"ეროვნული ფორუმის" მიერ 27 სექტემბერს დაანონსებულ "ქართველთა მარშს" ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი არ უერთდება, ხოლო ნაწილი კი ფიქრობს და დამატებითი დეტალების დასადგენად "ფორუმთან" კონსულტაციებს გამართავს. მაგალითად, "ლეიბორისტები" კატეგორიულად მიუღებლად თვლიან იმ პროცესებში ჩართვას, რომელიც "ამერიკის საელჩოდან იმართება". რაც შეეხევა "ექვსიანის" შემადგენლობაში მყოფი პარტიების პოზიციას, ისინი ამ თემაზე შიდა თათბირის ჩატარებას გეგმავენ.
მთავარ კითხვას - რა შედეგი ექნება ამ აქციას და რა შეიცვლება, პასუხი 27 სექტემბერს გაეცემა, თუმცა, წინასწარვე სკეპტიკურად არიან განწყობილი პოლიტოლოგები. ისინი ამბობენ, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი აქცია, რომელიც არაფერს არც აკლებს და არც მოამატებს ოპოზიციას, რადგან დღემდე არ მომხდარა ტაქტიკისა და სტრატეგიის კრიტიკული ანალიზი.
"ეროვნულმა ფორუმმა" ორშაბათს 27 სექტემბერს თბილისში "ქართველთა მარშის" მოწყობის თაობაზე ინიციატივა გაახმოვანა. როგორც "ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, "მარში" ეროვნული მოძრაობის მეორე ეტაპის დასაწყისი უნდა გახდეს და ხალხმა ხელისუფლების წინააღმდეგ საკუთარი მრისხანება უნდა დააფიქსიროს.ამ ეტაპზე "ფორუმმა" მხოლოდ ინიციატივა წამოაყენა, თუმცა, ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებრივ მოძრაობებსა და არასამთავრობო სექტორს სურვილის შემთხვევაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. რაც შეეხება კონკრეტულ საათსა და მარშრუტს, ამაზე განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება.
"ფორუმის" ინიციატივას პოლიტიკური პარტიების ნაწილი არ უერთდება, რადგან ამ დღეს საკუთარი გეგმები აქვთ. "თავისუფალი დემოკრატების" პრესსპიკერი ვაკო ავალიანი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მათმა პარტიამ ამ დღეს არაერთი ღონისძიება დაგეგმა, თუმცა, "ფორუმის" წამოწყებას მიესალმებიან.
"ალბათ, "ექვსიანის" ფორმატში უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა და ამ საკითხზე გადაწყვეტილებასაც მივიღებთ", - ამბობს ავალიანი.
"კონსერვატორების" ლიდერი ზვიად ძიძიგური ასევე ამბობს, რომ "ექვსიანი" აპირებს შეხვედრას და ერთობლივ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
"რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამას უკვე ოთხშაბათს გავახმაურებთ", - ამბობს ძიძიგური.
პარლამენტის ვიცე სპიკერი, "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ აქციის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი იფნორმაცია დასჭირდებათ, თუმცა, მონაწილეობის მიღებაში პრობლემას ვერ ხედავენ.
"საჭიროა ზუსტად დავადგინოთ მიზნები, როგორ განხორციელდება ტექნიკური მხარე, შემდეგ გადავწყვეტთ, მონაწილეობა მივიღოთ თუ არა. თუმცა, ამ ეტაპზე პრობლემას ვერ ვხედავ მონაწილეობაში", - ამბობს ვეფხვაძე. კატეგორიულობით გამოირჩევიან "ლეიბორისტები". გიორგი გუგავას თქმით, იმ ძალების მიმართ, რომლებიც აშშ-ს საელჩოს მეშვეობით იმართებიან და ასრულებენ მათ დირექტივებს, ნდობა არ აქვთ.
ამასთან, გუგავა ამბობს, რომ ის პარტიები, რომლებიც მათ მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტზე მათ ინიცირებულ დოკუმენტს ხელს არ აწერენ, არათუ ერთობლივ აქციაზე, არამედ ერთ აუდიტორიაში გამოსვლაზეც ნუ იოცნებებენ.
"ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან იმ პროცესების მიმართ, რომელიც პროვოცირებულია და დაფინანსებულია აშშ-ს საელჩოს მხრიდან, დიდი ხანია, ნდობა დავკარგეთ", - ამბობს გუგავა.
"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ის, რაც ახლა "ფორუმმა" გააჟღერა, უკვე დიდი ხანია, "სახალხო კრების" მიერ იქნა გაჟღერებული.
"იმის მიუხედავად, რომ ეს იდეა ჩვენ უფრო ადრე გავაჟღერეთ, არავითარი პრეტენზია არ გვაქვს, რადგან ვიქნებით იქ, სადაც ხალხი იქნება. ჩვენი მიზანი ამ რეჟიმის მოშორებაა და ვინც ამ კუთხით ნაბიჯებს გადადგამს, მხოლოდ მივესალმებით. თუ ამ აქციაზე ხალხი გამოვა, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით", - ამბობს გაფრინდაშვილი.
"ახლებს" კი 27 სექტემბერს თავიანთი "მოკრძალებული გეგმები" აქვთ. მამუკა კაციტაძის თქმით, დაგეგმილ თუ მომზადებულ აქციებში მექანიკურ ჩართვას არ აპირებენ, რომ ორგანიზატორებს დისკომფორტი არ შეუქმნან.
"არა მგონია, რომ ამ ტიპის ღონისძიებები საყოველთაო უნდა იყოს. ძალიან კარგია, რომ "ფორუმი" თავის მხარდამჭერებთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს, ანალოგიურად სხვებსაც შეუძლიათ მოიქცნენ. "ფორუმის" განცხადება მე მოწოდებად არ აღმიქვამს, ამიტომ ამ თემაზე მსჯელობა პარტიის შიგნით არ ყოფილა და ჩვენი გრაფიკით ვაპირებთ პოლიტიკურ ცხოვრებას", - ამბობს კაციტაძე.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ეს აქცია შეიძლება განვიხილოთ საშემოდგომო აქციების სეზონის დასაწყისად, თუმცა, მთავარი ის კი არ არის, რა იწყება და რა მთავრდება, არამედ რა შედეგი ექნება.
"მთავარია, რა რეზულტატი ექნება ამ აქციას, რა შეიცვლება და რა ეფექტს მივიღებთ. შეიძლება შეიკრიბოს 4-5 ათასი ადამიანი, მაგრამ რას შეცვლის? თუ არაფერი შეიცვლება და ოპოზიცია იწყებს ახალი, თუმცა, ძველი ეფექტის მქონე აქციას, მაშინ ეს არასოლიდურია.
"იგივე გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ ავტორიტეტი დაკარგა, ხალხი აღარ ენდობა ოპოზიციას და მეორეს მხრივ, ამ ელექტორატს, რომელსაც აღარ სჯერა ოპოზიციის, მოუწოდებს, ქუჩაში გამოვიდნენ. ეს ხომ ალოგიკური და არაადეკვატურია?", - აცხადებს ცინცაძე.
მისი თქმით, აღნიშნული აქციიდან არ ელის რაიმე ეფექტსა და შედეგს. ეს იქნება ჩვეულებრივი აქცია, რომელიც არაფერს არც აკლებს და არც მოამატებს ოპოზიციას. პოლიტოლოგის თქმით, რეზულტატის მისაღწევად ოპოზიციამ უნდა აიღოს ტაიმ-აუტი და შემდეგ კაბინეტური მუშაობა ჩაატაროს.
"ქუჩაში აქტიურობა ნაკლებად აქტუალურია. უნდა მოხდეს ღირებულებების გადაფასება, რომელიც გულისხმობს ტაქტიკისა და სტრატეგიის კრიტიკულ ანალიზს. განიხილონ რა შეცდომები დაუშვეს და ალტერნატიულ ვარიანტებზე იმუშაონ. თუკი განვიხილავთ ოპოზიციის ქმედებებს თუნდაც 2004 წლის შემდეგ, დავინახავთ რომ არც სტრატეგიაში და არც ტაქტიკაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. აქტივში ისევ ქუჩის აქციები და ერთ ტელეარხზე აქტიურობაა. აქტივში ითვლიან იმას, რამდენჯერ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია დათო აქუბარდიას ეკრანიდან. ამიტომაცაა, რომ ხელისუფლება აკადემიური სიმშვიდით უყურებს ხოლმე ამ აქციებს", - ამბობს ცინცაძე.