პანკისის ხეობის სოფელ დუისის მოსახლეობამ ადგილობრივი პედაგოგის შორენა (ასმათ) ხანგოშვილის დაკავების გამო საპროტესტო აქციები დაიწყო.
ხანგოშვილს, მისი ახლობლების ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა ედება ბრალად და ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარასკევს დააკავეს.
შორენა ხანგოშვილი რობინ სკოტის ფონდის პედაგოგია და ადგილობრივებს ინგლისურ ენას უფასოდ ასწავლიდა. იგი ადრე კახეთის რეგიონულ გამოცემებში ჟურნალისტად მუშაობდა.
დუისის მოსახლეობამ ხანგოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ საკმაოდ ხალხმრავალი აქცია გამართა, რომელსაც პედაგოგის მოსწავლეები და მათი მშობლებიც ესწრებოდნენ. როგორ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება, აქციაზე დაახლოებით სამასამდე ადამიანი იმყოფებოდა და მათი მთავარი მოთხოვნა შორენა ხანგოშვილის უპირობოდ გათავისუფლებაა.
აქციაზე ხანგოშვილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ დაკავებულმა ოჯახის წევრებს ადვოკატის მეშვეობით შეატყობინა, რომ არც ის და არც რომელიმე მოწმე არ დაუკითხავთ. ხოლო მისი თბილისში გადაყვანის დროს სამართალადამცველები იმაზე მსჯელობდნენ, თუ რომელი სახის ნარკოტიკი ჩაეწერათ - აბები თუ ფხვნილი.
აქცია დღესაც გაიმართება, მას ფონდ რობინ სკოტის ინგლისელი დამფუძნებლები დაესწრებიან. დუისის მოსახლეობა საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებს და ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს. გუშინ დუისში ისიც ითქვა, რომ შესაძლოა, მორიგი აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ გაიმართოს.
შორენა ხანგოშვილი შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარასკევს ახმეტაში დააკავეს. დაკავებულის ახლობლების განცხადებით, სამართალდამცავებმა დაკავებისას შორენა ხანგოშვილს ნარკოტიკი ჩაუდეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ახმეტის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩატარდა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ შორენა ხანგოშვილის დაკავება მის ძმას მუსლიმ ხანგოშვილს უკავშირდება, რომელსაც საქართველოს შს სამინისტრო რამდენიმე წელია ეძებს.
"პოლიციას იმედი აქვს, რომ შორენა ხანგოშვილის დაკავების შემდეგ ძებნილი მუსლიმ ხანგოშვილი სამართალდამცავებს ჩაბარდება," - ვარაუდობენ დაკავებულის ახლობლები.
შორენა ხანგოშვილს პროკურატურამ ბრალად ნარკოტიკების შენახვა წაუყენა. მისი ახლობლებისთვის დაკავებულის ზუსტი ადგილსამყოფელი და ბრალდების სხვა დეტალები უცნობია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას დაკავების ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, სპეცოპერაციის დროს დაახლოებით 25 სამართალდამცველი იმყოფებოდა.
"შორენა აფთიაქში იყო შესული. უკან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი კაცი შეჰყვა. გამოსვლისას აქეთ-იქით მხარზე ხელები წაუჭირეს. ხმაურზე ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდგომი ტაქსისტები მოგროვდნენ. უცბად სოდ-ის თანამშრომლები გაჩნდნენ, 25 კაცი მაინც იქნებოდა. შორენას გარს შემოერტყნენ. ხალხმა ჰკითხა, რაზე აკავებთო და ნარკოტიკებზეო," - აღნიშნავს თვითმხილველი.
რობინ სკოტის ფონდის დირექტორი ლია მარგოშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ შაბათ საღამოს მათთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
"ნარკოტიკების შენახვის ბრალდება წაუყენეს. ამბობენ, თითქოს ნარკოტიკები უნახეს, მაგრამ ოჯახსა და სამსახურში პოლიცია არ მისულა, ჩხრეკა არ ჩაუტარებია. თავად შორენამ ადვოკატს უთხრა, რომ მის ჩანთაში სამართალდამცველებმა ნარკოტიკი ვერ აღმოაჩინეს," - ამბობს მარგოშვილი.
მისი თქმით, დაკავებული პარასკევ ღამეს მოდულის შენობაში გადაიყვანეს. ადგოლობრივები ამბობენ, რომ ეს აქცია გაგრძელდება.
შორენა ხანგოშვილი ნასამართლევი არასდროს ყოფილა. ამჟამად რობინ სკოტის პროექტში იყო დასაქმებული და პანკისის ხეობაში ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა.
ხანგოშვილს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (პშზფ) აქვს დამთავრებული ჟურნალისტიკის სპეციალობით და სხვადასხვა დროს კახეთის რეგიონულ გამოცემებში მუშაობდა. ის აქტიურად აშუქებდა პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს.