი მეტროთი მგზავრობა გაძვირდეს. საუბარია სამგზავრო ტარიფის 10-20 თეთრით მატებაზე. ამ თემასთან დაკავშირებით უკვე აქტიურად საუბრობენ მერიის კულუარებში, პარლამენტში კი მორიგი გაძვირების პერსპექტივა არ მოსწონთ.
მუნიციპალური ტრანსპორტის შესაძლო გაძვირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში ახალი სამარშრუტო ტაქსები გამოჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობას თბილისის მთავრობა სწორედ “მარშრუტკების” სასარგებლოდ გააძვირებს, რათა მგზავრთა ნაკადის გადანაწილება მოხდეს.
როგორც ცნობილია, დედაქალაქში “მარშრუტკებით” მგზავრობის გაძვირების შემდეგ მგზავრთა ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა მეტროსა და ავტობუსებში.
მეტროსა და “ყვითელ ავტობუსებში” მგზავრთა რაოდენობამ რომ მართლაც იმატა ეს ერთი შეხედვითაც ჩანს. მგზავრთა ნაკადის ზრდას ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ თბილისის მერიაშიც ადასტურებდნენ, თუმცა იმას თუ რა რაოდენობით მოხდა მატება, ვერ ასახელებდნენ.
პარლამენტში მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირების პერსპექტივა საერთოდაც არ მოსწონთ. როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძემ განაცხადა, მას მუნიციპალური ტრანსპორტის შესაძლო გაძვირების შესახებ არაფერი სმენია და მიაჩნია, რომ “მუნიციპალური ტრანსპორტი არ უნდა გაძვირდეს”.
რაც შეეხება ე.წ. ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში დაპირებულ შეღავათებს, მელაძე იმედოვნებს, რომ სატენდერო პირობები მალე ამოქმედდება (საუბარია ე.წ. ყვითელ სამარშუტო ტაქსებში, სატენდერო პირობებით, მეორე და მესამე მგზავრობაზე, რომელიც პირველთან შედარებით იაფი უნდა იყოს). აღნიშნული მექანიზმი მუნიციპალურ ტრანსპორტში დიდი ხანია მოქმედებს.
რის საფუძველზე შეიძლება გაძვირდეს უგულავას ტრანსპორტი, არავინ იცის. რაც დრო გადის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა სულ უფრო მოუხერხებელი და არაკომფორტული ხდება. რამდენიმე თვის წინ ყვითელი ავტობუსებით მგზავრობა იმ მოტივით გაძვირდა, რომ მგზავრებს მაქსიმალური სერვისი მიეღოთ, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ამორტიზებული ავტობუსები არავის შეუკეთებია (შეცვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია), ხაზებზე კი მათი რაოდენობა შემცირდა, შუალედები გაიზარდა და მგზავრებს ხანდახან ნახევარი საათიც კი უწევთ ლოდინი სასურველი ნომრის ცდაში.
თუმცა პრობლემები მარტო ყვითელ ავტობუსებს არ აქვთ, თანდათან უარესდება მეტროპოლიტენის მდგომარეობა. მაგალითად, მეტროსადგურ “გურამიშვილში” წვიმის დროს წყალი ჟონავს, თუმცა უნალექო დღეებშიც სადგურის კედლები ნესტიანია. ამას ისიც ემატება, რომ კედლები მნიშვნელოვნადაა დაბზარული.
აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშ არსებული ავარიული მდგომარეობის შემჩნევა მეტროს სადგურის მიწის ზედა საფარზეც თავისუფლადაა შესაძლებელი, რადგან ასფალტიც დანგრეულია. მეტროს არცერთ სხვა სადგურში მსგავსი მდგომარეობა არ შეიმჩნევა.
“როგორც ჩემთვისაა ცნობილი, უსაფრთხოების მხრივ მეტროს არცერთ სადგურში პრობლემა არ გვაქვს. სადგურები ყოველ ღამე მოწმდება. რაც შეეხება კედლების დანესტიანებას და დაბზარვას, ვერაფერს გეტყვით, საქმის კურსში არ ვართ, თუმცა უახლოეს მომავალში მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება”, - აცხადებენ შპს “თბილისის ავტობუსში”.
აი, ასეთ ფონზე მიმდინარეობს მზადება ტრანსპორტის ფასის მორიგი ზრდისთვის, თანაც ეს ყველაფერი წელს უნდა მოესწროს, რადგან 2012-13 საარჩევნო წლებია და ასეთი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას ყველა მოერიდება.
892
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85