პირველკურსელებს ჯერ კიდევ დაუზუსტებელი გადასახადის გადახდას სთხოვენ

პირველკურსელებს ჯერ კიდევ დაუზუსტებელი გადასახადის გადახდას სთხოვენ


წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდები 21 ივლისს დასრულდა, მისი საბოლოო შედეგები აგვისტოს ბოლოსთვის იყო ცნობილი, თუმცა ვის როგორი (100, 70, 50 თუ 30 პროცენტიანი) დაფინანსება ერგო, ეს ამ დრომდე უცნობია. შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში წელს ჩარიცხულებმა არ იციან, რა ტიპის დაფინანსებას გამოჰკრეს ხელი. 

გამოცდების ეროვნული ცენტრიდან "რეზონანსს" უცხადებენ, საგრანტო სიების გამოქვეყნება სულაც არ ჭიანურდება, პირიქით, ყველაფერი სიზუსტის დაცვით მიდის. საგრანტო სიები, იმავე ცენტრის ცნობით, ორშაბათს, 19 სექტემბერს იქნება ცნობილი.

საგრანტო სიებმა რომ დაიგვინეს, ამის შესახებ "რეზონანსს" თავად ახალჩარიცხულმა სტუდენტებმა აცნობეს. ისინი ძირითადად კერძო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული პირველკურსელები არიან. მათი თქმით, ჩაირიცხნენ, მაგრამ არ იციან როგორი დაფინანსება მოიპოვეს. სასწავლებელი კი სასწავლო წლის დაწყებამდე თანხის ნაწილის გადახდას ითხოვს. ხოლო რადგან დაფინანსების სახეობა სტუდენტისთვის უცნობია, ის ვერ საზღვრავს თანხის რა ნაწილი უნდა გადაიხადოს.

წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდები 21 ივლისს დამთავრდა. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაცია პირველადი ჩარიცხვების შესახებ 24 აგვისტოს გამოაქვეყნა. 

26 აგვისტოს ცენტრმა საიტზე გამოცდების შედეგები დადო. 29-ში კი გამოაქვეყნა იმ აბიტურიენტთა სია, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე; ასევე იმ აბიტურიენტთა სია, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და იმ აბიტურიენტთა სია, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

კიდევ გამოქვეყნდა ე.წ. ნედლი და შესაბამისი სკალირებული ქულების ცხრილი საგამოცდო საგნების მიხედვით და დარჩენილი ადგილების რაოდენობა აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველივე ამის შემდეგ იმასაც იტყობინებოდა, რომ პირველადი ჩარიცხვების შემდეგ დარჩენილი ადგილების ჩამონათვალი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება 31 აგვისტომდე. საგრანტო სია, ვინ რა ტიპის დაფინანსება მიიღო, არ ყოფილა.

ახალჩარიცხულ სტუდენტებს, როგორც თავად ამბობენ, გამოცდების ეროვნული ცეტრის "ცხელი ხაზიდან" ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საგრანტო სია საიტზე 9 სექტემბერს დაიდებოდა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო წელი ზოგან დღეს დაიწყო, ზოგან კი ორშაბათს იწყება, აღნიშნული სია დღემდე არ ჩანს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ საგრანტო სიების შემუშავება დიდი დაკვირვებითა და სიზუსტით მიმდინარეობს. როგორც აქ განგვიცხადეს, ყველაფერი იმ წესების დაცვით ხდება, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების 7 - წლიანი ისტორიის განმავლობაში არსებობს. საგრანტო სიების გამოქვეყნება კი, როგორც ცენტრის პრესსამსახურიდან აცხადებენ, არ მომხდარა და ის ორშაბათს გამოქვეყნდება.

ცნობისათვის, შარშან გამოცდების შედეგები ზოგადი უნარების ტესტების გამოცხადებით დაიწყო და 10 აგვისტომდე გაგრძლედა. შემდეგ დაიწყო სააპელაციო პროცესი. 5 დღის განმვალობაში შეეძლოთ აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადის შეტანა შესაბამის პუნქტებში. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე აგვისტოს ბოლოს იყო გამოცხადებული. დაახლოებით ასევე იყო წინა წლებშიც - მიმდინარე წლისგან განსხვავებით, სექტემბრის დასაწყისში ახალჩარიცხულმა სტუდენტებმა იცოდნენ, რა ტიპის გრანტი მოიპოვეს.