ანაკლიაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაპიარებულ ტრეინინგ-ცენტრს საქართველო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა ააშენებს. ამ კომპანიას, ასევე, 40 ტურისტულ რაიონში საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობა დაავალეს. აღნიშნული პროექტები აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტებით დაფინანსდება. ტრეინინგ-ცენტრის მშენებლობა, დაახლოებით, 15 მილიონი ლარი დაჯდება, ხოლო საზოგადოებრივი ტუალეტებისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ბუნებრივია, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, როდესაც საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემები მოუწესრიგებელია, არ არსებობს გამწმენდი ფილტრები, (ე.წ. კოლექტორები) და ფეკალური მასები პირდაპირ ჩაედინება ზღვასა და მდინარეებში, რამდენად გამართლებულია, კომპანიის მიერ ასეთი მასშტაბური ტრეინინგ-ცენტრისთვის ფულის ხარჯვა.
კომპანიის დირექტორის ირაკლი კვაშილავას განცხადებით, კომპანიას ტრეინინგ-ცენტრი საკუთარი თანამშრომლების გადასამზადებლად სჭირდება, თუმცა, შესაძლოა, იგი სხვა კომპანიებმაც დაიქირავონ. ანაკლიის ტრეინინგ-ცენტრზე საუბრისას კი მთავრობაში განმარტავენ, რომ იქ პატრიოტული ბანაკის მონაწილეები დასვენებასთან ერთად ზოგად განათლებასაც მიიღებდნენ, მაშინ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები არავის უხსენებია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრეინინგ-ცენტრის მშენებლობაზე 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
კვაშილავას განცხადებით, ასევე საზოგადოებრივი ტუალეტები მოეწყობა საქართველოს 40 საკურორტო რაიონში. საპილოტე ტუალეტები უკვე ფუნქციობს ქუთაისში. "საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობის პროექტი უკვე ამოქმედებულია. ქუთაისში გავაკეთეთ 4 ტუალეტი და მომავალი წლისთვის მსგავსი ტუალეტები საქართველოს ყველა საკურორტო ქალაქს ექნება. სავარაუდოდ, მისით სარგებლობა ფასიანი იქნება, თუმცა გადასახადს მინიმუმამდე შევამცირებთ. ტუალეტები იქნება კეთილმოწყობილი და რაც მთავარია, უნარშეზღუდულ ადამიანებზე ადაპტირებული. იქ იქნება სპეციალური შესასვლელი ინვალიდის ეტლში მჯდომი ადამიანებისთვის", - განაცხადა ირაკლი კვაშილავამ.
მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელებისთვის, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. კვაშილავა, კომპანიის მიერ ტუალეტების მშენებლობას იმით ხსნის, რომ მათი არსებობა ჰიგიენას უკავშირდება და კომპანიის ერთ-ერთი პრეროგატივა ჰიგიენაზე ზრუნვაცაა.
თუმცა ჰიგიენის დაცვის მიზნით, კომპანიის მიერ აშენებული ტუალეტებიდან და საქართველოს თითქმის ყველა რაიონიდან ფეკალური მასები მდინარეებში ყოველგვარი გაწმენდის გარეშე ჩაედინება. ირაკლი კვაშილავას განცახდებით, საქართველოს მასშტაბით გამწმენდი ფილტრების დაყენების საკითხი მინიმუმ 5-6 წლის განმავლობაში არ დადგება, ვინაიდან ამისთვის ფინანსური სახსრები არ არსებობს.
გარემოს დამცველებმა კი არაერთხელ განაცხადეს, რომ გამწმენდი ფილტრების დაყენება წყლის კომპანიების პრიორიტეტთა ნუსხაში უნდა შედიოდეს, ვინაიდან მდინარეებსა და ზღვებში გაშვებული ფეკალური მასები ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ფილტრების არარსებობის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ საქართველოში ინფექციური დაავადებების მასშტაბები ყოველწლიურად მატულობს.
"მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოში არც ერთი მოქმედი გამწმენდი მოწყობილობა არ არსებობს. საკანალიზაციო წყალი პირდაპირ ჩაედინება ზღვასა და მდინარეებში. მისი თქმით, წლეულს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო აჭარაში, ძალიან ბევრი ადამიანი ზღვის კურორტებიდან ინფექციური დაავადებებით დაბრუნდა.
"ყოველწლიურად, გაფილტვრის გარეშე ბათუმში, ზღვაში, 20 მილიონი კუბური მეტრი საკანალიზაციო წყალი ჩაედინება. ამას ემატება ქობულეთის კანალიზაციიდან ჩამდინარე წყალი, რომელსაც თავის მხრივ ემატება გურია. ასეთივე მძიმე მდგომარეობაა საქართველოს ყველა რეგიონში. თუ საუბარია ტურიზმის განვითარებაზე და ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, ეს საკითხი პრიორიტეტი უნდა იყოს. მსოფლიო ბანკმა აჭარაში ამ პრობლემის გადასაჭრელად გარკვეული თანხა გამოყო, თუმცა რა გაკეთდა ვერ გეტყვით.
ვიცი ის, რომ აჭარაში გამწმენდი მოწყობილობები ჯერ კიდევ არ არსებობს. არადა, მდინარის წყლით ირწყვება სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, ადამიანები თევზაობენ, ბანაობენ და ეს სიბინძურე ისევ ჩვენ გვიბრუნდება. საქართველოში ინფექციური დაავადებების გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა", - ამბობს გია გაჩეჩილაძე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანია ჰიგიენის დაცვაზე კი ზრუნავს, მაგრამ ამ ეტაპზე პრიორიტეტი, პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკვეთაა ანაკლიაში, რა თქმა უნდა, ევროდონის ტრეინინგ-ცენტრი.
კვაშილავას თქმით, გამწმენდი ნაგებობების მოწყობილობა ძალიან ძვირი ჯდება და ამ ეტაპზე, კომპანიას ამ პროექტების განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს. ამ ეტაპზე პრიორიტეტი წყლის სისტემის მოწესრიგებაა. კვაშილავას ინფორმაციით, რამდენიმე რაიონში წყლის პრობლემა უკვე მოგვარდა. კერძოდ, წყლის პრობლემის გადაჭრაში იგულისხმება ის, რომ რეაბილიტირებულ რაიონებში წყალი მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს მიეწოდება, ისიც მკაცრი გრაფიკით.
კვაშილავა აღნიშნავს, რომ ამ საკითხის მოგვარება საკმაოდ შრომატევადია, რომელიც ძვირადღირებული სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს. ამიტომ, მისი თქმით, პრობლემა მოკლე პერიოდში ვერ მოგვარდება.
წყლის სისტემებისა და კანალიზაციის ქსელის მოწესრიგებისთვის 500 მილიონი შეღავათიანი კრედიტი გამოყო აზიის განვითარების ბანკმა, ასევე შეთანხმება შედგა ევროპის საინვესტიციო ბანკთან 40 მილიონი ევროს კრედიტის გამოყოფასთან დაკავშირებით, საიდანაც დაახლოებით 10 მილიონი ევრო უკვე დახარჯულია.