რა დაგიჯდებათ შვილის სასკოლოდ მომზადება

რა დაგიჯდებათ შვილის სასკოლოდ მომზადება

ახალი სასწავლო წლის დაწყება ჯიბეგაფხეკილ მშობლებს მაინცდამაინც არ უხარიათ - საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას საშუალება არ აქვს, რომ სასკოლოდ შვილებს ახალი ტანსაცმელი, წიგნები და სხვა სასკოლო ნივთები უყიდოს. პირველკლასელთა პრობლემა მთავრობამ „ნეტბუქებით“ გადაჭრა, მაგრამ რა ქნან უფროსკლასელებმა? წიგნების შეძენა ინტერნეტიიტაც შეიძლებაო, - გვახარა განათლების მინისტრმა, მაგრამ თუკი არც პირველკლასელის მშობელი ხართ და არც წიგნის ინტერნეტით გამოსაწერი ფული გაქვთ, თქვენს შვილს ნათხოვარი წიგნით მოუწევს სწავლა-განათლების მიღება?

ისე, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ირწმუნება, პირველ კლასში სწავლა მხოლოდ „ნეტბუქებით“ იქნებაო, ბაზრობებზე სამი სხვადასხვა რედაქციით გამოცემული „დედა ენა“ 8-8 ლარად იყიდება - ამ სამ წიგნს საერთო ის აქვს, რომ იაკობ გოგებაშვილის  „დედა ენის“ მიხედვითაა შედგენილი. ორიგინალურ „დედა ენას“ კი, როგორც „ქართულმა სიტყვამ“ გაარკვია, მხოლოდ საპატრიარქოს სკოლებში ასწავლიან. ორიგინალურ „დედა ენაში“ სამი კლასის მასალაა გაერთიანებული და 15 ლარი ღირს. საერთოდ, მეექვსე კლასამდე თითო სასწავლო წიგნის ფასი ათ ლარს არ აღემატება. მეშვიდე კლასიდან კი, საგანთა რაოდენობასთან ერთად, ფასებიც მატულობს.

“ქართულმა სიტყვამ” მინი-ექსპერიმენტიც ჩაატარა და დაადგინა, რომ ერთი პირველკლასელის სასკოლო ნივთებით აღჭურვა, მინიმუმ, 70 ლარი ჯდება. ამას დაუმატეთ ჩანთა, რომელიც ბაზრობაზე 10-დან 200 ლარადმე ღირს.

ქვეაყანაში არსებული სოციალური უთანასწორება ყველაზე მეტად თვალნათელი მოსწავლეთა ჩაცმა-დახურვაში ჩანს. მშობლები ფუსფუსებენ - ვინ ძვირადღირებულ ბრენდებს ეძებს შვილისთვის და ვინ - სხვის გამონაცვალს. საშუალო შემოსავლის ოჯახს კი, „ერთი ხელი“ არაბრენდირებული ტასაცმელი 100-ლარამდე დაუჯდება.
მოკლედ, ახალ სასწავლო წელს მეტ-ნაკლებად მომზადებული რომ შეხვდეთ, 200-250 ლარამდე გჭირდებათ... სხვათა შორის, ისიც აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი წიგნები, სხვადასხვა მაქინაციების წყალობით, ხშირად ისევ შეძლებულებთან „მიდის“. კარგი იქნება, თუკი განათლების სამინისტრო „მეორადი წიგნების მაფიითაც“ დაინტერესდება...