„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პატიმრების წამების ფაქტებზე პასუხისმგებლობის აღებას  ადეიშვილისა და ზოდელავასგან ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პატიმრების წამების ფაქტებზე პასუხისმგებლობის აღებას ადეიშვილისა და ზოდელავასგან ითხოვს

არასამათვრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მიმართ განხორციელებულ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფატქებს ეხმაურება.

ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ამ საკითხის ობიექტური გამოძიების არაერთი მოწოდებისა, დღემდე ეს თემა რეაგირების გარეშე რჩება. ამიტომ ორგანიზაცია მოითხოვს მაღალი თანამდებობის პირთა ბრალეულობის საკითხი გამოძიებამ შეისწავლოს.

ასევე ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია,   წამების მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარდეს კონკრეტული ზომები, რაც ასევე ხელს შეუწყობს გამოძიების ეფექტურად და ობიექტურად წარმართვას.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„არასამთავრობო ორგანიზაციების უმნიშვნელოვანესი მოთხოვნები პენიტენციურ სისტემაში წამების და არაადამიანური მოპყრობის სისტემურ ფაქტებთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, ისევე როგორც ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარების თაობაზე დღემდე სათანადო რეაგირების გარეშე რჩება.

ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა  განცხადება გაავრცელეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ მოითხოვენ წამების და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა, რომელთა თანამდებობაზე ყოფნის დროს ფორმალური და არაეფექტური გამოძიებების პირობებში წახალისდა და სისტემურ პრობლემად იქცა პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია გვქონდეს ეფექტური და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებისა და დამნაშავეთა დასჯის გონივრული მოლოდინი.

ამასთან, კვლავაც მოვითხოვთ გამოძიებამ შეისწავლოს მაღალი თანამდებობის პირთა ბრალეულობის საკითხი. ვინაიდან სისტემაში არსებული პრობლემები სათავეს მრავალი წლის წინ იღებს, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი ხელმძღვანელების სისხლის სამართლებრივი საკითხიც.

არაეფექტური გამოძიებების უამრავი მაგალითი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მთავარი პროკურატურის მიერ არც ამჯერად მოხდება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო გამოძება. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, მთავარი პროკურატურის სისტემის ფარგლებში არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების მანდატი და პასუხისმგებლობა დაეკისროს ერთ კონკრეტულ საზოგადოებრივ პროკურორს, რომელიც ისარგებლებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და რომელიც მის დაქვემდებარებაში არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით მოახდენს მხოლოდ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას. ამასთან, საზოგადოებრივი პროკურორის კანდიდატურის დასახელების საშუალება უნდა მიეცეთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ამას გარდა, გამოძიების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად,  აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოებრივ პროკურორთან შეიქმნას შესაბამისი პროფესიონალებით - იურისტებით, ექიმებით,  და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოახდენს  პატიმრების გამოკითხვას, მტკიცებულებების შეგროვებას და მათ მიწოდებას საზოგადოებრივი პროკურორისთვის. ამავდროულად, ამავე კომისიამ მონიტორინგი უნდა გაუწიოს  გამოძიების მიმდინარეობის პროცესსაც. მხოლოდ ამ მექანიზმების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ვიფიქროთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესაბამის და ადეკვატურ გამოძიებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში შესაბამის პირთა პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ეფექტური გამოძიების საკითხების  პარალელურად, სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს წამების მსხვერპლთა და მათი ოჯახების წევრთა დაცვისა და რეაბილიტაციის პროცესს.

აუცილებელია გატარდეს ზომები წამების მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც ასევე ხელს შეუწყობს გამოძიების ეფექტურად და ობიექტურად წარმართვას. გამოძიება უნდა წარიმართოს მათ და მათი ოჯახების მიმართ მიყენებული ფსიქოლოგიური ტრავმის გათვალისწინებით. პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრთა შემდგომი ტრავმატიზაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ ძალადობის მსხვერპლი პატიმრების ვინაობის გასაჯაროებას და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ამოცნობადი კადრების გავრცელებას.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საქართველოს მთავრობის მიერ არ გადადგმულა ნაბიჯები წამების მსხვერპლთა გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარებისა და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, რაც ყოვლად გაუმართლებელია.  აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს წამების მსხვერპლთა და მათი ოჯახების წევრთა სამედიცინო და ფსიქო-სოციალური დახმარებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესი, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული საზოგადოებები. საჭიროდ მიგვაჩნია წამების მსხვერპლთა და მათი ოჯახების წევრთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და შესაბამისი პროგრამების განხორციელება დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შესაბამისი სასერვისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

და ბოლოს, საზოგადოებრივი ინტერესისა და პატიმართა ოჯახის წევრთა შორის არსებული პანიკის პირობებში, აუცილებელია საზოგადოების მუდმივი და აქტიური ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასა და სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების თაობაზე. ამასთან, მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ანგარიში, რომელსაც  უშუალოდ ევალება   თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი, აგრეთვე წამების, არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.