ტოტალერანტობა - ანუ ყველანი ციხეში?!

ტოტალერანტობა - ანუ ყველანი ციხეში?!

თავის დროზე მაჰათმა განდიმ განაცხადა, "მოძებნე მიზანი და რესურსებიც გამოიძებნება". ხელისუფლება, რომელმაც მიზნად კრიმინალთან ბრძოლა დაისახა, ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ქვეყანაში კრიმინალის შემცირებას ასახელებს და საყვედურებს იმის შესახებ, რომ საქართველო "პოლიციურ სახელმწიფოდ" ყალიბდება, სწორედ ამ არგუმენტით იცილებს. გაზეთ "კომერსანტთან" ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კითხვაზე - ხომ არ ყალიბდება საქართველო პოლიციურ სახელმწიფოდ - უპასუხა, რომ ქვეყანაში დანაშაულმა მკვეთრად იკლო და თუ ასეთ სახელმწიფოს პოლიციურს უწოდებენ, ის ამაყია, რომ პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრობს. 

2004 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დამნაშავეთა სამყაროს მიმართ "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა საზეიმოდ გამოაცხადა, ჩვენთან ეს ბევრმა რატომღაც უშუალოდ სააკაშვილის იდეად მიიჩნია. არადა, ეს მიდგომა პირველად 1990 წლებში აშშ-ში შემუშავდა და მის ეფექტურობაზე დებატები დღემდე მიმდინარეობს, რადგანაც ახალმა სისტემამ მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლა და კრიმინალი იმ მასშტაბებით მაინც ვერ აღმოიფხვრა, რასაც "ნულოვანი ტოლერანტობის" ავტორები ელოდნენ.

თუმცა ვერც იმ რეალობას გავექცევით, რომ მოსახლეობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ერთხმად აღნიშნავს კრიმინალის შემცირებას, ამას ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნევს, შექმნილი მდგომარეობით კმაყოფილია და "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკას მანამდე არ ეწინააღმდეგება, ვიდრე თავად ან მისი ოჯახის წევრი არ აღმოჩნდებიან ციხეში. 

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია International Centre for Prison Studies-ის მონაცემებით, თუ 2003 წელს, 100,000 მოსახლეზე 148 პატიმრის მაჩვენებლით, საქართველო 59-ე ადგილს იკავებდა 155 სახელმწიფოს შორის, 2011 წელს 537 (?!) პატიმრით 100,000 მოსახლეზე საქართველო უკვე მე-4 ადგილზეა 216 ქვეყანას შორის და ამ მხრივ ოდნავ ჩამორჩება მე-3 ადგილზე მყოფ რუსეთს. 

თუმცა შევეცადოთ ვიპოვოთ კავშირი კრიმინალის ინტენსივობასა და პატიმართა რაოდენობას შორის. თუ საქართველოში დანაშაულის სიხშირისა და პატიმრობის ოფიციალურ სტატისტიკებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. შსს-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა ქვეყანაში კრიმინალის შემცირებას გვაუწყებს, რასაც ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა ქვეყანაში პატიმრების რაოდენობის შემცირებაც. არადა, სასჯელღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ვებგვერდზე 2010 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს ექსპლუატაციაში შევიდა სასჯელაღსრულების სამი ახალი დაწესებულება. "დაწესებულებად" მოხსენიებული ერთბაშად სამი ახალი საპყრობილის აშენების აუცილებლობა კი შეიძლება გამოწვეულ იქნას მხოლოდ ერთი მიზეზით - ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის მკვეთრი ზრდით, როდესაც არსებული ციხეები მათ უკვე ვეღარ აუდიან. ვინაიდან ნორმალურ სახელმწიფოში ადამიანი პატიმარი მხოლოდ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხდება, საქართველოში პატიმართა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ფორმალურად იმაზე მიანიშნებს, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კრიმინალმა კი არ იკლო, არამედ გაიზარდა. 

განვითარებული სახელმწიფოები კრიმინალის აღკვეთაში წარმატებას როგორც დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლით, ასევე კრიმინალის პრევენციით აღწევენ, რაც, სხვა ზომებთან ერთად, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში გამოიხატება. ჩვენს ქვეყანაში კი დანაშაულის პრევენციისთვის პრიორიტეტი ტოტალურ დაპატიმრებებს ალბათ იმიტომ მიენიჭა, რომ დანაშაულის ხელშემწყობ ერთ-ერთი მთავარ ფაქტორს, მძიმე სოციალურ ფონს, ხელისუფლება ვერაფრით უმკლავდება. 
სამინისტროს ვებგვერდზე 2011 წელს პატიმრების რაოდენობის გრაფიკული სქემა მკაფიოდ გვიჩვენებს იანვრიდან დღემდე პატიმართა რაოდენობის განუხრელად ზრდას. მაგალითად, თუ მაისში ქვეყანას 22482 პატიმარი ჰყავდა, ივლისში მათმა რაოდენობამ 22708-ს მიაღწია! იმავე სტატისტიკით, 2010 წელთან შედარებით, 2011 წელს იკლო ბრალდებულთა რაოდენობამ. სამაგიეროდ, მკვეთრად გაიზარდა პრობაციონერთა რაოდენობა და გადააჭარბა 35,000-ს. ეს კი პირდაპირ კავშირშია 2010-2011 წლებში ე.წ. "საპროცესო გარიგებების" ბუმთან, რის წყალობითაც, სახელმწიფოს ბიუჯეტმა დამატებით 113 მილიონამდე (?!) ლარი მიითვალა. 

მაინც რითაა გამოწვეული პატიმართა და პრობაციონერთა რაოდენობის ასეთი განუხრელი ზრდა? ძალაუნებურად მივდივართ მოსაზრებამდე, რომ საქართველოში ადამიანი შეიძლება პატიმარი გახდეს დანაშაულის ჩადენის გარეშეც მისთვის გამოგონილი დანაშაულის ინკრიმინირებით. ამის გაკეთების მოტივაცია კი "ვარდოსან" ხელისუფლებას ძალიან მაღალი აქვს, იმ სარგებელის გათვალისწინებით, რაც აქედან შეუძლია მიიღოს. თუ გულდასმით დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სარგებელი მართლაც შთამბეჭდავია.

დღევანდელი ქართული მართლმსაჯულება და სამართალდამცავი სისტემა ამერიკული სისტემის ძალიან ცუდ ასლს მოგვაგონებს და ცოტა რამ აქვს საერთო "ორიგინალთან." თუმცა ჯერჯერობით იგი საკმაოდ გამართულად უძღვება მთავარ ამოცანას - იყოს მმართველი პარტიის ერთგული საყრდენი. მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი სახელმწიფოში მისი პოლიტიკისა და რეფორმებისადმი ყველა წინააღმდეგობის კერის ჩახშობაა ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი მეთოდით. ამ საქმეში საპატიმროებს, როგორც ირკვევა, მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას უნიკალური როლიც კი აკისრიათ. დღეს შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის გატარება პენიტენციალური სისტემის ჯოჯოხეთურ მანქანაში მმართველი პარტიისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მეთოდი გახდა. არადა, როდესაც სასჯელღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ვებგვერდზე ლამაზად გაფორმებული ციხეების სურათებს ნახავთ და იქვე წაიკითხავთ, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო პატიმრებზე, ძალაუნებურად "ნაციონალური" ტელეარხების გადაცემები გახსენდებათ, ვარდისფერ ფერებში რომ გვიხატავენ ჩვენს ყოფას. სინამდვილეში კი, პატიმართა ცხოვრების აუტანელი პირობები და მათდამი მოპყრობის მეთოდები უკვე დიდი ხანია არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. ეს ყოველივე იმდენად თვალშისაცემია, რომ ზომიერებით გამორჩეულ სახალხო დამცველსაც კი უჭირს მათზე თვალის დახუჭვა. ქართულ საპატიმროში თუნდაც მცირე ხნით მოხვედრილი სრულიად ჯანმრთელი ადამიანი იქიდან უმეტეს შემთხვევებში სულიერად და ფიზიკურად დახეიბრებული გამოდის და მის სრულ რეაბილიტაციას, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია, წლები სჭირდება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პატიმართა უმრავლესობა რეპროდუქტიული ასაკის მქონე ქალი და მამაკაცია, ადვილად შეიძლება განვჭვრიტოთ "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის სამედიცინო, დემოგრაფიული და სოციალური შედეგები. შეიძლება ეს ბევრისთვის წარმოუდგენელიც იყოს, მაგრამ თუ ხელისუფლებამ მოქალაქეების დაპატიმრების არსებული ტემპი და მასშტაბები შეინარჩუნა, საქართველოს გენოფონდს სერიოზული საფრთხე დაემუქრება. დღევანდელი ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში საქართველოში პატიმრობიდან გამოსული ბევრი ადამიანი შეიძლება ითქვას სოციალური კატასტროფის წინაშე დგას. მაგალითად, ნასამართლევ ადამიანს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო გაცვლით სასწავლო პროგრამებში, მას არ მიიღებენ სერიოზულ თანამდებობაზე საერთაშორისო კომპანიაში. ასეთ პირს პრაქტიკულად ესპობა საშუალება, დაიკავოს მეტნაკლებად საპასუხისმგებლო თანამდებობა, დაიწყოს პოლიტიკური კარიერა, იბრძოლოს პარლამენტში ან სხვა არჩევით ორგანოში მოსახვედრად. სხვა მოქალაქებთან შედარებით, მას, ფაქტობრივად, ესპობა სრულფასოვანი ცხოვრების ყველა საშუალება და ნასამართლეობის მძიმე დამღა მთელი ცხოვრება მიჰყვება. 

ციხეში ხელმეორედ მოხვედრის შიში პატიმრობიდან გათავისუფლებულს ან პრობაციონერს აიძულებს, იყოს პოლიტიკურად პასიური, შეიყუჟოს საკუთარ ნაჭუჭში და არ გამოხატოს მოქალაქეობრივი პოზიცია. მეტიც, ამ კატეგორიის ადამიანები ხშირად თანხმდებიან ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე სხვადასხვა სახის დავალების შესასრულებლად, რასაც, ჩვეულებრივ სიტუაციაში, ალბათ, არ დასთანხმდებოდნენ. შესაბამისად, ამ კატეგორიის მოქალაქეები ძნელად თუ გახდებიან ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტთა დასაყრდენი. ამას წინათ საქართველოს რეგიონებში ვიზიტად ჩასული ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიის ლიდერი გაოცებული და შოკირებული იყო იქ პრობაციონერთა სიმრავლით, რომლებიც ვერ ბედავდნენ პოლიტიკური ან სოციალური აქტივობის გამოვლენას. 

შესაბამისად, ციხეგამოვლილი ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც თავიანთ ქვეყანაში არათუ თვითრეალიზების, არამედ უბრალოდ თავის რჩენის საშუალებაც კი ესპობათ, სულ უფრო ხშირად ფიქრობენ, წავიდნენ სხვა ქვეყნებში, სადაც მათი წარსული არავის ეცოდინება. ამით კი მოგებული მხოლოდ მმართველი გუნდი რჩება, ვინაიდან ამ გზით მისით უკმაყოფილო ადამიანებს თავიდან იცილებს. 

დღეს უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ პენიტენციალურ სისტემასთან მიბმული "საპროცესო გარიგების" პროცედურა ბიუჯეტში ფულის ამოღების ინდუსტრიად და მმართველი გუნდის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მექანიზმად იქცა. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ამის რამდენი მაგალითი ვიხილეთ. გავიხსენოთ თუნდაც ციხის საკანში ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური აღიარება, რომელმაც მისი პოლიტიკური კარიერა დაასამარა, ასევე ოპოზიციის სხვა ნაკლებად ცნობილ წარმომადგენელთა "აღიარებები", რომლებიც შემდეგ სხვა ოპოზიციონერებზე რეპრესიების დაწყების საბაბი გახდა.

ამერიკელები, ალბათ, ცუდ სიზმარშიაც ვერ წარმოიდგენენ, მათი საუკუნეების განმავლობაში ნაშენებ-ნალოლიავები და ბევრი ქვეყნისათვის მართლაც სამაგალითო მართლმსაჯულების სისტემა, შორეულ საქართველოში ასეთი მახინჯი ფორმებით თუ იქნებოდა გამოყენებული. განსაკუთრებით წარმოუდგენელი ამერიკელებისთვის ალბათ ხელისუფლების მიერ საარჩევნო მიზნებისთვის პატიმრებისა და მათი ოჯახების გამოყენება იქნება. 

აღმოჩნდა, რომ პატიმრობა და პატიმრებზე სხვადასხვა სახის ზემოქმედება მხოლოდ პატიმრების მორალურად გატეხას და დამორჩილებას როდი ემსახურება. ის მათ ოჯახებზე ზეგავლენის მოხდენასაც გულისხმობს, რათა დაპატიმრებულის ნორმალურ პირობებში ყოფნის ან გათავისუფლების სანაცვლოდ, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა არ მიიღონ, ხოლო არჩევნების დროს "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ყულაბაში ხმების დავალებული რაოდენობა მიიტანონ. თუ პატიმრების, ბრალდებულებისა და პრობაციონერების თუნდაც ოფიციალურად დაფიქსირებულ რაოდენობას გავითვალისწინებთ და ამ მაჩვენებელს მათი ოჯახის წევრების რაოდენობაზე გავამრავლებთ, ვნახავთ, რომ მხოლოდ ამ მეთოდით მმართველ პარტიას ამომრჩეველთა ხმების სოლიდური რაოდენობა აქვს გარანტირებული. 

არადა, სხვადასხვა ტიპის დამნაშავეებისადმი "ნულოვანი ტოლერანტობის" გამოყენების აუცილებლობაზე უკვე ბევრგან ალაპარაკდნენ, მათ შორის, სუპერდემოკრატიულ ბრიტანეთშიც. ოღონდ ეგაა, რომ, საქართველოსაგან განსხვავებით, ასეთ ქვეყნებში "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა, იშვიათი გადახრების გამოკლებით, კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვითა და ყოველგვარი პოლიტიკური მიზნების გარეშე ხორციელდება. თუმცა საკუთარ მიზნებზე უარის თქმა ჩვენი ხელისუფლებისთვის პოლიტიკური და მორალური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.