სტრატეგიული ობიექტების წილების გასაყიდად პარლამენტი მთავრობას ეხმარება. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის წევრების, ზვიად კუკავას და მიხეილ ცქიტიშვილის სახელით არის ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც "სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში" იმ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, რომელიც სახელმწიფო ქონების წილის საფონდო ბირჟაზე გატანის საშუალებას იძლევა.
კანონის მოქმედი რედაქციით, წილებისა და აქციების განკარგვის ფორმებია: წილებისა და აქციების პრივატიზება და წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა. ასევე, წილებისა და აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
კანონპროექტით კი დგინდება, რომ წილებისა და აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, ასევე, გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით.
შესაბამისად, პროექტის მიხედვით უქმდება წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემის ნორმა.
ამასთან, კანონპროექტში ისიც არის ნათქვამი, რომ სახელმწიფო ქონების წილებისა და აქციების პრივატიზება განხორციელდება მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ "სამინისტრო მთავრობისთვის დასაბუთებული წინადადების წარდგენამდე განსაზღვრავს წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ხელსაყრელ დროს". სამინისტროვე შეიმუშავებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს და ა.შ.
გარდა ამისა, სამინისტროს დასაბუთებული წინადადება, სადაც მოცემული იქნება პრივატიზების ზოგადი პირობები, სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტების პროექტებთან ერთად წარედგინება საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა კი სამინისტროს დასაბუთებული წინადადების მოწონების შემთხვევაში განკარგულებით მიიღებს გადაწყვეტილებას წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით, ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზების თაობაზე.
მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება წილებისა და აქციების პრივატიზების საბოლოო პირობები, მათ შორის, წილებისა და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასური, ანგარიშსწორების პირობები, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადა, წილებსა და აქციებზე საკუთრების უფლების მოპოვების წესი და ა.შ.
ასეთი პროვატიზების დროს, ხელშეკრულება მთავრობის მიერვე განსაზღვრულ ვადაში უნდა დაიდოს და პროვარიზების საფასურის გადახდაც, საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს. ამ ფორმით პრივატიზებისას კი მყიდველს საკუთრების უფლება შეძენილ ქონებაზე გადაეცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილ ვადაში.
კანონპროექტი საშემოდგომო სესიის პირველივე ბიუროს სხდომაზე იქნა ინიცირებული და საკომიტეტო განხილვები დღეიდან იწყება. თუმცა, პარლამენტართა მხრიდან არანაირი კომენტარი არ კეთდება. როგორც ისინი აღნიშნავენ, საკუთარ პოზიციებს საკომიტეტო განხილვების დროს დააფიქსირებენ.
მაგრამ, როგორც ეკონომიკური ექსპერტები აცხადებენ, მათთვის პარლამენტართა ეს დუმილი გაუგებარია, რადგან ეს ინიციატივა მთავრობის იმ გადაწყვეტილების შედეგია, რომელიც სტრატეგიული ობიექტების გასხვისების შესაძლებლობას ქმნის.
"როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმ მიზანს, რომ კანონის ფარგლებში მოექცეს მთავრობის ის გადაწყვეტილება, რომელიც სტრატეგიული ობიექტების წილების გაყიდვას ითვალისწინებს სხვადასხვა საფონდო ბირჟაზე. საუბარია მაგისტრალურ გაზსადენზე, საქართველოს რკინიგზაზე და ასევე სხვა ობიექტებზე," - აცხადებს ლადო პაპავა.
შეგახსენებთ, რომ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალიდან ამ ობიექტების ამოღება პარლამენტის 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. თუმცა, მაშინ ხელისუფლება ცალსახად აცხადებდა, რომ ამ ობიექტების ნუსხიდან ამოღება მათ პრივატიზებას არ ნიშნავდა. მართალია, მაშინ ექსპერტები აცხადებდნენ, რომ შესაძლებლობის დაშვება უკვე პრობლემას ქმნიდა, მაგრამ მაშინ ხელისუფლება ამ ექსპერტებს არაკომპეტენტურებს უწოდებდა.
რამდენიმე თვის წინ კი უკვე პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა, რომ ამ სტრატეგიული ობიექტების წილების მინიმალური პაკეტის გატანა მოხდებოდა საფონდო ბირჟებზე. ეს ინიციატივა კი სწორედ გილაურის ამ განცხადებას ეხმაურება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თავისთავად მინიმალური წილის გაყიდვა საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს პროცესი როგორ წარიმართება მომავალში, არავინ იცის.
"ამ ეტაპზე არ არის საუბარი მეტზე, მაგრამ შეგახსენებთ, რომ 2010 წლის გაზაფხულზე, როდესაც სტრატეგიული ობიექტების ამოღება მოხდა იმ ჩამონათვალიდან, რომლის პრივატიზებაც არ შეიძლება, მაშინ ამბობდნენ, რომ ამ ობიექტების პრივატიზება არ მოხდებაო. ახლა კი უკვე გაჩნდა, რომ, თურმე, მცირე წილის გაყიდვა შეიძლებაო. ამიტომ სად არის გარანტია, რომ მხოლოდ მცირე იქნება და მეტი არა?
"მთავარია ჯინი გამოვუშვათ ბოთლიდან და თუკი ჯინი გამოვა, ამის შემდეგ რაც იქნება, ნაკლებად გაკონტროლებადია. ანუ, თანდათანობით გვაჩვევენ იმას, რომ სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა შესაძლებელი გახდება.
"შეგახსენებთ, რომ თავიდან მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას ხელი აშშ-ის ადმინისტრაციამ შეუშალა. აშშ-ის ხელმძღვანელობა ასევე ჩაერია მაშინ, როდესაც რკინიგზის გაყიდვას აპირებდა. ახლა კი თვალის ასახვევად მცირე ნაწილზე საუბრობენ, მერე კი მთლიანად გაყიდვაც აღარ იქნება პრობლემა," - აცხადებს ლადო პაპავა.
ამიტომ იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტების ფლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"მე არაერთხელ მითქვას და ახლაც ხაზს გავუსვამ, რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც არის საქართველო მოქცეული, როდესაც არის ამდენი სერიოზული მტერი, მე ამ სიტყვას ხმამაღლა ვამბობ, რადგან ვიცით რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ვიცით, ვინ არის ყველაზე სერიოზულად დაინტერესებული თუნდაც გაზსადენის ან რკინიგზის შესყიდვით, ბუნებრივია, რომ ეს ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებაა," - აცხადებს პაპავა.