მიუხედავად იმისა, რომ საშემოდგომო სესიაც დაიწყო და ყველა დაპირებული ვადაც ამოიწურა, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტი მაინც არავის უნახავს და, სავარაუდოდ, მათ შორის - ხელისუფლებასაც. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ამ თემაზე საუბარსაც კი თავს არიდებს.
არადა ივლისის ბოლოს საგანგებო განცხადება გაკეთდა, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის პირველადი ვარიანტი ვენეციის კომისიას დასკვნისთვის 20 აგვისტოს გადაეგზავნებოდა. ამ პროექტში იქნებოდა ასახული შეთანხმების საკითხების ძირითადი ნაწილი, კომისიების შექმნისა და საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილის გარდა.
საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტართა რაოდენობის გაზრდას შეეხება და კანონპროექტის ინიცირება სექტემბრის პირველი რიცხვებისთვის იყო დათქმული. ამას კი ის მიზეზი განაპირობებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე უნდა გაიმართოს ერთთვიანი საზოგადოებრივი განხილვის პროცედურა, სადაც დაინტერესებული საზოგადოება საკუთარ შენიშვნებს დააფიქსირებს და ეს შენიშვნები კანონპროექტში უნდა აისახოს. საზოგადოებრივი განხილვის კომისიას ქმნის პარლამენტი პროექტის ინიცირების შემდეგ.
საინტერესო კი ის არის, რომ ეს ყველაფერი სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, რადგან ხელისუფლებამ იმის პირობაც დადო, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროცესი, მაქსიმუმ, ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება, რათა საზოგადოებას სათანადო დრო ჰქონდეს თამაშის ახალი წესების გასაცნობად.
უნდა ითქვას, რომ ეს განცხადება ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც საარჩევნო კოდექსზე მუშაობა დაიწყო, არაერთხელ გაკეთდა და განსაკუთრებული აქცენტი ივლისში კეთდებოდა, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმება გაფორმდა.
ეს შეთანხმება კი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის საარჩევნო დავების ვადის, გადასატანი ყუთის, პარტიების დაფინანსების წესის და ა.შ.
როგორც ცნობილია, საარჩევნო დავების განხილვისთვის დადგენილი ვადები, სავარაუდოდ, გადაიხედება. აღნიშნული საკითხი საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს რამდენიმე თვის წინ ხელისუფლებამ შესთავაზა, დღეს კი სარედაქციო ჯგუფი უკვე კონკრეტულ ფორმულირებაზე ჩამოყალიბდა.
კანონის მოქმედი ნორმით, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ-საქალაქო სასამართლოში. რაიონული-საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ასევე, მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდგომ - სასამართლოში.
სარედაქციო ჯგუფი შეთანხმდა, რომ სასამართლოსთვის მიმართვა თავიდანვე იქნება შესაძლებელი. კერძოდ, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში.
რაც შეეხება ვადებს, შეთანხმებული ვარიანტით დგინდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო კომისიაში, ან 4 კალენდარული დღის ვადაში, შესაბამის რაიონულ-საქალაქო სასამართლოში. ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი კვლავ საბოლოო იქნება.
რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს, სავარაუდოდ, ერთ მილიონ ლარამდე დაფინანსებას მიიღებს.
ჯერჯერობით არსებულ ვარიანტში ნათქვამია, რომ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას გადალახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს დაფინანსებას ერთ მილიონ ლარამდე საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად, მათ შორის - 300 000 ლარამდე მიზნობრივად წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად.
შემუშავებული წინადადების მიხედვითვე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების მიზნით შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა. აღნიშნულ დაფინანსებას კი საარჩევნო სუბიექტი მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა წარმოადგენს შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას.
ასევე, კანონით იქნება გაწერილი ის გარემოებაც, რომ ეს თანხა საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა უნდა ჩაირიცხოს. ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების განთავსებაზე შეზღუდვები დაწესდება.
შემუშავებული წინადადებების თანახმად, აიკრძალება საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსება იმავე შენობაში, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები - საკრებულო, გამგეობა ან მერია.
ასევე შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ცესკოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე განხორციელდება. თითო წარმომადგენელზე საუბნო საარჩევნო კომისიაში გაიცემა 50 ლარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 100 ლარი. ეს თანხა საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღისა ჩაერიცხება. საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარი კი, სავარაუდოდ, გაორმაგდება.
"საარჩევნო კოდექსის" მოქმედი რედაქციით, პარტიის საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს: თითოეული ფიზიკური პირისაგან, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან - 30 000 ლარს; თითოეული იურიდიული პირისაგან - 100 000 ლარს.
ასევე, პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს: თითოეული ფიზიკური პირისაგან - 10 000 ლარს; თითოეული იურიდიული პირისაგან - 30 000 ლარს.
რაც შეეხება დაგეგმილ ცვლილებას, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფი თანხმდება, რომ არსებული ზღვარი გაორმაგდება. კერძოდ, პარტიის, საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა, ფიზიკური პირისგან 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, თითოეული იურიდიული პირისაგან კი 200 000 ლარს.
ასევე, პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა თითოეული ფიზიკური პირისაგან 20 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან - 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
ასეთია შეთანხმების საკითხები და სხვა თემაა, რამდენად არის მისაღები მთელი საზოგადოებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ, ასე თუ ისე, ხელისუფლებამ რაღაცა პირობა დადო და ახლა საინტერესო ის არის, ეს პირობა როგორ სრულდება. ეს კი მნიშვნელოვანია თუნდაც იმ თვალსაზრისით, თუ ამ პროცესს რამდენად ექნება საზოგადოების ნდობა.
ფაქტი კი ის არის, რომ ივლისის ბოლოს დადებული სამი პირობიდან არც ერთი არ შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პირობის ვადა ამოიწურა.
საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ვადა აშკარად გვიანდება, რადგან, ამ საკითხის ოქტომბრის ბოლომდე მიღება უკვე კითხვის ქვეშ დგება. რადგან ერთთვიანი საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ უნდა გაიმართოს ჩვეულებრივი საპარლამენტო განხილვა და საკონსტიტუციო ცვლილებისთვის დაჩქარებული წესით მიღების რეჟიმს ვერ გამოიყენებენ.
მეორე პირობა იყო ის, რომ ცვლილებების პროექტი, გარდა საარჩევნო სიების გადამოწმებისა, არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და მედიამუშაობის მონიტორინგისთვის კომისიების შექმნისა, ვენეციის კომისიას 20 აგვისტომდე უნდა გადაგზავნოდა.
20 აგვისტოს შემდეგ ზუსტად 20 დღეს გავიდა და "რეზონანსი" მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობს, მოიპოვოს დაზუსტებული ინფორმაცია, გაეგზავნა თუ არა პროექტი ვენეციის კომისიას, მაგრამ - ამაოდ.
ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც შეთანხმების მონაწილეა, დაზუსტებით არ იცის, პროექტი გაიგზავნა თუ არა. ჯერ კიდევ ათი დღის წინათ "ახლების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე იმედოვნებდა, რომ ეს პროექტი გაგზავნილი იქნებოდა.
ხელისუფლება კი, ჩვენი დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, კომენტარს არ აკეთებს. გუშინ პავლე კუბლაშვილმა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში კალათბურთელთა საზღვარგარეთ გულშემატკივრობით იყო დაკავებული და, როგორც იქნა, თბილისში დაბრუნდა, ჩვენთან საუბარს თავი აარიდა და მდივნის საშუალებით შემოგვითვალა, რომ ამ საკითხისთვის არ ეცალა. მაგრამ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ მას ტელეიმედის კორესპონდენტი ელოდებოდა, რომელსაც კომენტარი "საიას"-თან დაკავშირებით სურდა და მისთვის, რა თქმა უნდა, მოიცალა. ამიტომაც, ადვილი მისახვედრია, რომ ხელისუფლებას არც პროექტი აქვს მზად და არც ვენეციის კომისიისთვის გაუგზავნია, თორემ, ცხადია, ამის გაპიარებას ხელისუფლების ტელევიზიები არავის დააცლიდნენ.
პროექტის ვენეციის კომისიისთვის დროულად გაგზავნას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომაც აქვს, რომ დასკვნის გაკეთებას გარკვეული დრო სჭირდება. ივლისის ბოლოს კი ხელისუფლება აცხადებდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის მიღებამდე პროექტის ინიცირება არ მოხდებოდა, რათა კომისიის შენიშვნები თავიდანვე გათვალისწინებული ყოფილიყო.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა, მაქსიმუმ, სექტემბრის ბოლოს უნდა იყოს ცნობილი, რათა შემდეგი ერთი თვე უკვე პროექტის ინიცირებას და განხილვას დასჭირდება. იმ შემთხვევაში კი, თუ პროექტი ჯერ გაგზავნილი არ არის, ცხადია, ეს პროცესი ან გადაიწევს, ან ხელისუფლება ისევ პირობას დაარღვევს და ვენეციის კომისიის დასკვნას აღარ დაელოდება.
მესამე დაპირება კი ეხება უკვე კომისიების შექმნის საკითხს. როგორც ივლისის ბოლოს ითქვა, სექტემბრის დასაწყისში უკვე ამ კომისიების ფორმირების წესზე უნდა შეთანხმებულიყვნენ და მომზადებულიყო პროექტი, რომელიც ამ საკითხის კანონმდებობაში ასახვას უზრუნველყოფდა.
სექტემბრის პირველი მესამედი კი ისე გადის, რომ არც კომისიები გახსენებია ვინმეს და არც საარჩევნო კოდექსი.
სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა, თუ რას ნიშნავს ხელისუფლების ასეთი პასიურობა და ხომ არ მოხდება უკვე შეთანხმებული საკითხების ისევ შეცვლა. მაგრამ, ცხადია, ეს მხოლოდ ვარაუდია და ამაზე პასუხი ისევ ხელისუფლებამ უნდა გასცეს.