აფხაზეთის საოპერო მომღერალი ნანა ჩერქეზია, რომელიც გერმანიაში გამართულ ახალგაზრდა მომღერალთა ფესტივალზე აფხაზეთის დროშით გამოვიდა, ფესტივალის ლაურეატი გახდა. უცნაურია, რომ საერთაშორისო ფესტივალზე ასეთი პრეცედენტი მოხდა – თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელი სცენაზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელით გაიყვანეს.
ეს არის ფაქტი, რომელიც პოლიტიკას უფრო განეკუთვნება, ვიდრე ხელოვნებას და საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამაზე რეაქცია. რა თქმა უნდა, ფესტივალზე, რომელზეც თავი მოიყარეს ევროპისა და აზიის მომღერლებმა, აფხაზი მომღერლის გამოსვლა რუსეთზე გავლით მოხდა. მან მონაწილეობა მიიღო სანკტ–პეტერბურგში გამართულ კონკურსში, რომელშიც აფხაზ მომღერალს მისცეს არამიწიერი თავადის ასულის როლი. შემდეგ ეს სპექტაკლი საგასტროლოდ გერმანიაში წაიღეს.
გერმანიიდან ჩამოსული მომღერალი აფხაზურ პრესას შემდეგს ეუბნება: „ფესტივალის ორგანიზატორებმა მომწერეს, რომ მათ ჰქონიათ ტრადიცია: ყოველ წელს ფენენ ფესტივალში მონაწილე ქვეყნების დროშებს. თქვენ რომელ ქვეყანას წარმოადგენთ: რუსეთს, საქართველოს თუ აფხაზეთს? მე ვუპასუხე: რა თქმა უნდა, აფხაზეთს. თან გავიფიქრე: ექნებათ გერმანიაში აფხაზური დროშა? წარმოიდგინეთ, როგორ მესიამოვნა, როცა იქ ჩასულმა აფხაზური დროშა დავინახე. ბედნიერებისგან კინაღამ დავეცი. აფხაზური პრესა იმასაც წერს, რომ გერმანულმა პრესამ მნიშვნელოვანი სტატიები მიუძღვნა აფხაზ მომღერალს. იმ მედიებს შორის, რომლებმაც მომღერალი „აფხაზეთიდან“ გაანებივრეს ასეთი ქებით, მოხსენიებული არის „მორგან პოსტი“ და „რადიო კულტურაზე“.
რა თქმა უნდა, ქართველებსაც ახარებს ნანა ჩერქეზიას წარმატება, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომხდარი არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა და მიმართულია საქართველოს ერთიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მით უფრო სამწუხაროა, რომ აღნიშნული ხდება ევროპაში, რომლის წარმომადგენელი ყველა ქვეყანა აფხაზეთს განიხილავს, როგორც საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრივ და კულტურულ ნაწილს.