პატრიარქის გზავნილი დარიალიდან

პატრიარქის გზავნილი დარიალიდან


პატრიარქის ქადაგება დარიალში გახსნილი მონასტრის კურთხევაზე შეიცავდა ყურადსაღებ და მნიშვნელოვან ქვეტექსტებს როგორც საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მიმართ, ასევე რუსეთის პოლიტიკური და რელიგიური სივრცის აქტანტების მიმართ. 

პატრიარქმა ქადაგება ასეთი სიტყვებით დაიწყო: „უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: “კლდესა მას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას”. აი, ასეთი ტაძარი აშენდა ამ “კლდესა ზედა” და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ “ბჭენი ჯოჯოხეთისანი” ვერ მოერევიან მას. ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ალბათ საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი ელოდებოდა ამ ბედნიერ დღეს, რომ აქ, საქართველოს კარიბჭეში, აშენებულიყო ტაძარი წმიდა მთავარანგელოზების – მიქაელის და გაბრიელის სახელობის.

მინდა გითხრათ, რომ ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა სულიერი. მთავარნგელოზი მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და სხვანი არიან მფარველნი ყოველი ადამიანისა და, მითუმეტეს, ჩვენი ქვეყნისა. მე და ჩვენ ყველანი ბედნიერი ვართ, რომ ამ წირვას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილი, ეს ტაძარიც მიხეილის და გაბრიელის სახელობისაა.“

შემდეგ პატრიარქმა ბრძანა, რომ „ამ ტაძარს აქვს კიდევ სხვა მნიშვნელობა. ეს ტაძარი არის რუსეთის საზღვართან. რუსების უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და იქიდან რომ შემოვა სტუმარი, ის ნახავს, რომ შევიდა მართლმადიდებელ მშვიდობიან ქვეყანაში. ეს წმიდა ტაძარი იქნება თავშესაფარი ყოველი მგზავრისა. აქ შეიძლება შედგეს ქვეყნების მეთაურების მოლაპარაკება ისეთი მაღალი დონე იქნება. ვფიქრობ, ამ ტაძარს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ახალგაზრდობისათვის. ის იქნება როგორც სიმაგრე, მსგავსად იმისა, როგორც იყო თავის დროზე თამარ მეფის ციხე-სიმაგრე. ვფიქრობ ეს ტაძარი სასწაულს გვიჩვენებს ჩვენ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი ქვეყნები ისევ მშვიდობიან ურთიერთობაში იქნებიან.“

ქადაგებაში პატრიარქის კეთილშობილური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და იმის შეხსენება, რომ ის ატარებს მთავარანგელოზ მიქაელის სახელს, იმ მთავარანგელოზთაგან ერთ–ერთის, რომელთა სახელზეც აშენდა დარიალის მონასტერი, პირდაპირ ჰკარნახობს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირს, რომ მან უნდა ისმინოს და ევალება, რომ ისმინოს საქართველოს ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის ხმა. ეკლესიის აზრი კი რუსეთის შესახებ არ არის მტრული, შურისძიებასა და ანგარიშგებაზე აგებული. პატრიარქმა შეახსენა პრეზიდენტს, რომ საქართველო, როგორც მართლმადიდებელი ქვეყანა, არის მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების მოსურნე ქვეყანა, რომ საჭიროა დიალოგი, რაც უნდა ძნელი მისაღწევი იყოს ის („აქ შეიძლება შედგეს ქვეყნების მეთაურების მოლაპარაკება“).

პატრირქის სიტყვაში შემთხვევით არ განლაგდა ერთად, ერთ წინადადებაში სიტყვები: „საქართველოს ახალგაზრდობა“ და „თამარ მეფის ციხე–სიმაგრე“. საქართველოს ეკლესიის მეთაურის აზრით, საქართველოს მომავალი უნდა სწორდეს ქვეყნის ისტორიის ყველაზე დიდ ხანაზე – თამარის ეპოქაზე. თუ სიღრმისეულად განვიხილავთ ამ ნათქვამის აზრს, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ პატრიარქმა ამით ახალგაზრდებს შეახსენა ეროვნული, ტრადიციული ღირებულებები, მათ შორის ტოლერანტობა, რაც ასე აკლია პოლოტიკური რეალიზმით გაჯერებულ დღევანდელ თაობებს. რაც მთავარია, პატრიარქმა შეახსენა თავის ქვეყანას, რომ დაუშვებელია ომი და შეურიგებლობა მეზობელ რუსეთთან. შესაძლოა, ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილისთვის სიმბოლოების ენაზე მიცემული შენიშვნები, თუ გნებავთ – რჩევა.

რაც შეეხება რუსეთს, საქართველოს ეკლესიის მეთაურის ქადაგებაში იყო მნიშვნელოვანი გზავნილები ამ ქვეყნის საზოგადოებისა და ხელისუფლების მიმართ. „ბჭენი ჯოჯოხეთისანი“ ვერ მოერევიან კლდესა ზედა აშენებულ ტაძარს, რომელიც არის სიმბოლო რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის სურვილისა. ორი მართლმადიდებელი ქვეყანა მხოლოდ ასე შეიძლება გადარჩეს სულიერად, მოერიოს მიწიერ ჯოჯოხეთს და ჰქონდეს მომავალი. საინტერესოა, როგორ შეაფასებენ რუსეთში უწმინდესის ხელის გაწვდის მაღალადამიანურ ჟესტს..