ფორმა 39-ის არმქონე პირებს 1 ოქტომბრიდან ქსნის ხეობაში აღარ შეუშვებენ. ახალგორის რაიონში შემსვლელს (გამომსვლელსაც) აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა მოუწევს არა მარტო ოსურ ბლოკ-საგუშაგოზე, როგორც ეს ადრე და ახლაც ხდება, არამედ უკვე რუსულზეც. გარდა ამისა, ასევე 1-ელი ოქტომბრიდან ქსნის ხეობაში ყოველგვარი პროდუქტის 5 კილოგრამზე მეტის შეტანა აკრძალულია.
ფორმა 39-ის გარეშე მგზავრებს ახალგორში რომ არ შეუშვებენ, ამის შესახებ ახალგორელებს რუსულ ბლოკ-საგუშაგოზე მდგარმა სამხედროებმა, ე.წ. "პოგრანიჩნიკებმა" აცნობეს. დღესდღეობით ფორმა 9-ის წარდგენა მგზავრებს ახალგორის მხოლოდ ოსურ გამშვებ პუნქტზე უწევთ. თუმცა ამ დოკუმენტს ამ დროისთვის კატეგორიულად არ ითხოვენ და ვისაც არ აქვს ფორმა 39, ოსურ ბლოკ-პოსტზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რუსულ თარგმანს წარადგენს.
გუშინ ახალგორის რაიონის კულტურული ღონისძიებების კლუბის სკვერში ახალგორის სადაბო საბჭოს დე ფაქტო თავმჯდომარე ომარ კალაგაევმა კრება ჩაატარა. სწორედ აქ განაცხადა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ქსნის ხეობაში 5 კილოგრამზე მეტი პროდუქციის შეტანა-გამოტანა ყველას აეკრძალება; ასევე - კატეგორიულად აიკრძალება ახალგორიდან გასვლა-გამოსვლა ფორმა 9-ის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ფორმა 39-ს მხოლოდ ოსურ ბლოკ-პოსტზე ოსური მილიციისა და დე ფაქტო სამიგრაციო სამსახურის წარმომადგენელბი ითხოვდნენ, რუსული ბლოკ-საგუშაგო კი საერთოდ არ ცნობდა. უფრო მეტიც, როცა მგზავრები რუსულ ბლოკ-საგუშაგოზე რეგისტრაციისას პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ასლის რუსული თარგმანის ნაცვლად ამ დოკუმენტს რომ მიაწვდიდნენ ხოლმე, ცივად უბრუნებდნენ უკან: ეს რა არის, პირადობის ასლი გვჭირდებაო.
რამდენადაც ფორმა 39 ახალგორის რაიონში სტატისტიკის დადგენისთვის თავიდანვე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მმართველების ინიციატივა იყო, ყველა "ოსურ დოკუმენტს" ეძახის.
შეგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში ფორმა 9-ის დარიგება 2009 წლის მაისში დაიწყო. თუმცა იმ დროს პროცესმა ისე ჩქარა-ჩქარა ჩაიარა, რომ ბევრმა აღნიშნული დოკუმენტის აღება ვერც მოასწრო. სწორედ ფორმა 9-ით მიიღეს ახალგორელებმა 2009 წლის 31 მაისს დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა.
მეორედ ფორმა 9-ის გაცემამ სტარტი გასული წლის ნოემბერში აიღო. ამჯერად დე ფაქტო მმართველები უფრო მომთხოვნები იყვნენ. ახალგორის ოსურ ბლოკ-პოსტზე გადაადგილებისას მგზავრებს დე ფაქტო მილიციისა და საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები ფორმა 9-ის არქონის შემთხვევაში გადაადგილების საშუალებას აღარ აძლევდნენ და უკან აბრუნებდნენ. იმის გამო, რომ ახალგორელთა დიდ ნაწილს არ გააჩნდა აღნიშნული დოკუმენტი, გადაადგილებისას დე ფაქტო სამიგრაციო სამსახურმა შეზღუდვები დროებით მოუხსნა. ეს დროებითობა კი ჯერ დეკემბრამდე გაგრძელდა, შემდეგ იანვრამდე, შემდეგ მარტამდე და დღემდე კვლავ გრძელდება. თუმცა ოსურ გამშვებ პუნქტზე დროდარო ახსენებენ მგზავრებს, რომ ეს დოკუმენტი აუცილებლად უნდა აიღონ. შეხსენება კი სხვადასხვა ფორმით ხდება: ხან მგზავრებს სიტყვიერად აფრთხილებენ, ხან უკან, რაიონში აბრუნებენ.
ფორმა 9 საცხოვრებელი ადგილის ცნობის მსგავსი ფორმულიარია. მასში აღნიშნული დოკუმენტის მფლობელის გვარი, სახელი, მამის სახელი, საცხოვრებელი ადგილის მისამართია მითითებული და ფოტო-სურათიც არის ზედ დაკრული. ფორმის ასაღებად საჭიროა დაბადებისა და პირადობის მოწმობების ასლების რუსული თარგმანები, რომლებიც ადგილზე კეთდება და ცხინვალელი ნოტარიუსის მიერ უნდა იყოს დამოწმებული; ასევე - საცხოვრებელი ადგილის ცნობა ახალგორის დე ფაქტო საბჭოდან და 4 ფოტოსურათი.
დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები დე ფაქტო ადმინისტრაციის შენობაში კეთდება. აქ აღნიშნული დოკუმენტების დედნებს ასკანერებენ, რუსულ თარგმანებს ურთავენ და შემდეგ ნოტარიუსი ბეჭდით ამოწმებს. ამ ასლების დამზადებაში ცხინვალელი ნოტარიუსი ადრე, ვიდრე დატოვებდა ახალგორს, 150 რუბლს იღებდა. ახლა კი ოფიციალური გადასახადი ადგილობრივ ბანკში 80 რუბლია. ასლების გაკეთების შემდეგ საბჭოს შენობაში საცხოვრებელი ადგილის ცნობა უნდა აიღო. შემდეგ კი დე ფაქტო მილიციას უნდა მიაშურო, სადაც ციფრულ 4 ფოტოსურათს გადაგიღებენ და ყველა ეს საბუთი მილიციაში ჩააბარო. დაახლოებით 10 დღის ვადაში მილიციაშივე ფორმა 9 მზად არის.
ეს ერთი შეხედვით ადვილი პროცედურა, მთლად მარტივი არ არის, რადგან რაიონს ნოტარიუსი პრაქტიკულად აღარ ჰყავს. ასეა თუ ისე, ნოტარიუსის არყოფნის გამო ფორმა 9-ის აღება ბევრს უჭიანურდება და, შესაბამისად, გზაზეც პრობლემები ექმნებათ. ფორმის არმქონე პირმა თუ სთხოვა ოს მილიციელს, ან ოსური კა-გე-ბეს წარმომადგენელს, არ დააბრკოლონ გზაზე, გზის გაგრძელების საშუალებას აძლევენ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ დე ფაქტო მილიცია, სამიგრაციო სამსახური და უშიშროება ითვალისწინებს იმ მომენტს, რომ უნოტარიუსო ახალგორში ფორმის აღება მართლაც ჭირს.
უკვე რამდენიმე თვეა დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლებს ნოტარიუსის ადმინისტრაციის თანაშემწე ქეთი ავლოხოვა აკეთებს, დასამოწმებლად კი ცხინვალში მიაქვს და დამოწმებული ისევ უკან, ახალგორში ჩამოაქვს. თუ დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი, ალან ჯუსოევი ახალგორშია, მაშინ ავლოხოვას ცხინვალში წაღება აღარ სჭირდება, რადგან თავად ჯუსოევი ამოწმებს.
ამ დროისთვის ფორმა 39 4 000-ზე მეტ ახალგორელს აქვს აღებული. გამომდინარე იქიდან, რომ ომამდელ ახალგორში ოფიციალურად, მაშინდელი საარჩევნო სიების მიხედვით, დაახლოებით 8 000 მცხოვრები იყო, რეალურად კი - 6 000-მდე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ომის მერე ახალგორში 700-მდე კაცი დარჩა, აღნიშნული დოკუმენტი კი, დე ფაქტო მილიციის მონაცემებით, 4 000-ს აქვს აღებული, გამოდის, რომ ფორმა 39 თითქმის ყველა ახალგორელს აქვს. შესაბამისად, რიგები ადმინისტრაციის შენობაში აღარ არის. "ახლა ვინც შევა ადმინისტრაციის შენობაში ცნობის ასაღებად, მეორე დღეს უკვე საბუთები მზად აქვს," - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
უფორმოდ დარჩენილებს კი აღების დრო 1-ელამდე აქვთ. რამდენადაც რაიონი კვლავ უნოტარიუსოდ არის, მის როლს ისევ დე ფაქტო ადმინისტაციის უფროსი, ალან ჯუსოევი ასრულებს. ჯუსოევამდე კი დაბადებისა და პირადობის მოწმობების ასლების რუსულ თარგმანებს ნოტარიუსის თანაშემწე ქეთი ავლოხოვა აკეთებს.
რატომ დააწესა დე ფაქტო მმართველობამ ფორმა 39-ის აუცილებლობა და 5 კილოგრამზე მეტი პროდუქციის გატანა-გამოტანის აკრძალვა? არის თუ ყოველივე ეს გამოწვეული წინასაარჩევნო პერიოდით? - სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ გაბარაევი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამის შესახებ ზუსტად არაფერი იცის. თუმცა მისი ვარაუდით, ადვილი შესაძლებელია, ეს სწორედ 13 ნოემბრის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს: ფორმა 39 მოსახლეობას გარდა იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სჭირდება, დე ფაქტო მმართველებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების დათვლას გაუადვილებს. განსაზღვრული რაოდენობის პროდუქციის შეტანით კი იმ საფრთხეს აიცილებენ თავიდან, რასაც არჩევნებისას არსასურველი ნივთის, თუ ნივთების შეტანა ჰქვია.
დღეს კი ახალგორში, ისევე, როგორც ცხინვალში, "რესპუბლიკის დღეს" აღნიშნავენ. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, საამისოდ რაიონულ ცენტრში კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი.