ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" თანამშრომლების გამაფრთხილებელ აქციას ადმინისტრაციის მხრიდან პირველი რეაქცია უკვე მოჰყვა. სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშათა რიცხვი ხუთით გაიზარდა. არ არის გამორიცხული, მათ რაოდენობას დაემატოს იმ მაღაროელთა სია, რომლებიც პროფკავშირების პრესკონფერენციაზე მონაწილეობდნენ. ასე რომ, შეიცვალა გაფიცული მუშების მოთხოვნათა პაკეტის პირველი პუნქტი და დღეიდან ისინი "ჰერკულესის" ადმინისტრაციისგან 6-ის ნაცვლად, სამსახურიდან გათავისუფლებული 11 მუშის აღდგენას ითხოვენ.
თერთმეტპუნქტიან დოკუმენტში ეს მოთხოვნა რიგით პირველია. დანარჩენი ათ პუნქტში მოთხოვნები დასაქმებულთა შრომითი კონტრაქტებს, სამუშაო დროს, ცვლის გრაფიკსა და დატვირთვის შესაბამის ხელფასს, შვებულებისა და ბიულეტინის თანხის მიღებას შეეხება.
პროფკავშირები კომპანიის ადმინისტრაციას 3 - დღიან ვადას აძლევენ. თუკი ამ ხნის განმავლობაში ადმინისტრაცია პროფკავშირებთან მოლაპარაკებების გამართვასა და შეთანხმების დადებაზე არ დათანხმდება, "ჰერკულესში" სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება.
სრულმასშტაბიან გაფიცვას ქარხნის კოლექტივი 13 სექტემბერს დაიწყებს და იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცვის გადაწყვეტილება დასაქმებულებმა საწარმოში არსებული მძიმე შრომითი პირობებისა და თანამშრომელთა პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლების გამო მიიღეს.
პროფკავშირებში აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაზე დიალოგის ნაცვლად, ადმინისტრაცია რეპრესიულ მეთოდებს მიმართავს და "ჰერკულესის" მუშებზე ზეწოლას ახორციელებს. "მუშებს ქარხნის უსაფრთხოების უფროსის, რეზო დიაკონიძის დანაბარები და მუქარა გადასცეს. კერძოდ, მუშები "გააფრთხილეს", რომ თუკი გაბედავენ და გაფიცვაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ დაიჭერენ", - აცხადებენ პროფკავშირებში.
მეტიც, საზოგადოების თვალის ასახვევად და იმის დემონსტრირებისთვის, თითქოს "ქარხანაში წესრიგია", ადმინისტრაციამ სცენარიც კი გაითამაშა და აქციის დაწყებამდე ქარხნის წინ ჩაფხუტიანი ადამიანები გამოიყვანა, რომლებსაც თანამშრომლების როლი მოარგო. საქართველოს მეტალურგიულ და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ ეს ადამიანები ქარხანაში ჯართის შემგროვებლებად მუშაობენ და არ არიან ქარხნის თანამშრომლები.
"გუშინ, დილის 10 საათზე გაერთიანებული პროფკავშირებისა და "ჰერკულესის" პროფკავშირების ერთობლივი სხდომა ჩატარდა. ჯერ კიდევ დაველოდებით ადმინისტრაციის რეაგირებას. მოლაპარაკებაზე თუ არ წამოვლენ, გაჩერდება ქარხანა და დაიწყება უვადო აქციები. სამშაბათამდე შემათანხმებელ პროცედურებს თუ არ შემოგვთავაზებს, წინააღმდეგობას არ შევწყვეტთ. მათი დამოკიდებულება უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
ადმინიტრაციის წარმომადგენლებმა გუშინვე გამოიყვანეს ხალხი, რომელიც ქარხანაში ჰყავთ ჯართის გადამრჩევლებად და არ არიან ქარხნის თანამშრომლები. ჩაფხუტები დაახურეს, აღჭურვეს სპეცტანსაცმლით და საზოგადოების დასანახად გამოიყვანეს. ამით აჩვენეს, რომ მუშების ნაწილი მათ ემხრობა და კმაყოფილები არიან. ამან კიდევ უფრო გააღიზიანა აქციის მონაწილეები, შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და ლამის პროვოკაციას აყვნენ. ასეთი დამოკიდებულება დამცინავია და ადამიანურობის ზღვარს აჭარბებს, სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება.
რაც შეეხება მოთხოვნებს: სამსახურიდან გათავისუფლებული 11 მუშის აღდგენას მოვითხოვთ, ადრე 6 იყო, მაგრამ 5 ადამიანი დაემატა, რომლებმაც აქციის მიმდინარეობა საკუთარ თავზე აიღეს. ეს არის შრომის კოდექსისა და საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა. ამ ადამიანებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიათ. აქვთ საკუთარი უფლებები და მათ დაცვას ითხოვენ.
ნაკლებად გვჯერა, რომ ადმინისტრაცია დათმობაზე წამოვა, პირიქით, ხვალ დილიდან გამოაკრავენ იმ ადამიანების სიასაც, რომლებიც პროფკავშირების პრესკონფერენციაზე ირაკლი პეტრიაშვილის გვერდით ისხდნენ და ჯერ კიდევ არიან "ჰერკულესის" თანამშრომლები", - აცხადებს დოლაბერიძე.
გაერთიანებული პროფესიულ კავშირებში აცხადებენ, რომ მეტალურგიულ ქარხნებში მუშაობა სიცოცხლისთვის მაღალ რისკს შეიცავს და მაღაროელის საქმიანობაც საშიში პროფესიების ჩამონათვალში ერთ-ერი პირველია. თუმცა, ამ ადამიანების დაცვას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. კომპენსაცია, რაც დაშავებულებსა და დაღუპულთა ოჯახების მიმართ გაიცა, ხანგძლივი სასამართლო პროცესების შედეგად მოხდა. საქმე ისაა, რომ "ჰერკულესის" პრობლემა დამონაკლისი შემთხვევა არ არის და ანალოგიური მდგომარეობაა სხვა მაღაროებშიც.
თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, პრობლემაა რუსთავის "ქართულ ფოლადში". ცოტა უკეთესი სიტუაციაა ზესტაფონის მეტალურგიულ ქარხანაში.
"ზესტაფონის ქარხანაში მუშებსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთობა მცირედით მაინც მოწესრიგდა, რაც მთავარია, მხარეებს შორის დიალოგი მიმდინარეობს. როდესაც მუშებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ერთმანეთის არ ესმით და არც დიალოგი იწარმოება, ნორმალურ მდგომარეობაზე საუბარი წარმოუდგენელია. მუშების მიმართ დამოკიდებულება არაადამიანურია და ეს არის უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი.
უთანხმოება დღეს არ დაწყებულა, 2 წელია, გროვდება ეს მუხტი. ადმინისტრაციას არაფერი არ გაუკეთებია, თითი არ გაუნძრევია ამ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად", - ამბობს დოლაბერიძე.
გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებენ სოციალ-დემოკრატები და აღმაშფოთებელს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ ქარხნის ხელმძღვანელობამ "იატაკქვეშა ორგანიზაცია" უწოდა კანონმდებლობის სრული დაცვით ჩამოყალიბებულ პროფკავშირულ ორგანიზაციას, რითაც "ფარატინა ქაღალდად აქცია დასაქმებულთათვის ისედაც დისკრიმინაციული შრომითი კანონმდებლობა".