თიკო ოსმანოვა "რეზონანსი"
სოციალური ქსელებით მორიგი საპროტესტო აქცია იგეგემება. ამჯერად პროტესტის ადრესატი შესაძლოა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გახდეს, რომელიც დაახლოებით თვენახევარში ეწვევა საქართველოს დედაქალაქს.
საფრანგეთმა ვერ უზრუნველყო რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება; იმის ნაცვლად, რომ რუსეთი იძულებული გაეხადა შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეესრულებინა, მას უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვერტმფრენმზიდი "მისტრალი" მიჰყიდა; ამას გარდა, სარკოზი საქართველოს მოუწოდებს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტს მოაწეროს ხელი - ეს ის მიზეზებია, რომლის გამოც სოციალურ ქსელში სარკოზის საწინააღმდეგო აქციის ჩატარების იდეა გაჩნდა.
ამ იდეას ექსპერტთა ნაწილის მხრიდან უკვე მოჰყვა უკმაყოფილება, რადგან მიაჩნიათ, რომ მსგავსი შინარსის აქციები საქართველოში არ უნდა იმართებოდეს. ნაწილი კი თვლის, რომ ქართული საზოგადოების მხრიდან ეს ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა მიაჩნიათ, რომ სხვა აქციების მსგავსად ეს აქციაც უშედეგო და უპერსპექტივო იქნება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ოქტომბრის დასაწყისში ეწვევა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მამუკა კუდავას განცხადებით, ვიზიტის ზუსტი თარიღი და განსახილველი თემები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველო შეხვედრაზე მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების შეუსრულებლობისა და ევროკავშირთან დაახლოების საკითხებს დააყენებს.
კუდავა ამბობს, რომ სარკოზის აღნიშნული ვიზიტი ერთ-ერთი გამორჩეული იქნება. ქართველ ექსპერტებს კი ამაში ეჭვი ეპარებათ, ამბობენ, რომ ამ ვიზიტით პრობლემური საკითხების გადაჭრა არც აქციებით მოხდება და არც ამ ვიზიტით შეიცვლება რამე.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, ის, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებობს პროტესტი სარკოზის მიმართ ბუნებრივია, თუმცა აღნიშნული აქციის შედეგიანობაში ეჭვი ეპარება.
"ის, რომ საზოგადოებას აქვს სარკოზის მიმართ პროტესტი, ბუნებრივია, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, სარკოზიმ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულება შესრულებულიყო. შემდეგ "მისტრალი" მიჰყიდა. ეს ბუნებრივია იწვევს პროტესტს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამით ეს ვიზიტი არ ჩაიშლება.
"სარკოზს შეიძლება ჰყავდეს არაკეთილისმსურველები, თუმცა მიმაჩნია, რომ ისინი ქუჩაში არ გამოვლენ. თანაც ვფიქრობ, მათი რიცხვი არც ისე დიდია, რადგან ქართული საზოგადოებისთვის საგარეო პოლიტიკა დიდ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ქართულ საზოგადოებას ძირითად საგარეო პოლიტიკაში აინტერესებდა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, როდესაც ამ ორმა პრობლემამ თავისი აქტუალობა დაკარგა, მოსახლეობაც სხვა თემებზე გადაერთო, ახლა უფრო სოციალური პრობლემებით არის დაკავებული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ცინცაძე.
მისგან განსხვევებით, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ქართული საზოგადოების პროტესტი სარკოზის მისამართით უმადურობაა და მიაჩნია, რომ მსგავსი პროტესტი შესაძლოა მხოლოდ პრორუსულ ძალებში არსებობდეს, ან კიდევ შესაძლოა აღნიშნული აქციის მოწყობის გეგმა თვითონ საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნოდეს.
"გინდათ თქვათ, რომ სარკოზს ჯობდა ფეხი მოსტეხოდა და 2008 წლის აგვისტოში არ ჩამოსულიყო?! უკაცრავად, მაგრამ აუტკივარი თავის ატკივების მსგავსად მიმაჩნია ასეთი აქცია, თუ არ იქნება ძალიან კონკრეტული მოტივაცია წინასწარ ცნობილი პროტესტის მიზეზი. მგონია, რომ მან სიკეთე გააკეთა, შექმნა დოკუმენტი, რომელზეც დღემდე ვაპელირებთ.
"რაც შეეხება "მისტრალს", ეს მხოლოდ სარკოზის პასუხისმგებლობა არ გახლავთ. არავის არ აქვს ილუზია იმისა, რომ სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვეაში მაინც და მაინც "მისტრალი" დასჭირდება რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც "მისტრალი" არ ჰქონდა რუსეთს, დღენახევარზე მეტი რომ ვერ ვიბრძოლეთ ესეც სარკოზის ბრალია?! ამიტომ როდესაც არის პროტესტის სურვილი, ეს ძალიან კარგად არის გასაცნობიერებელი - ხომ არ აკეთებს ამას თავად დღევანდელი ხელისუფლება, რომ ევროპას დაანახოს - ნახეთ რა უმადურების ხელში ვარ და მე რომ არა, აქ დასავლეთის ჭაჭანი არ იქნებაო?
"ვფიქრობ, მსგავსი პროტესტი შესაძლოა არსებობდეს პრორუსულ ძალებში, რომლებიც თვლიან, რომ უხეშად ჩაერია სარკოზი მათ საქმეში, რის გამოც რუსეთს დღემდე უხერხულობა ექმნება საერთაშორისო ასპარეზე; ასევე იმ ძალებში, რომელიც ცდილობს საქართველოს მოსახლეობის და ოპოზიციური მოძრაობების დისკრედიტაციას.
"ვნახოთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. თუმცა, თუ სოციალური ქსელი გახდა მთავარი ინიციატორი სხვადასხვა თარიღების აქციებისა, არის საფრთხე, რომ ის დაემსგავსოს არც თუ წარმატებულ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას.
"ამიტომ ჯერ საჯაროდ უნდა მიეცეთ საშუალება კამათის ამა თუ იმ თემაზე და მერე უნდა დაიბადოს იდეა საპროტეტსო აქციის და არა პირიქით", - გვითხრა ცისკარიშვილმა.
910
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85