ცხინვალური რევიზია ახალგორის ბავშვთა სახლის სამლოცველოს დაერია

ცხინვალური რევიზია ახალგორის ბავშვთა სახლის სამლოცველოს დაერია

ცხინვალიდან ჩასული კომისია ახალგორის ბავშვთა სახლში ხატების აღმოჩენამ აღაშფოთა და ადგილობრივ მღვდელს გაატანინა - ამის შესახებ "რეზონანსს" ახალგორიდან აცნობეს. მათი თქმით, ცხინვალელი რევიზორებისა და პროკურორისგან შემდგარი კომისია ბავშვთა სახლში ფინანსური დარღვევების შესამოწმებლად შევიდა.

ხატების გამო ცხინვალური კომისიის აღშფოთებას და, მით უმეტეს, მათ გამოტანას ბავშვთა სახლიდან, ახალგორში მყოფი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ გაბარაევი კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭორია.

"პროკურორი ქალი, სახელად ფატიმა, გვარი არ ვიცით", - ასე მოიხსენიეს ახალგორელებმა ბავშვთა სახლში აღმოჩენილი ხატებით განრისხებული ცხინვალელი ჩინოვნიკი.

"ბავშვთა სახლის შემოვლის დროს პროკურორმა და მისმა ამალამ შეჭმული ფული რომ ვერ აღმოაჩინა, სამლოცველო ოთახზე მიიტანა იერიში. როცა ნახა, რომ ერთ ოთახში ხატები იყო დაბრძანებული. ამის გამო იგი ისე აღშფოთდა, რომ ყვირილი დაიწყო და ხატების სასწრაფოდ გატანა მოითხოვა. "ისედაც, აქ ვერანაირ ფინანსურ დარღვევას ვერ იპოვიდნენ იმიტომ კი არა, რომ არ არის; ეგღა აკლიათ ბავშვთა სახლის ახლა უკვე ყოფილმა დირექტორმა და მისმა ბუღალტერმა საქმე ისე აკეთონ, რომ ფინანსური დარღვევა აღმოუჩინონ", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ცნობისათვის, ახალგორის ბავშვთა სახლს, როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაფინანსება საქართველოს ხელისუფლებამ ახლახან შეუწყვიტა. მართალია, ამას თავად ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაშიც ეს დაწესებულება გახლდათ, უარყოფს და ამბობს, რომ ახალგორის ბავშვთა სახლის დაფინანსებას კვლავ აგრძელებს, მაგრამ სექტემბრიდან სწორედ საქართველოს ხელისუფლების ბრძანებით, ახალგორის ბავშვთა სახლის თითქმის ყველა აღსაზრდელი წეროვანში გადმოიყვანეს. წეროვანში კი ახალგორის ბავშვთა სახლს საქართველოს პრეზიდენტმა თავისი რეზიდენცია დაუთმო.

მიუხედავად ოსი დე მმართველების არაერთი თხოვნისა, ახალგორის ბავშვთა სახლი დატოვა მისმა დირექტორმა ოლია მწითურმა და წეროვანში პრეზიდენტის რეზიდენციაში გადმობარგებულ იმავე დაწესებულებას ჩაუდგა სათავეში.

ახალგორის ბავშვთა სახლში ამ დროისთვის მხოლოდ 5 აღსაზრდელიღა დარჩა მაშინ, როცა გასულ წელს 50-მდე აღსაზრდელი იყო.

ზემოთ აღნიშნული ინციდენტი კი ახალგორში გუშინ მოხდა. ახალგორელები ცხინვალელი რევიზორების საქციელით გაოგნებულები არიან, მით უმეტეს, რომ მათმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ღმერთი სწამს.

"ცხინვალიდან სპეციალური რევიზია იყო ჩამოსული ბავშვთა სახლისთვის. არ ვიცი მაინცდამაინც იმ ოთახში, სადაც ხატები იყო დაბრძანებული, რატომ შევიდა. არადა, პროკურორმა თქვა - ღმერთი მწამსო. რა იყო მისი განრისხების მიზეზი, არ ვიცით, რადგან თავად არაფერი უთქვამს," - ამბობს ახალგორელი მკვიდრი.

მათივე თქმით, ხატები ბავშვთა სახლის ერთ-ერთი ოთახიდან ადგილობრივ მღვდელს გამოატანინეს. ბავშვთა სახლის თანამშრომლები დაუკავშირდნენ მამა ანტონს და რაც ამ სამლოცველოში ხატები იყო, გაატანეს.

"რეზონანსი" მამა ანტონს დაუკავშირდა, მაგრამ მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

თავად დე ფაქტო მმართველები აღნიშნულ ფაქტს ჭორსა და სიცრუეს უწოდებენ. მათგან ერთ-ერთი, სამხრეთ ოსეთის დეპუტატი ვლადიმერ გაბარაევი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დეზინფორმაციაა და სხვა არაფერი.

ვლადიმერ გაბარაევი: "ხატების გამოტანა ტყუილია. აქ არის ცხინვალიდან ჩამოსული კომისია, რომელიც ყველა ორგანიზაიციის ფინანსურ შემოწმებას ახდენს. ეს შემოწმება გუშინ დაწყო. სწორედ ამ ამბის გავრცელებასთან დაკავშირებით დღეს სპეციალურად ვესაუბრე განათლების განყოფილებას და მან მითხრა, რომ ხატების გამოტანა ბავშვთა სახლიდან სრული სიცრუეა.

"არ ვიცი, ასეთი ჭორის გავრცელება ამ ხალხს რაში სჭირდება. გარწმუნებთ, თუკი ასეთ ფაქტი მოხდა, მე აუცილებლად მეცოდინებოდა. ასე რომ, ხატების გამოტანა ბავშვთა სახლიდან სიმართლეს არ შეესაბამება.

"არც ის არის მართალი, თქვენ როგორც ამბობთ - თითქოს პროკურორი, სახელად ფატიმა, როგორც ეს ადგილობრივებმა გითხრეს, იყო ჩამოსული ცხივალიდან; ცხინვალიდან ჩამოვიდა განათლების სამინისტროს წარმომადგენლობა. რაც შეეხება პროკურორს, მხოლოდ ადგილობრივი პროკურატურის წარმომადგენლი ახლდა მათ, რადგან, როგორც გითხარით, ორგანიზაციების ფინანსურ მხარეებს ამოწმებდნენ, და შესაბამისად, პროკურატოურიდან ერთი პირი მათთან ერთად უნდა ყოფილიყო."