საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. როგორც საიას თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა "რეზონანსთან" განაცხადა, ტელეკომპანიების წინააღმდეგ სარჩელს მაუწყებლების თვითმარეგულირებელ კომისიაში შეიტანს.
საია ტელეკომპანიებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, ის "რუსთავი 2"-ს არაზუსტი ფოტოების გავრცელებაშიც ადანაშაულებს.
"რუსთავი 2"-მა ერთი ფოტო რაღაც სხვა ფოტოთი ჩაანაცვლა და ამ ჩანაცვლების შემდეგ სრულიად გაუგებარი დასკვნა გამოიტანა", - გვითხრა თამარ ჩუგოშვილმა.
საიას მტკიცებით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ფოტო (სადაც პირი ლურჯი ფერის პერანგითაა შემოსილი) საიას საერთოდ არ ჰქონია და, შესაბამისად, მას ვერც ტელევიზიას გაუგზავნიდა. "რუსთავი 2"-ში კი ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ის ფოტომასალა გაავრცელეს, რაც საია-ს პრესკონფერენციის დროს გადასცეს.
ჩუგოშვილის თქმით, მათ ფაქტის დამახინჯების მაგალითი წარსულშიც ჰქონდათ და მაშინ "ტელეიმედი" იძულებული გახდა ეღირებინა, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო. ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ ახლაც ასე მოხდება და "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს ამჟამადაც მოუწევთ აღიარება, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო.
თუმცა განსხვავებული აზრი აქვთ ტელეკომპანიების საინფორმციო სამსახურის ხელმძღვანელებს.
"არსებობს ეთიკის საბჭო და სასამართლო და საია-ს შეუძლია მას მიმართოს, მე არ ვთვლი, რომ არასწორი ინფორმაცია გავავრცელეთ. რაც შეეხება ფოტოებს, რაც მათ მოგვაწოდეს, ის გავავრცელეთ, რა ფოტომასალაც პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს, ის ვაჩვენეთ.
გადახედეთ მათ მიერ გავრცელებულ პრესრელიზს, შეადარეთ "კურიერში" გასულ სიუჟეტს და იპოვეთ 10 განსხვავება, ეჭვი მაქვს, რომ ვერც ერთს ვერ იპოვით", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი.
ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით კი, საია-ს სრული უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს:
"საიას ამ განცხადების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა და რაც მათ უნდათ ის გააკეთონ, სრული უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელი შეიტანონ", - აცხადებს "რეზონანსთან" მათე კირვალიძე.
აღსანიშნავია, რომ საია სასამართლოში სარჩელის შეტანას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის წინააღმდეგაც გეგმავს. საია გოკა გაბაშვილს საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი იყო გოკა გაბაშვილის მიერ 6 სექტემბერს გაკეთებული განცხადება.
გაბაშვილმა ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა: "ისეთი ორგანიზაცია, რომელიც თავს ობიექტურობაზე დებს, მიზანმიმართულ სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს". გაბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საია-ს ბოდიშის მოხდა მოუწევს.
გაბაშვილის ამ განცხადებამდე საია-მ პრესკონფერენციაზე ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ნიკა კვინტრაძე გარდაცვალებამდე პოლიციელებს ჰყავდათ დაკავებული.
"რეზონანსი" საიას თავმჯდომარეს, თამარ ჩუგოშვილსაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ტელეკომპანიების წინააღმდეგ სარჩელს აუცილებლად შეიტანენ, რაც შეეხება გოკა გაბაშვილს, ეს ჯერ არაა გადაწყვეტილი. მისი თქმით, თუ გაბაშვილის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში შეიტანენ, მაშინ საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ:
"პირველ რიგში, ჩვენ სარჩელის შეტანას "რუსთავის 2"-ისა და "იმედის" წინააღმდეგ ვაპირებთ. იმიტომ, რომ მათ სიუჟეტებში არასწორი ინფორმაცია იყო გასული. მასში დამახინჯებული ფაქტები იყო გამოყენებული. კერძოდ, თითქოს ექსპერტიზა ჩვენ თვითონ ჩავატარეთ და დასკვნები ჩვენ მიერ იყო გაკეთებული და თითქოს რაღაც დებულებების ფალსიფიცირებას ვაკეთებდით, რაც აბსოლუტური სიცრუე იყო. საიას არანაირი ექსპერტიზა არ ჩაუტარებია და შესაბამისად, არავითარი დასკვნები არ წარუდგენია საზოგადოებისთვის. რა დასკვნაც ბრიტანელმა ექსპერტებმა დაწერეს, ჩვენ იმის პრეზენტაცია გავაკეთეთ. "რუსთავი 2"-ის სიუჟეტში ფოტოებიც არასწორად იყო გამოყენებული. ჩვენ მათ სხვა ფოტოები გავუგზავნეთ და ექსპერტიზის დასკვნაში ძალიან ცხადად ეწერა, რაც გამოვაქვეყნეთ, თუმცა "რუსთავი 2"-მა ერთი ფოტო რაღაც სხვა ფოტოთი ჩაანაცვლა და ამ ჩანაცვლების შემდეგ სრულიად გაუგებარი დასკვნა გამოიტანა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის იმის საფუძველი, რომ საჩივარი შევიტანოთ ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ და ამის გაკეთებას ნამდვილად ვაპირებთ.
"ჩვენ ტელევიზების წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში არ შევიტანთ. არსებობს მარეგულირებელი კომისია და სარჩელის შეტანას იქ ვაპირებთ და მოვითხოვთ, რომ "რუსთავი 2"-მაც და "იმედმაც" სიუჟეტის შინაარსი შეცვალონ, უფრო სწორად, თქვან, რომ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.
"კანონმდებლობა ტელევიზიის მხრიდან ბოდიშის მოხდის შესაძლებლობას არ იძლევა. შესაბამისად, მათგან ბოდიშის მოხდას ვერ მოვითხოვთ, მაგრამ მოვითხოვთ, რომ ეთერი დაგვითმონ და თქვან, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.
"ჩვენ მსგავსი შემთხვევები ადრეც გვქონდა, როდესაც ეთნიკური ოსების დაკავებასთან დაკავშირებით საქმე გავასაჩივრეთ. ეს 2008 თუ 2009 წელს მოხდა, ზუსტად არ მახსოვს. მაშინ მსგავსი სიუჟეტი გააკეთა "იმედმა", სადაც აბსოლუტურად არასწორი და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია იყო გასული. მაშინ "იმედი" იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა. დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზიებს ამ შემთხვევაშიც იგივეს აღიარება მოუწევთ.
"რაც შეეხება გოკა გაბაშვილის კომენტარს, ეს იყო ორგანიზაციის შეურაცხმყოფელი განცხადება. მასში ნათქვამი იყო, რომ თითქოს ფაქტის ფალსიცირებას ვაკეთებდით, რაც ასევე სიმართლეს არ შეესაბამება. ამ საკითხის გასაჩივრებას სასამართლოში ვაპირებთ. თუმცა, ამაზე კონსულტაციებს კვლავ ვგეგმავთ და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია", - განაცხადა "რეზონანსთან" თამარ ჩუგოშვილმა.
მოგვიანებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოკა გაბაშვილის მორიგი კომენტარი საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით გავრცელდა. გაბაშვილის თქმით, "სამწუხაროა, რომ სოლიდურობაზე პრეტენზიის მქონე ორგანიზაცია ვერ არჩევს იმას, რაც ნებისმიერ ადამიანს ექსპერტიზის გარეშე შეუძლია დაინახოს."
"ისინი თავად არ უფრთხილდებიან თავიანთ რეპუტაციას, მიზნად აქვთ დასახული არაობიექტური არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციის შესრულება. კარგია, მიხვდნენ, რომ რეპუტაცია შეელახათ და მის აღსადგენად თავად უნდა იზრუნონ", - განაცხადა გაბაშვილმა "ინტერპრესნიუსთან".
მისი აზრით, საია-მ რეპუტაციის აღსადგენად ტყულისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს.