ლელა კუნჭულია "თავისუფლება"
ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტის ბიუროს 19 სექტემბრის სხდომაზე მოხდა, დამტკიცებამდე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნებს დაელოდება. თუმცა, როგორც ჩანს, მისი განხილვა-დამტკიცების პროცესი ცხარე დებატების გარეშე ვერ ჩაივლის. მართალია, ხელისუფლების მიერ მოულოდნელად გამოქვეყნებული 140-გვერდიანი პროექტის ტექსტის შესწავლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მან უკვე გამოიწვია სერიოზული უკმაყოფილება და, მათ შორის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მმართველ პარტიასთან ერთად მომუშავე ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის - ”ახალი მემარჯვენეების” მხრიდანაც.
19 სექტემბერს, დილით, ვიდრე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის ინიცირება მოხდებოდა, „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე ტელეფონით დაუკავშირდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს და კიდევ ერთხელ მიიღო დასტური, რომ პროექტის ინიცირება მასზე მუშაობის დასრულებას სულაც არ ნიშნავს და რომ საარჩევნო კოდექსის მინიმუმ სამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა კიდევ უნდა გაგრძელდეს. ეს ის სამი საკითხია, რომლებიც, სხვა 9 საკითხისგან განსხვავებით, შეუთანხმებლად დარჩა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის ზაფხულში მიმდინარე კონსულტაციების პროცესში.
”ეს არის ამომრჩეველთა სიის დამდგენი სპეციალური კომისია; ეს გახლავთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის უწყებათაშორისი კომისია და ეს გახლავთ მედიამონიტორინგის განხორციელება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას პარტია ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ.
ვიდრე ამ სამი შეუთანხმებელი საკითხის ბედი გადაწყდება, უნდა ითქვას, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი ასახავს ზაფხულის განხილვების დროს შეთანხმებულ სხვა საკითხებს, იქნება ეს პარლამენტის დეპუტატთა რიცხვის 150–დან 190–მდე გაზრდა თუ საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული პარტიების მილიონი ლარით დაფინანსება.
მართლა მხოლოდ რაღაც ტექნიკური ხასიათის ცვლილებები რომ ყოფილიყო ამ პროექტში და არა რაღაც დიდი ცვლილებები, ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე მაინც უნდა გამოექვეყნებინათ...
შეთანხმებული საკითხების ერთი ნაწილი მამუკა კაციტაძემ თავადაც იპოვა ახალ პროექტში, თუმცა რადგანაც 140-გვერდიანი ტექსტის თავიდან ბოლომდე გულდასმით წაკითხვა ჯერ ვერ მოახერხა, მისი ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ საარჩევნო კოდექსის პროექტიდან საერთოდ არის ამოღებული ამომრჩეველთა მარკირებისა და საარჩევნო უბნებზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟების თემები. ამასთან, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ კოდექსის ახალმა ვარიანტმა ცესკოს ამომრჩეველთა სიების არჩევნებამდე დაზუსტებისა და გამოქვეყნების ვალდებულებაც ჩამოართვა.
მამუკა კაციტაძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს მმართველი პარტიისგან მიღებულ დაპირებას, რომ კონსულტაციების პროცესში შეთანხმებული საკითხების გარდა, საარჩევნო კოდექსის პროექტში დასაშვები იყო მხოლოდ ”ტექნიკური ხასიათის დაზუსტებების” შეტანა, თუმცა ხსენებული ცვლილებები ამ ჩარჩოებს აშკარად სცდება და შედეგად დიდ უკმაყოფილებას წარმოშობს.
”ეს არ არის ტექნიკური ხასიათის ჩასწორება... სამივე ეს წინადადება არის მნიშვნელოვანი და ამ წინადადებებიდან არც ერთი არ ყოფილა განხილვის საგანი მოლაპარაკების პროცესში და სამივე ეს წინადადება იქნება კატეგორიულად მიუღებელი „ახალი მემარჯვენეებისთვის“, თუკი ეს ყველაფერი ასეა... თუ ეს ყველაფერი მართლაც ასეა, ჩათვალეთ, რომ ამას მოჰყვება სერიოზული რეაქცია ჩვენი მხრიდან, უარყოფითი რეაქცია, ცხადია...” , - უთხრა მამუკა კაციტაძემ რადიო თავისუფლებას.
ფაქტია, რომ მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსის პროექტში არაერთი ცვლილება ოპოზიციონერებთან შეუთანხმებლად შეიტანა. თუმცა, მამუკა კაციტაძის მსგავსად, ბევრი რამ გაუგებარია მე-3 სექტორის წარმომადგენლებისთვისაც. მაგალითად, როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს შორის მიმდინარე კონსულტაციების პროცესში ჩართული ორგანიზაციის ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს ჩვენთან საუბრისას, მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის ტექსტის მოძიება მანამდე, ვიდრე ის 16 სექტემბერს, საღამოს გამოქვეყნდებოდა პარლამენტის ვებგვერდზე. იმ დროისთვის კი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმული იყო:
”რატომ მალავდნენ, გაუგებარია... თან უკვე გაგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში. მართლა მხოლოდ რაღაც ტექნიკური ხასიათის ცვლილებები რომ ყოფილიყო ამ პროექტში და არა რაღაც დიდი ცვლილებები, ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე მაინც უნდა გამოექვეყნებინათ და ეცნობებინათ საზოგადოებისთვის.”
რატომ გამოქვეყნდა ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის ტექსტი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის განსახილველად ვენეციის კომისიას გადაეგზავნა, რატომ იყო ის ხელმიუწვდომელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და როგორ აღმოჩნდა პროექტში ოპოზიციონერებთან შეუთანხმებელი საკითხები - ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხების მოსაძიებლად რადიო თავისუფლება 19 სექტემბერს უშედეგოდ ცდილობდა პროექტის ავტორი საპარლამენტო კომიტეტის - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან დაკავშირებას. თუმცა თუკი მისი სხვა კომენტარებით ვიმსჯელებთ, საარჩევნო კოდექსის პროექტში შეტანილი თუ შესატანი ზოგიერთი საკითხი კვლავაც ექვემდებარება განხილვას.
ცნობილია, რომ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული კონკრეტული დასკვნებით საქართველოში უახლოეს კვირებში ჩამოვლენ. მანამდე კი მმართველი პარტია გეგმავს კონსულტაციები გამართოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. რა ფორმით გაიმართება კონსულტაციები, ჯერ უცნობია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ დებატები საკმაოდ ცხარე იქნება.
871
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85