გალი და მისი მცხოვრებლები, რომელთა უდიდეს ნაწილს ქართველები შეადგენენ, უკვე 18 წელია, უძლებენ რუსულ–აფხაზური ანტიქართული პოლიტიკის ზეწოლას. ამ ზეწოლას უკვე აქვს კონკრეტული შედეგები.
იმის მიხედვით, ომის ფიგურები მოდიან სოხუმის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებაში თუ „მშვიდობის“, ანტიქართული პოლიტიკა გალელების მიმართ ამის მიხედვით იცვლება. არძინბას ხელისუფლება ომისა და ომის შემდგომ წლებში ქართველების მიმართ ირჩევდა აგრესიულ პოლიტიკას.
აფხაზეთის ომის ბოლო დღეებში, მიუხედვად იმისა, რომ გალში არ მიმდინარეობდა საომარი პროცესები, აფხაზური გვარდია რუსეთის არმიის ნაწილებთან ერთად გალის რაიონის სოფლებს შეესია და დასაჯა ყვლა ოჯახი, რომელთა წარმომადგენლებს რამე კავშირი ჰქონდათ ომთან. მაშინ მრავალი ქართული ოჯახი გახდა იძულებული, დაეტოვებინა გალი.
შემდეგ იყო 1998 წლის მაისის გალის სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი იყო ქართველების სრული და საბოლოო განდევნა ამ ტერიტორიიდან. გალის სოფლებს რუსული სამხედრო ტექნიკა იმ დროს შეესია, როცა მოსახლეობის უმეტესობას ეძინა. ვინც გაქცევა ვერ მოასწრო, ადგილზე დახვრიტეს, გაქცეულებს კი კვალში ჩაუდგნენ, ხურჩამდე მისდიეს – ზუგდიდის საზღვრამდე – და უმეტესობა დახოცეს. რამდენიმე თვის განმავლობაში გალელები აფხაზეთის დანარჩენი მკვიდრებივით დევნილები გახდნენ. ისინი ზუგდიდში სპეციალურად ჩამომდგარ ვაგონებში შეასახლეს. შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით გალელების ერთი ნაწილი საკუთარ სახლებში დააბრუნეს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დააბრუნეს მხოლოდ ერთი ნაწილი. გალელების დიფერენციაცია იმის მიხედვით მოხდა, ვის როგორი დამოკიდებულება ჰქონდა და როგორი მონაწილეობა ჰქონდა მიღებული აფხაზეთის ომში. დევნილების ამ ნაკადის დაბრუნებაზე დღეს ხშირად საუბრობს სოხუმის ხელისუფლება, ისინი მოითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც დღემდე უპირობოდ ითხოვს ყველა დევნილის დაბრუნებას, მხედველობაში მიიღოს 1998 წლის მოვლენების შემდეგ სოხუმის მიერ გაღებული ეს მოწყალება და აღიაროს, რომ სოხუმმა დევნილების დაბრუნება უკვე დაუშვა.
სხვათა შორის, ამავეს ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც ჩართულნი არიან ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში. მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, როგორ პირობებში უხდებათ სახლებში ცხოვრება გალელ ქართველებს. ისინი მთელი აფხაზეთის მასშტაბით არიან ეროვნულ უმცირესობაში და იძულებულნი არიან, სიცოცხლის ფიზიკური შენარჩუნების ფასად ადგილობრივი ხელისუფლების ყველა მოხოვნას დათანხმდნენ. ვინც ასეთ პირობებზე უარი თქვა, დიდი ხანია, დატოვა გალი.
იქ დარჩენილებს აიძულებენ, აიღონ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი, რაც, საბოლოო ანგარიშით, იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება უმტკიცებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აფხაზეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას აღიარებენ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები. ეს საერთაშორისო დიპლომატიის ენაზე საკმაოდ დიდ დივიდენდს ნიშნავს.
დღეს მომხდარი ფაქტიც – ადგილობრივი პასპორტის არმქონე ქართველების მასობრივი დაპატიმრება ამ პოლიტიკის გაგრძელებაა. მალე გალში აღარ დარჩება ოფიციალურად ქართველი ეროვნებით დარეგისტრირებული არც ერთი ქართველი.
აი, რა თქვა „ახალ 7 დღესთან“ კონფიდენციალურ საუბარში გალის ერთ–ერთმა მკვიდრმა: „აფხაზურ პასპორტებში ეროვნების გრაფის გასწვრივ გვიწერენ მეგრელს. ჩვენს სოფლებში ხშირად ჩამოდიან აგიტბრიგადები, რომლებიც შეგვკრებენ ხოლმე და გვესაუბრებიან იმაზე, რომ ჩვენ ვართ მეგრელები და არა ქართველები. უფრო შორსაც მიდიან: ამტკიცებენ, რომ გალელი მეგრელები არიან ეთნიკური აფხაზები, რომლებიც ქართველებმა თავის დროზე გაამეგრელეს. გვირიგებენ ბუკლეტებს, რომლებშიც იგივე წერია. მოგვიწოდებენ, რომ ჯერ აღვიდგინოთ მეგრული ეროვნება, შემდეგ კი ნაბიჯ–ნაბიჯ დავბრუნდეთ აფხაზების მშობლიურ წიაღში.“
აღნიშნული პოლიტიკა არ გახლავთ ახლად დაწყებული. ჯერ კიდევ 2005 წელს მიცემულ ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობდა აფხაზეთის მაშინდელი დეფაქტო პრეზიდენტი: „გალელი მეგრელები არიან იგივე აფხაზები. ჩვენი პოლიტიკა მიმართული იქნება იქით, რომ ისინი ნელ–ნელა დავუბრუნოთ აფხაზურ წიაღს.“
ბაღაბში და მისი გუნდი, რომლის სათავეში ყოველთვის იდგა ალექსანდრე ანქვაბი, ამ პოლიტიკას მკაცრად და თანმიმდევრულად ახორციელებდნენ: 2005 წლის ოქტომბერში მათ გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისგან ჩამოაყალიბეს საგანგებო სამხედრო ბატალიონი „ჯიმა“, რაც მეგრულ ენაზე ძმას ნიშნავს. აღნიშნული ბატალიონი გააერთიანეს აფხაზურ გვარდიაში და მიაღებინეს სამხედრო ფიცი, რომელშიც სპეციალურად შეიტანეს ასეთი პუნქტი: ფიცის დამდები ვალდებულებას ვიღებ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლო სასტიკი ქართველი დამპყრობლების წინააღმდეგ. ოჯახები, რომელთა წარმომადგენლები ამ ბატალიონში გაწევრიანდნენ, სოხუმის ხელისუფლებამ გარკვეული გადასახადებისგან გაათავისუფლა.
გალში გაშლილი „მშვიდობიანი“ ანტიქართული პოლიტიკის ნაწილი გახლდათ ამ რაიონში ე.წ. მეგრულენოვანი გაზეთების გამოშვება. აფხაზებმა ჯერ კიდევ 1999 წელს დაბეჭდეს მეგრული ენის ანბანი, რომელსაც ჰქვია „ნანაში ნინა“. გამოცემის ავტორი გ. სიჭინავა გახლავთ. ეს ანბანი 2010 წელს ფართო ტირაჟით კიდევ ერთხელ გამოსცეს. აფხაზური მედია ამ ანბანის ხელმეორედ გამოშვების შესახებ ასეთ ინფორმაციებს ავრცელებდა: „დღეს გამოიცა მეგრული ენის ანბანი მეცნიერ გ. სიჭინავას ძალისხმევით. ანბანი შექმნილია ქართული გრაფიკით და ეს გრაფიკა გამოყენებულია არა იმიტომ, რომ მეგრულს არ გააჩნია თავისი, არამედ იმიტომ, რომ ეს ე.წ. „ქართული“ გრაფიკა სინამდვილეში არის არა ქართული, არამედ ძველი კოლხური დამწერლობის კუთვნილება და, ამდენად, მეგრულ–ლაზური გრაფიკაა და არა ქართული“ (გაზეთი „ნადეჟდა“, 2010 წელი, 3 დეკემბერი).
სოხუმის ხელისუფლებამ საკმაოდ სოლიდური რუსული რუბლები გაიღო იმისათვის, რომ გამოეცა შვიდტომეული – „მეგრული ენის ლექსიკა და სიტყვათწარმოთქმა“.
ყველა რუსულ–აფხაზურენოვან გაზეთში გაჩნდა დამატება მეგრულენოვანი გვერდებისა, რომლებზეც ქვეყნდება მასალები იმის შესახებ, რომ მეგრელები ქართველების მიერ ოკუპირებული ერია, ხოლო გალელი მეგრელები ქართველების მიერ გამეგრელებულ–გაქართველებული აფხაზები არიან. ვერ ვიტყვით, რომ ასეთი წერილების ავტორები აფხაზები არიან. ასეთ პუბლიკაციებს უკვეთენ გალელ ქართველებს. მათ ანიჭებენ მეცნიერების, პროფესორების, აკადემიკოსების, პოეტების სახელს. გალში იქმნება ე.წ. ელიტური მეგრული ფენა, რომელმაც მოიპოვა განსაკუთრებული მდგომარეობა ანქვაბის „მშვიდობიან“ პოლიტიკაში მონაწილეობის ფასად.
ასეთ ვითარებაში სრულიად გაურკვეველია, რას უნდა ემყარებოდეს ჩვენი ოპტიმიზმი. 18 წლის შემდეგ აფხაზებმა გალში დარჩენილი ქართველი მოსახლეობისგან მიიღეს იძულებითი, მათი უმეტესობის თავდადების მიუხედავად, თანხმობა ანტიქართულ პოლიტიკაში მონაწილეობაზე. ყოველი ახალი უმოქმედო წელი ქართული მხარისთვის იქნება ახალი კატასტროფა. და გალში მიღებული შედეგებისთვის მომავალი თაობა პასუხს მოსთხოვს არა გალელ მძევლებს, არამედ საქართველოს ხელისუფლებას.