„ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა ოპოზიციის ფრთის რადიკალური მხარდამჭერად

„ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა ოპოზიციის ფრთის რადიკალური მხარდამჭერად" - რაზე ისაუბრა პაპუაშვილმა ბრიფინგზე

გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა, შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ასევე, პაპუაშვილმა პარლამენტთან მოშიმშილეებთან გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის მისვლა შეაფასა და თქვა, რომ ის იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად.

„მგონი, ბატონმა ფიშერმა საბოლოოდ უარი თქვა ელჩობაზე და იქცა ჩვეულებრივად რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად. ელენე ხოშტარია არა მხოლოდ რადიკალი ოპოზიციონერია, არამედ ექსტრემისტი ოპოზიციონერი, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ პატივს არ სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს, პატივს არ სცემს ადამიანის ღირსებას, არაფერს რაც კი შეიძლება პოლიტიკოსის დადებით თვისებაში შედიოდეს, არაფერს პატივს არ სცემს.

„როდესაც ვხედავთ, რომ ელჩი მივიდა და თან შემდეგ სცადა გაემართლებინა თავისი სოლიდარობა იმით, რომ, თითქოს, ეს იყო მხოლოდ თანაგრძნობა და ემპათია. ვის მიმართ იყო ეს თანაგრძნობა? იმის მიმართ, რომ ადამიანი ამბობს, თავს მოიკლავს თუკი რაღაც არ მოხდება? ეს არის ევროპული გაგება დემოკრატიის? ვის მიმართ აქვს მას ემპათია, რომ ადამიანი მოუწოდებს ოპოზიციას საბოტაჟი გამოუცხადოს არჩევნებს? ეს არის მისი გაგება დემოკრატიის? ფაქტია, რომ ბატონი ფიშერი გერმანელ ხალხს არ წარმოადგენს. გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს. სამწუხაროა, რომ ის განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა გერმანიის მიმართ, ჩვენი დამოუკიდებლობის ბოლო 34 წლის განმავლობაში, ეს ერთი ადამიანი ძალიან რუდუნებით უთხრის ძირს და აზიანებს ისე, ამის გამოსწორებას რა დრო დასჭირდება, არ ვიცი", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე, პაპუაშვილმა კვირას გამართულ აქცაზეც ისაუბრა და თქვა, რომ პასუხისმგებლობა სრულად ბრიუსელზე და საქართველოში მის საელჩოებზეა.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აქცია, რომელზეც საჯაროდ, პირდაპირ, ხელისუფლების დამხობის მოწოდება გაისმა. ეს არის კატასტროფაა, როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს, სადაც მოწოდება ისმის დამხობის, დასჯის, მებრძოლების გამოყვანის. ეს არის ის ჩიხი, სადაც საკუთარი თავი, მათ შორის, ევროკავშირის საელჩომ, საკუთარი ფარული დაფინანსებით მიიყვანეს. ვერაფრით ვერ მივაღწიეთ, ერთხელ მაინც თქვან, ვის და რისთვის აფინანსებენ. ამიტომ, ახლა პასუხისმგებლობა სრულად ბრიუსელზე და საქართველოში მის საელჩოებზეა.

„ფაქტია, პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა აქცია, სადაც ხელისუფლების დამხობაზეა საუბარი. როგორ გადახარშავენ, აი, ამ მოცემულობას, რომ მათი ფულით, ევროკავშირის მოქალაქეების ფულით, სხვა ქვეყანაში ხელისუფლების დამხობას გეგმავენ ვიღაცები, ეს უკვე მათი პრობლემაა. ფაქტია, რომ დღეს ბრიუსელი აბსოლუტურად აცდენილია ევროპული ღირებულებების ყველანაირ გაგებას. ჩვენც ვუყურებთ ამ ყველაფერს, რომ სამწუხაროდ, ექსტრემიზმი ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. მართლაც საკვირველია და გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა. ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება არის 2010 წელს მიღებული ხელშეკრულების დარღვევა, რომლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

„მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის ევროკავშირის სირცხვილი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს დადებული ხელშეკრულება არის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება. შეგახსენებთ, 2010 წელს ეს მისცეს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ელიტას, ჩვენ, ქართველი ხალხი კიდევ შვიდი წელი ველოდით, 2017 წლამდე, ვიდრე ჩვეულებრივ პასპორტზეც იქნებოდა უვიზო რეჟიმი. 2010 წელს დადებული ხელშეკრულებაა. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომ ევროკავშირის დიპლომატიური პასპორტით ჩვენთან შემოდიან უვიზოდ, ჩვენი დიპლომატიური პასპორტით ევროკავშირის ტერიტორიაზე შედიან უვიზოდ. საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწერილია ყველაფერი, მათ შორის გაწერილია გარემოებები, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ამ ხელშეკრულების მოქმედება. არცერთი ეს პუნქტი სახეზე არ არის დღეს. არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედება რომელიმე ქვეყანას შეეჩერებინა. აქედან დასკვნა, ევროკომისიის რეკომენდაცია, თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა, იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ის ქვეყანა, რომელიც აყვა ამ გადაწყვეტილებას, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ევროკავშირი არღვევს საერთაშორისო სამართალს, არღვევს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, ეს არის ევროკავშირის დიდი სირცხვილი, რომელსაც თავი მოაქვს თითქოს საერთაშორისო სამართლის დამცველად, წინ წამწევად და თავად არღვევს საერთაშორისო სამართალს უხეშად", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.