მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის

მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის

"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე აცხადებს: "არ უნდა ამოვვარდეთ იმ სტრატეგიული ვადებიდან, რაც ნიშნავს შემოდგომაზე საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას - არჩევნებამდე ერთი წლით ადრე". მაგრამ საქმე ის არის, რომ საშემოდგომო სესიის დაწყების მიუხედავად, ხელისუფლებას საარჩევნო ცვლილებები არ გახსენებია.

ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე არანაირი კომენტარი არ კეთდება. სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელმა პავლე კუბლაშვილმა წინა კვირის დასასრულს მხოლოდ ის თქვა, რომ ხელისუფლება ამ საკითხს დღეიდან უნდა დაუბრუნდეს და დეტალები საზოგადოებისთვის დღეს შეიძლება გახდეს ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციასა და "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებით შედის. მოლაპარაკებების ფარგლებში შექმნილია სარედაქციო ჯგუფიც, რომელშიც ჯერ კიდევ ზაფხულში გამართულ ბოლო სხდომაზე ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კოდექსში ცვლილებების პროექტიც და საკონსტიტუციო ცვლილებაც პარლამენტში საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე უნდა ყოფილიყო ინიცირებული.პარლამენტის საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს გაიხსნა. თუმცა, ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობაში დაგეგმილ რეფორმაზე კონკრეტულს არაფერს ამბობენ.

გადაეგზავნა თუ არა ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას და, თუკი გაეგზავნა, ამ პროექტში რა სწერია, როგორ დარეგულირდება ის საკითხები, რაც ამ პროექტში ვერ მოხვდა, ამ საკითხებთან დაკავშირებით "მთელი კვირა" საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის წევრს, "ახლების" წარმომადგენელ მამუკა კაციტაძეს ესაუბრა.

მამუკა კაციტაძე: პირველ რიგში მინდა, გითხრათ, რომ აგვისტოს ბოლოს ვენეციის კომისიაში გაიგზავნა შეთანხმების ცხრა პუნქტის მომცველი წინადადებები და ფორმულირებები, რომელიც სარედაქციო ჯგუფმა 1 აგვისტოს შეაჯერა. იქ იყო გარკვეული კითხვები ცალკეულ ფორმულირებებთან დაკავშირებით, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს და პროცესში დეტალებში დავაზუსტებთ.

"მ.კ": რა საკითხებთან დაკავშირებით არის კითხვები?

მ.კ: პრინციპში, საკითხები მთლიანად არის შეჯერებული, მაგრამ იყო რამდენიმე კითხვა, რომელიც მომავალში დაზუსტდება. მაგრამ, ის, რომ აგვისტოს ბოლოს ვენეციის კომისიაში შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოყალიბებული ფორმულირებები გაიგზავნა, მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში რაღაც კითხვები გაჩნდა.

"მ.კ": ეს კითხვები განაპირობა იმან, რომ ხელისუფლების მხრიდან ვერაფრით ვერ მივიღეთ პასუხი, გაგზავნილი ჰქონდათ თუ არა პროექტი ვენეციის კომისიაში და, თუ გაიგზავნა, ამ პროექტში რა წერია.

მ.კ: გეთანხმებით, რომ საზოგადოებაში კითხვები ამის გამო გაჩნდა. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმულირების იყო ეს გაგზავნილი დოკუმენტი, ფართო საზოგადოებისთვის ამის მიწოდება გაჯანჯლდა იმიტომ, რომ ხელისუფლებას უკანასკნელ პერიოდში რაღაც განსაკუთრებული სიყვარული აღმოაჩნდა კალათბურთის მიმართ და ლიტვაში გამართულმა ევროპის ჩემპიონატმა დროში გაწელა და ლამის გადაიყოლა ეს პროცესი, მაგრამ, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, უკვე ჩამობრძანდნენ ის ადამიანები, ვინც ამ საქმეში არიან ჩართულნი და ამ კვირაში აუცილებლად შედგება სარედაქციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.

ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა გაიმართოს იმავე ფორმატით, რა ფორმატითაც გაიმართა ბოლო შეხვედრა. მხედველობაში მაქვს როგორც სარედაქციო ჯგუფის პოლიტიკური მდგენელი, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და, ბუნებრივია, რომ ამ შეხვედრაზე ჩვენ, ყველა ერთად ვნახავთ დოკუმენტს და იმ ზუსტ ფორმულირებებს, რომელიც ხელისუფლებამ გაგზავნა ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის.

"მ.კ": პირველად პროექტში არ უნდა შესულიყო სამი საკითხი, რომელიც საარჩევნო სიების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და მედიის მუშაობის მონიტორინგს ითვალისწინებს, არის თუ არა უკვე შეთანხმებული?

მ.კ: რაც შეეხება ამ სამ საკითხს, ჯერჯერობით ახალი არაფერი არ არის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ნამდვილად უნდა ავჩქარდეთ და ამ კვირაში უნდა შევძლოთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მივცეთ საბოლოო ფორმულირება კანონში შესატან ცვლილებებს. ანუ, კანონპროექტის სახე მივცეთ და ეს ნაწილიც აუცილებლად უნდა გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში, რათა დავაწიოთ იმ დოკუმენტს, რომელიც აგვისტოს ბოლოს იქნა გაგზავნილი.

"მ.კ": შეთანხმებისას ითქვა, რომ ეს საკითხები კანონმდებლობაში ოქტომბრის ბოლომდე აისახებოდა, რათა საარჩევნო პირობები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. ამ დაპირების შესრულება რამდენად რეალურია?

მ.კ: პირადად მე ვფიქრობ და ასეთია ჩვენი, "ახალი მემარჯვენეების" პოზიცია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უნდა იყოს აუცილებელი ცვლილებების მიღებისას. შეიძლება, სამართლებრივად არ არის ასე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პოლიტიკური თვალსაზრისით არის აუცილებელი იმისთვის, რომ პარლამენტში დაიწყოს განხილვის პროცესი.

ამით იმის თქმა მსურს, რომ არ მინდა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების დროს მოხდა, რომ, ფაქტობრივად, პარლამენტში განხილვები დამთავრდა და ვენეციის კომისიის მხრიდან დასკვნა არ ჩანდა და, როდესაც გამოჩნდა, თანაც საკმაოდ კრიტიკული, პარლამენტმა ეს ცვლილებები ამ შენიშვნების გათვალისწინების გარეშე ორ საათში მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამიტომაც ვენეციის კომისიის დასკვნა იგნორირებულად ჩაითვალა.

ამიტომ ასე რომ არ მოხდეს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებითაც, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ვენეციის კომისიის დასკვნას აუცილებლად უნდა დაელოდოს. იმედი მაქვს, ვენეციის კომისია მოასწრებს ამ საკითხის შესწავლას და სათანადო დასკვნას შემოაგებებს აქ მიმდინარე პროცესს და იმავე ვადებში, რაც ჩვენ თავიდანვე გვქონდა დათქმული, მოხერხდება ეს ყველაფერი. ანუ, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე და გარკვეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მოხდება ამ პაკეტის განხილვა და მიღება.

თუმცა, აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულ სიჩქარეს ითხოვს საარჩევნო სიების დამდგენი სპეციალური კომისიის ფორმირების საკითხი, რომელმაც მუშაობა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, რადგან ძალიან დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი.

უნდა მოხდეს ამ კომისიის ფორმირება, შემდეგ იმის განსაზღვრა, თუ რა აქვთ გასაკეთებელი და ამას რა მეთოდით გააკეთებენ. ასევე ჩასატარებელია სხვა სამუშაოებიც, რათა მოესწროს საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა სიის გაწმენდა-გასუფთავება და საბოლოო სახის მიცემა. გაწმენდა სწორედ ამ კომისიის მიერ და არავითარ შემთხვევაში სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ.

სხვა ორგანოებმა მხოლოდ უნდა აღასრულონ ის გადაწყვეტილება, ჩვენი შეთანხმების შესაბამისად, რასაც მიიღებს სიების დამდგენი კომისია.

"მ.კ": თუ არსებობს რაიმე წინასწარი მონახაზი, ეს კომისიები როგორ უნდა დაკომპლექტდეს?

მ.კ: ამაზე საუბარია შეთანხმებაში და სარედაქციო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზეც ეს საკითხები გარკვეულწილად განვიხილეთ. იგივე სიების დამდგენი კომისიის შემადგენლობა რაოდენობრივი თვალსაზრისით განისაზღვრა და ითქვა, რომ აქ უნდა იყოს თითო-თითო მესამედი ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დღევანდელი მონაცემებით ასეა, რომ შეთანხმებაში არის 7 ოპოზიციური პარტია, 8 - არასამთავრობო ორგანიზაცია და, შესაბამისად, 7 იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი. აქ შეიძლება პატარა მეტობაში აღმოჩნდნენ არასამთავრობოები, ამაზე ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ვთქვით, რომ 1 ადამიანი ნუ გახდება მსხვერპლი, ანუ ერთ-ერთ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ნუ ავუკრძალავთ ამ კომისიაში მონაწილეობის მიღებას.

ეს არის ჩვენი ხედვა. მაგრამ ეს უნდა გამყარდეს კანონით და სწორედ კანონმა უნდა დაარეგულიროს ამ კომისიის სტატუსი, უფლებამოსილება, ვალდებულება და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს კომისიამ ფუნქციონირება იმ სამართლებრივი სტატუსით, რაც კანონში გაიწერება.

ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, მაგრამ ამ თემაზე დასრულებულად, გადაწყვეტილად და, თუ შეიძლება ითქვას, დამშვიდებულად ვისაუბრებ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი უკვე კანონში აისახება. ეს კი უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს, რათა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე იცოდეს საზოგადოებამ, რა თამაშის წესებით მოუწევთ არჩევნებზე გასვლა.

"მ.კ": დანარჩენი ორი კომისიის ფორმირება როგორ მოხდება?

მ.კ: სიების დამდგენი კომისია ფუნქციონირებას, ფაქტობრივად, ნოემბრიდან იწყებს, რადგან მას ბევრი საქმე აქვს. რაც შეეხება მედიამონიტორინგის და უწყებათაშორის კომისიას, შეთანხმებაში წერია, რომ უწყებათაშორისი კომისია იქმნება და ფუნქციონირებას იწყებს 2012 წლის 1 ივლისიდან. ანუ, არჩევნების გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე. ხოლო მედიამონიტორინგის კომისია ფუნქციონირებას იწყებს არჩევნების გამოცხადების დღიდანვე.

ამასთან, ჩვენ არჩევნების გამოცხადების დღეზე რომ არ ვყოფილიყავით ჩამოკიდებულნი, რადგან ეს არის სააკაშვილის პრეროგატივა და ზუსტი თარიღი გაურკვეველია, ამიტომ ჩაიწერა 1 ივლისი და 1 აგვისტო.

ამიტომაც ეს კომისიები, რომელთა ფუნქციონირებაც გვიან შედის ძალაში, იმდენად ცაიტნოტურ მდგომარეობაში არ არიან. მე ამიტომაც გამოვყავი სიების დამდგენი კომისია.

ამ კომისიას საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე ექნება, რადგან, რა მეთოდს აირჩევს სიების დასადგენად, ეს კანონისა და კომისიის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ, "ახალი მემარჯვენეები" ვთვლით, რომ ეს უნდა იყოს მობილური ჯგუფების კარდაკარის მეშვეობით სიების დადგენა. ხოლო საქართველოს მასშტაბით "კარდაკარის" ჩატარებას ჯერ მომზადება და დატრენინგება სჭირდება, შემდეგ საველე სამუშაოების განხორციელება, შემდეგ ამის გარკვეული გადამოწმება, თუნდაც შერჩევითი პრინიციპით და ბოლოს ამ ყველაფრის საფუძველზე უნდა მოხდეს სიის ფორმირება იმისთვის, რომ ცესკომ და სამოქალაქო რეესტრმა აღსრულონ, როგორც გადაწყვეტილება.

"მ.კ": ადმინისტრაციული რესურის გამოყენებისთვის და მედიამონიტორინგის კომისიის შემადგენლობა როგორი იქნება?

მ.კ: უწყებათაშორისი კომისია ნიშნავს, რომ კომისიაში შედიან სახელმწიფოს ცალკეული უწყებების წარმომადგენლები. მაგრამ თავად ამ კომისიის მუშაობა არის განსაზღვრული დროში. ასევე კომისიების შეხვედრების ინტენსივობა და მისი მუშაობის გამჭვირვალობა და ღიააობა. მასში პოლიტიკური ოპოზიციის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დასწრების შესაძლებლობა და შემდეგ უკვე გადაწყვეტილების მიღების წესი.

ანუ, პრობლემის დაყენების და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა იქნება ღია. ამასთან, ჩვენ ასეთი იდეაც გვქონდა, რომ იქნება ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც პირდაპირ მოხდება ინფორმაციის მიწოდება იმ დარღვევებზე, რაც მოხდება ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების და არჩევნების შემდგომ პერიოდში.

რაც შეეხება მედიამონიტორინგს, ეს არ იქნება კომისია. ამას აცხადებს ცესკოს არჩევნებამდე ადრე ისე, რომ რეზულტატი პირველ აგვისტოს უკვე იყოს. შეირჩევა კონკრეტული საერთაშორისო ან უცხოური კომპანია, რომელიც, ისევე, როგორც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთი თვის განმავლობაში ახორციელებდა მონიტორინგს, ახლა უკვე ყველა ტელევიზიაზე ორი თვის განმავლობაში აწარმოებს მედიამონიტორინგს აუცილებელი შუალედური დასკვნების წარმოდგენით.

შემდეგ უკვე ამ ანგარიშებზე მოხდება რეაგირება სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან. იქნება ეს ქართული თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. ჩვენ, პოლიტიკურ ოპოზიციას და საზოგადოებას გვექნება ნათელი სურათი, თუ რა ხდება ელექტრონულ მედიაში საარჩევნო კამპანიის პროცესში. რაც, თავისთავად, ალბათ, იქონიებს გავლენას, ერთი მხრივ, საარჩევნო კამპანიაზე, მეორე მხრივ, უშუალოდ არჩევნების დღეზე და, მესამე მხრივ, იმ დასკვნებზე, რასაც აკეთებენ არჩევნების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები და რომელიც ერთგვარად საზღვრავს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს.

რამდენიმე დღის წინ მე მქონდა შეხვედრა არასამთავრობოებთან. შეგახსენებთ, რომ სარედაქციო ჯგუფის ბოლო შეხვედრამდე, ჩემი ინიციატივით შევხვდი ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რადგან ამ ორგანიზაციებმა გამოთქვეს საყვედური, თუ რატომ ჩატარდა სარედაქციო ჯგუფის შეხვედრა მათ გარეშე. კერძოდ, "საია"-ის, "სამართლიანი არჩევნების", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" წარმომადგენლებს და მე მათ დავპირდი, რომ შემდგომი შეხვედრა მათი მონაწილეობით გაიმართებოდა. მეორე მხრივ კი ვთხოვე, რომ რა კონკრეტული მოსაზრებები და წინადადებები ექნებათ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეთანხმებაშია ნათქვამი, იქნებ, მათ მოგვაწოდონ კონკრეტული ფორმულირებებით, რომ შემდეგ მათი გააზრება და მიღების შემთხვევაში ამის ლობირებაც შევძლოთ სარედაქციო ჯგუფში.

მათ ეს მიიღეს. რამდენიმე დღის წინ კი ისევ შევხვდი და მითხრეს, რომ 15 სექტემბრამდე კონკრეტულ ფორმულირებებს მოგვაწვდიან. ანუ, თუ 15 სექტემბრამდე ეს არასამთავრობოები კონკრეტულ წინადადებებს მოგვცემენ და სარედაქციო ჯგუფის მომდევნო სხდომა ამის შემდეგ გაიმართება, ალბათ, ჩვენ უკვე ამ წინადადებების განხილვისა და შეჯერების საშუალება გვექნება.

ჯერჯერობით კი არანაირი წინადადება არ გვაქვს. უახლოეს დღეებში კი, როგორც გითხარით, მათ წინადადებებს ველოდებით.