მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უმუშევრობა 2,5-ჯერ მაღალია

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უმუშევრობა 2,5-ჯერ მაღალია


"არც ერთი ამ ქვეყნის სტატისტიკის სამსახური თავისუფალი არ არის პოლიტიკური წნეხისგან"

2010 წლის ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 16,3% შეადგინა, მეზობელ სომხეთში ეს მაჩვენებელი 7%-ით განისაზღვრა, აზერბაიჯანში - 6%-ით, რუსეთში - 7,5%-ით, უკრაინაში კი უმუშევრობის მაჩვენებელმა 8,1% შეადგინა. ამ სტატისტიკას ექსპერტები ხუთივე ქვეყანაში აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკას ბევრად აღემატება, შესაბამისად, ადგილი აქვს ციფრების "შელამაზებას". თუმცა მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ საქართველო სამეზობლოში არა მარტო ინვესტიციების სიმწირეს, არამედ სამუშაო ადგილების ნაკლებობასაც სერიოზულად განიცდის.

"2013 წელი - ეს არის წელი, როდესაც ყველგან იქნება ახალი გზები, კარგი წყალმომარაგება, საქართველოს რკინიგზა ევროპისას დაუკავშირდება და ყველაზე მნიშვნელოვანი: მოხდება უმუშევრობის 16-დან 10%-მდე შემცირება", - ასეთი შინაარსის განცხადებას მიხეილ სააკაშვილი თითქმის ყველა შეხვედრაზე აკეთებს, თუმცა არასდროს აკონკრეტებს თუ როგორ აპირებს ის და საერთოდ მთავრობა დათქმულ ვადაში უმუშევრობის მაჩვენებლის 6%-ით შემცირებას.

თუ სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს გადავხედავთ, საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში უმუშევრობის მაჩვენებელი არათუ შემცირდა, პირიქით, უფრო გაიზარდა. თუ 2007 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 13,3%-ს შეადგენდა, 2008 წელს 16,5%-მდე გაიზარდა, 2009 წელს 16,9% შეადგინა, 2010 წელს კი სულ რაღაც 0,6%-ით შემცირდა და შარშან ეს მაჩვენებელი 16,3% იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო, როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანიც, სომხეთიც, რუსეთიც და უკრაინაც უმუშევრობის მაჩვენებელს ერთი და იმავე მეთოდოლოგიით ითვლიან. მსოფლიო შრომის ორგანიზაციის კანონმდებლობა კი თვითდასაქმებულ ადამიანებსაც დასაქმებულად თვლის. ამავე ორგანიზაციით წესის თანახმად, უმუშევრად ითვლება პირი (15 წლის და მეტი ასაკის), ვისაც არ უმუშავია (1 საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირა და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.


იგივე ორგანიზაცია დასაქმებულუად მიიჩნევს 15 წლისა და უფროსი ასაკის პირს, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე, 1 საათს მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით; ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ.

ასე რომ, ის ადამიანი, ვინც საკუთარ ბოსტანში იმუშავებს ან საქონელს მოუვლის, უმუშევრად არ ითვლება. სწორედ ამიტომ, სოფლად მცხოვრებთა შორის უმუშევრობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ქალაქად. თვითდასაქმებული ადამიანი უმუშევრად არ ითვლება. საქართველოში კი სოფლის მოსახლეობის წილი უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. უმუშევრად არ ითვლება ისიც, ვინც აქტიურად არ ეძებს სამსახურს.

ამიტომაც აქვეყნებს სტატისტიკის სამსახური ამგვარ ციფრებს და მათ მთავრობაც ენერგიულად იშველიებს. სანამ საქართველოში მიწაზე მუშაობაზე ხელი საბოლოოდ არ აუღიათ, როგორც ჩანს, უმუშევრობის მაჩვენებლები ჩვენთან, "მტრის ჯინაზე" სულ დაბალი იქნება, თუმცა არა იმდენად დაბალი როგორც მეზობელ ქვეყნებშია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეზობელ ქვეყნებში უმუშევრობის მაჩვენებელი უფრო მცირეა, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, ავიღოთ სომხეთი, სადაც 2010 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 7% იყო, რაც 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებული მონაცემია. 2011 წლის ბოლო სტატისტიკით, ქვეყანაში სულ 75 ათასი უმუშევარია რეგისტრირებული, საიდანაც 52 ათასი (70%) ქალია.

მიუხედავად უმუშევრობის შემცირებისა, სომხეთში რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის მონაცემებით, სომხეთიდან რუსეთში სამუშაოდ წამსვლელთა რაოდენობა 2010 წელს, 2009 წელთან შედარებით, 2,5-ჯერ გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერევანი უმუშევრობას მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც ებრძვის. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით გასული წლის ბოლოს ბიუჯეტიდან 5,5 მლრდ დრამი გამოიყო, რაც დაახლოებით 24,3 მლნ ლარს შეადგენს.

უმუშევრობის დონე შედარებით დაბალია აზერბაიჯანში. 2010 წლის მონაცემებით, იქ უმუშევარი შრომისუნარიანი ადამიანების მხოლოდ 6%-ია, რაც 2008 წელთან შედარებით, 0,9%-ითააა შემცირებული. 2011 წლის აგვისტოს მონაცემებით კი, ქვეყანაში უმუშევარი სულ 40 119 ადამიანია, ერთ ვაკანტურ ადგილზე კი მხოლოდ 3 უმუშევარი მოდის.

ოფიციალურ სტატისტიკას არარეალურს უწოდებს შრომის უფლებების დაცვის ლიგის ხელმძღვანელი საჰიბ მამედოვი. "ჩინოვნიკების მიერ დასახელებული ოფიციალური ციფრთან შედარებით რეალური მაჩვენებელი 10-ჯერ მეტია. რამდენიმე წლის წინათ დასაქმების საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, აზერბაიჯანში უმუშევარი 350 ათასი ადამიანი იყო. მას შემდეგ ეს მაჩვენებელი მინიმალური რაოდენობით გაიზარდა, ამიტომ ოფიციალური ციფრი - 6% რეალობისგან ძალიან შორს დგას", - აღნიშნავს მამედოვი.

უმუშევრობის მაჩვენებელი ჩვენთან შედარებით თითქმის 3-ჯერ დაბალია რუსეთში. 2010 წლის მონაცემებით, იქ ამ ციფრმა სულ რაღაც 6,1% შეადგინა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი რუსეთში უმუშევრობის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა.

რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ჟუკოვის თქმით, დღეს ქვეყანაში უმუშევრობა იმაზე დაბალია, ვიდრე 2007 წელს, მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე იყო. მაშინ უმუშევრობის მაჩვენებელი 6,6%-ს შეადგენდა.

სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთთან შედარებით უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია უკრაინაში. უკრაინის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2010 წელს ამ ციფრმა უკრაინაში 8,1%-ს მიაღწია. ამასთან, უკრაინაში ერთ ვაკანტურ ადგილზე 8 უმუშევარი ადამიანი მოდის.

რამდენად რეალურია ეს ციფრები მეორე საკითხია, თუმცა როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, დიდი ალბათობაა, რომ ხუთივე ქვეყანის სტატისტიკურ მონაცემებში ადგილი ჰქონდეს ციფრების შელამაზებას.

"საბჭოთა სტატისტიკის მემკვიდრე ქვეყნები, პრაქტიკულად, ვერ თავისუფლებიან იმ რეალობისაგან, რომელიც მათ საერთო წარსულმა დაუტოვა. სტატისტიკის შელამაზება ამ ქვეყნებში ბუნებრივი მოვლენაა. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს რეალობა, არც ერთი ამ ქვეყნის სტატისტიკის სამსახური თავისუფლი არ არის პოლიტიკური წნეხისგან, შესაბამისად, ძნელი დასადგენია, რეალობა ვინ უფრო შეალამაზა. გასაგებია, რომ აზერბაიჯანში შედარებით ნაკლები იყოს უმუშევრობის დონე, ვიდრე სომხეთში, მაგრამ აქ ეჭვს ის იწვევს თუ რატომ უნდა იყოს სომხეთში უმუშევრობის დონე საქართველოსთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლები.

იმის გამო, რომ საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ციფრი, უნდა ვივარაუდოთ, რომ დანარჩენ ქვეყნებშიც მაჩვენებელი პროპორტიციულად შემცირებულია. სტატისტიკა კი, ვიდრე პოლიტიკური წნეხისგან არ გათავისუფლდება, რეალური ციფრების წარმოდგენა არ მოხდება. ასე რომ, ციფრები ყველამ შეალამაზა და ეჭვი მეპარება, რომ აქ ყველაზე პატიოსანი საქართველო იყოს", - დასძინა ცისკარიშვილმა.