მთავარი პრობლემა - ოპოზიციის გაერთიანება

მთავარი პრობლემა - ოპოზიციის გაერთიანება

"ხელისუფლების შეცვლის მომხრე ქვეყანაში ბევრია, თუმცა, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ნაადრევად ან ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლას ითხოვენ, ასეთი ადამიანი, ალბათ, ცოტაა. სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ოპოზიციის გაერთიანება, ამის გარეშე მე ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ მათ ხელშესახებ შედეგს მიაღწიონ", - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე.

"რეზონანსი": 27 სექტემბრიდან "ეროვნული ფორუმი" ქართველთა მარშს გეგმავს. შეიძლება თუ არა ეს ღონისძიება შევაფასოთ, როგორც საშემოდგომო აქციების სეზონის გახსნა?

არჩილ გეგეშიძე: შეიძლება სეზონის გახსნა დავარქვათ და ვივარაუდოთ, რომ შემოდგომაზე აქციების გზით განვითარდეს პროცესები, მაგრამ შანსები იგივეა, რაც გაზაფხულზე იყო. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი განწყობა არ არის მომწიფებული იმისათვის, რომ აქციებზე ხალხი მასობრივად გამოვიდეს.

"რ": ოპოზიცია ამას ვერ ხვდება თუ არ უნდა მიხვდეს?

ა. გ. ამას ნამდვილად ვერ გეტყვით.

"რ": რა არის საჭირო საპროტესტო მუხტის ასაწევად, ხელისუფლების შეცდომები თუ ოპოზიციის კრეატიული ნაბიჯები?

ა. გ. გლობალური საკითხია გადასაწყვეტი, რაც მდგომარეობს ოპოზიციის გაერთიანებაში. საქართველოში, სამწუხაროდ, ეს ვერ ხერხდება. ამის გარეშე მე ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიციამ მიაღწიოს ხელშესახებ შედეგს ხელისუფლებასთან ორთაბრძოლაში.

"რ": ოპოზიციის გაერთიანებას რა უშლის ხელს?

ა. გ. ბევრი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე მთავარი პოლიტიკური ლიდერების პირადი ამბიციებია.

"რ": ის ნაწილი, რომელიც ემზადება არჩევნებისთვის, მაგალითად "ექვსიანი", მილიონი ამომრჩევლის მობილიზებას გეგმავს, შესაძლებელია ამ მიზნის მიღწევა?

ა. გ. არ ვიცი, რამდენად რეალისტურია, მაგრამ შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მთლიანად ოპოზიცია იქნება სათანადოდ მობილიზებული. თუ ოპოზიცია იქნება კონსტუქციული და პოზიტივზე ორიენტირებული და მხოლოდ ნეგატივზე არ გააკეთებს აქცენტს. ოპოზიციამ ხალხს ქვეყანაში შექმნილი ვითარების ალტერნატივა თუ არ ანახა, მაშინ მილიონი ამომრჩევლის მობილიზებას ნამდვილად ვერ მოახდენს. ოპოზიციის ერთ-ერთი სისუსტე იმაშიც მდგომარეობს, რომ პოზიტივზე აქცენტირებას ვერ ახერხებს."

რ": ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა უკვე გადაწყვიტა, აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას არ ჩქარობს. ხელისუფლება კი პირიქით, მუდმივ მზადყოფნაშია, ხომ არ აგვიანებათ პარტიებს?

ა. გ.რაც უფრო ადრე დაიწყებენ მით უკეთესია, მაგრამ პარტიებს აქვთ პრობლემები და პერმანენტულად საარჩევნო კამპანიის წარმოება არ შეუძლიათ. ალბათ, იმის მიხედვით, რა რესურსებს ფლობენ, ისინი მხოლოდ გაზაფხულიდან მოახერხებენ აქტიურ საარჩევნო კამპანიის დაწყებას. 

"რ": რაც შეეხება ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში თქვა, რომ ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს, რომელსაც ნინო ბურჯანაძე მეთაურობს, ერთ პროცენტზე დაბალი მხარდაჭერა აქვს, როგორ ფიქრობთ, დღეს რამდენად მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლას მოითხოვს?

ა. გ. ხელისუფლების შეცვლის მომხრე ბევრია ქვეყანაში, თუმცა, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელიც ნაადრევად ან ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლას ითხოვს, ასეთი ადამიანი, ალბათ, ცოტაა. თუმცა, მე ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენია, ეს უკვე სოციოლოგების საქმეა.

"რ": რადიკალური ნაწილის მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, განხორციელებადია?

ა. გ. რა თქმა უნდა, ეს არარეალისტურია, იმ რეალიებიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს. იმ ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში არსებობს, ამ იდეის რეალიზაციის შანსს ვერ ვხედავ.

"რ": კონკრეტულად რა ცვლილებები უნდა შეიტანოს ოპოზიციამ საკუთარ ტაქტიკაში?

ა. გ. პირველ რიგში უნდა გაერთიანდნენ. მერე უნდა ეცადონ კონსტრუქციული პროგრამის შედგენას, სადაც წარმოაჩენენ სახელმწიფო პოლიტიკას იმაზე უკეთესად, ვიდრე დღეს ქვეყანაში არსებობს - ეს იქნება დასაქმება, ინვესტიციები თუ სხვა რამ - უნდა აჩვენონ უკეთესი ხედვა. მხოლოდ ამის შემდგ მოიპოვებენ სიმპათიებს. დღემდე ასეთი რამ ან არ იყო, ან დამაჯერებელად არ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, ელექტორატი ვერ დარწმუნდა ოპოზიციის ქმედითუნარიანობაში.

"რ": თუმცა, როდესაც საუბრობთ ოპოზიციის გაერთიანებაზე, თავად ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა პლატფორმაზე დგანან. პირობითად ორ ნაწილად რომ დავყოთ მივიღებთ პრორუსულ და პროდასავლურ ნაწილს. გაერთიანება რამდენად იმოქმედებს რეიტინგის ზრდაზე?

ა. გ. პროამერიკულობა და პრორუსულობა გულისხმობს საშუალებას, მაგრამ მიზანი ერთია - ხელისუფლების შეცვლა. სწორედ შეცვლის გზებშია სხვაობა, ზოგი აქცენტს რუსეთთან კეთილმეზობლურ პოლიტიკაზე აკეთებს, ზოგიც კვერცხს დებს აშშ-სთან ურთიერთობის განვითარების კალათაში. თუმცა, საკმარისი არც ერთია და არც მეორე. ყველაფერი ერთადაა საჭირო. მიზანის მისაღწევად უნდა გაერთიანდნენ და მოქმედების ფორმებიც უნდა შეჯერდეს, სადაც საჭიროა პროამერიკელი უნდა იყო და სადღაც საჭიროა პრორუსი.

"რ": რაც შეეხება ხელისუფლებას, დღემდე ხელისუფლების ფავორიტად და პრეზიდენტობის კანდიდატად გიგი უგულავა ითვლებოდა, თუმცა, "ვიკილიკსის" მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი და საპარლამენტო უმრავლესობის საკმაო ნაწილი დავით ბაქრაძის კანდიდატურას უფრო ემხრობა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად შიდა სახელისუფლებო გადაჯგუფებებს ხომ არ უნდა ველოდოთ?

ა. გ. საპარლამენტო უმრავლესობას ნაკლებად ხელეწიფება არჩევანის გაკეთება. ეს პრეზიდენტ საკაშვილის გადასაწყვეტია და ვისაც მოინდომებს, ის იყრის კენჭს პრეზიდენტობაზე. მაგრამ ეს ყველაფერი პრეზიდენტ სააკაშვილის კიდევ ერთ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - რას აპირებს 2013 წელს. თუკი ის პრემიერ-მინისტრობას დააპირებს, მას აწყობს უფრო ნაკლებ ქარიზმატული და მისდამი ლოიალურად განწყობილი პრეზიდენტი. ახლა თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა ასეთი ბაქრაძე უფრო მეტად არის თუ უგულავა.