სეპარატისტები ადასტურებენ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ენგურჰესთან დაკავშირებით საიდუმლო, დაძაბულ და ავანტიურისტულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. “ვიკილისქსის” მიერ გამოქვეყნებული სკანდალური მასალების შესახებ კომენტარი არც საქართველოს მთავრობას და არც აშშ-ს საელჩოს გაუკეთებია. მათი პოზიცია არასასურველ მომენტში დუმილი და დროის გაყვანაა.
“აფხაზური მხარე ყოველთვის იცავდა და დაიცავს კიდეც თავის ინტერესებს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ექსპლოატაციისა და მმართველობით საქმესთან მიმართებაში”, - განაცხადა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე “ჩერნომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა რეზო ზანთარიამ ინტერნეტგვერდ “ვიკილიქსზე” გამოქვეყნებული წერილის კომენტირებისას. საიდუმლო მასალებში საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონტ ტეფტი ფიგურირებდა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ენგურის ჰესთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ იუწყებოდა.
ზანთარიამ დაადასტურა, რომ გამოქვეყნებულ მასალაში აღწერილი ფაქტები ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით არსებული მემორანდუმის შესახებ სინამდვილეს შეესაბამებოდა.
“ყველაფერი მართალია, გარდა იმისა, რომ სერგეი ბაღაფში ამ მემორანდუმის ხელმოწერის მომხრე იყო. ბაღაფშიც და მეც მისი ხელმოწერის კატეგორიული წინააღმდეგნი ვიყავით, ვინაიდან მიგვაჩნდა, რომ იგი საზიანო იყო აფხაზეთისთვის”, - განაცხადა ზანთარიამ და აღნიშნა, რომ მისგან განსხვავებით, ბაღაფში უფრო დიპლომატიური ადამიანი იყო და საჯაროდ მკვეთრი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებდა.
რამდენიმე დღის წინათ ინტერნეტგვერდმა “ვიკილიქსმა” საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ელჩი საქართველოსა და რუსეთს შორის ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს. საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი აგვისტოს ომის შემდეგ, ოთხ თვეში რუსულმა კომპანია “ინტერ რაო ეესმა” განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოში მან საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მართვას ეხებოდა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ელჩი, გონიერ და ფრთხილ ტექნოკრატად მოიხსენიებს და ამ გარიგებას “ინტერ რაო ეესთან” “ავანტურისტულს” უწოდებს, რომელზეც ქართულ მხარეს წასვლა რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის სტაბილურობის პერსპექტივის გაურკვევლობის გამო მოუწია.
ხეთაგურმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მას ჰქონდა შეხვედრა “ჩერნომორენერგოს” დირექტორთან რეზო ზანთარიასთან, რომელიც აფხაზური მხრიდან ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი.
“ზანთარიამ მოითხოვა აფხაზებისათვის გადაგვეცა ენგურის
ჰიდროელექტროსადგურის კუთვნილების 50%-ის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა”, - იხსენებს ხეთაგურის სიტყვებს ამერიკის ყოფილი ელჩი.
პარალელურად, ქართველი მინისტრი მოლაპარაკებებს რუსულ კომპანიასთან ახორციელებდა. მან, თავის მხრივ, საკუთარი პირობები წამოაყენა, რომელიც ხეთაგურის აზრით, ქართული მხარისათვის უფრო ნაკლები რისკის შემცველი იყო.
“ინტერ რაო ეესი” დასთანხმდა იმას, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის 100% საქართველოს კუთვნილებაში დარჩებოდა. იცვლებოდა მხოლოდ ობიექტის მმართველობის სისტემა: რუსული მხარე ცვლიდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე არსებულ აფხაზ ხელმძღვანელებს თავისი წარმომადგენლებით.
საინფორმაციო სააგენტო “ჯი–ეიჩ–ენის” ინფორმაციით, რუსული კომპანია, ასევე თავის თავზე იღებდა 15 წლის განმავლობაში თბილისისათვის ყოველწლიურად, დაახლოებით, 15 მილიონი ლარი გადაეხადა იმ ელექტროენერგიის გამო, რომელიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან აფხაზეთში გადადიოდა.
ხეთაგურმა ასევე უთხრა ამერიკის ელჩს, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან აფხაზეთი ამ ელექტროენერგიით უფასოდ სარგებლობდა, ხოლო ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რუსული კომპანიის მმართველობაში გადაცემით, შემცირდებოდა რისკი იმისა, რომ აფხაზები დამბას სამხედრო გზით ხელში ჩაიგდებდნენ.
მემორანდუმის მიხედვით, რუსული კომპანია იღებდა უფლებას თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ელექტროენერგიის 40%, მათ შორის, გამოეყენებინა ქართული არხები მისი ექსპორტირებისათვის რუსეთსა და თურქეთში.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ “ინტერ რაო ეესთან” ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი 2008 წლის დეკემბერში გააფორმა. ეს შეთანხმება პირველად გაზეთმა “რეზონანსმა” აღმოაჩინა “ინტერ რაოს” ვებგვერდზე. 2009 წლის 15 იანვარს “რეზონანსმა” სამინისტროდან მემორანდუმის ასლი გამოითხოვა. მეორე დღესვე სამინისტრომ მემორანდუმს, ვითომდა რუსების მოთხოვნით, გრიფი “საიდუმლო” დაადო. საქართველოში მემორანდუმი დღემდე გასაიდუმლოებულია.
თუმცა, ჯერჯერობით შეთანხმება მემორანდუმის დონეზე რჩება და ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, საქართველომ რუსეთს თავისი წინადადებები გაუგზავნა, პასუხი კი ჯერჯერობით არ არის.
825
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85