საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ აფხაზეთის ახლად არჩეულ დეფაქტო პრეზიდენტთან მოლაპარაკებები შეიძლება. ეს მან გაზეთ „ასავალ–დასავალთან“ ინტერვიუში თქვა. შევარდნაძე ნოსტალგიით იხსნებს დროს, როდესაც ანქვაბი თბილისში ცხოვრობდა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ანქვაბის მაშინდელი კოლეგები იხსენებენ ამ უკანასკნელის საკმაოდ რთულ ხასიათსა და ქართველებთან ურთიერთობის თავისებურებებს, შევარდნაძეს რატომღაც ახსოვს მხოლოდ ის, რომ „ანქვაბი გამოირჩეოდა ქართველებთან ნორმლური ურთიერთობით“.
როგორც ჩანს, ექსპრეზიდენტი გულისხმობს შინაგან საქმეთა სისტემაში დამკვიდრებულ წესებს: სისტემიდან გასულები ერთმანეთზე აუგს არ ლაპარაკობენ. არადა, შევარდნაძეს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ აფხაზეთის ომის წინა და ომის პერიოდის ყველა სამმხრივ (ქართულ–რუსულ–აფხაზურ) მოლაპარაკებაში აფხაზური მხრიდან ანქვაბი მონაწილეობდა და კარგად გათვლილი პოლიტიკური ტაქტიკით უფრო მეტი დივიდენდები მოჰქონდა სეპარატისტებისთვის, ვიდრე ომის ფიგურებს. შევარდნაძის რიტორიკა, რომ აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში არიან მშვიდობისა და მოლაპარაკების მომხრეები, შესაძლოა სიმართლესაც შეეფერებოდეს, მაგრამ არ ცვლის აფხაზების ერთიან და განუყოფელ მიზანს: ვირჩევთ ომს თუ მშვიდობას, ვირჩევთ სუვერენიტეტს საქართველოს გარეშე.
პირადი ურთიერთობების დონეზე წარსულში ანქვაბის პოლიტიკური წრე ნამდვილად ახერხებდა ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილთან ნორმალურ ურთიერთობას. ისინი მონაწილეობდნენ ტყვეთა გაცვლის პროცესში და ეს ჯერ კიდევ ომის მიმდინარეობისას ხდებოდა. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ უგზო–უკვლოდ დაკარგულთა მოძიებასა და ქართული მხარისთვის გადაცემაში. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ არ ემხრობოდნენ ან მთლიანად არ ემხრობოდნენ არძინბას აგრესიულ მიზნებს. განსხვავება მხოლოდ ტაქტიკაში იყო. სტრატეგიულად კი არძინბას ერთგული პარტნიორები იყვნენ და, შეიძლება ითქვას, უფრო ნაყოფიერად მუშაობდნენ აფხაზეთის სუვერენიტეტისთვის.
ანქვაბისა და ბაღაფშის გუნდმა პოლიტიკურ სარბიელზე შემოიტანა პრინციპი: მთავარი პრეზიდენტი აფხაზეთში არის არა პრეზიდენტად არჩეული პირი, არამედ ხალხი. ეს დემოკრატიული ფორმულა მათ სჭირდებოდათ და სჭირდებათ საერთაშორისო აზრის შესაქმნელად. მათ იცოდნენ, რომ არძინბას მიერ ომით მოპოვებულს უნდა დემოკრატიის გარსში შეხვევა და ლაპარაკობენ ხალხის ნების უზენაესობაზე. თუმცა ასეთ ლოზუნგებში შეხვეული მათი „დემოკრატია“ სინამდვილეში არის პარტოკრატია, თუ გნებავთ, ავტოკრატია, რადგან ერთი პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მართავს აფხაზეთს, ამ ჯგუფს ყოველთვის ჰყავს ლიდერი, რომელიც იძულებული ხდება გამოიყენოს მმართველობის ყველაზე არადემოკრატიული ფორმები, რადგან აფხაზეთში შექმნილ რეალობას სხვა ფორმებით ვერ მართავ.
აფხაზური დემოკრატიის იდეას თავშივ კლავას ის რეალობა, რომ აფხაზეთიდან განდევნილია მისი მკვიდრი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, არა მხოლოდ ქართველები, არამედ წასულები არიან თავად აფხაზებიც, სხვა ერის წარმომადგენლებიც. ანქვაბისა და ბაღაფშის მიმდევრები აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხზე მსჯელობისას ხშირად ასახელებენ გალში მცხოვრებ ქართველებს. ამბობენ, რომ არც ქართულ მხარეს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს არ შეუფასებიათ და დაუფასებიათ აფხაზების ეს გულმოწყალება ქართველების მიმართ.
მაგრამ მათ ავიწყდებათ, აფხაზური პოლიტიკის როგორი სისხლიანი კვალია აღბეჭდილი გალზე. რომ არ ვილაპარაკოთ 1998 წლის მაისის მოვლენებზე, მას შემდეგაც ტოტალური ანტიქართული პოლიტიკა ხორციელდება გალში. ანქვაბი–ბაღაფშის „მშვიდობიანი“ პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ გალელი ქართველების ეროვნება მათ პასპორტებში მეგრელად არის მოხსენიებული, რომ გალში მათივე ხელით უშვებენ რაღაც მეგრულენოვან გაზეთებს, რომელთა მკაცრი სარედაქციო პოლიტიკის მიზანია გალელი ქართველების გაუცხოვება საქართველოსგან, მეგრელი ერის არსებობის დასაბუთება, რომელსაც თურმე ქართველები ისევე ართმევდნენ თავისუფლებას, როგორც აფხაზებს.
ანქვაბის პოლიტიკა, რომელიც ერთი შეხედვით მართლა მშვიდობიანია, უფრო მეტად არის საშიში ქართულ–აფხაზური პრობლემის გაღრმავებისთვის, ვიდრე თვით ომის პოლიტიკა იყო. რაც უნდა ბევრი ვიოცნებოთ იმაზე, რომ ანქვაბის პოლიტიკური წრე არ არის სასურველი რუსეთისთვის, ჩვენი ოცნება ამაოა. მოსკოვს შეუძლია მშვიდობა ათამაშოს თავის პაიკებს, როცა კავკასიაში მის მიზნებს ასე სჭირდება, და ომი – როცა ომია მისთვის საჭირო.
ამიტომ ვერ დავეთანხმებით შევარდნაძის მოსაზრებას, რომ ანქვაბის შემთხვევაში საქართველოს მეტი შანსები აქვს და რომ რუსეთთან ურთიერთობის „დალაგების“ გარეშე ქართულ–აფხაზური კონფლიქტი ვერ მოწესრიგდება. ამ კურსის მიმდევარმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს დაუტოვა ენგურს მიღმა მოკვეცილი ტერიტორია.
რუსეთთან „ურთიერთობის დალაგების“ მისმა პოლიტიკამ დევნილად აქცია ათასობით ადამიანი და უფრო მეტი კი მსხვერპლად მოითხოვა. უცნაურია, რომ ედუარდ შევარდნაძეს დღემდე არ აქვს გაკეთებული ლოგიკური და ჯანსაღი დასკვნები და კრწანისის სასახლეში უქმად ყოფნისას დროს ისევ რუსეთზე ოცნებაში კლავს.