რატომ ვერ იქნება აფხაზი რუსის მსახური

რატომ ვერ იქნება აფხაზი რუსის მსახური


რუსეთმა აფხაზეთის ანექსია და მისი საქართველოსგან გაუცხოვება საუკუნეების წინ დაიწყო. დღეს 16 სექტემბერია, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში ამ კუთხეში რუსეთის ცბიერი და აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოდ შეიძლება შევიდეს. 1993 წლის 16 სექტემბერს რუსულმა პოლიტიკამ უკანასკნელი იერიში მიიტანა აფხაზეთის დასასაკუთრებლად გადამწყვეტ ბრძოლაში და საუკუნის დამპყრობლური პოლიტიკა წარმატებით დააგვირგვინა. მაგრამ რა იყო 1993 წლამდე, სანამ რუსეთის ანექსია საბოლოო წარმატებას იზეიმებდა? სწორედ დღეს მინდა შევახსენო აფხაზებს რუსეთის წინააღმდეგ ქართველებთან ბრძოლის დიდი ისტორია, რადგან მიმაჩნია, რომ 1993 წლის 16 სექტემბრის რუსეთის მასშტაბური სამხედრი იერიშით სოხუმი მხოლოდ ქართველებმა კი არა, აფხაზებმაც დაკარგეს. ყოველ შემთხვევაში, რუსეთმა შეძლო, ამ დღეს მკვეთრი ზღვარი გაევლო აფხაზების ძველსა და ახალ თაობებს შორის.

დავიწყებ მეფის რუსეთის წინააღმდეგ აფხაზების მიერ მოწყობილი ყველაზე ცნობილი აჯანყებებიდან, რომელთა შესახებ საქართველოში ყველა განათლებულმა ადამიანმა იცის. ეს იყო აჯანყებების მთელი კასკადი: 1821–24 წლების, 1840–42 წლების, 1866, 1877 წლების. ყველა აჯანყება სისხლში ჩაახშო მეფის რუსეთმა, თავისუფლებისმოყვარე აფხაზები კი იძულებული გახადა, სამშობლოდან გადახვეწილიყვნენ.

მათმა უმეტესობამ მაშინ ოსმალეთს შეაფარა თავი. ეს იყო აფხაზების პირველი მასობრივი გადინება სამშობლოდან. მათ ადგილებს რუსეთიდნ ჩამოსახლებულები იკავებდნენ. მე–19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის 70 ათასი აფხაზი გადაიხვეწა ოსმალეთში. ამავე წლებში მოხდა თითქმის დაუჯერებელი ფაქტი: ჩრდილო–დასავლეთ აფხაზეთში მცხოვრებმა აფხაზებმა რუსეთს საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. 1864 წელს რუსეთმა ისინი თურქეთში გადასახლებით დასაჯა.

ასე იქცნენ სამშობლოდან განდევნილი აფხაზები მუჰაჯირებად. განდევნილთა საცხოვრებელი და სამშობლო რუსულმა პოლიტიკამ რუსებით, სომხებით, ბერძნებით, ესტონელებით, ბულგარელებით შეავსო. 1877–78 წლებში აფხაზები კიდევ ერთხელ აუჯანყდნენ რუსეთს. ამ პერიოდიდან ჩნდება რუსულ დოკუმენტებში აფხაზების აღმნიშვნელი სახელი „დამნაშავე მოსახლეობა“. 

მეფის რუსეთის დამარცხების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკაში გაწევრიანებულ აფხაზეთსა და სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელ საქართველოს შორის უკვე გაივლო პოლიტიკური ზღვარი, აფხაზები ქართველებს მაინც მეგობრებად და თანამოაზრეებად მიიჩნევდნენ.

აფხაზეთში ბოლშევიკების მიერ დაგეგმილი ერთ–ერთი გადატრიალების წინ აფხაზეთის ეროვნულმა საბჭომ დახმარებისთვის თბილისს მიმართა და გენერალ მაზნიაშვილის ჯარმა მაშინ შეძლო აფხაზეთიდან რუსი ბოლშევიკების განდევნა. თავად აფხაზებიც არაერთხელ დახმარებიან ქართველებს ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ისინი მონაწილეობდნენ წითელი არმიის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ცნობილ ბრძოლებში. მაგალითად, ცნობილია, რომ ვალერიან ანჩაბაძე 1921 წლის მარტში ბათუმის ბრძოლაში ბოლშევიკებმა მოკლეს. აფხაზმა თავადმა ტატაშ მარშანმა ქართული მენშევიკური ჯარის მეთაურ ვალიკო ჯუღელს სამასკაციანი აფხაზური ჯარით დახმარება შესთავაზა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცნობილია ისიც, რომ მაშინ ჯუღელმა შეუაცხმყოფელი პასუხი გასცა ტატაშ მარშანს, „ქართული დემოკრატია იმდენად ძლიერია, რომ თავად–აზნაურთა დახმარება არ გვჭირდებაო.“

პასუხი საწყენი იყო აფხაზებითვის, თუმცა მას მაშინ ეროვნული ნიშნით შეფასება არ მოჰყოლია, პასუხი აღიქვეს, როგორც სოციალისტთა ერთი ფრთის დამოკიდებულება თავად–აზნაურებთან და არა აფხაზებთან. 
ბოლშევიკურმა რუსეთმა წარმატებით გააგრძელა მეფის რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ყველა ინსტრუმენტს იყენებდა აფხაზეთის რუსიფიკაციისთვის. ამ პოლტიკამ წაშალა ქართველთა და აფხაზთა ერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი კვალი აფხაზეთში – ჯერ კიდევ ქრისტეშობამდელი პერიოდის უდიდესი ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ცენტრი ანაკოფია, იგივე ნიკოფსია, ბერძნების მიერ დაარსებული ქალაქ–სახელმწიფოს კულტურულ–საზოგადოებრივი ცენტრი.

ჩვენი წელთაღრიცხვის მე–6 საუკუნეში, ბიზანტიის იმპერიის მმართველობის ხანაში აქ ტაძარი აიგო ქართველთა და აფხაზთა განმანათლებლის სვიმონ კანანელის სახელზე და მასში მონასტრული ცხოვრება დაწესდა. ტაძარი აფხაზთა მთავრების გამგებლობას ექვემდებარებოდა, რომლებიც თავად ბიზანტიის იმპერიის ვასალები იყვნენ. არაბთა ბატონობის დროს, როცა თბილისმა დაკარგა დედაქალაქის ფუნქცია და იგი ქუთაისმა იტვირთა, ანაკოფიას და სვიმონ კანანელის მონასტერს საქართველოს განმათავისუფლებელი იდეოლოგიის მნიშვნელობა მიენიჭა. ასე გაგრძელდა დავით აღმაშენებლის მმართველობამდე, სანამ თბილისიდან არ განდევნეს ამირა.

სვიმონ კანანელის ტაძარი მე–16–17 საუკუნეებში თურქ იტომანთა იმპერიის შემოსევების დროს გაპარტახდა პირველად. მე–19 საუკუნიდან კი თურქ ოტომანთა აგრესია რუსულმა ჩაანაცვლა. ამ პერიოდში აფხაზეთიდან განდევნეს აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე. რუსი მოგზაური მურავიოვი, რომელიც ამ პერიოდში მოგზაურობდა საქართველოში, თავის ნაშრომში წერს, რომ ნიკოფსიაში მან ნახა მეექვსე საუკუნის დროინდელი ქართული ძეგლი, რომელიც ბიზანტიურ სტილშია აშენებულ. რუსი მოგზაური აღწერს, რომ ტაძრის შიდა კედლებზე არის ძველი ქართული ფრესკები, კედელზე შესრულებული ღვთისმშობლის მიძინების კომპოზიცია. აღწერს ტაძრის სიახლოვეს მდებარე თასის ფორმის გამოქვაბულს, სადაც სვიმონ კანანელი იყო დაყუდებული. ამის შემდეგ იწყება რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკაში სვიმონ კანანელის მონასტრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამოვლენა. რუსეთის მიზანი იყო ამ ადგილიდან ძველი ქართული კვალის წაშლა.

თავად რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ აქ დაიწყო ქრისტიანი რუსების ჩამოსახლება, მათთან ერთად ჩამოჰყავდათ სექტანტი რუსებიც. ადგილობრივ მოსახლეობას კი, რომელიც თურქ ოტომანთა შემოსევების შედეგად გამუსლიმანდა, თურქეთში გადასახლებას აიძულებდა. ადგილობრივები აწყობდნენ აჯანყებებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთმა მაინც მოახერხა მათი ჩახშობა და აფხაზები მათი ისტორიის ყველაზე რთულ გზას მუჰაჯირობას გაუყენა. რუსეთმა სვიმონ კანანელის მონასტერში ძველი ქართული მონასტრის კვალი მთლიანად მოსპო. აქ გახსნა სემინარია, სადაც აფხაზ ბავშვებს რუსულად აძლევდნენ რელიგიურ განათლებას. ტაძარს ჩუქნიდა დიდი რაოდენობით მიწებს. მე–19 საუკუნის 70–იანი წლებიდან კი ათონის წმინდა მთიდან, კერძოდ, რუსული „ხეცხოვრებისას,“ მოგვიანებით რუსიკად წოდებული რუსული სამონასტრო კომპლექსიდან გამოდევნილი ბერები ჩაასახლა და ძველ ნიკოფსიას, სადაც ქართველ–აფხაზთა განმანათლებელი განისვენებს, ახალი ათონი უწოდა, ძველი ათონის დეფინიციისგან გასამიჯნად. რუსების მიერ ანაკოფიის ადგილას გაშენებული სამონასტრო კომპლექსი გარეგნულად ზუსტად ისეთივეა, როგორიც ძველი ათონის რუსიკის სამონასტრო კომპლექსი. 

დღეს ეს სამონასტრო კომპლექსი ისევ ერთგულად ემსახურება ანტიქართულ პოლიტიკას. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ აფხაზეთის ომის პერიოდში სწორედ ახალი ათონის მონასტერში იყო გახსნილი სამხედრო ჰოსპიტალი, ხოლო მონასტრის სიახლოვეს სამხედრო წვრთვნები მიმდინარეობდა. ისტორიის ის დეტალები, რომლებიც ზემოთ აღვწერეთ, ერთნაირად ტრაგიკულია როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. შეუძლებელია, ამ აფხაზებში მთლიანად ჩაკვდეს ანტირუსული აჯანყებების დროს დაღუპულ წინაპართა, მუჰაჯირ წინაპართა სული. შეუძლებელია, მათ წერტილი დაუასვან თავისუფლებიმოყვარე ისტორიას.