კახა მჭედლიძე "თავისუფლება"
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ტრადიციისამებრ გასული თვის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების მიხედვით, 2011 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ ერთ პროცენტზე ოდნავ მეტი შეადგინა, თუმცა კი წლიური ინფლაცია შემცირდა და შვიდი პროცენტი იყო. რას ნიშნავს თვიური ინფლაციის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ზრდა და წლიური ინფლაციის შემცირება?
აგვისტოს თვეში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა, წინა თვესთან შედარებით, 1.1 პროცენტით მოიმატა. ამის მიზეზი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ასევე ტრანსპორტის გაძვირება გახდა. აგვისტოს თვეში გაიაფების ტენდენციით ხასიათდებოდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქვეჯგუფი. საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, სურსათის ფასი რომ უცვლელი ყოფილიყო, ინფლაცია, ფაქტობრივად, არ იქნებოდა:
”ქვეჯგუფებად რომ გავყვეთ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს, ყველაზე დიდი ზრდა - 10 პროცენტიანი ზრდა - იყო რძესა და რძის პროდუქტების ჯგუფზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაზრდილი არის ტრანსპორტის მაჩვენებელი. მისი გავლენა დიდი არ არის, წონა სურსათს უფრო დიდი აქვს, მაგრამ პროცენტული ზრდა ტრანსპორტზე უფრო დიდი არის – 2.2 პროცენტი. მთლიანად, ჯამურად, მათი გავლენა არის 0.9. ამ დონის ინფლაცია სურსათზე და ტრანსპორტზე მოდის.”
საქართველოს მოსახლეობა ძირითადად სწორედ იმ პროდუქციის გაძვირებას უჩივის ხოლმე, რაზეც ყურადღება გაამახვილა საქსტატის ხელმძღვანელმა. რადიო თავისუფლება თბილისის ბაზარში სურსათის შესაძენად მისულ მოქალაქეებს გაესაუბრა:
”ხორცი და ყველი ძალიან გაძვირებულია... ყველაფერი ძალიან ძვირია... ცხოვრება გაჭირდა. ხილს, ბავშვებს რომ ვუყიდო, ფანტასტიკური ფასი აქვს.”
„კარტოფილი ვიყიდე და 11 ლარის გამოვიდა სადღაც 7 კილო... რა ვქნა ახლა?.. ძალიან გაჭირვებულები ვართ, სიტუაცია არ მომწონს.“
მოსახლეობის მსგავსად, ინფლაციაზე საუბრისას ეკონომიკის ექსპერტების ნაწილიც ძირითად ყურადღებას სურსათის გაძვირებას აქცევს და ეჭვი შეაქვს სატატისტიკის სამსახურის მონაცემებში. მათ შორისაა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი:
”რასაც აქვეყნებენ ის ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან მაეჭვებს. მე რასაც ვხედავდი ბოლო ორი თვის მანძილზე ძალიან ბევრი რამე გაძვირდა.”
თუმცა კი სტატისტიკური კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სურსათის წილი მთლიან სამომხმარებლო კალათაში 40 პროცენტს არ აღემატება და ამ ჯგუფის რამდენიმე პუნქტიანი გაძვირება ინფლაციის საერთო სურათზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. ამავე სტატისტიკური კვლევის მეთოდოლოგიით აიხსნება წლიური ინფლაციის კლების ტენდენციაც. საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, წლიური ინფლაცია 7.2 პროცენტია:
”ბევრი მეკითხება, წლიური ფასები თუ შემცირდა. წლიურად ფასები არ შემცირებულა, წლიური ინფლაცია მაინც არის - 7.2 პროცენტი. უბრალოდ, ზრდის ტემპი შემცირდა, ანუ გასულ თვეში თუ იყო 8.5 პროცენტი, ახლა 7.2 პროცენტია. მართალია, აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ფასები გაიზარდა, მაგრამ უფრო მაღალი ზრდა იყო შარშან. აქედან გამომდინარე, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა.”
ეკონომიკის საკითხთა ექსპერტები წლის ბოლომდე ინფლაციის ზრდის ტემპის კიდევ უფრო შემცირებას ვარაუდობენ. საქართველოში ჩამოყალიბებული ტრადიციის შესაბამისად, ზამთარი ყველაზე ინფლაციური სეზონია, რომლის დროსაც სამომხმარებლო ფასების მომატება კვლავ არის მოსალოდნელი, მაგრამ არა იმ ტემპით, როგორიც ეს მიმდინარე წლის დასაწყისში იყო.
1220
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85