ბებერ კონტინენტზე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გრანდიოზული “ნაბუკო” უნდა შეკვეცონ და ერთ რომელიმე კონკრეტულ პროექტზე შეერდნენ. ამ ეტაპზე ასეთად ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა სახელდება. მართალია ეს პროექტი “ნაბუკოსთან” შედარებით პატარაა, მაგრამ ევროპელთა აზრით, უფრო პერსპექტიული.
ევროსაბჭოს წარმომადგენლები ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და თურქმენეთთან მოლაპარაკებებს იწყებენ. გაზსადენის მარშრუტი შემდეგია: თენგიზი (ყაზახეთი) - თურქმენბაში (თურქმენეთი) - ბაქო - თბილისი - ერზერუმი (თურქეთი).
ამ გაზსადენით, ევროპაში, ყოველწლიურად, 20-30 მილარდი კუბ_მ გაზის ტრანსპორტირება იგეგმება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაკადების პროექტების გააქტიურებაზე.
ენერგოკომისარის გიუნტერ ეტინგერის თქმით, ევროკავშირისთვის კასპიის რეგიონისა და შუა აზიის მარაგებზე ხელმისაწვდომობა საკვანძო საკითხია. რაც შეეხება რუსეთს, იგი ევროპისთვის მუდამ დარჩება მნიშვნელოვან და სასურველ პარტნიორად.
ტრანსკასპიური გაზსადენი აქამდე “ნაბუკოს” პროექტის შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა, რომელიც ჯერ კიდევ რუსული “სამხრეთ ნაკადის” ალტერნატივად განიხილება, თუმცა “ნაბუკოსთვის” ფინანსური რესურსი დღემდე ვერ მოიძებნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბაქოში პირველი განცხადებები უკვე გაკეთდა. კომპანია “სოკარის” პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა, რომ ბაქო მზად არის განიხილოს ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის საკითხი, მაგრამ პროექტის განხორციელებაზე გადამწყვეტი სიტყვა ევროკავშირმა და თურქმენეთმა უნდა თქვას, ვინაიდან ამ პროექტში, აზერბაიჯანი, მაინც, სატრანზიტო ქვეყნად მოიაზრება.
გაზსადენის მშენებლობაზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირა რუსეთმა და ირანმა. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრი სერგეი შმატკო ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია. მისი აზრით, ამ შემთხვევაში ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული კითხვები ჩნდება.
შმატკოს ირანელმა კოლეგამ როსტამ ყასემიმ კი განაცხადა, რომ ტრანსკასპიური ინფრასტრუქტურის განვითარება და ბუნებრივი რესურსების მოპოვება-ტრანსპორტირება კასპიის აუზის ქვეყნების უშუალო პრეროგატივაა.
ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური ევროპის მხრიდან დაფიქსირებულ პოზიციას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, თუმცა რუსეთთან ერთად თურქეთის მხრიდან მოსალოდნელ წინააღმდეგობაზე საუბრობს.
“რუსეთი ყოველთვის წინააღმდეგი იქნება მსგავსი პროექტებისა. მისასალმებელია, რომ ევროკავშირი ცდილობს, ამ ვითარებაში ალტერნატიული გზები მოძებნოს. შეიძლება, ითქვას, რომ ეს პროცესი დაიძრა, თუმცა ყველაფერთან ერთად, გასათვალისწინებელი და შესაბამისად, საინტერესოა თურქეთის პოზიციაც, როგორც “ნაბუკოს” ცენტრალური სატრანზიტო ქვეყნის.
ირანულმა, თურქმენულმა თუ აზერბაიჯანულმა გაზმა - ყველამ თურქეთში უნდა მოიყაროს თავი და შემდეგ სხვა ქვეყნებში იქნას ტრანსპორტირებული”, - განაცხადა ხადურმა.
ექსპერტის საერთაშორისო საკითხებში ზურაბ აბაშიძის აზრით, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა პროექტის განხორციელების კუთხით ობიექტური და სუბიექტური პრობლემები რჩება.
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ კასპიის ზღვაში ნებისმიერი დიდი პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოსთან. ამის შესახებ ფაქტობრივი დოკუმენტები არსებობს. ეს საკმაოდ მკაცრი განცხადებაა იმის შესახებ, რომ ამ პროექტის განხორციელება რუსეთის ინტერესებში არ შედის. თუ რას მოიმოქმედებს მოსკოვი პროექტის განხორციელების საწინააღმდეგოდ, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს განცხადება მნიშვნელოვანია და მისი ყურადღების მიღმა დატოვება არ შეიძლება.
თავის დროზე, სანამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ამოქმედდებოდა, უამრავი სირთულე გადაილახა როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური, ეკოლოგიური თუ საორგანიზაციო კუთხით და ამას ძალიან დიდი ხანი დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ პროექტი განხორციელდა.
“ნაბუკო” თავისი მასშტაბით კიდევ უფრო დიდი და რთული პროექტია, შესაბამისად, მისი განხორციელების კუთხით პრობლემების მთელი კომპლექსია და ყველაფერ ამას მოგვარება დასჭირდება”, - განუცხადა სააგენტო “პირველს” აბაშიძემ.
1096
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85