ამბასადორიალი თბილისში - საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი გამოწვევები

ამბასადორიალი თბილისში - საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი გამოწვევები

დღეიდან მომდევნო სამი დღის განმავლობაში - 12-14 სექტემბერს - თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შეხვედრა - ამბასადორიალი - გაიმართება, რომლის დროსაც ელჩები შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტთან გამართავენ. წელსაც, ტრადიციულად, ამბასადორიალის მთავარი მიზანი და სამსჯელო თემა საერთაშორისო დიპლომატიურ სარბიელზე საქართველოს მიზნები და მთავარი გამოწვევები იქნება. 12 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში თბილისს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვევიან.
საქართველო ჯერ არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ამ გამოწვევების შესაბამისი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობები ჰქონდეს, ამიტომ დიპლომატიურ სამსახურებს უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ...

ოთხი მთავარი მიმართულება, რომელთაც საქართველომ მომდევნო წელსაც არ უნდა გადაუხვიოს და საერთაშორისო პოლიტიკაში მათ განვითარებაზე აქტიურად იმუშაოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის თქმით, არის შემდეგი: საქართველოსთვის უსაფრთხო, მშვიდობიანი გარემოს შექმნა, როგორც ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების და ეკონომიკური აღმშენებლობის გაგრძელების გარანტია; დეოკუპაცია, რაშიც რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა იგულისხმება; დიპლომატიური მისიების ძალისხმევით ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია:

”წარმატებები გვაქვს, მაგრამ გვაქვს დიდი გამოწვევები და პრობლემებიც. საქართველო ჯერ არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ამ გამოწვევების შესაბამისი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობები ჰქონდეს, ამიტომ დიპლომატიურ სამსახურებს უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და საკუთარი თავდადება და პროფესიონალიზმია ის, რაც ამ გამოწვევების მასშტაბს უნდა დაუპირისპირონ”, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის 9-10 ნოემბერს დაგეგმილი ვიზიტის მთავარი მიზანი არის ადგილზე დარწმუნდნენ რამდენად შეესაბამება საქართველო დღეს ნატოს სტანდარტებს, როგორ მიმდინარეობს რეფორმები, როგორია სამხედრო ბიუჯეტი, მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში და ა.შ...

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილი კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ანდერს ფოგ რასმუსენის საქართველოში ვიზიტი უკვე მეტყველებს დასავლეთის განსაკუთრებულ ინტერესზე ქვეყნის მიმართ:

”ძალიან მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რაც მოიცავს როგორც გენერალური მდივნის, ასევე წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების სტუმრობას. ეს შეხვედრები იმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ სამიტამდე რამდნიმე თვით ადრე, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ქართული თემა გახდეს კიდევ უფრო აქტუალური. თავად ეს ვიზიტიც ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ალიანსი საქართველოსთან ურთიერთობებს, რადგან მსგავსი ვიზიტები არ არის ხშირი და ეს ნამდვილად არის პოლიტიკური მხარდაჭერის დეკლარაციაც.”

კიდევ ერთი ნაბიჯი ნატოსკენ - ასეთია ამ ვიზიტის შეფასება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თემურ იაკობაშვილისა, რომელიც ფიქრობს, რომ ნატოში ინტეგრაცია არ უნდა დარჩეს მხოლოდ პროცესად და ალიანსში გაერთიანებით უნდა დასრულდეს. თავად იაკობაშვილის დიპლომატიურ გეგმებში შედის საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელმოწერილი ქარტიის სრულფასოვნად განხორციელება:

”ეკონომიკური ურთიერთობების, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, კონკრეტული შედეგების მიღწევა უსაფრთხოების სფეროში და, ცხადია, საქართველოს პოპულარიზაცია ამერიკაში, რაც ადვილი საქმე არ არის, მაგრამ ამის მიღწევა შესაძლებელია.”

რაც შეეხება საქართველოს ზოგად მიზნებს საგარეო პოლიტიკაში:
წელს ძალზედ აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასოციირების შესახებ ხელშეკრულებაზე და ეს არის პოლიტიკური ურთიერთობების უმაღლესი დონე, რაც შეიძლება ევროკავშირმა შესთავაზოს არაწევრ სახელმწიფოს...

”ცხადია, საქართველო არ არის იმ ზომის ქვეყანა, რომ მას ჰქონდეს გრანდიოზული საგარეო პოლიტიკა სხვა ქვეყნების მიმართ, ამიტომ ჩვენ რაღაც თვალსაზრისით რეაგირება უნდა მოვახდინოთ იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში და ამასთან ერთად წინ წავწიოთ ჩვენი ინტერესები - ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, არაღიარების პოლიტიკა, საქართველოს დეოკუპაციაზე მუშაობა, ინვესტიციების მოზიდვა, ქართული პროდუქციის გატანის ხელშეწყობა, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება იმ ქვეყნებთან, რომლებიც დაგვრჩა და ა.შ.”

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის თაობაზე დიალოგის დაწყება - ეს იქნება საქართველოსთვის მომავალი წლის მთავარი გამოწვევა სხვა რამდენიმე არანაკლებ მნიშვნელოვან მიზანთან ერთად, - ამბობს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი:

”წელს ძალზედ აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასოციირების შესახებ ხელშეკრულებაზე და ეს არის პოლიტიკური ურთიერთობების უმაღლესი დონე, რაც შეიძლება ევროკავშირმა შესთავაზოს არაწევრ სახელმწიფოს. ანუ, ფაქტობრივად, საქართველო და ევროკავშირი სტრატეგიული მოკავშირეები ხდებიან. ამავე დროს, საქართველოს სავაჭრო კავშირები ევროკავშირთან ხდება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე ძირითადი შემადგენელი კომპონენტი. წლის ბოლომდე საქართველო დაიწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე, რაც საბოლოოდ გახსნის ევროპულ ბაზარს ქართული პროდუქციისათვის. ხოლო მომავალი წლისთვის ჩვენი მთავარი მიზანი არის უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგის დაწყება ევროკავშირთან.”

ომის შემდეგომ გააქტიურებულ საგარეო პოლიტიკაზე ლაპარაკობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის, სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში კოტე გაბაშვილი:

”სავიზო რეჟიმი შემსუბუქდა. ახლა ველოდებით, რომ მალე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. ცხადია, ეს არ იქნება ადვილი და არა მხოლოდ საქართველოს სტატუსის გამო, არამედ თვითონ ევროპასა და მთელ მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამოც და ყოველდღიური ჭიდაობა გვიწევს არა მხოლოდ ამ საკითხებზე, არამედ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად, იქნება ეს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა თუ სხვა. ამ მხრივ ქართული დიპლომატია ნამდვილად აქტიურია.”

ამბასადორიალზე საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ დაადასტურა ცნობა იმის შესახებაც, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც ეწვევა და ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სარკოზი-მედვედევის 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების შეუსრულებლობა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება იქნება.

ამბასადორიალის ფარგლებში კი მომდევნო სამი დღის განმავლობაში დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები საქართველოს სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელების ანგარიშებს მოისმენენ. 12 სექტემბერს ისინი უკვე შეხვდნენ კულტურის, სოფლის მეურნეობის, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის, ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე მთავარი პროკურორის მოადგილესა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლისგანაც მათ კონკრეტული ინსტრუქციები მოისმინეს.