აღიარებული ჭეშმარიტება, რომ „შუბი ხალთაში დიდხანს არ დაიმალება," ამ დღეებში კიდევ ერთხელ დადასტურდა. ეს „შუბი" ჩვენთვის საქართველოზე "Wikileaks"-ით გავრცელებული საკმაოდ მრავლისმთქმელი ინფორმაცია აღმოჩნდა, რომელსაც დღეს ასე აქტიურად აშუქებს ჩვენი მედია და რომელზედაც კომენტარებს ერიდებიან პოლიტიკოსები როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან.
ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ დისკუსია იმაზე, თუ რამდენად კანონიერია და ზნეობრივი "Wikileaks"-ის მიერ ფარულად მოპოვებული აშშ-ის ოფიციალური დოკუმენტების გამომზეურება და ამით ისედაც მღელვარე მსოფლიოში მღელვარების ახალი ტალღების დამატება.
"Wikileaks"-ის მასალებს საქართველოში ერთი რამ ალბათ მაინც შეუძლია გააკეთოს - გამოაფხიზლოს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი. საუბარია სწორედ საზოგადოებაზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე და თუ რატომ, ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი.
"Wikileaks"-ის მასალებმა დაადასტურა ის, რაზედაც საზოგადოებაში და საექსპერტო წრეებში ერთეულების გარდა ხმამაღლა საუბარს ერიდებიან, ქვეყანაში შექმნილი კონიუნქტურის გამო. "Wikileaks" -ით ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო, რომ აშშ-ის ოფიციალურ პირთა საჯარო განცხადებები - რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას - მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სინამდვილეს.
აშშ-ს საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის "Wikileaks"-ით გავრცელებული მიმოწერიდან ირკვევა, რომ ამერიკელებმა, როგორც ჩანს, მყარად დადეს ფსონი მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდზე და ქვეყანაში ბოლო წლებში მომხდარი კატაკლიზმების მიუხედავად, აგრძელებენ მათ მხარდაჭერას.
"Wikileaks" -ის მასალები ადასტურებს იმასაც, რომ ამჟამინდელ ოპოზიციას აშშ-ის ადმინისტრაცია მიიჩნევს არაკონკურენტუნარიან, ხოლო მის მნიშვნელოვან ნაწილს - რუსეთზე ორიენტირებულ ძალად. ბუნებრივია, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა აშშ-ისთვის აღიქმება საქართველოში მისი სტრატეგიული ინტერესებისთვის რეალურ საფრთხედ.
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტი ლევან გაჩეჩილაძე გამხდარიყო, რომელსაც აშშ პრორუსულ და პრონაციონალისტურ ფიგურად მიიჩნევს, ხოლო ხელისუფლებაში წამყვანი თანამდებობები დაეკავებინათ მაშინდელი ეროვნული საბჭოს ლიდერებს.
დიდი ალბათობით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არ იქნებოდა ისეთი, როგორც არის ამჟამად. სავარაუდოდ, არ გაფორმდებოდა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, ქართული ჯარი, ალბათ, არ იქნებოდა ამ მასშტაბით წარმოდგენილი ავღანეთსა და ერაყში, არ იქნებოდა აგრესიული რეფორმები და ექსპერიმენტები სხვადასხვა სფეროში, რომლებიც ასე მოსწონთ ამერიკელებს და ამას არც მალავენ.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აშშ საქართველოს მართლაც უჭერს მხარს და დაუჭერს მომავალშიც, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ხელისუფლებაში მისთვის მისაღები პოლიტიკური გუნდი იქნება. სხვა შემთხვევაში, ვაშინგტონისთვის საქართველოს ისეთი ხარისხის მხარდაჭერა, როგორიც დღეს არის, უბრალოდ აზრს დაკარგავს, რადგანაც სხვა ორიენტაციისა და იდეოლოგიის ხელისუფლების პირობებში ამ მხარდაჭერას ამერიკისთვის სასურველი სტრატეგიული უკუგება არ ექნება.
სწორედ ამიტომ წარმოადგენს სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ვაშინგტონისთვის ასეთ უალტერნატივო გუნდს მოცემულ ეტაპზე. 2003 წლამდე ასეთ უალტერნატივო გუნდს წარმოადგენდნენ ედუარდ შევარდნაძე და მისი მოქალაქეთა კავშირი. შესაბამისად, დასავლეთი ლეგიტიმურად აცხადებდა მათ მიერ გაყალბებით მოგებულ არჩევნებსაც და სიტუაცია ამ კუთხით დიდად არც 2003 წლის შემდეგ შეცვლილა.
"WikiLeaks"-ის მასალები ადასტურებს, რომ აშშ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში ლოიალური ხელისუფლება შეინარჩუნოს და სააკაშვილის რეჟიმის გასაძლიერებლად მისთვის რეგიონალურ დონეზე მხარდაჭერის მობილიზებასაც კი ცდილობს.
"WikiLeaks"-ის თანახმად, ევრაზიისა და ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე, დენიელ ფრიდი, აზერბაიჯაინის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, ეუბნება, რომ რთულ სიტუაციაში რეგიონში მიხეილ სააკაშვილს "გულწრფელი მეგობრები" სჭირდება და ამ ფუნქციის აღებას აზერბაიჯანს სთხოვს.
აბსოლუტურად ზუსტია კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ლინკოლნ მიტჩელის შეფასება, როდესაც ამბობს, რომ ამერიკული დახმარება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის ლოიალობა იყიდოს, რასაც იგი წარმატებით აკეთებს კიდეც, განსაკუთრებით არჩევნების წინ.
იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი თუ არა უმთავრესი საყრდენი პოლიცია და უშიშროებაა, ამ სტრუქტურის გასაძლიერებლად დასავლეთიდან უშურველად მოდის სოლიდური ფულადი თუ მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, რომელიც, სპეციალისტების აზრით, ბევრად აღემატება 4- მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურების რეალურ საჭიროებებს.
მეტიც, "WikiLeaks"-ით ირკვევა, რომ თბილისში აშშ-ის საელჩო იმაზე გაცილებით დიდ როლს ასრულებს, ვიდრე ტრადიციული დიპლომატიური წარმომადგენლობა უცხო ქვეყანაში და საკმაოდ აქტიურადაა ჩართული შიდა პოლიტიკურ პროცესებში.
მაგალითად, "WikiLeaks"-ის მასალების მიხედვით, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი ვაშინგტონისთვის მიწერილ ტელეგრამაში "სამართლიანად და კანონიერად" მიიჩნევს ეთნიკური სომხების მიერ საქართველოში სომხური ენის რეგიონალურ ენად გამოცხადების მოთხოვნას. ბუნებრივია, ელჩს ეს საკითხი ოფიციალურ თბილისთანაც ექნებოდა განხილული და პარლამენტში, სადაც ეს თემა საერთოდ არც განიხილებოდა, უკვე დაწყებულია მუშაობა სათანადო კანონპროექტზე.
ოპონენტები ლოგიკურად წამოაყენებენ კონტრარგუმენტებს, რომ აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების, მათ შორის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისა და სხვების კრიტიკული შენიშვნები სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ საპირისპიროს მეტყველებს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. აშშ იმიტომ აკრიტიკებს სააკაშვილის ხელისუფლებას, იმიტომ ითხოვს მისგან ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას და ამისთვის მილიონებს გამოყოფს, რადგან კარგად ხედავს იმ საფრთხეს, რაც საქართველოში აშშ-ის ინტერესებს დაემუქრება, თუკი ავტორიტარული მმართველობა და ფასადური დემოკრატია დაშვებულზე მეტხანს გაგრძელდა.
საქართველოში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობები უკვე მოჩანს ექსპერტულ პუბლიკაციებში. საზოგადოების ნაწილში დასავლურ ღირებულებებზე გულაცრუებაც ასევე შესამჩნევი ხდება. თუ ქვეყანაში სიტუაცია სააკაშვილის ხელისუფლების კონტროლიდან გამოვიდა, რაც ავტორიტარული რეჟიმების პირობებში ადრე თუ გვიან ყოველთვის ხდება, ნაკლებად მოსალოდნელია, ხელისუფლებაში გამოხატულად პროამერიკული ძალა მოვიდეს, უფრო პირიქით. ეს კი ვაშინგტონისთვის ყველაზე არასასურველი სცენარი იქნება.
რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ საჯაროდ პოლიტიკოსებმა შინ თუ ქვეყნის გარეთ, რომ 21-ე საუკუნეში და გლობალიზაციის ეპოქაში გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა წარსულს ჰბარდება, რეალური სიტუაცია გვიჩვენებს, რომ სინამდვილეში ეს ბრძოლა მიმდინარეობს. ყველასთვის კარგად ცნობილი ამერიკელი გეოსტრატეგი ზბიგნევ ბრჟეზინსკი, რომლის მოსაზრებებსაც ითვალისწინებს აშშ-ის ყველა ადმინისტრაცია, თავის ერთ-ერთ ბოლო ნაშრომში აღნიშნავს, რომ "ახალი მსოფლიო წესრიგი აშშ-ის ჰეგემონიის ქვეშ იქმნება რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის ნამსხვრევებზე".
მისი აზრით, თუ რუსეთი უარს იტყვის დემოკრატიაზე, იქ იმძლავრებს იმპერიული ტრადიციები და რუსეთი ევრაზიის სივრცეზე მოინდომებს გავლენის დამყარებას, აშშ ამას პასიურად ვერ შეხედავს და "რუსეთის ეს იმპერიული ამბიციები იზოლირებულ უნდა იქნას". ამ გადმოსახედიდან სულ სხვა კუთხით შეიძლება შევაფასოთ 2008 წლის აგვისტოს ომიც, რომელიც საქართველოს წარმატების შემთხვევაში რუსეთს მომენტალურად გადააქცევდა ევრაზიის სივრცეში მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ, აქედან გამომდინარე შედეგებით.
ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან "გადატვირთვის" პოლიტიკის გამოცხადებით, უბრალოდ, ტაქტიკური "ტაიმ-აუტი" აიღო, თორემ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტალურ პრინციპებზე უარი არ უთქვამს. აშშ აქტიურად შემოდის ადრე რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარებულ ევრაზიულ სივრცეში. შესაბამისად, ევრაზიის სივრცეზე ნებისმიერი, თუნდაც ნაკლებად დემოკრატიული, მაგრამ ამერიკის სტრატეგიული ინტერესების თანმიმდევრულად გამტარებელ რეჟიმს აშშ-ისთვის ოქროს ფასი აქვს.
დასავლურ პრესაში სააკაშვილს ტყუილად როდი შეარქვეს "Washington's Golden Boy". თუმცა მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარეც. მართალია, აშშ თანმიმდევრულად იცავს იმ სახელმწიფოებსა და რეჟიმებს, რომლებშიც დაინტერსებულია გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური მოსაზრებებით, მაგრამ თუკი მათი შემდგომი დაცვა შეუძლებელი გახდა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ აშშ თავად გვევლინება ერთ დროს ფავორიტი რეჟიმების შეცვლის ინიციატორად, რათა ახალი ხელისუფლების პირობებშიც შეინარჩუნოს ადრე მიღებული პრეფერენციები.
ასე მოხდა საქართველოში, როდესაც დისკრედიტებული "მოქალაქეთა კავშირი" მისივე წიაღში გამოზრდილმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაანაცვლა. ამიტომაც დღეს ძალიან რთულია ცალსახა პასუხის გაცემა კითხვაზე: დაუჭერს თუ არა მხარს დასავლეთი და პირველ ყოვლისა აშშ მიხეილ სააკაშვილის დარჩენას ხელისუფლებაში საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ?
ოპოზიცია ირწმუნება, რომ დასავლეთის წრეები არ მიესალმებიან ხელისუფლებაში რაიმე ფორმით სააკაშვილის დარჩენას. თუმცა ეს მიდგომა შეიძლება გადაიხედოს იქიდან გამომდინარე, თუ რას მოიტანს რუსეთში 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და საერთოდ რა კონიუნქტურა შეიქმნება რეგიონში 2013 წლისთვის. ამოსავალი პრინციპი გახლავთ ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში შენარჩუნდეს გამოხატულად პროამერიკული ორიენტაციის გუნდი.
რამდენად მოხერხდება ეს სააკაშვილის ხელისუფლებიდან და შესაძლოა პოლიტიკიდან წასვლის პირობებში, საკამათო საკითხია. ფაქტია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც, შეიძლება ითქვას, "სააკაშვილით სუნთქავს", საკუთარი რიგებიდან მსგავსი ტიპის ძლიერი და ქარიზმატული ლიდერი ჯერჯერობით ვერ გამოკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ იმავე "WikiLeaks"-ის თანახმად, "მემკვიდრის" შერჩევის პროცესი ხელისუფლებაში უკვე დაწყებულია. ლოგიკურად მივდივართ კითხვამდე, თუ რას აკეთებს ამ სიტუაციაში ოპოზიცია და საპროტესტო ელექტორატი?
ოპოზიციისა და მისი ლიდერების შესახებ "WikiLeaks"-ით გამოქვეყნებული თუნდაც მწირი, მაგრამ საკმაოდ ნიშანდობლივი ინფორმაცია საზოგადოებაში კიდევ უფრო განამტკიცებდა აზრს, რომ ამჟამინდელ ოპოზიციის დიდ ნაწილს არაკომპეტენტურობის გარდა ვერცხლთმოყვარულობისკენ მიდრეკილებაც ახასიათებს. სხვა ცნობილი ფაქტებიც მეტყველებს, რომ ამისთვის ზოგი მათგანი ხელისუფლებასთან პირდაპირ გარიგებებსაც არ ერიდება.
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების უნიკალურობა და უცნაურობა იმაშიც გამოიხატება, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემის მქონე სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ჩვენთან ძნელია ცალსახად განსაზღვრა, ვინ არის ის რეალური ოპოზიცია, რომელიც რეალურად იბრძვის ხელისუფლების შესაცვლელად.
ოპოზიციური პარტიის მთავარი დანიშნულება და მიზანი ხომ სწორედ სახელისუფლებო პარტიის ჩანაცვლებაა... თუმცა საქართველოში უკვე გამოიკვეთა პარტიები, რომლებიც უკვე მერამდენე წელია, საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს ქრონიკული ოპოზიციის როლში. ამგვარი პარტიები პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ: ერთი ჯგუფი დიდად არც მალავს ხელისუფლებასთან ალიანსს და ამის კარგი მაგალითია ის რამდენიმე "ოპოზიციური" პარტია, რომლებმაც ამას წინათ "ნაციონალებს" საარჩევნო შეთანხმების დოკუმენტზე ხელი მოუწერეს, რითაც ფაქტობრივად დაეთანხმნენ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მინიმუმ კიდევ ერთი ვადით დარჩენას. ამ პარტიებმა, შეიძლება ითქვას, ნებაყოფლობით თქვეს უარი ხელისუფლებისთვის ბრძოლაზე "ნაციონალების" მიერ სავარაუდოდ შეპირებული რამდენიმე საპარლამენტო მანდატის სანაცვლოდ.
თუმცა არის მეორე კატეგორია, რომელიც საკუთარ თავს შეურიგებელ ოპოზიციას უწოდებს, ხელისუფლებას ჩამოგდებით ემუქრება, მაგრამ საეჭვოდ პასიურობს, როდესაც ხელისუფლების შეცვლის საკითხი დგება. "WikiLeaks"-ში ნახსენებია ლეიბორისტული პარტია, რომლის ელექტორატი, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, 7-10% ფარგლებში მერყეობს, რაც რეგისტრირებული 3, 5 მილიონი ამომრჩევლის პირობაზე სულ ცოტა 250,000 კაცს შეადგენს. საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ეს გახლავთ უზარმაზარი რესურსი, რომლის მობილიზებითა და გონივრული აქტიური ქმედებებით სავსებით შესაძლებელია ხელისუფლებაზე სერიოზული ზემოქმედება და საჭიროების შემთხვევაში რევოლუციის განხორციელებაც.
თუმცა "ლეიბორისტებს" არასოდეს გამოუყენებიათ ეს რესურსი და უკვე მერამდენე წელია, საკუთარ ოფისში გამართული პრესკონფერენციებით ებრძვიან ხელისუფლებას, რაც ამ უკანასკნელს დიდად აძლევს ხელს. დღეს საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება მეტნაკლებად გავლენიანი ოპოზიციური პარტია, რომელიც ღიად თუ ფარულად ხელისუფლების რომელიმე დაჯგუფებასთან საერთო ენის გამონახვას არ ცდილობდეს.
ლევან გაჩეჩილაძე უშუალოდ სააკაშვილთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და "WikiLeaks " მასალებს თუ დავუჯერებთ, 2009 წელს საპროტესტო აქციების ფონზე მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნაც კი განიხილებოდა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მოლაპარაკების ობიექტად უშიშროების საბჭოს გავლენიანი მდივანი გიგა ბოკერია აირჩია, რომლის უკანაც "თავისუფლების ინსტიტუტის" ძლიერი გუნდი მოიაზრება. "ახალი მემარჯვენეები" მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ხელისუფლების იმ გუნდთან, რომელსაც პავლე კუბლაშვილი წარმოადგენს. პოლიტიკური "ექვსიანი", რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის იბრძვის, ასევე ცდილობს მოილაპარაკოს ხელისუფლებასთან, არაერთგზის მიღებული უარყოფითი გამოცდილების მიუხედავად.
ასეთ სიტუაციაში, საპროტესტოდ განწყობილ საზოგადოების წიაღიდან ახალი საზოგადოებრივი მოძრაობებისა და საზოგადოებრივი ფიგურების კრისტალიზაცია სავსებით ბუნებრივი პროცესია. პოლიტიკურ ასპარეზზე მათი გამოსვლა, თუ მათივე განცხადებებით ვიმსჯელებთ, უკავშირდება პოლიტიკური პარტიების კონფორმიზმის მიუღებლობასა და არსებული ხელისუფლების უსწრაფესად შეცვლის ურყევ სურვილს.
სწორედ ამით აპირებენ ისინი საპროტესტო საზოგადოების მიმხრობას. ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვის წამოწევს საზოგადოება ლიდერებად, როგორ მიიღებს მათ ხალხი, რამდენად იქნებიან საზოგადოების წიაღიდან გამოსული ახალი სახეები მზად ბოლომდე უკომპრომისო ბრძოლისთვის და ხომ არ გაუყვებიან ცალკეულ პოლიტიკოსთა მიერ გაკვალულ გზას. პიროვნული ფაქტორი იმიტომაც არის ესოდენ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი და პოლიტიკური გემოვნება ძირითადად სწორედ პიროვნებებზეა ფოკუსირებული, რაც, ერთი მხრივ, სულაც არ არის ცუდი, თუკი გონივრულ ზღვრებს არ გასცდა.
როგორ ორგანიზაციულ ფორმებს მიიღებს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც დღეს მოუმწიფებელ ნაყოფს უფრო მოგვაგონებს, უახლოეს თვეებში უნდა გამოჩნდეს და აქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი... პირველეს ყოვლისა კი, ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ნიჰილიზმი და ასევე მზარდი ურთიერთგაუცხოება და დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებსა და ფენებს შორის.
ცნობილია, რომ ძალა სიმართლეშია და ძლიერია ის, ვინც მართალია, უფრო ზუსტად კი, თუ საზოგადოება მიიჩნევს, რომ მოცემულ მომენტში სიმართლე ამ კონკრეტული სუბიექტის მხარეესაა. საქართველოში ხელისუფლების რევოლუციის გზით ცვლილებები ყოველთვის არსებული ხელისუფლების დემორალიზაციით იწყებოდა. ოპოზიცია თავისი სიმართლის დამტკიცებით მოკლევადიან პერსპექტივაში ახდენდა საზოგადოების მობილიზებას, რითაც ხდებოდა პოტენციური გართულებების მინიმიზაცია. 2003 წლის "ვარდების რევოლუცია" ამის კლასიკური მაგალითი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველობის 7 წლის განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლებამ ბევრ ასპექტში თავად მოახდინა საკუთარი თავის დემორალიზაცია, მისმა მოწინააღმდეგეებმა ეს ვერანაირად ვერ გამოიყენეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ საზოგადოება ვერც ოპოზიციის მხარეს ხედავს მაღალი მორალისა და თავგანწირვის მაგალითებს. მისაღები ალტერნატივის არარსებობა კი ისევ "შეჩვეულ ჭირთან" შეგუების სინდრომს აღვივებს. ამას ემატება ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის დემორალიზების მიზნით აგორებული პროპაგანდა მის მიერვე კონტროლირებადი ტელეარხებით, სადაც ოპოზიციას ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალებაც არ გააჩნია. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების მოძიების არც სურვილი აქვს, არც საშუალება და ინფორმაციას, ძირითადად, "ნაციონალური" ტელეარხებიდან იღებს (კვლევების თანახმად, მოქალაქეთა 84%).
ამიტომაც ძალიან ადვილია, შეაჩეჩო მათ ის ინფორმაცია, რაც აიძულებს, გარკვეული შაბლონების მიხედვით იაზროვნოს და სიმართლედ მიიღოს ის, რაც სინამდვილეში სიმართლე არ არის. დღეს სწორი სოციალური პოზიციის დაკავებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეებს სწორედ მართალი ინფორმაციის ნაკლებობა უშლით ხელს.