დაუპირისპირდებიან თუ არა ერთმანეთს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და თბილისის მერი გიგი უგულავა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს თემა კიდეც ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საიტმა "ვიკილიკსმა" საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, ჯონ ტეფტის მიერ გაგზავნილი საიდუმლო ტელეგრამა გამოაქვეყნა.
ტეფტი წერს, რომ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის დავით ბაქრაძეს პრეზიდენტად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი განიხილავს და ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი, შესაძლოა, სწორედ პარლამენტის ამჟამინდელი სპიკერი გახდეს.
თუმცა სახელისუფლებო და საექსპერტო წრეებში პრეზიდენტად დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას უფრო ხშირად მოიაზრებენ ხოლმე, ვიდრე - ბაქრაძეს. პოლიტოლოგებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, მმართველმა გუნდმა ბაქრაძის ფიგურაზე ფსონი იმიტომ გააკეთოს, რომ რადიკალური ნაბიჯებით არ გამოირჩევა და ხელისუფლებაში იგივე კონფიგურაცია დარჩება, რაც ამჟამად არის. უგულავას პრეზიდენტობის შემთხვევაში კი, პირველ რიგში, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები შეიცვლებიან.
თუმცა ოპოზიციონერების ნაწილს მიაჩნია, რომ ჯერ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია. ვინ იქნება გამოკვეთილი მმართველი გუნდის ახალი ლიდერი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობის" მიერ წარმოდგენილ სიაში გამოჩნდება.
"ვიკილიკსის" მიერ გამოქვეყნებულ მორიგ ტელეგრამაში, რომელიც ჯონ ტეფტს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პრეზიდენტობის კანდიდატად, შესაძლოა, პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე დაასახელოს.
2009 წლის 6 იანვრით დათარიღებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ელჩს ამ ვერსიაზე მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესაუბრა.
"კომენტატორები ამბობენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება, თუმცა დავით ბაქრაძე, შესაძლოა, მემკვიდრე გახდეს. შაშკინი ამბობს, რომ ის ჭკვიანია, დამოუკიდებელია და კარგად მუშაობს, როგორც პარტიაში, ისე - პარტიის გარეთ", - ვკითხულობთ შეტყობინებაში.
შაშკინის თქმით, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის ბაქრაძეს ლიდერად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი განიხილავს.
"შაშკინმა ახსენა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ბაქრაძეს ყატარში მანამდე შეხვდა, ვიდრე საკუთარი კაბინეტის შემადგენლობას გამოაცხადებდა. თუ ბაქრაძე მოიპოვებს სააკაშვილის მხარდაჭერას და "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" წევრთა ნაწილის გაერთიანებას მაინც, ის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება", - ნათქვამია ელჩის გზავნილში.
თუმცა შტატების ამჟამინდელი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ამბობს, რომ სწორედ საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, ვინ იქნება ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვის მოიაზრებს საქართველოს მომავალ პრეზიდენტად, ელჩმა აღნიშნა, რომ ვინ იქნება მომავალში საქართველოს პრეზიდენტი, ეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ხოლო ამერიკა ამისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად ყველაფერს გააკეთებს.
თუმცა, პოლიტოლოგები და პოლიტიკოსების ნაწილი ბოლო წლებია "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატად უფრო გიგი უგულავას მოიაზრებენ, ვიდრე ბაქრაძეს.
რატომ დავით ბაქრაძე და არა გიგი უგულავა - "რეზონანსი" ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ექსპერტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეეცადა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში "ვიკილიკსის" მასალების რეალურობა უფრო და უფრო მეტ ეჭვს იწვევს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს დოკუმენტაცია ადრინდელ პერიოდს განეკუთვნება, შეიძლება მეტნაკლებად სანდო წყარო იყოს, თუმცა ეს მაინც აშშ-ს ყოფილი ელჩის აზრია.
"გვავიწყდება, რომ ახალ პრეზიდენტს მოუწევს ახალი კონსტიტუციური რეალობის შესაბამისად მუშაობა. ის არა მხოლოდ პიროვნული თვისებებით იქნება განსხვავებული, არამედ უფლებომოსილებით. დღეს მომავალ პრეზიდენტს განიხილავენ იმ უფლებებში, რაც დღევანდელ პრეზიდენტს გააჩნია, მაგრამ ასე არ იქნება", - ამბობს ცინცაძე.
მისი თქმით, თუ ის სცენარი განვითარდა, რომ პრემიერი გახდება მიხეილ სააკაშვილი, მისთვის უფრო კომფორტული იქნება დავით ბაქრაძე, რომელიც გაწონასწორებული ადამიანია, ზომაგადასული ამბიციებით არ გამოირჩევა და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს არ ღებულობს.
"ის განეკუთვნება იმ მცირერიცხოვან პოლიტიკოსებს, რომელსაც კომპრომატს ვერ მოუძებნი", - ამბობს ცინცაძე.
რაც შეეხება უგულავას, პოლიტოლოგის აზრით, ის კიდევ რამდენიმეჯერ დაფიქრდება, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, გახდეს თუ არა პრეზიდენტი. მის წინაშე საკითხი ასე დგას - გახდეს პრეზიდენტი, რომელსაც ძალზე შეკვეცილი უფლებამოსილება ექნება თუ იყოს დედაქალაქის მერი.
"თუმცა ბოლო პერიოდში უგულავა განსაკუთრებით გააქტიურდა. მერს მხოლოდ დადებით კონტექსტში ახსენებენ, ის დადის მშენებლობებზე, ალამაზებს ქალაქს, თუმცა მაშინ, როდესაც უგულავა დანიშნული მერი იყო, ჩვენ გვხვდებოდა მის შესახებ ნეგატიური ნიუსებიც - როგორიცაა რომელიმე შენობის დანგრევა, ადამიანების გამოსახლება და ა.შ. ახლა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველაფერი საუკეთესო კეთდება და ცუდი არაფერი ხდება. ეს შეიძლება მიუთითებდეს უგულავას საპრეზიდენტო ამბიციებზე, მაგრამ მანამდე დიდი დროა", - ამბობს ცინცაძე.
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარეს, გიორგი ახვლედიანს უსაფუძვლოდ არ მიაჩნია ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, შესაძლოა, მართლაც ჰქონდეს პრეზიდენტობის ამბიცია.
ახვლედიანმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბუნებრივი იქნება, რომ ქვეყნის მეორე პირს ასეთი სურვილი ჰქონდეს. თუმცა დეპუტატს მიაჩნია, რომ სხვა საკითხია, აქვს თუ არა ბაქრაძეს ამის შანსი.
"ბაქრაძე გუნდური სიძლიერით ვერ გამოირჩევა და ჯერჯერობით პარლამენტში არ არსებობს მისი გუნდი. მისი დასაყრდენი, შესაძლოა, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირები იყვნენ, მათ შორის ისინი, ვინც დავით ბაქრაძის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს იყვნენ დანიშნულები", - ამბობს ახვლედიანი - "პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევისას, სერიოზული მნიშვნელობა აქვს მის პოზიტივებსა და ნეგატივებს საზოგადოებაში. ხელისუფლების ვერც ერთი ლიდერი ვერ დაიკვეხნის საზოგადოებაში უფრო მეტი პოზიტივით, ვიდრე დავით ბაქრაძე".
თუმცა თბილისის საკრებულოს წევრი, "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი თვლის, რომ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია და აღნიშნული საკითხის განხილვა მხოლოდ სპეკულაციაა. ხიდაშელს მიაჩნია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობის" მიერ წარმოდგენილ სიაში გამოჩნდება, ვისკენაა სასწორი გადახრილი და ვინ იქნება გამოკვეთილი ლიდერი.
"სახელისუფლებო გუნდებს შორის ბრძოლა რით დამთავრდება, ამას აჩვენებს საპარლამენტო არჩევნები. თუმცა, თუკი ისეთი სცენარი განვითარდა, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერი გახდა, მაშინ აზრი არ ექნება, რა სახელი და გვარი ექნება ახალ პრეზიდენტს. აქ მთავარი იქნება, მერაბიშვილი და ადეიშვილი რომელ გუნდში იქნებიან - რეალურად ეს ორი ადამიანი ხელისუფლების მთავარი დასაყრდენია", - ამბობს ხიდაშელი.
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა კი მიიჩნებს, რომ დავით ბაქრაძის კანდიდატურა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთათვის ძალიან მისაღებია.
"თუკი ბაქრაძე იქნება პრეზიდენტი, ძალოვან მინისტრთა კონფიგურაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ხოლო თუკი გიგი უგულავა გახდება პრეზიდენტი, შს მინისტრად ნიკა რურუას დანიშნავს და მთლიანად შეცვლის ელიტას. მე არ გამოვრიცხავ, რომ უგულავა და ბაქრაძე საარჩევნოდ ერთმანეთსაც დაუპირისპირდნენ", - ამბობს კუკავა.
ბუნებრივია, ეს მხოლოდ სახელისუფლებო კულუარებში არსებული ინფორმაციაა. ცნობილია, რომ პრეზიდენტის პოსტზე რეალურად განიხილება ირაკლი ალასანიას კანდიდატურაც, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ არჩევნებმდე დარჩენილ 2 წელიწადში კიდევ რამდენიმე საინტერესო კანდიდატურა გამოიკვეთოს.