ისტორია, რომელიც “ქართულმა სიტყვამ” ერთ-ერთ “გლამურულ ტუსოვკაზე” მოისმინა, “ვიკილიკსის” ფარულ ჩანაწერებზე არანაკლებ სკანდალურია, მით უმეტეს, რომ საქმე “ვარდოსანებთან” დაახლოებულ მილიონერთა ევროპულ ვოიაჟს ეხება, თუმცა ვიდრე ამ ევროკრუიზის დეტალებზე გიამბობთ, «ვიკილიკსის» საიდუმლო ჩანაწერები განვიხილოთ.
მოკლედ, რამდენიმე კვირაა, “ვიკილიკსი” საქართველოზე საიდუმლო ჩანაწერს ჩანაწერზე აქვეყნებს. ამ მხრვ ყველაზე საყურადღებო აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ ტეფტის მიერ თეთრ სახლში გაგზავნილი ტელეგრამებია. «ვიკილიკსის» მონაცემებით, ტეფტი ერთ-ერთ დაშიფრულ გზავნილში საქართველოში მცხოვრებ სომხებზე ვრცლად საუბრობს. როგორც ტელეგრამიდან ირკვევა, 2009 წლის 16 ივლისს ტეფტი სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის შეხვედრია.
„ეპისკოპოსმა გამოყო საკითხი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის: სომხური ენის გამოყენება ოფიციალურ ენად ადგილობრივ დონეზე, ეთნიკური სომხებისათვის განათლების მიღება და სადავო საეკლესიო ქონების დაბრუნება.
ეპისკოპოსმა, ასევე, წამოაყენა წინადადება ახალქალაქში ერთობლივი სომხურ-ქართული უნივერსიტეტის შექმნის შესახებ, რათა ქართული ენის ცოდნითა და ხარისხიანი განათლებით შესაძლებელი გახდეს ეთნიკური სომხების კონკურენტუნარიანობის ზრდა საქართველოს ეკონომიკაში საშუალო და მაღალი დონის სამუშაო ადგილებზე დასასაქმებლად,” - წერს ტეფტი, რომელსაც სომეხი სტუმრისთვის პირობა მიუცია, რომ მის მიერ დაყენებულ საკითხებს რეინტეგრაციის იმჟამინდელ მინისტრთან, თემურ იაკობაშვილთან განიხილავდა.
ტელეგრამაში, რომელიც ტეფტმა თეთრ სახლს 2008 წლის 29 სექტემბერს გაუგზავნა, ასევე, ნათქვამია: “სამხცე-ჯავახეთის რეგიონის, ახალციხისა და ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი საქართველოში საკუთარი მომავლის მიმართ, მაგრამ გამოხატეს თავიანთი შეშფოთება საკუთარი კულტურული და ენობრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხში. უმრავლესობა, საქართველოს 300 ათასი სომეხი ამ ორ დასახლებაში ცხოვრობს, რომელიც განლაგებულია ქვეყნის სამხრეთ ცენტრალურ ნაწილში. ენის პრობლემა რჩება ყველაზე უფრო სერიოზულ წინააღმდეგობად სამცხე- ჯავახეთის სომხურენოვანი სათვისტომოს ინტეგრაციისათვის... სომხეთის სათვისტომო აგრძელებს მოთხოვნას სომხური ენის რეგიონულ ენად აღიარების შესახებ, ასევე, საეკლესიო საკუთრების საკითხების გადაწყვეტისა და დიდი ადგილობრივი ავტონომიის შესაქმნელად.”
“ვიკილიკსის” მიერ გამოქვეყნებულ ტეფტის წერილს სომხურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სომხური მედია წერს: “ამერიკის დიპლომატიური დეპეშები მორიგჯერ ადასტურებენ შემდგომ რეალიებს:
1. ჯავახეთის სომხები და მათი სოციალური და პოლიტიკური ინტერესების წარმომადგენელი სტრუქტურები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ: ა) ჯავახეთის სომხების პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების უფლებამოსილების გაზრდას;
ბ) სამცხე-ჯავახეთში სომხური ენისთვის ოფიციალური რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭებას;
გ) სომხეთის ეკლესიის რეგისტრაციას და საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების დაბრუნებას;
დ) ახალქალაქში ერთობლივი სომხურ-ქართული უნივერსიტეტის შექმნას;
2. ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნები დაფუძნებულია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უმცირესობების დაცვის საკითხებში. აქედან გამომდინარე, რიგი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები, მათ შორის, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი და ევროსაბჭო მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გადაწყვიტოს აღნიშნული პრობლემები.
3. აშშ-ის მთავრობა, საქართველოში თავისი საელჩოს თანამშრომლების სახით, აცნობიერებს, რომ საქართველოსა და ჯავახეთის სომხების მოთხოვნები კანონიერი და სამართლიანია. ასევე, გაცნობიერებულია, რომ მათი დაკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მიერ არის ერთადერთი წინაპირობა ჯავახეთის რეგიონში ნდობის განმტკიცებისა და ინტეგრაციის პროცესის წარმატებისა.»
“ვიკილიკსმა» ტეფტის ის ტელეგრამაც გამოაქვეყნა, სადაც დიპლომატისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შეხვედრაზეა ლაპარაკი.
დეპეშაში, რომელიც 2008 წლის 22 დეკემბრითაა დათარღებული, ტეფტი წერს: «ილია II-მ მიამბო, რომ რუსეთის მაშინდელი პატრიარქის, ალექსი II-ს დაკრძალვაზე სომხეთის კათალიკოს გარეგინ II-ს შეხვდა. შეხვედრაზე გარეგინ II-მ თბილისში არსებული ნორაშენის ეკლესიის საკითხი დააყენა და პრობლემის რაც შეიძლება, სწრაფად მოგვარება მოითხოვა. ილია II-ის განცხადებით, გარეგინ II სულსწრაფია, რადგან სურდა, საქართველოს პატრიარქს მაშინვე დაეპატიჟებინა თბილისში და ნორაშენის ეკლესია გადაეცა. საპასუხოდ ილია II-მ მას მეცნიერებისგან შემდგარი კომისიის შექმნა შესთავაზა, თუმცა როგორც ილია II აცხადებს, გარეგინმა კომისიის შექმნის იდეაზე უარი უთხრა. მისი აზრით, სომხეთის კათალიკოსს მიაჩნია, რომ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას ილია II ერთპიროვნულად იღებს...
ილია II-ს ნორაშენის ეკლესიის პრობლემის მოგვარების ყველაზე ბრძნულ ვარიანტად მისი მუზეუმად ქცევა მიაჩნია, ხოლო სომხეთის კათოლიკოსი, მისი მონაცემებით, საკუთარ მიმდევრებში საკითხის კიდევ უფრო გამწვავებას ცდილობს.
ილია II-ის აზრით, გარეგინის მოუთმენლობა განპირობებულია რუსული გავლენით, რადგან მისი ძმა ეპისკოპოსია მოსკოვში. აშშ-ის საელჩოს ამ ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლია. არც ილია II-ს გაუგრძელებია იმაზე საუბარი, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთი გარეგინ II-ზე. საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, მას ეკლესიის საკითხთთან დაკავშირებით გარეგინ II-ის წინამორბედის მიდგომა ურჩევნია, რადგან წინა კათოლიკოსი ერთი ან ორი ეკლესიის გამო ურთიერთობებს არ დაძაბავდა.»
“ვიკილიკსის” მიხედვით, ტეფტის საიდუმლო ტელეგრამებში, «სომხური პროვოკაციის» გარდა, ე.წ. ნაციონალურ გადანაწლებებზეცაა ლაპარაკი, ანუ როგორც “ვიკილიკსი” იუწყება, 2009 წლის დასაწყისში ტეფტისთვის საქართველოს განათლების დღევანდელ მინისტრ დიმიტრი შაშკინს, რომელიც იმხანად აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამების დირექტორი იყო, უთქვამს, თბილისში ხმა დავარდა, ევროკავშირი და აშშ სააკაშვილის შეცვლას და დავით ბაქრაძის გაპრეზიდენტებას აპირებენო. ამასთან, საიდუმლო გზავნილში ტეფტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე “ნაცმოძრაობა” პრეზიდენტობის კანდიდატად ბაქრაძეს დაასახელებს.
«თუ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა, ბაქრაძე შესაძლოა, მემკვიდრე გახდეს. შაშკინი ამბობს, რომ ის ჭკვიანია, დამოუკიდებელია და კარგად მუშაობს, როგორც პარტიაში, ისე - პარტიის გარეთ. შაშკინის თქმით, პარლამენტში «ნაცმოძრაობის» წევრებს შორის სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი განიხილავს ბაქრაძეს ლიდერად. შაშკინმა ახსენა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა ბაქრაძეს ყატარში მანამდე, ვიდრე საკუთარი კაბინეტის შემადგენლობას გამოაცხადებდა. თუ ბაქრაძე მოიპოვებს სააკაშვილის მხარდაჭერას და «ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის» წევრთა ნაწილის გაერთიანებას მაინც, ის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება», - წერს ტეფტი საიდუმლო ტელეგრამაში...
სხვათა შორის, თავის დროზე “ნაცონალურ” კულუარებში იმასაც ამბობდნენ, რომ თეთრი სახლი სააკაშვილის შემცვლელად თითქოს დიმიტრი შაშკინს განიხილავდა, მაგრამ იმის გამო, რომ ის ეთნიკური რუსია, საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტად არ აღიარებდა. შესაბამისად, შაშკინის გაპრეზიდენტების სცენარი დაკონსერვდა, თუმცა კულუარული ცნობით, «ნაციონალური» ხელისუფლებიდან დიმა შაშკინი თითქმის ერთადერთია, ვისაც მაღალი რანგის უცხოელები ელაპარაკებიან. ისე, ისიც აღსანიშნავია, რომ შაშკინს არც თავისი წარმომავლობა დაუმალავს და არც - გვარის შეცვლა უცდია...
ახლა, რაც შეეხება დაპირებულ ექსკლუზივს, რომელიც ქართველ «ნაციონალებთან» დაახლოებულ მილიონერთა ევროტურს ეხება. მოკლედ, როგორც «ქართულ სიტყვას» უამებს, სასტუმროების ქსელ «კოპალას» მფლებელის სიძემ, ბუბამ და მისმა მეგობრებმა საფრანგეთში გასეირნება გადაწყვიტეს. ცხადია, ჩანაფიქრი რეალობად აქციეს და ნიცაში გაფრინდნენ, სადაც, როგორც წყარო ამბობს, თავს მხოლოდ კაზინოებში სიარულით იქცევდნენ. ქართველი ბობოლები ევრომოგზაურობაში ფულს, ბუნებრივია, ჩემოდნით არ წაიღებდნენ, მაგრამ როგორც წყარო ამბობს, ძვირადღირებული სასტუმროს ფეშენ-ნომერში ფული სულ ტომრებით ჰქონიათ. ახლა, ეს შესაძლოა, გადამეტებული ნათქვამია და «ტომრები» ფულით კი არა,
“ფიშკებით” იყო სავსე, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ ერთ მშვენიერ, უფრო სწორად, არამშვენიერ დღეს ჩვენი ბობოლები პირწმინდად «გაუსუფთავებიათ», ანუ გაუქურდავთ. «როგორც ჩანს, მათზე შური ქართველმა ემიგრანტებმა იძიესო», - ეჭვობს წყარო...
წყაროს თქმითვე, ამ ინციდენტის შესახებ ფრანგულ პრესაში წერილი დაიბეჭდა. ქართველი მილიონერები სასტუმროში დააძინეს», - ასე რქმევია ფრანგი ჟურნალისტების წერილს, სადაც რიტორიკული კითხვა ყოფილა დასმული: ვინ არიან ესენი - კორუფციული განვითარებადი ქვეყნიდან თუ ქვეყნიდან, სადაც დემოკრატიული რევოლუცია მოხდაო.