მიხეილ სააკაშვილს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია თეთრი სახლი ჰგონია, თავი კი, ალბათ, - აშშ-ის პრეზიდენტი. ყოველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ცენტრების ქუთაისსა თუ ბათუმში «გადამისამართებას» ზოგი სწორედ იმით ხსნის, რომ სააკაშვილი «თეთრი სახლის სინდრომით» იტანჯება. ისე, იმასაც ამბობენ, «ნაციონალები» თბილსს მალე დედაქალაქის სტატუსსაც გაუუქმებენო. მართალია, მმართველ გუნდში საქართველოს ახალ დედაქალაქდ ქუთაისის გამოცხადებას «ჭიქაში ატეხილ ქარიშხალად» მიიჩნევენ, მაგრამ არ უარყოფენ, რომ პარლამენტის ქუთაისში «გადამისამართების» ერთ-ერთი მოტივე თბილისიდან 20 კილომეტრში, ანუ ახალგორში დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო ჯარია.... და მაინც, რას ერჩიან «ნაცები» თბილისს და რა რატომ არ შეიძლება თბილისისთვის დედაქალაქის სტატუსის ჩამორთმევა? «ქართული სიტყვა» კადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
- კარგა ხანია, დედაქალაქის თბილისიდან ქუთაისში გადატანზე საუბრობენ, რაც გაუგებარ და ალოგიკურ მდგომარეობაში გვაყენებს. არ მინდა, ეს ამბავი დავიჯერო და გულს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ ყველაფერი ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა, მაგრამ თუ ყველა ადმინისტრაციული ერთეული დედაქალაქიდან სხვაგან გადაიტანეს, ეჭვის საფუძველი ნამდვილად გვექნება და კითხვაც გაჩნდება: თბილისმა რამე დააშავა?
ქალბატონო მარიკა, ამბობენ, სააკაშვილი თბილისზე 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წაგების გამოა გაბრაზებული და თბილისი ამიტომაც არ უყვარსო...
- იმის თქმა, სააკაშვილს თბილისი უყვარს თუ არა, ძნელია, მაგრამ დედაქალაქის თბილისიდან ქუთაისში გადატანა, თუ ეს მოარული ფრაზა არაა, სრულიად მიუღებლად მიმაჩნია - ქუთაისს თავისი დანიშნულება აქვს, მაგრამ თბილისის მაგივრობას ვერასოდეს გასწევს, რადგან ის მონაცემები არ გააჩნია, რაც დედაქალაქს უნდა ჰქონდეს. საერთოდ, ტრადიცია ძალიან მნიშვნელოვანია - საუკუნეებია, თბილისი დედაქალაქია... როცა რუსებმა საქართველოში მეფობა გააუქმეს, ქართლ-კახეთი და იმერეთი თბილისისა და ქუთაისის გუბერნიად გაყვეს, ანუ ამ ორი ქალაქის დაპირისპირება მიმდინარეობდა, მაგრამ ქვეყნის მთავარი ქალაქი მაინც თბილისი იყო. საბედნიეროდ, ამ დაპირისპირების ეპოქიდან გამოვედით... მე-19 საუკუნეში თბილისი ამიერკავკასიის კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა... თუ არსებობს მიზეზი, რის გამოც თბილისი დედაქალაქეობის როლს ვერ ასრულებს, გვითხრან, ბატონო.
ხელისუფლების უსუსური არგუმენტით, პარლამენტის ქუთაისში გადატანით დედაქალაქი განიტვირთება, ქუთაისლები კი, დასაქმდებიან...
- პარლამენტის ქუთაისში გადატანაზე კოლოსალური თანხები დაიხარჯა. ამას, რასაკვირველია, სჯობდა, საწარმოები შექმნილიყო და ადგილობრივი მოსახლეობა ასე დაესაქმებინათ. ყველა ძველი საწარმო გავერანებულია და თუ მის რეალიზებას ვეღარ შეძლებ, მაშინ, ნება იბოძე და, ახალი ააშენე. თუ ხელისუფლებას, მართლაც, ქუთაისლების დასაქმების პრობლემა აწუხებდა, აჯობებდა, ხალხი ბიზნეს-სექტორში დაესაქმებინა. რა ქნან იმ თბილისელებმა, ვინც წლებია, პარლამენტის აპარატში მუშაობენ? - აიკრან გუდა-ნაბადი, დატოვონ ოჯახები და ქუთაიში გადაბარგდნენ? ისინი უმუშევართა რიცხვში ჩაეწერებიან, ეს ხომ უსამართლობაა და მეტი არაფერი!
ამბობენ, პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები ხშირად აქციებს აწყობენ და, ქუთაისში რომ გადაიტანენ, მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნებაო. კაცმა რომ თქვას, აქციები ქუთაისში რატომ არ უნდა მოეწყოს? მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი ჩაცხრა თუ როგორაა საქმე? პარლამენტის შენობის გაყიდვაზეცაა საუბარი და ეს როგორ გავიგოთ? ან, ისეთ ისტორიულ შენობას რომ ანგრევენ, როგორიც «იმელია», მის მაგივრად უკეთესს რას ააშენებენ? რადგან ძველი შენობაა, უნდა დაანგრიონ?..
თუ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, რაღაც საკითხები საზოგადოებრივი განხილვის დონეზე უნდა წყდებოდეს, - ისეთ შენობებს ანგრევენ, რაზეც საზოგადოება და არქიტექტორები აღშფოთებას ვერ მალავენ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება საბჭოთა ეპოქაში გავატარე. მაშინ, რასაკვირველია, არავინ არაფერს გვეკითხებოდა, მაგრამ შენობას იმის გამო არ ანგრევდნენ, რომ მეფის დროს იყო აშენებული. მაშინ ისტორიას და წარსულს პატივს სცემდნენ, ახლა კი, ანგარიშს აღარაფერს უწევენ. ყველაფრის ხელაღებით ფეხქვეშ გათელვა როგორ შეიძლება?!
ქალბატონო მარიკა, მაინც, რა საფრთხეს შეიცავს თბილისისთვის დედაქალაქის სტატუსის ჩამორთმევა?
- პრეზიდენტი ბრძანებს, თბილისთან ახლოს ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ნაწილებია დაბანაკებულიო და ეს მწარე რეალობაა. სხვათა შორის, ქუთაისის ირგვლივაც ოკუპანტთა სამხედრო ნაწილებია განლაგებული და ამ მხრივ ქუთაისი თბილისზე ნაკლებადაა დაცული. ამავდროულად, ის შედარებით პატარა ქალაქია და სტრატეგიული მდებარეობა არ აქვს. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ორი დედაქალაქის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა საქართველოს აქვს იმის აუცილებლობა, რომ ყველა ქალაქში ეკონომიკური ცენტრი მდებარეობდეს, პოლიტიკური ცენტრი კი, მხოლოდ თბილისი უნდა იყოს. მართალია, ქუთაისი ანტიკური საქართველოს დედაქალაქი იყო, მაგრამ როცა აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანება პირველად მოხდა და მას დასავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილიც შეუერთდა, სწორედ მაშინ დადგა დედაქალაქის თბილისში გადატანის აუცილებლობა.
საერთოდ, დედაქალაქს ბევრი რამ სჭირდება და მისი გადატან-გადმოტანა ადვილი არაა. დედაქალაქი, პირველ რიგში, უნდა მდებარეობდეს საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზაგასაყარზე. ამასთან, ისეთი შემოგარენი უნდა ჰქონდეს, რომ საკუთარი თავის დაცვა შეეძლოს. ამ მოთხოვნებსს მეტ-ნაკლებად მცხეთაც აკმაყოფილებს, მაგრამ თბილისი, როგორც დედაქალაქი, უფრო მისაღებია და ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ამერიკის მიბაძვა არ გამოადგება, რადგან საქართველო მასავით დიდი სახელმწიფო არაა, რომ ერთი ადმინისტრაციული ცენტრი ვაშინგტონში განათავსო, მეორე - ლოს-ანჯელესში და მესამე - ნიუ იორკში. თბილისს არც ერთი დამპყრობელი არ თმობდა, ყველა - სპარსელები გინდათ, არაბები თუ თურქ-სელჩუკები - აქ ჯდებოდა.
მართალია, შუა საუკუნეებში საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო, მაგრამ როგორც კი დავით აღმაშენებელმა თბილისი დამპყრობთაგან გაწმინდა, დედაქალაქი მაშინვე თბილისში გადმოიტანა. მეფე დავითმა ძალიან კარგად უწყოდა, თუ რა იყო საქართველოსთვის საჭირო. იმ დროიდან მოყოლებული, თბილისი მთელი საქართველოსთვის კულტურული ცენტრის როლს ასრულებდა. ამასთან, თბილისი მნიშველოვან სავაჭრო ცენტრსაც წარმოადგენდა - მეოთხე საუკუნეში შედგენილ ლათინური რუკაზე თბილისი, როგორც პუნქტი, აღნიშნულია - თბილისზე გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო-სტრატეგიული გზები და ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
რა ამის პასუხია და, ოპოზიცია ხელისუფლებას ანტიეროვნულობაში ადანაშაულებს, ტრადიციებს, კულტურას და თვითმყოფადობას ებრძვისო... ნოვაცია კარგია, მაგრამ როცა 6 წლის ბაშვს სწავლას გოგებაშვილის «დედა ენით» კი არა, «ნეტბუქებით» აწყებინებენ, ასეთი ნოვაცია მისაღებია?
- «დედა ენას» დიდი ხნის ისტორია აქვს - თაობები გაიზარდნენ გოგებაშვილის წიგნზე და ამიტომაც ისწავლეს ქართული კარგად. სამწუხაროდ, ის, ვინც ამ წიგნით არ აღიზარდა, კარგად გვესმის, თუ როგორი ქართულით მეტყველებს. დედა ენა ჩვენთვის მხოლოდ საურთიერთობო საშუალება არასოდეს ყოფილა. ქართულმა ენამ უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ერის ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში. უმძიმესი პერიოდების მიუხედავად, სახელმწიფოებრიობა მაინც შევინარჩუნეთ და ქართულმა ენამ ამ მხრივაც განსაკუთრებული როლი შეასრულა - მუდამ დარაჯად ედგა ეროვნულ თვითშეგნებას!..
ხელისუფლებამ პრიორიტეტულად ინგლისური ენა გამოაცხადა და რუსულის შესწავლა არასავალდებულოდ მიიჩნია. რაც ბევრი ენა იცი, რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ ახალგაზრდებს არჩევანის საშუალება უნდა მისცე - რომელი ენის შესწავლა ურჩევნია. თეიმურაზ მეფე, რომელიც მთელი ცხოვრება სპარსელებს ებრძოდა, ამბობდა, სპარსულმა ენამ პოეზიის სიტკბოება მაგრძნობინაო. რუსეთი ჩვენი მტერია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი მეზობელიცაა და ყველაზე დიდი საზღვარი მასთან გავქვს. ამიტომ, მტრის ენის ცოდნა აუციელებელია.
განათლებულმა და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა როგორ უნდა თქვას, დოსტოევსკისა და პუშკინს აღარ წავიკითხავო? რატომ უნდა ვთქვათ უარი უმდიდრეს რუსულ ფერწერასა და მხატვრობაზე, ან რატომ აღარ უნდა მოვისმინოთ რუსული სიმღერები? დამერწმუნეთ, ასეთი საქციელი გვაკნინებს და გვაღარიბებს, თორემ რუსებს ამით არაფერი აკლდებათ.
გლობალიზაციის პროცესს არ უნდა გამოვეთიშოთ, მაგრამ ის უნდა მივიღოთ, რაც ჩვენს ტრადიციას და კულტურას არ ეწინააღმდეგება. რაკი ამერიკის რომელიმე შტატში უნარ-ჩვევებია პრიორიტეტული საგანი და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს, ეს არასწორია. ბავშვმა განათლება და წერა-კითხვა მშობლიურ ენაზე უნდა დაიწყოს, ვინც მშობლიური ენა არ იცის, ის ვერც უცხოურს ისწავლის... ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, მაგრამ სინამდვილეში, ერთპიროვნული მართველობაა, ყველაფერი ერთი კაცის ნება-სურვილზეა დამოკიდებული!
ახლახან ამერიკის შეერთებულ შტატებში სტიქიური უბედურება მოხდა, პრეზიდენტმა ობამამ, ოჯახთან ერთად, შვებულება შეწყვიტა და იქ ჩავიდა, სადაც მის ხალხს ყველაზე მეტად უჭირდა. კახეთი დაიქცა, გული მიკვდებოდა იქაურების უბედურებას რომ ვხედავდი - მათი საცოდაობით, მოყვარეს კი არა, მტერს აუჩუყდებოდა გული. ამ დროს კი, ჩვენი პრეზიდენტი ბათუმსა და ანაკლიაში დროს ატარებდა. კახეთში რომ ჩასულიყო, მართალია, მეწყერსა და ღვარცოფს ვერ შეაჩერებდა, მაგრამ თანადგომა არ უნდა გამოეცხადებინა თავისი ხალხისთვის? ქვეყნის მართველი ყოველთვის იქ უნდა იყოს, სადაც ხალხს უჭირს და ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ პატრონი ჰყავს. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი განცდა არ გვაქვს!