აშშ-ის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი
11 სექტემბრის მომდევნო წლები აშშ-ში, ცივი ომის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე მძლავრი გაფართოებით აღინიშნა. ათწლეულის განმავლობაში ვაშინგტონმა დაახლოებით 7 ტრილიონი დოლარი დახარჯა თავდაცვის სამინისტროს, სადაზვერვო სტრუქტურებისა და ერაყსა და ავღანეთში საომარი მოქმედებების დასაფინანსებლად. ამასთან, თითქმის გაორმაგდა ცალკე აღებული სამხედრო უწყების ბიუჯეტი ბოლო ათი წლის განმავლობაში. ახალი უწყების - საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტისა და ეროვნული სადაზვერვო უწყების - შექმნა მნიშვნელობით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განხორციელებულ უდიდეს სამთავრობო რეორგანიზაციას გაუთანაბრდა.
როდესაც ამერიკის უმაღლეს საიდუმლოებებს აჯამებდა, „ვაშინგტონ პოსტმა“ დაადგინა, რომ 850 ათასი ადამიანი ფლობს უმაღლეს საიდუმლოებაზე დაშვების უფლებას, ხოლო უმაღლეს საიდუმლოებაზე მომუშავე სადაზვერვო უწყებებისათვის 11 სექტემბრის შემდეგ 33 შენობა აშენდა ვაშინგტონსა და მის შემოგარენში. „ისინი, ერთად აღებული, ფლობენ 17 მილიონი კვადრატული ფუტის მოცულობის ტერიტორიას, რაც სამი პენტაგონისა და 22 კაპიტოლიუმის ეკვივალენტურია“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.
ირანი
1990-იან წლებში, როდესაც ავღანეთში კონტროლის დამყარებისათვის იბრძოდა, უმრავლესობაში მყოფმა სუნიტმა თალიბებმა მასობრივად დახოცეს შიიტი ავღანელები და 10 ამერიკელი დიპლომატი, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთში იმყოფებოდნენ. ასე რომ, თეირანი გახარებული იყო, როდესაც 2001 წლის შემოდგომაზე ამერიკელებმა დაამხეს თალიბების ხელისუფლება. ისლამური რესპუბლიკის ლიდერები კიდევ უფრო გაახარა იმან, რომ ჰამიდ კარზაის ახალმა ხელისუფლებამ მთავრობაში მიიწვია ჩრდილოეთ ალიანსის წამყვანი წევრები, მათ შორის, სპარსულენოვანი ტაჯიკები, რომლებიც თალიბების წინააღმდეგ ხანგრძლივ ბრძოლაში დახმარებას ირანიდან იღებდნენ. 2003 წელს, როდესაც ამერიკის სამხედრო ძალები ერაყში შეიჭრნენ და სადამ ჰუსეინი დაამხეს, ირანის მთავრობას ასევე ჰქონდა მიზეზი, რომ გახარებული ყოფილიყო. სადამი, რომელმაც 1981 წელს ირან-ერაყის რვაწლიანი ომი წამოიწყო, ირანის უსასტიკეს მტრად ითვლებოდა. ბაათისტებისგან შემდგარი მთავრობა ერაყში შეცვალეს ერაყის შიიტური მოსახლეობის წამყვანმა წევრებმა, რომელთაგან ბევრი ირანში ცხოვრობდა და აშშ-ის სამხედრო ინტერვენციამდე ათწლეულების განმავლობაში იღებდა ირანისგან ფინანსურ დახმარებას.
კერძო უსაფრთხოების ფირმები
11 სექტემბრამდე თითებზე ჩამოსათვლელი იყო რაოდენობა უსაფრთხოების კერძო კომპანიებისა, რომელთა მუშაობა ყურადღებას არანაირად არ იქცევდა. მაგრამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მათი საქმიანობა გაფართოვდა და უსაფრთხოების კერძო ფირმები მულტიმილიარდიანი ბრუნვის მქონე ინდუსტრიად გადაიქცა. ამასთანავე, იზრდება შეშფოთება და ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად გონივრულია უსაფრთხოების კერძო ფირმებმა აიღონ ისეთი ფუნქციები, რომლებიც სამხედრო უწყების ქვემდებარეა. ერაყის საომარი კომპანიის დროს საყოველთაოდ ცნობილი გახდა ფირმა „ბლექვოტერის“ სახელი, როგორც სინონიმი იარაღთან დაკავშირებული უპასუხისმგებლობისა, რის გამოც აღნიშნული ფირმა იძულებული გახდა სახელიც კი შეეცვალა. დღეს მისი სახელია Xe. მომდევნო წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს გააორმაგოს კერძო უსაფრთხოების მოიჯარადრეების რაოდენობა (2 700-დან 5 500-მდე).
ვლადიმირ პუტინი
კაგებეს ყოფილი თანამშრომელი ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი გახდა მის მიერ ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ გამოცხადებული მეორე ომის დროს ჩრდილოეთ-კავკასიის მღელვარე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. 2001 წლის 11 სექტემბრამდე რუსეთს დასავლეთის ბევრი სახელმწიფო აკრიტიკებდა სეპარატისტებზე განხორციელებული იერიშების გამო, რომლის დროსაც მიმართავდნენ უწესრიგო საავიაციო და საარტილერიო დაბომბვას და უჩინარდებოდა დიდი რაოდენობა ჩეჩენი ახალგაზრდა მამაკაცებისა. მაშინ მხედველობაში ნაკლებად ღებულობდნენ ზოგიერთ ჩეჩენ სეპარატისტსა და ალ ყაიდას შორის არსებულ კავშირებს. მაგრამ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული ტერორისტული იერიშების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ ინფორმაციამ შეიძინა ყველაზე დიდი დატვირთვა, ვინაიდან კრემლი და თეთრი სახლი შეთანხმდნენ გაეცვალათ სადაზვერვო ინფორმაცია და ეთანამშრომლათ ავღანეთში. რუსეთის მიმართ ადამიანის უფლებების დარღევების გამო კრიტიკამ აშშ-ის მხრიდან დრამატულად იკლო. სხვა დიქტატორები პოსტსაბჭოთა კავშირიდან - განსაკუთრებით ავღანეთის ცენტრალურაზიელი მეზობლები - ასევე ხშირად ლაპარაკობდნენ ტერორისტულ საფრთხეზე, რათა სანაცვლოდ აშშ-ის დახმარება მიეღოთ.
ათეისტები
ცივი ომის განმავლობაში დასავლეთის კომუნისტი ოპონენტები ამაყობდნენ საკუთარი ათეიზმით, რომელმაც გარკვეულ პერიოდამდე გაართულა აღმსარებლობის ღიად გამოხატვა. მაგრამ 21-ე საუკუნეში ვითარება შეიცვალა. რელიგიურად მოტივირებულმა აგრესიამ, რომლის გამოხატულებაც გახლდათ 11 სექტემბერი, მძლავრი არგუმენტი მისცა მათ, ვინც რწმენის უარყოფას მომხმარებლურად ეკიდება. ფილოსოფოსმა დენიელ დენეტმა, ფიზიკოსმა სტივენ ჰოუკინგმა და ჟურნალისტმა კრისტოფერ ხითჩენსმა შეტევის აღწერისას წინა პლანზე წამოსწიეს მისი ორგანიზების რელიგიური განზომილება. ცნობილმა ათეისტმა რიჩარდ დოკინზმა კი ორ მილიონ ტირაჟად გაყიდა 2006 წელს გამოცემული წიგნი, სათაურით „ღმერთი - ილუზია“, ასეთი რამ კი ძნელად წარმოსადგენი იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე.
ათეისტების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება მიუხედავად იმისა, რომ ისლამი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ რელიგიად ითვლება, ხოლო ამერიკელთა უდიდესი უმრავლესობა ღვთის რწმენას ინარჩუნებს.
სამხედრო რობოტები
გასული საუკუნის ბოლოს აშშ-ის საავიაციო ინდუსტრიამ განავითარა დისტანციურად მართვადი უპილოტო მფრინავი აპარატები, რომლებიც განვითარებულ საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიებს იყენებდნენ დიდი მანძილით დაშორებულ და რთულად მისაწვდომ მიზანზე თვალყურის სადევნებლად. შემდეგ ვიღაცას გაუჩნდა იდეა, რომ უპილოტო თვითმფრინავზე რაკეტები განეთავსებინათ. ათი წლის თავზე სამხედრო რობოტების ინდუსტრიამ შეცვალა ომის წარმოების ტრადიციული სახე. ამერიკის სამხედრო ავიაცია საომარ ოპერაციებში უფრო მეტ უპილოტო ავიაციას იყენებს, ვიდრე პილოტების მიერ მართულს, რაც, როგორც ვარაუდობენ, მსოფლიო მასშტაბით ხელს შეუწყობს სამხედრო რობოტების წარმოების ზრდას.
თურქეთი
მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ თურქეთს მცირე პრობლემები ჰქონდა შინნაზარდი ისლამისტებისაგან, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომი პერიოდი პრობლემათა ზრდის ტენდენციით აღინიშნა. ზომიერი ისლამისტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს მოვიდა, მიუხედავად ისლამისტური ფესვებისა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავტორიტეტი მოიპოვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგად. ერდოანის მთავრობამ შეძლო შეენარჩუნებინა ნატოს წევრობა, ამერიკასთან ზოგიერთ საკითხში წინააღმდეგობის მიუხედავად, განსაკუთრებით, როდესაც 2003 წელს ამერიკის სამხედრო ძალებს დერეფანი არ მისცა ერაყში თურქეთის მხრიდან შესასვლელად. თურქეთმა განავითარა ასევე კავშირები ირანთან და სირიასთან, მაშინ როდესაც აძლიერებს კავშირებს ევროკავშირთან და რუსეთთან. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ პაკისტანის და საუდის არაბეთის მიერ ფუნქციების დაკარგვა დაეხმარა თურქეთს, სამართლიანად გაეძლიერებინა ქვეყნის, როგორც ისლამური სამყაროს ხერხემლის, იმიჯი.
"ვიკილიკსი"
საიდუმლოებების წინააღმდეგ მიმართულმა ვებსაიტმა ასობით ათასი დეპეშა მოიპოვა ერაყისა და ავღანეთის ომის შესახებ. "ვიკილიკსის" იმპრესარიო ჯულიან ასანჟი საკუთარ თავს ადარებს დანიელ ელსბერგს, რომელმაც პენტაგონის საიდუმლო მასალები გადასცა გაზეთებს და ამით ვითომცდა მარტომ შეუწყო ხელი ვიეტნამის ომის დამთავრებას.
ავღანური თოვლის ლეოპარდი
ოცდაათწლიან ომს ავღანეთში არავითარი სიკეთე არ მოუტანია ბუნებისათვის, რომელმაც გადაიტანა გვალვა, გაუტყეურება და რესურსების გაფლანგვა. მაგრამ ერთი ნათელი სხივი მაინც გამოჩნდა ამ წლის გაზაფხულზე, როდესაც ავღანეთის გარემოს დაცვის ნაციონალურმა უწყებამ საფრთხის ქვეშ მყოფი 33 სახეობის - მათ შორის, ავღანური თოვლის ლეოპრადის (პანტერა უნციას) - დაცვის კანონი დაამტკიცა. ბამიანაში შეიქმნა ეროვნული პარკი, რაც იმედს იძლევა, რომ ავღანეთის ბუნება, ბოლოს და ბოლოს, უკეთეს დროს ეღირსება.
წაგებულები
11 სექტემბერს დაღუპულთა ოჯახები
2001 წლის 11 სექტემბერს 2 823 ადამიანი დაიღუპა ტყუპ კოშკებში, პენტაგონში და მათზე დაჯახებულ თვითმფრინავებში. ერთმა საბედისწერო დღემ 1300 ბავშვი დააობლა. ათი წლის შემდეგ გამომძიებლებმა ნიუ იორკ სიტიში მხოლოდ 1 629 გვამის იდენტიფიცირება შეძლეს, რაც დაღუპულთა რაოდენობის მხოლოდ 60 პროცენტია. 11 სექტემბრის ტერაქტმა ათასობით ადამიანის ცხოვრებაში გააჩინა ნაპრალი, რომელსაც ვეღარაფერი ამოავსებს. 500 ჭირისუფალი 1 ტრილიონ დოლარს ედავება ბინ ლადენის კლანსა და საუდის არაბეთის ხელისუფლებას. ამ სარჩელის მიზანი ისაა, რომ მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ტერორისტული შეტევების დაფინანსება.
ალ-ყაიდა
ალ ყაიდამ მართლაც მიაღწია წარმატებას იმით, რომ დიდი დარტყმა მიაყენა საავიაციო იერიშით აშშ-ებს და მის ეკონომიკას. თუმცა ტერაქტების ორგანიზატორებმა და ოსამა ბინ ლადენმა ვერ განჭვრიტეს, თუ რას გაუხსნეს გზა. როგორც შედეგი, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ 11 სექტემბრის შემდეგ წამოწყებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო კამპანიამ მიუსაფრად აქცია ბინ ლადენი და გაუნადგურა სამხედრო ძალა ალ-ყაიდას, რომელმაც ვეღარ შეძლო ბალანსის აღდგენა. ოსამა ბინ ლადენი მკვდარია. 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორი ხალიდ შეიხ მოჰამედი აშშ-ის პატიმრობაში იმყოფება. ალ-ყაიდას მრავალი ლიდერი და მეთაური ან მოკლულია, ან დაპატიმრებული, ხოლო ტერორისტული ორგანიზაცია საკუთარი თავის აჩრდილსღა წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ იდეა, რამაც ალ-ყაიდა წარმოშვა, სამწუხაროდ, კვლავაც ცოცხალია.
პაკისტანი
წაგებულთა შორისაა პაკისტანი. პოლიტიკურმა და რელიგიურმა დაძაბულობამ, რაც 11 სექტემბრის ტერაქტს მოჰყვა, ყველაზე მეტად პაკისტანი დააზარალა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს 30 ათასი პაკისტანელი ემსხვერპლა - მათ შორის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბხუტტო, ასევე სხვა ცნობილი პოლიტიკოსი და კულტურის მოღვაწე. პაკისტანის უკონტროლო რაიონები თავშესაფრად იქცა ჯიჰადისტებისათვის, რომელთა სამხედრო ობიექტებზე ამერიკის უპილოტო ავიაციის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში გააძლიერა ანტიდასავლური განწყობა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში აშშ-ებმა მილიარდობით დოლარი დააბანდა პაკისტანის უსაფრთხოებაში, ამ ფულიდან უბრალო მოსახლეობას ბევრი არაფერი მიუღია, რადგან თანხები უშუალოდ პაკისტანის სამხედრო უწყებას გადაეცემოდა.
სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები
ტერაქტის შემდეგ წაგებულთა შორისა სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ომში 6 ათასი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, კიდევ 43 ათასმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მეორე მონაცემი შესაძლოა ერთი შეხედვით არ ჩანდეს ისეთი თავზარდამცემი, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრმა ვეტერანმა დაკარგა კიდურები და მიიღო ტვინის მძიმე ტრავმა, რაც მათ მოიერიშეების მიერ გზაზე დამონტაჟებული ბომბების აფეთქებისა და სხვადასხვა იერიშების შედეგად განუვითარდათ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მიერ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ განხორციელებულ სხვადასხვა სახის საერთაშორისიო სამხედრო ოპერაციებში შედარებით მცირე რაოდენობის სამხედროები ღებულობდნენ მონაწილეობას. სამოქალაქო ამერიკამ კი, პირიქით, შეუდარებლად მცირე მსხვერპლი გაიღო საომარ ოპერაციებში.
ნიუ-იორკი
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქების შედეგად, 2001 წლის 11 სექტემბერს 3 000 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის, 343 მეხანძრე და 60 პოლიციის ოფიცერი. დაღუპულთა შორის იყო 70 ეროვნების წარმომადგენელი, რაც ხაზს უსვამს ნიუ-იორკის მულტიკულტურულ შინაარსს. ტერაქტის შედეგად, 422 ათას ნიუ-იორკელს აღმოაჩნდა სხვადასხვა სახის პოსტტრავმატული სიმპტომები, ბევრ მეხანძრესა და პოლიციის მუშაკს მოგვიანებით აღმოაჩნდა ფილტვის მძიმე დაავადება და კიბო, განვითარებული ფილტვებში კვამლისა და ტოქსიკური ნარჩენების მოხვედრის შედეგად. ნიუ-იორკი ეკონომიკურადაც დაზარალდა. მიუხედავად ორი წლის განმავლობაში ფედერალური ბიუჯეტიდან მიღებული დოტაციისა, ნიუ-იორკმა 11 სექტემბრის შემდეგ 100 სამუშაო ადგილი დაკარგა.
ზომიერი მუსლიმანები
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ბევრ რიგით მუსლიმანს მოუხდა მრავალი დამამცირებელი ბრალდების გადატანა სხვათა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მუსლიმანურმა ორგანიზაციამ თავი შორს დაიჭირა ალ-ყაიდისა და განხორციელებული აქციებისაგან, მომხდარი ტერაქტისგან, დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი მაინც ფოკუსირებული დარჩა იმ ანტიამერიკულ განწყობებზე, რამაც ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში იჩინა თავი, განსაკუთრებით - ამერიკის სამხედრო და პოლიტიკურ ინტერვენციაზე ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს და მასზე აშშ-ის პასუხს განსხავებული ეფექტი ჰქონდა და კარგა ხნით დაჩრდილა ზომიერი მუსლიმანების ძალისხმევა. ვიდრე 2009 წლის მწვანე რევოლუციამ ირანში და წლევანდელმა არაბულმა გაზაფხულმა არ აჩვენა, რომ მსოფლიოში მცხოვრები უამრავი ახალგაზრდა მუსლიმანი გმობს ძალადობასა და ტერორიზმს და მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებას ესწრაფვის.
ავიაციის მგზავრები
11 სექტემბრის ტერაქტამდე აშშ-ის აეროპორტებში მხოლოდ ჩანთების 10 პროცენტი მოწმდებოდა იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანის აღსაკვეთად. მაგრამ ტერაქტიდან ხუთი კვირის შედეგ პრეზიდენტმა ბუშმა გამოსცა ბრძანება, რომელიც სავალდებულოდ თვლიდა ყველა ბარგის შემოწმებას. აშშ-ის მგზავრები ახლა ვალდებულნი არიან რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ აეროპორტში და გაიარონ საკმაოდ მომქანცველი შემოწმების პროცესი, ვიდრე თვითმფრინავის ბორტზე მოხვდებიან.
პაციფისტები
პაციფისტები კვლავაც არსებობენ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი სულ უფრო რთული ხდება მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა სასტიკი იერიშები განახორციელეს მშვიდობიან მოქალაქეებზე. აშშ-ის კოლეჯის ასაკის ახალგაზრდებში გაიზარდა პატრიოტული შემართება და ისინი სამხედრო სამსახურში ჩარიცხვას ამჯობინებენ ანტისაომარ დემონსტრაციებში მონაწილეობას.
თუმცა პაციფისტები კვლავ იმსახურებენ პატივისცემას თავიანთი კეთილშობილური მოქმედებით. „11 სექტემბრის ოჯახები მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის“ - ასე ჰქვია იმ ოჯახების წევრების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ჯგუფს, რომლებმაც 2001 წლის 11 სექტემბერს ახლობლები დაკარგეს.