კონსტიტუციურ ტყუილებს მოკლე ფეხები აქვთ…

კონსტიტუციურ ტყუილებს მოკლე ფეხები აქვთ…

“ქვეყანაში არსებული კულტურა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუციური წესები”, - ეს შენიშვნა ვენეციის კომისიის მდივნისგან მივიღეთ. არადა, ამ კომისიამ ძალიან დიდი ძალისხმევა გაწია იმისთვის, რომ საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული კონსტიტუცია ჰქონოდა. თუმცა, კომისიას დღესაც, ყველაზე მეტად ახალი წესებით არჩეული პრემიერ-მინისტრის ხელში თავმოყრილი დიდი ძალაუფლება აშფოთებს.

ვენეციის კომისიამ ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართული პოლიტიკური და არასამთავრობო სპექტრის თითქმის ყველა წარმომადგენელთან შეხვედრა და მათი მოსაზრებების მოსმენა შეძლო. ვიზიტის ბოლოს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე კი კომისიის მდივანმა, ტომას მარკერტმა ალბათ, ყველაზე საგულისხმო, გულდასაწყვეტი და მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, როგორც ოპოზიციის, ასევევ ხელისუფლების გასაგონად. 

ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად არის დაცული საპარლამენტო უმცირესობის უფლებები ახალ კონსტიტუციურ ცვლილებებში, მარკერტმა განაცხადა: “საერთოდ, ქვეყანაში არსებული კულტურა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუციური წესები. უმრავლესობას თუ აკლია დემოკრატიის კულტურა, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ პარლამენტი არ იქნება”. როგორც ჩანს, ქართველები საერთაშორისო საზოგადოების თვალში არათუ არადემოკატიულ, არამედ ურთიერთობების კულტურის არმქონე ერადაც კი ვჩანვართ.

სანდოა თუ არა პეტრე, ან - ივანე, ანაც - ახალი კონსტიტუცია?

საქართველოს უახლესი ისტორიითა და ხელისუფლება-ოპოზიციის დაპირისპირებებით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანას პოლიტიკური ურთიერთობების კულტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით, წინ დიდი ნაბიჯები მართლაც არ გადაუდგამს. ფაქტია, 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის მიტინგების შემდეგ ქართველები ერთად და ერთმანეთის მხარდამხარ რუსთაველზე აღარ მდგარან. 

ეს მრავლისმნახველი ქუჩა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლიდან ცოტა ხანში, ყოველთვის ხელისუფლებიდან წასული და ხელისუფლებაზე შემომწყრალი ლიდერებისა, თუ ადამიანების პროტესტის გამოხატვის ადგილად იქცა. შესაბამისად, დამკვიდრდა კიდეც ქუჩიდან ხელისუფლებისადმი დამუქრების კულტურაც. 

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე პრესა.გე-სთან საუბარში აცხადებდა, რომ ხელისუფლებების მუდმივად დამხობა სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა დაუბალანსებლობისა და ქართული კონსტიტუციის ბრალიც იყო. ეს კონსტიტუცია ორჯერ შეიცვალა და, ექსპერტების თქმით, ორჯერვე იმ პრეზიდენტს მოერგო, რომელიც მაშინ იყო არჩეული. 

კონსტიტუცია კიდევ ერთხელ იცვლება ძირფესვიანად, მაგრამ არ შეცვლილა სახელმწიფოს ნომერ პირველი კანონის მორგების წესიც. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, ქვეყანაში განუზომელი უფლებებით აღჭურვილ პირს ვიღებთ. მომავალი პრემიერ-მინისტრის დიდ ძალაუფლებას კონსტიტუციაში ჩადებული ის მუხლი უზრუნველყოფს, რომელიც მისი გადაყენებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას განსაზღვრავს. ახალი ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრის არჩევას უფრო ნაკლები დეპუტატის ხმა სჭირდება, ვიდრე თანამდებობიდან მის გადაყენებას. 

უფრო მეტიც – თუ პარლამენტში, რომელიმე ძალას კონსტიტუციური უმრავლესობა არ ექნება და პრემიერის გადაყენებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას ვერ მოაგროვებს, ასეთი პარლამენტი პრეზიდენტმა შეიძლება ჩათვალოს ქმედუუნაროდ და დაითხოვოს. აქ უკვე ოპოზიცია აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სააკაშვილს უმზადებს სკამს, რომ დღევანდელი პრეზიდენტი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დაუსაქმებელი არ დარჩეს. 

ფაქტობრივად, ამ მუხლით “ნაციონალური მოძრაობა” თავსაც იზღვევს, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობით ვერ შევა პარლამენტში, მაშინ პრემიერ-მინისტრის გადაყენებას (რომლის ასარჩევად საჭირო ხმების მოგროვებას უბრალო უმრავლესობითაც შეძლებენ) ოპოზიცია, რაც არ უნდა ეცადოს, ვერ შეძლებს.  

პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, როგორც აღმოჩნდა, ვენეციის კომისიის შეშფოთებასაც იწვევს. კომისიის მდივნის, ტომას მარკერტის თქმით, შემოთავაზებულ კანონ-პროექტში ცვლილებათა უმრავლესობა კარგად არის გააზრებული, მაგრამ მთავრობის ფორმირებისა და უნდობლობის გამოცხადების ფორმა კომისიას პრობლემურად ეჩვენება. 

“დიდი დისკუსია გვქონდა უმრავლესობასთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან. ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარესთანაც ვისაუბრეთ შესაძლო ცვლილებების შესახებ და მე მგონი, მათაც კარგად გაიაზრეს. ახლა ვნახოთ, უკეთესი გადაწყვეტილება თუ მოიძებნება ამ საკითხზე”, - თქვა მარკერტმა. 

ფაქტია, უცხოელი სტუმარი არა მარტო ქართული კონსტიტუციის ცვლილებებათა პაკეტის არსში ერკვევა კარგად, არამედ ქვეყნის ხელისუფლების ქმედებების ხასიათისა და პოლიტიკური დაპირისპირებების შესახებაც საკმაოდ კარგადაა ინფორმირებული. ანუ, მას კარგად ესმის, რატომ არის ჩადებული ასე მაღალი ვოტუმი პრემიერის გადაყენებისთვის კონსტიტუციაში და აცხადებს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა არ გაითვალისწინა. 

კომისიის მდივანმა კიდევ ერთი საგულისხმო ფრაზა თქვა: “ხშირად ისე ხდება, პოლიტიკური მოსაზრებანი უფრო ძლიერია, ვიდრე ექსპერტების რჩევები...”. 

ტომას მარკერტი: “ვფქრობ, მოხდება პრემიერის ხელში ძალიან დიდი ძალაუფლების გადატანა. მისი გადაყენება შეუძლებელი იქნება, გარდა იმპიჩმენტის შემთხვევისა. ამ შემოთავაზებული ცვლილებებით, პრემიერის ძალიან ძლიერ ინსტიტუტს ვიღებთ. მეორე მხრივ – კანონპროექტი საკმაოდ ძლიერ პრეზიდენტს ტოვებს ძალაში... ეს შერეული მოდელია... ასეთი მოდელის შემთხვევაში კონფლიქტის წარმოშობის თავიდან აცილება პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ბოლომდე შეუძლებელია. იმედი ვიქონიოთ, ასეთი რამ საქართველოში არ მოხდება”.

საქართველოში ასეთი დაპირისპირება უკვე მოხდა პრეზიდენტ გამსახურდიასა და პრემიერ სიგუას შორის... მოხდა დაპირისპირება პრეზიდენტ შევარდნაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძეს შორისაც. მხოლოდ პარლამენტი არ დაუთხოვნია ჯერ არცერთ ქართველ პრეზიდენტს. თუმცა, რატომაა გამორიცხული, რომ მაგალითად, პეტრე პრეზიდენტმა ივანე პრემიერის თხოვნით მთლიანად დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო, თუ მაინცდამანც პეტრე და ივანე არ გადაეკიდებიან ერთმანეთს მამასისხლად?

კიდევ რას გვატყუებენ დემეტრაშვილი, ბაქრაძე და სხვები...

პარლამენტის დათხოვნის შანსი საქართველოს პრეზიდენტს, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მაშინ ეძლევა, როცა პარლამენტი პრემიერ-მინისტრის გადაყენებას შეეცდება. მარკერტი: “პემიერ-მინისტრი პარლამენტის კონტროლის ქვეშ რჩება, თუ პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, დანიშნოს ახალი პრემიერ-მინისტრი”

ფაქტობრივად, სასაცილო სიტუაციაა: პრემიერ-მინისტრის არჩევისა და ნდობის გამოცხადებისთვის უფრო ნაკლები ხმაა საჭირო, ვიდრე – მისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის. არადა, პრემიერს ისე შეუძლია დანიშნოს მინისტრები, არაფერი ჰკითხოს პარლამენტს და მინისტრების შეცვლაც მთელი მთავრობის შეცვლას არ იწვევს, რასაც დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ვერ აკეთებს. 

“დიახ. უნდობლობის გამოცხადების მუხლი ყველაზე უფრო პრობლემურად უნდა გამოცხადდეს და ამაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა მიიღოს”, - განაცხადა მარკერტმა პრესა.გე-ს კითხვაზე, გააკონტროლებს თუ არა ამ მუხლის წყალობით, პარლამენტს პრემიერ-მინისტრი. 

წესით და კანონით, პარლამენტმა უნდა აკონტროლოს პრემიერ-მინისტრი. კარგია, რომ ვენეციის კომისიის მდივანმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მწვავედ დასვა ეს საკითხი, რომელიც სავარაუდოდ ვენეციის კომისიის ოფიციალურ დასკვნაშიც - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ყველაზე პრობლემურ საკითხად აისახება. 

კარგია იმიტომ, რომ მარკერტი რომელიმე ქართველი ოპოზიციონერი არ არის და იმედია, ხელისუფლება კვლავ აღარ გააგრძელებს დაჟინებით იმის მტკიცებას - პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ვერ გააკონტროლებსო.

მარკერტმა კიდევ ერთი სახელისუფლებო მითი დაარღვია. ყველა განხილვასა და დებატზე, რაც ხელისუფლებამ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების გარშემო ჩაატარა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და სხვა ნაციონალები, ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ პარლამენტის როლი იზრდება, ამ ორგანოში გადაინაცვლებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ა.შ... ოპოზიცია, ბუნებრივია, ამ მოსაზრებებს მორიგ სახელისუფლებო ტყუილებად ნათლავდა. 

ამდენი დებატების შემდეგ დაბნეულ საზოგადოებაში, ბუნებრივად გაჩნდა კითხვა: რეალურად რა ხდება - სუსტდება, თუ ძლიერდება საკანონმდებლო ორგანო? ეს კითხვა მარკერტს ერთ-ერთმა ჟურნალისტმაც დაუსვა.

ვენეციის კომისიის მდივანმა კითხვას ნათელი პასუხი გასცა: “ამ ცვლილებებით, პარლამენტი შეინარჩუნებს ტრადიციულ როლს. იქნება ორგანო, სადაც კანონების შემუშავება ხდება. მაგრამ პარლამენტის როლი ძლიერდება იმით, რომ პრემიერ-მინისტრი იქნება არჩეული სწორედ პარლამენტის მიერ და პასუხისმგებელი იქნება მის წინაშე. მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლება თავის როლს ინარჩუნებს. 

ფაქტობრივად, საქართველოს ამ პერიოდში სჭირდება ასეთი ძლიერი მთავრობა, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ შეიცვლება უნდობლობის ვოტუმიც, მაშინ პრემიერ-მინისტრის ანგარიშვალდებულების საკითხიც მნიშვნელოვნად შეიცვლება”. რა ანგარიშვალდებულების შეცვლაზეა საუბარი, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ რამდენად შედის “ნაციონალების” მიზნებში პრემიერ-მინისტრის დასუსტება, საკითხავი სწორედ ესაა.  

ახლა კი, იმის შესახებ რაში სჭირდებოდა საზოგადოების დაბნევა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ავთანდილ დემეტრაშვილს. ოპოზიცია ითხოვდა, რომ კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტში კომისიას ჩაედო დათქმა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ეკრძალებოდა მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის დაკავება. 

ოპოზიციაში აღნიშნავდნენ, ამ დათქმის ჩადების შემთხვევაში, ელემენტარულად, ყველა დარწმუნდებოდა, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებს “ნაცები” მიხეილ სააკაშვილს არ არგებდნენ. სხვათა შორის, ეს საკითხი დაისვა ვენეციის კომისიასთან ქართული კომისიის შეხვედრის დროს – ბერლინში. იქიდან დაბრუნებულმა დემეტრაშვილმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისია კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთების კატეგორიული წინააღმდეგიაო. 

ამ სხდომაზე მყოფმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კი საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, კომისიაში გვითხრეს, ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციებში არ კეთდება, მაგრამ რადგან თქვენს ქვეყანაში ამბობენ, რომ ეს კომისია იმისთვის შეიქმნა კონსტიტუცია ერთ პირს მოარგონ, მიზანშეწონილი იქნება, ეს ჩანაწერი გააკეთოთო. 

სინამდვილეში უთხრა, თუ არა კატეგორიული უარი ვენეციის კომისიამ ამ ჩანაწერის გაკეთებაზე დემეტრაშვილის კომისიას, ჟურნალისტის ამ კითხვას მარკერტმა კითხვით უპასუხა: “თქვენ ვინ გითხრათ, ეს?”. სტუმარს აშკარად დაეტყო გაოცებაც და გაბრაზებაც. 

ტომას მარკერტი: “ვენეციის კომისია ვაცხადებთ, რომ სხვა ევროპულ კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ასეთ რამეს. კონსტიტუცია არ არის დოკუმენტი, სადაც შესაძლებელია, ყველა რისკი დაბალანსდეს. ჩვენ, როგორც ვენეციის კომისია, არ გაძლევთ რეკომენდაციას, მაგრამ ჩვენ გვესმის, ეს ძალიან ქართული პრობლემაა. თუ ამაზე კონსესუსი მიიღწევა, მიზანშეწონილია, ასეთი დებულება ჩაიდოს, მაგრამ ეს იქნება თქვენი გადაწყვეტილება”. ეს დემეტრაშვილს ბერლინშიც უთხრეს.